საზოგადოება

რატომ სთხოვდნენ ჯაბა ბოჯგუას დედას ფეხმძიმობისას ნაყოფის მოშორებას და როგორ დარაჯობდა ის მთელი ცხოვრება შვილის სუნთქვას

№10

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:30 18.03, 2022 წელი

ჯაბა ბოჯგუა
დაკოპირებულია

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 12 წლის განმავლობაში მას დედა, ქალბატონი მანანა უვლიდა და მიუხედავად უმძიმესი ყოველდღიურობისა, ის წლები მისთვის დღეს უკვე სანატრელია. 13 მარტს ჯაბა ბოჯგუას 42 წელი შეუსრულდებოდა.

მანანა გვასალია: ამდენი წელი ჩემი შვილი ცოცხალ-მკვდარი იყო, უმძიმესი მოსავლელი, მაგრამ კიდევ მოვუვლიდი, ოღონდ დღესაც ჩემ გვერდით ყოფილიყო. გაუსაძლის პირობებში ვიყავით, მაგრამ ახლა უიმისობა როგორ მიჭირს, ამას ვერ აგიხსნით. გარეთ რომ გავდივარ, სხვა ვარ და სახლის კარს რომ მოვიხურავ, ჩემს ჯოჯოხეთში ვბრუნდები. ძალიან მიჭირს, დედა და შვილი ერთ პერიოდში დავკარგე. დედას წლისთავი არ იყო გასული, ჯაბა რომ წავიდა.

– მიუხედავად იმისა, რომ დედა ასაკიანი იყო, ყველაფერში გეხმარებოდათ.

– მიუხედავად მისი ასაკისა, ძალიან ყოჩაღად იყო. ფინანსურადაც გვერდით მედგა და ფიზიკურადაც. ჯაბასთვის ჰქონდა თავი გადადებული. რამე თუ სტკიოდა, მე არ გამაგებინებდა, მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ხელი შეეწყო ჩვენთვის და ამით ხარობდა. ჯაბასთვის რამეს რომ აკეთებდა, პატარა ბავშვივით უხაროდა.

– მისი გარდაცვალების მიზეზი ავარია გახდა?

– ავარიაში მოყვა, გზაზე ფეხი გადაუბრუნდა და მანქანას ზედ დაეცა. მძღოლს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. მძღოლს გამოუძახია სასწრაფო და დედას უთქვამს მაშინვე, ჩემი ბრალი იყო, მას არაფერი უთხრათო. ლაპარაკობდა და გვეგონა კარგად იყო, ამიტომ სახლში წამოვიყვანე. 40 წუთში დამძიმდა მისი მდგომარეობა და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმმა დახედა თუ არა, მითხრა, რომ ბარძაყი ჰქონდა მოტეხილი და არ შეიძლებოდა მისი სახლში დატოვება. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და იქ აღმოჩნდა, რომ ღვიძლიც გახეთქილი ჰქონია. დედის გარეშე ძალიან გამიჭირდა. ის სხვანაირი დედა იყო და არაჩვეულებრივი ბებია. ჯაბა რვა დღის იყო დედაჩემი რომ ზრდიდა. მაშინ მე ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს. ჯაბას მამამ რომ მეორე ცოლი მოიყვანა, მე სამი თვის ორსული ვიყავი, მაგრამ არ მოვიშორე, შეიძლებოდა, მერე შვილი აღარ მყოლოდა. დედას ვთხოვე, ხელი შეეწყო ჩემთვის და შვილს მე გავზრდიდი, მაგრამ მაინც დავკარგე.

– თუმცა, ეს ხომ თქვენი ბრალი არაა. პირიქით, ყველაფერს აკეთებდით შვილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

– ჯაბა რომ ამ მდგომარეობაში იყო, მე ჩემი ტკივილები საერთოდ მავიწყდებოდა და მას ბოლო წუთებამდე ყველაფერს ისე ვუკეთებდი, როგორც თავიდან. უფლის დახმარებით გავაძლებინე 12 წელი. მეცამეტე წელს გარდაიცვალა. ჯაბას მეოთხე კლასიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია. არ იყო ხოლმე კარგად. მისთვის ზედმეტი ემოციები არ შეიძლებოდა. სიხარული იქნებოდა თუ მწუხარება, ზედმეტი ორივე აზარალებდა. ოპერაციის გაკეთება არ უნდოდა, თორემ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე ცუდად არ დამთავრებულიყო. თუმცა, ეს ყოფილა მისი ბედისწერა.

– ამდენი წელი უვლიდით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჯაბას, თქვენ როგორ ხართ?

– ჩემი მძიმე ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდად ვარ. გადაადგილება შემიძლია, მაგრამ ძალიან მიჭირს. ფეხები მტკივა, ხერხემალზე მაქვს პრობლემები. 12 წლის განმავლობაში, ყოველდღე, ორ საათში ერთხელ ვაბრუნებდი ჯაბას. ისე წავიდა ამქვეყნიდან, ტანზე ერთი ნაწოლი არ ჰქონია. მაშინ ჩემი თავი არ მახსოვდა და სიმართლე რომ გითხრათ, არ მქონდა იმის საშუალება, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა რომ მოვეშვი, ყველაფერმა ერთად იჩინა თავი. საჭირო რომ არის ისეც ვერ ვმკურნალობ. ამას ფინანსები სჭირდება და მე პენსიის ამარა ვარ, რასაც სოციალური დახმარება ემატება – 50 ლარი. ამით როგორ უნდა ვიმკურნალო?!

– სად ცხოვრობთ?

– ქირით ვცხოვრობ, ისევ იმ სახლში, სადაც ჯაბასთან ერთად ვცხოვრობდი და ჯერჯერობით გამგეობა მიხდის ქირის ფულს. მუშაობა არ შემიძლია, გადაადგილება მიჭირს, ორივე ფეხი დასიებული მაქვს, ვერ ვმუშაობ, თორემ განა მეზარება. გარეთ რომ გავდივარ და საფლავზე ავდივარ, შეიძლება, ხალხს ეგონოს, რომ კარგად ვარ, მაგრამ...

– ჯაბას მამაზე უნდა გკითხოთ, არასდროს ყოფილა თქვენ გვერდით?

– გავთხოვდი, სამი თვის ორსული ვიყავი, როცა მან მეორე ცოლი მოიყვანა. ეს იყო და ეს, ჩვენ კონტაქტი აღარ გვქონია. ჯაბა მეექვსე კლასში იყო, მამამისი რომ დაიღუპა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ, მიხედავდა. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ იყო. მე დედამთილთან მქონდა ცუდი ურთიერთობა, თორემ ჯაბას მამაზე ცუდს ვერ ვიტყვი. დედამთილს არ უნდოდა ჩვენი ერთად ყოფნა. უნდოდა, სოფელში დავრჩენილიყავი. მე დედისერთა ვიყავი და მშობელზე უარს ვერ ვიტყოდი, შეიძლებოდა, ადამიანურად გაგვეგო ერთმანეთისთვის და იქაც ვყოფილიყავი და აქაც. ეს მას არ უნდოდა და ამის გამო სულ ვკამათობდით. ჯაბას მამა ძალიან დიდ პატივს სცემდა დედის სიტყვას. დედამ დააქორწინა მის მიერვე ამორჩეულ გოგოზე, თან მეზობელზე, რომელმაც იცოდა, რომ ცოლი ჰყავდა და ის ცოლი ორსულად იყო. ჯაბას დაც ჰყავს და ძმაც. ძმასთან არ ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ სანამ ეს უბედურება დაემართებოდა, დას ძალიან ხშირად ხვდებოდა. ეს ამბავი რომ მოხდა, ის გოგონა სულ მოდიოდა კლინიკაში. მერე არ ვიცი, რა მოხდა, უცებ გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან, აღარც კი დაურეკავს. ჯაბა 12 წელი ლოგინად რომ იყო ჩავარდნილი და ყველასთვის გამოუსადეგარი გახდა, ის მე აღარ შემხმიანებია. ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა, არც მაშინ მოსულა. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ჯაბას მამას რაც შეეხება, რუსეთში მოკლეს. სანამ ცოცხალი იყო, საკუთარი ოჯახის რიდი ჰქონდა და ამიტომ ჩუმად ხვდებოდა ხოლმე ჯაბას. მე მასთან არანაირი შეხება არ მქონდა.

– სიყვარულით დაქორწინდით?

– ბავშვური გატაცება იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი. მისი ოჯახიდან რომ წამოვედი, რამდენჯერმე წამიყვანეს ექიმთან, ჯაბას მოსაშორებლად, მაგრამ ეს არ გავაკეთე, თუმცა, ბედმა მაინც წამართვა მისი თავი. ჩემი ცხოვრება არაფერია, ვერც იმას ვიტყვი, რომ ვცოცხლობ. მე ჩემს სამუდამო ტკივილთან ერთად ვარსებობ. არც გათენება მიხარია, არც დაღამება. ოთხ კედელს ვუყურებ და იქიდან ჯაბას ფოტოები მიცქერენ. ჯაბა ჩემთვის გემრიელი შვილი იყო, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა.

– თქვენ გყავდათ მამა?

– დედა მამას პირველი ცოლი იყო და მას შემდეგ მამამ კიდევ რამდენიმე ცოლი მოიყვანა. თითქოს მეც დედის ბედი გავიზიარე. დედას უდიდესი ადგილი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. სახლში რომ მოვიდოდა, იტყოდა, განა მე არ მაქვს სირცხვილის გრძნობა, მაგრამ შენ და ჯაბას არაფერი უნდა მოგაკლოთო. ქუჩაში რომ დახმარებას ითხოვდა, ძალიან ერიდებოდა, ხალხს ვაწუხებო, ძალიან თავმოყვარე ადამიანი იყო, მაგრამ რომ იცოდა, ეს ფული რისთვისაც სჭირდებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა.

– ძალიან პატარა იყავით, მარტო რომ დარჩით, ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრიათ?

– ჯაბა რომ წამოიზარდა, ერთადერთი რამ მთხოვა, დედა, შენ მე არ მიმატოვო და მე რაც შემიძლია, მოგხედავო. არ უნდოდა ოჯახი შემექმნა, ვხვდებოდი, რომ მე თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ჩემს შვილს გული ეტკინებოდა. ამიტომ ეს არ გავაკეთე. ჩვენ სულ ერთად ვიყავით. კონცერტი იყო თუ დასვენება, ყველგან ერთად დავდიოდით. მენატრება ის დრო, როცა ჯაბა მყავდა. თუმცა, კარგად არც მაშინ იყო ხოლმე. საღამოს სახლში რომ მოვიდოდა, მეტყოდა: დედა, ცუდად ვარ, შენ არ დაიძინო, მე დავიძინებ და შენ ჩემს სუნთქვას უსმინეო. ზომაზე მეტად ემოციური იყო, ძალიან ეშინოდა სიკვდილის.

– მაშინაც და მერეც, მთელი ცხოვრება მის სუნთქვას დარაჯობდით.

– ერთხელ ჩამძინებია და უცებ გამაღვიძა, შენს იმედზე როგორ უნდა ვიყოო და არა, დედა, შენ ჩემი იმედი სულ გქონდეს-მეთქი, ვუთხარი. ამ პრობლემების მიუხედავად, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეზოში რომ შემოვიდოდა და დამიძახებდა, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. სანამ ის არ მოვიდოდა, მე და ბებიამისი არ ვიძინებდით. ძალიან მიხაროდა მისი წარმატება. რა დღეები გვქონდა და ახლა?! 12 წელი სტაბილურად იყო. მცირე გართულებები ჰქონდა ხოლმე, მაგრამ მალე გამოდიოდა მდგომარეობიდან. ბოლო ერთი კვირა ძალიან ცუდად გახდა. სიცხეები ვერ დავუწიე. სულ აპარატზე იყო დამოკიდებული, რომელიც დილიდან საღამომდე ხელში მეჭირა. ისე ცუდად იყო, მთელი დღეების განმავლობაში აპარატს ხელს ვერ ვუშვებდი. ძალიან ცუდად გავხდი, ფეხები დამისივდა და დგომა ვეღარ შევძელი. ვიფიქრე, ათი წუთი დავჯდები–მეთქი და ჩამძინებია. რომ გამეღვიძა, საათს შევხედე და 15 წუთი იყო გასული. რომ მივედი, უკვე აღარ იყო, თვალები და პირი ღია ჰქონდა დარჩენილი. არ დავიბენი, სასწრაფო გამოვიძახე და რაც შემეძლო, მეც ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ მის მდგომარეობას რომ შევხედე, ყველაფერი გასაგები იყო. ჯაბამ ის 12 წელი ისე მიმაჩვია მის ავადმყოფობას, ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მეგონა, ისევ ცუდად იყო. ბევრჯერ ახლაც ოთახში იმ განცდით შევდივარ, რომ იქ ჯაბაა, მისთვის საჭმლის მოსამზადებლად გავდივარ ხოლმე. მისი წასვლა კიდევ იმიტომ გადავიტანე, რომ ჯაბამ მიმაჩვია ამ მდგომარეობას 12 წლის განმავლობაში. ეს რომ უცებ მომხდარიყო, შეიძლება, გავგიჟებულიყავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა