საზოგადოება

რატომ თქვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატიმრობისას ოჯახის მონახულებაზე უარი და რის გამო აღმოჩნდა ყველასთვის მოულოდნელი მისი გათავისუფლება

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 15.04

თორნიკე მამალაძე
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. „7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია”, – ამცნო საზოგადოებას თორნიკე მამალაძემ. დეკანოზი ამჟამად მკურნალობის კურსს თურქეთში გადის. მის მდგომარეობასთან და ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით თორნიკე მამალაძეს ვესაუბრეთ.

– როგორ გრძნობს თავს თქვენი ძმა, როგორია ექიმების პროგნოზი?

– მოგეხსენებათ, სტამბოლში ვართ, კლინიკაში. საკმაოდ სერიოზული პროცედურები უტარდება, თუმცა გვესმის, რომ შედეგები მყისიერი არ იქნება. ექიმები იმედს გვაძლევენ, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში მის მიმართ გამოჩენილმა უყურადღებობამ ბევრი რამ დაუზიანა, რაც დღესდღეობით ართულებს მკურნალობას. თვითონ საკმაოდ იმედიანადაა, თუმცა დაღლილი და დასუსტებულია. ძალიან კარგი კლინიკაა. ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან ჩემი ძმის მიმართ. როგორც ჩანს, იციან მისი ისტორია და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც პროფესიონალიზმი მაღალია და ფასები ვარსკვლავებს არ ეთამაშება (იცინის).

– როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რისი გადატანაც მას მოუხდა?

– მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთია, როგორიც შეიძლება, იყოს ცილისწამების, უსამართლობისა და ტანჯვა-წამების მსხვერპლისა, რომელიც 7 წელი მარტო იყო საკანში, აქედან 5 წელი – პარალიზებული, საწოლს მიჯაჭვული. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რა მდგომარეობაში იქნება. ზოგადად, როდესაც ადამიანი უსამართლოდ იჩაგრება, მას უქრება რწმენა და იმედი, თუმცა, ჩემი ძმის შემთხვევაში ეს ერთგვარი გამოწვევა იყო. ის სასულიერო პირი იყო, როდესაც უსამართლოდ დააპატიმრეს და ასევე, სასულიერო პირად დარჩა საპყრობილეში ყოფნის პერიოდშიც. უმძიმესი განსაცდელის ფონზე, ის არ წყვეტდა ლოცვას და ღვთის დიდებას. შემიძლია, თამამად ვთქვა, ერთადერთი, რაც აძლიერებდა და აძლებინებდა, ეს ღვთის რწმენაა.

– როგორ მიაღწიეთ მის გათავისუფლებას? ამ წლების განმავლობაში მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების იმედი არ გადაგიწურავთ?

– ჩვენ არაფრისთვის მიგვიღწევია. მამაო ხუთი წელია, ასე პარალიზებულია, შვიდი წელია, ოჯახი ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რაზეც მთელი ეს პერიოდი უარს გვეუბნებოდნენ. ახლა უცბად გადაწყვიტეს, რომ გაეთავისუფლებინათ. ამის მიზეზი ჩვენ არ ვიცით. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იმედიანად ვიყავით მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ოჯახსა და ადვოკატებს ძალისხმევა არ დაგვიზოგავს, ამისთვის მუდმივად ვიბრძოდით და ხან იმედი მოგვეცემოდა, ხანაც გვიცრუვდებოდა. საბოლოოდ კი ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად მოხდა ის, რაც მოხდა.

– ოჯახმა როგორ გამოიარეთ ეს წლები?

– ჩვენი ოჯახისთვისაც, ისევე, როგორც მამაოსთვის, ეს პერიოდი ჯოჯოხეთური იყო. მისი შვილები მის გარეშე გაიზარდნენ და დავაჟკაცდნენ. ამ დროს ვერავინ და ვერაფერი აუნაზღაურებს ვერც ბიჭებს და ვერც ჩემს ძმას. ბევრი დარდი და ცრემლი იყო ჩვენს ოჯახში. თუმცა, თვითონ როდესაც რეკავდა ან წერილს აგზავნიდა, მუდმივად ცდილობდა, ჩვენში ოპტიმიზმი ჩაენერგა. მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჩვენთვის დარდი შეემსუბუქებინა, თუმცა ამ დროს ის ჩვენზე მეტად იტანჯებოდა.

– გათავისუფლების მომენტი გაიხსენეთ, როდესაც პირველად შეხვდით, როგორც თავისუფალს, როგორი ემოციები იყო, როცა ამდენი წლის შემდეგ ოჯახში მიიყვანეთ?

- როგორც იცით, სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის მამაოს გათავისუფლება. ჩემს ძმას ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლების შესახებ სამუშაო დღის დასრულებისას შეატყობინა. მე ქობულეთში ვიყავი და ვერაფრით მოვასწრებდი თბილისში ჩასვლას. ამიტომ რეანიმობილი ტელეფონით გამოვიძახე, რომ მამაო წამოეყვანათ და მე სადღაც შუა გზაში დავხვედროდი. ასეც მოხდა, დაახლოებით, გორთან შევხვდით ერთმანეთს. რეანიმობილში რომ ავედი და გავაცნობიერე, რომ ჩემს ძმასთან ჩახუტება შემეძლო, ცრემლები წამსკდა. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ მას საპატიმროს გარეთ ვხედავდი.

შემდეგ სახლში მივედით, გარეთ რაც მოხდა, იმის კადრები არსებობს და აღარ მოვყვები. სახლში რომ შევიყვანეთ, იქ საოცრება ხდებოდა. მის შვილებს ეს მომენტი ცხოვრებაში არ დაავიწყდებათ. მათ სახეზე ერთდროულად იყო აღბეჭდილი ბედნიერებაც და დაბნეულობაც. მგონი, მთელ ოჯახს დრო დაგვჭირდა ამ ყველაფრის დასაჯერებლად.

– ამ წლების განმავლობაში ოჯახს საერთოდ არ ჰქონდა მისი მონახულების საშუალება?

– საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. მამაო თავად სტრესულ გარემოში იმყოფებოდა და თავიდან თავს იკავებდა ოჯახთან შეხვედრისგან, რათა შვილებს ასეთ მდგომარეობაში არ ენახათ. ამასთანავე, ძალიან მძიმე იქნებოდა მამაოსთვისაც და მისი ცოლ-შვილისთვისაც შუშის მიღმა შეხვედრა, სადაც ვერაფრით შეეხებოდა და ჩაეხუტებოდა მათ. ცოტა მოგვიანებით გადავწყვიტეთ, ციხის ადმინისტრაციისთვის გვეთხოვა, რომ წელიწადში ორჯერ მაინც 24-საათიანი ოჯახური შეხვედრის ორგანიზება გაეკეთებინათ. აქაც აღმოჩნდა, რომ ერთი უფროსი და მხოლოდ ორი არასრულწლოვანი შეიძლება, შესულიყო, არადა, მამაოს სამი შვილი ჰყავს. რომელი უნდა დაეტოვებინა?! რომელი არ ენახა?! ვინაიდან ასეთ არჩევანს ვერ გააკეთებდა, გადაწყვიტა, საერთოდ უარი ეთქვა ოჯახთან შეხვედრაზე.

– სასულიერო პირებმა, მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა თუ სხვებმა თუ მიულოცეს მამაოს გათავისუფლება, თუ გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში?

– კი, გასაოცრად ბევრმა დარეკა, ზოგმა პირადადაც მოინახულა. ჩემი აზრით, ბევრ სასულიერო პირს გულწრფელად გაუხარდა მამაოს გათავისუფლება. ბოლო პერიოდში დავინახე, რომ ჩემი ძმის მიმართ თანაგანცდა საკმაოდ მაღალია სასულიერო პირთა მხრიდან, მეტიც, რამდენიმე იერარქთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ სასულიერო დასში საკმაოდ ბევრია, ვინც მამაოს თანამოაზრეა. ბევრი მათგანი ჯერჯერობით თავს იკავებს საკუთარი განწყობების გასაჯაროებისგან, მაგრამ ეს იმედის მომცემია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ. როგორც ჩანს, მამაოს უსამართლოდ ჩაგდება საპყრობილეში და მთელი ეს სიბინძურე ამ შვიდი წლის განმავლობაში იხარშებოდა სასულიერო პირთა ცნობიერებაში, რამაც გარკვეული დასკვნების გამოტანას შეუწყო ხელი.

– დღეს რას ფიქრობს სასულიერო ცხოვრებაზე საქართველოში და საკუთარ ადგილზე ეკლესიაში, უფრო სწორად, ღვთის სამსახურში?

– დღეს ჩვენც და ისიც მხოლოდ მის ფეხზე დაყენებაზე ვფიქრობთ. დანარჩენი – შემდეგ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი