საზოგადოება

რატომ თქვა უარი სოხუმში დაბრუნებაზე ზურაბ სოტკილავამ და რის გამო უწოდეს მას დარბაზიდან „საბჭოთა ღორი“

№40

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:15 09.10

სოტკილავა
დაკოპირებულია

„ყოველთვის ვცდილობდი, ისე მემღერა, თითქოს ეს, უკანასკნელი იყო.“ მსოფლიო ვარსკვლავი, სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი წოდების, პრიზის, პრემიის, მედლის, ორდენისა და დიპლომის მფლობელი ზურაბ სოტკილავა ყველაზე დიდ აღიარებად ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრობას მიიჩნევდა, სადაც 1980 წელს „ჯუზეპე ვერდის ნაწარმოებების არაჩვეულებრივი შესრულებისთვის” აირჩიეს. ის ქართველია და ყველგან სწორედ ამ ქართველობით ამაყობდა. ამაყობდა საქართველოც, რომ თავისი შვილი უცხო მიწაზედ ასეთი წარმატებულია. სიგიჟემდე უყვარდა თავისი ქვეყანა და ძალიან განიცდიდა მისგან შორს ყოფნას.

პარადოქსია, მაგრამ ზურაბ სოტკილავას ოცნება არასოდეს ყოფილა ოპერა. ის მხოლოდ ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა და სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა, რომ მოზარდ ფეხბურთელთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო: „მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი. 1956 წელს მოსკოვში ფინალური მატჩში უკრაინასთან 4:2 გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები. ძალიან ვამაყობ რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ”, - ამბობდა მომღერალი.

ზურაბ სოტკილავა სოხუმში, ისტორიის მასწავლებლისა და ექიმის ოჯახში გაიზარდა. დედამ, თვითონ მშვენიერმა მომღერალმა, ქსენია ქარჩავამ ერთადერთი ვაჟი თავიდანვე ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე მიაბარა. პატარა ზურას კი ფეხბურთის გარდა არაფრის გაგონება სურდა. სოტკილავა იგონებდა, რომ ერთხელ ფეხბურთის გამო დედა-შვილის ჩხუბი ბუცების დაჭრითაც კი დასრულდა. სოხუმელმა ბიჭმა მაინც თავისი გაიტანა. სოტკილავა 12 წლის ასაკში სოხუმის საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს: 16 წლის უკვე სოხუმის დინამოში მოხვდა, და საქართველოს პირველობაზე ითამაშა. 18 წლისა კი ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ თბილისის „დინამოში“ მიიწვია. მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 1955 წლის 15 აგვისტოს სტალინოს „შახტიორის“ წინააღმდეგ შედგა. „დინამომ“ ეს თამაში 3:1 მოიგო. ზურაბ სოტკილავა თბილისის „დინამოში“ სულ სამი სეზონი (1955, 1958, 1959) იყო და ამ ხნის განმავლობაში, ტრავმებისა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, ძირითადში, მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და ერთი სეზონი ინსტიტუტის გუნდშიც გაატარა. იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, სოტკილავას ბარიტონი პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სამთო-ინჟინრის დიპლომით, თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა. დიდმა მაესტრომ დავით ანდღულაძემ კი მასში ლირიკულ-დრამატული ტენორი აღმოაჩინა, რომელსაც მომდევნო წლებში ოპერის მოყვარულები აღტაცებაში მოჰყავდა. ზურაბ სოტკილავა 1974 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა. მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორის, ბრწყინვალე პედაგოგის აღზრდილებს შორის არის მისი თანაქალაქელი, აფხაზი სოპრანო ხიბლა გერზმავაც. აფხაზეთის, სოხუმის ოკუპაცია, სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულნი (საფლავი 2015 წელს დაარბიეს – ზ.ს), სიცოცხლის ბოლომდე დიდი ტენორის უდიდესი ტკივილი იყო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ზურაბ სოტკილავა ამბობდა: „...რუსეთის ინტელიგენცია, მიხალკოვი და სხვები რომ გროვდებიან, გვეუბნებიან: რაო, ქართველები რატომ აჭირვებთო საქმეს? ამაზე გვაქვს სულ კამათი. ვეუბნები, თბილისიდან 25 კილომეტრში თქვენი ჯარი დგას-მეთქი. არაფრის გაგონება არ უნდათ, არც ამოიღებენ ხმას, ყველას საკუთარი თავი ადარდებს, ეშინია. სოხუმში ჩავიდოდი, კაი პატივსაც მცემენ და კაციშვილი თითს ვერ გაანძრევს ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე სოხუმში ვიხარხარო და იქიდან გამოდევნილი 300 000 ადამიანი აქედან მიყურებდეს. გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ – ჩემი პროტესტი ეს არის!” რუსეთში ზურაბ სოტკილავას განუმეორებელ ხმას „ეროვნულ საგანძურად“ მიიჩნევდნენ. მოსკოვის დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ურინმა თქვა, რომ „სოტკილავას წასვლით, მთელი ეპოქა წავიდა“. თავად დიდმა ქართველმა ტენორმა რუსეთში დაკრძალვა არ ისურვა. ანდერძის მიხედვით, ზურაბ სოტკილავას ცხედარი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის სიახლოვეს მიაბარეს მიწას.

შუა ლხინის დროს

ვლადიმერ ბარქაია იხსენებდა: „…1956 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია იყო, გუნდის კაპიტანს კი ცოტა თუ გამოიცნობს… ზურაბ სოტკილავა! ფინალში უკრაინას 2:0 მოვუგეთ… ზურა თბილისის „დინამოშიც“ მოხვდა, მაგრამ მოსკოვის „დინამოსთან“ ერთი მატჩის შემდეგ გუნდიდან გაუშვეს. იმ შეხვედრაში მოსკოველთა ფორვარდმა, ურინმა ჯერ ჩვენი მარცხენა მცველი უსტაბაშიდი დატანჯა, მერე კი – სოტკილავა. თამაშის შემდეგ გაიოზ ჯეჯელავამ ორივე დაითხოვა. წლების მერე ზურას, რომელიც უკვე სახელოვანი საოპერო მომღერალი გახლდათ, გაჭირვებაში მყოფი ურინი ხშირად აკითხავდა, დახმარებას სთხოვდა. ზურაც, რაც შეეძლო, ხელს უმართავდა…

იმ დროს სირცხვილად ითვლებოდა ნოტებით ან ოპერაში სიარული, ამიტომ ზურა კონსერვატორიაში ყველასგან მალულად სწავლობდა. ერთხელ, როცა სოტკილავა მეოთხე კურსზე იყო, მეგობართან დამპატიჟა. შუა ლხინის დროს მაგნიტოფონი ჩართეს და უცნობი საოპერო მომღერალი მომასმენინეს. ძალიან მომეწონა. მკითხეს, ხომ არ იცი, ვინ არისო? მხრები ავიჩეჩე, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო. თურმე, ზურას ჩანაწერი ჩაურთავთ...“

ჩემს არიაში ასეც წავიმღერე – 3:1

„ბევრჯერ გამოვმძვრალვარ სიტუაციიდან და ერთდროულად მიმიღია სიამოვნება როგორც მატჩისგან, ისე სპექტაკლისგან. მაგალითად, ცნობილ კომენტატორ ნიკოლაი ოზეროვთან ვმეგობრობდი, ის ჩემს სპექტაკლებს არასოდეს აცდენდა. ერთხელ, ისე მოხდა, რომ თბილისის „დინამო” შინ ეთამაშებოდა მოსკოვის „სპარტაკს”, მე კი სცენაზე გამოსასვლელად უნდა წავსულიყავი – ოპერაში ობრაზცოვასთან ერთად უნდა მემღერა. ოზეროვს დავენაძლევე, რომ სცენაზე, შუა სპექტაკლისას გამოვუცხადებდი ანგარიშს. არ დამიჯერა. და აი, ოზეროვი დარბაზში ზის, მე კი სუფლიორს ვეუბნები, რომ კარნახი არ მინდა და უჯობს, ფეხბურთის რეპორტაჟს უსმინოს რადიოში. და შუა მოქმედებისას მიყვირის: „3:1 ჩვენს სასარგებლოდ“. ჩემს არიაში ასეც წავიმღერე: „3:1 ჩვენს სასარგებლოდ“. ობრაზცოვა შეკრთა, მე კი დარბაზს ვუყურებ და ვხვდები, ოზეროვის გარდა ვერავინ ვერაფერი გაიგო. აი, ოზეროვი კი ხელებს იფშვნეტს, ალბათ, ასეთი ანგარიში ვერ წარმოედგინა.“

„გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო!“

1988 წელს ზურაბ სოტკილავას მიმართ, რომელიც მილანის „ლა სკალას“ სცენაზე ცნობილი არიების შესრულებისთვის ფეხზე წამომდგარ მსმენელებისგან აპლოდისმენტებს იღებდა, რამდენიმეკაციან ჯგუფს სტვენით პროტესტი გამოუხატავს, თან გაჰკიოდნენ თურმე: „გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!..“

ამის მიზეზი კი, ის გახლდათ, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებს იტალიის ვარსკვლავური ნაკრები 2:0 დაუმარცხებია და საბჭოეთის მოძულე იტალიელი ფეხბურთის ფანები ზურაბზე ტეხდნენ ჯოხს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა… ეტყობა კი არა, დანამდვილებით არ ეცოდინებოდა მსროლელს, რომ სოტკილავა სანამ სიმღერას დაიწყებდა, ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ თბილისის „დინამოშიც“ კი იყო მიწვეული. უბრალოდ, მისმა უნიკალურმა ხმამ შემდეგ ის სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. 51 წლის ზურაბმა ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მოკლედ, „მარადონა ჩაატარა“. ახლა, წარმოიდგინეთ ამის შემყურე მსმენელთა გაოცებული „სიფათები“, რომლებიც ყველაფერს მოელოდნენ, ასეთი ვირტუოზობის გარდა. როცა გონს მოეგნენ, ისეთი ოვაციები მოუწყვიათ, რომ „ლა სკალა“ ლამის ჭერის გარეშე დარჩა. ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯებით, დინჯად დატოვა სცენა. მეორე დღეს კი ყველა იტალიური გამოცემა წერდა: „საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.

მე მეგონა, რომ ყველა რუსი კანიბალი იყო

„1966 წელს იტალიაში, როდესაც „ლა სკალაში“ გავდიოდი სტაჟირებას, იქ ცხოვრობდა ესპანელი ექიმი. ორი დღე ერთად ვიყავით და როცა დავშორდით, სასტუმროს დირექტორმა, რომელთანაც ვმეგობრობდი, დამირეკა და ესპანელის სიტყვები გადმომცა: „მისმინეთ, რა კარგი ბიჭია ეს რუსი (მათთვისაც და იტალიელებისთვისაც, რადგან ვინმე საბჭოთა კავშირიდან იყო, ეს ნიშნავდა რომ იყო რუსი) და მე მეგონა, რომ ყველა რუსი კანიბალი იყოო“. მაშინ ესპანეთში დიდი პროპაგანდა მიდიოდა, რომ რუსეთში ყველა სისხლისმსმელია“. 1970 წელს ელენა ობრაზცოვა და ზურაბ სოტკილავა გახდნენ პირველი საბჭოთა მომღერლები, რომლებმაც გაანადგურეს ეს მითი. ისინი ბარსელონაში ფ. ვინასს საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე გამოვიდნენ. მათ მიიღეს კონკურსის გრან-პრი, ოქროს მედლები და მოწვევა ესპანეთში დარჩენისთვის. აქედან დაიწყო მათი ტრიუმფული ასვლა მუსიკალურ ოლიმპოზე. მიუხედავად იმისა, რომ 1970 წელს ესპანეთი ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა და საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრს ეკატერინა ფურცევას მოგზაურობამდე სერიოზული საუბარი ჰქონდა მომღერლებთან, ისინი მადრიდში კარგად მიიღეს. ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, რომ ზურაბ სოტკილავა არის ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი „ბრწყინვალე ხმით, შესანიშნავი ტექნიკით, დიდი მუსიკალურობითა და ექსპრესიით“, რომ მისი ხმა შეიძლება, შევადაროთ დი სტეფანოს ან მარიო დელ მონაკოს ხმას, რომელიც სხვათა შორის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც ასევე გადაწყვიტა სოტკილავას ბედი საოპერო ხელოვნების ისტორიაში. თბილისის „დინამოს“ ყოფილ ბრწყინვალე ფეხბურთელს, ზურაბ სოტკილავას ხანდახან ხულიო იგლესიასს ადარებდნენ, რომელიც მომღერალობამდე მადრიდის „რეალის” მეკარე იყო. ლუჩიანო პავაროტი კი – იტალიურ გუნდ „მოდენაში“ თავდამსხმელი. კარერასი არ იყო პროფესიონალი მოთამაშე, მაგრამ ის ყოველთვის მხარს უჭერდა „ბარსელონას“. პლასიდო დომინგოს კი, ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარდა, თუმცა მათ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვეს, როგორც ტენორებმა...

1980-იანი წლების შუა პერიოდიდან ზურაბ სოტკილავა ასწავლიდა მოსკოვის კონსერვატორიის სოლო სიმღერის განყოფილებაში. მას ძალიან უყვარდა თავისი სტუდენტები. მათ გარეშე ვერც კი ძლებდა. „თავი უნდა დაიწვა, რომ დარბაზში მყოფმა მაყურებელმა სითბო იგრძნოს“, – ასე ასწავლიდა მათ. ზურაბ სოტკილავა, როგორც მასწავლებელი და პარტნიორი, ორი განსხვავებული ადამიანი იყო. სტუდენტების მოსმენისას თითქოს რეინკარნირებული იყო მათში, ვისაც ისინი ასახავდნენ იმ მომენტში.

საუკეთესო ოტელო

1979 წელს სოტკილავამ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიიღო. მისი თქმით, მან იმღერა ყველაფერი, რისი სიმღერაც სურდა, ისე, რომ არ აიძულებდნენ შეესრულებინა, თუნდაც, ერთი ნაწილი პარტიიდან, რომელიც მას არ მოსწონდა. მისი განსაკუთრებული სიყვარული „ვერდია“. დასავლეთში გასტროლების დროს ზურაბ სოტკილავამ ერთ-ერთმა პირველმა იმღერა „ვერდის“ ოპერიდან რომანსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ სრულდება. მსოფლიოში სოტკილავა ცნობილია, პირველ რიგში, როგორც ოტელოს როლის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, რისთვისაც მას საპატიო აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა