საზოგადოება

რატომ შორდებოდნენ ხშირად ქორწინებამდე ლადო ალექსი-მესხიშვილი და ლანა ღოღობერიძე

№13

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 02.04

ალექსი მესხიშვილი
დაკოპირებულია

ლანა ღოღობერიძემ თავის დროზე მეუღლის ხსოვნას ძალიან საინტერესო გამოფენა, წიგნი და ფილმი – „წერილი შვილებს“ მიუძღვნა. 70-იანი წლების ქვეყნის მთავარი არქიტექტორის, ლადო ალექსი-მესხიშვილის დღიურებიდან ჩვენ სწორედ მათი გაცნობისა და ერთად ცხოვრების დაწყების ეპიზოდებს შემოგთავაზებთ.

რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი მიდის, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ შევერცხლილი, ხელთ ვეება პლანშეტები ამოუღლიავებია. გოგონა მზერას მიაპყრობს ამ წარმოსადეგ მამაკაცს და მეგობარ გოგონასთან ერთად აედევნება... მამაკაცი მიდის და მისდევენ გოგონები. ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრილი მამაკაცი იგრძნობს ამ დაუოკებელ ინტერესს და პლანშეტები დასცვივდებაა… გოგონა შემდეგ გაარკვევს, რომ ეს შევერცხლილი აპოლონი ცნობილი არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილია, ლეგენდარული მსახიობის – ლადო მესხიშვილის შვილიშვილი, ცოლ-შვილიანია და ამავე დროს თბილისური მითქმა-მოთქმა მას მშვენიერ ქალბატონებთან აკავშირებდა, თუმცა გოგონასთვის მაშინ სრულიად გაუგებარი ასაკის – 40-იოდე წლის ქალებთან. ეს ყველაფერი გოგონასთვის მიმზიდველი, იდუმალებით მოცული და მიუწვდომელი იყო. ეს გოგონა ლანა ღოღობერიძეა. გოგონა ვერ დაიჩივლებს, რომ თაყვანისმცემლები აკლდა, რომ მას არ განუცდია სიყვარული. მეტიც, მისი პირველი სიყვარული თაობებს შემორჩება – ის ხომ რეზო თაბუკაშვილს უყვარდა და სწორედ მას უძღვნიდა სონეტებს… და ის სონეტები – არსად დაბეჭდილი და არსად გამოქვეყნებული, არც ხელნაწერად შემონახული ხომ სწორედ ამ გოგონას ფენომენალური მეხსიერების წყალობით შემორჩება შთამომავლობას. მაგრამ იმ დროისთვის ეს სიყვარული უკვე ჩავლილია, მათი გზები უკვე გაყრილია და გოგონა შევრცხლილ მამაკაცს გადაეყრება, მაგრამ იმ დადევნების შემდეგ თვალს ვეღარსად მოჰკრავს და მიავიწყდება კიდეც. გადის დრო, არც ისე დიდი… ბაკურიანი. შეჯიბრებაა სათხილამურო სპორტში. გოგონა დაინახავს იმ შევერცხლილ მამაკაცს – რუსთაველზე რომ ნახა. ორივეს „13“ ნომერი შეხვდება. ლადო მესხიშვილისთვის „13“ უიღბლო აღმოჩნდება – ფინიშს მიახლოებულს თხილამური გაექცევა და ხეს შეასკდება (რ. შატაკიშვილი). ხეს შეასკდება იქ, სადაც ლანა დგას. ის თხილამურმა მიიყვანა თავის ბედისწერასთან. გოგონა გულგახეთქილი მისჩერებოდა შევერცხლილ მამაკაცს, ის კი წამოდგა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, ერთი მაგრად გადაიხარხარა, თოვლი დაიბერტყა, ლანას მიუახლოვდა, ნომერი მოიხსნა, მიაწოდა და სიცილით უთხრა – იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნება, – უთხრა და თავის ხელით შეუკრა ზურგზე ნომრის თასმები. „ეს კი მართლაც მეტისმეტი იყო, მე მეშვიდე ცაზე ავფრინდი“, – დაწერს ლანა ათეული წლების შემდეგ. იმ დღეს ლანამ ტრასა ისე გაიარა, როგორც არასდროს და სლალომში მეორე ადგილიც მოიპოვა, რაც თბილისელისთვის არნახული წარმატება იყო. „ლადო გადამეხვია და ისეთი სიხარულით მომილოცა მეორე ადგილი, თითქოს თვითონ სულ ცოტა ხნის წინ არ გამოთიშვოდა შეჯიბრებას. მეც ყველაფერი დამავიწყდა, ასაკში განსხვავებაც და იდუმალი რომანების შარავანდედიც… იმ დღის მერე დროს დილიდან საღამომდე ერთად ვატარებდით: ლადო სლალომში მავარჯიშებდა და ამ ვარჯიშში თავის დაუოკებელ ენერგიას აქსოვდა…“ ბაკურიანის იდილია თბილისში გაგრძელდა. დათოვლილ მთებს კუს ტბა, უძოს მთა, აუზი, თბილისის ქუჩები ჩაენაცვლა. ლანა მხოლოდ 20 წლის იყო, ლადო მასზე 13 წლით უფროსი. ისინი დადიოდნენ ერთად, თუმცა, საკუთარ თავს მაინც არ უტყდებოდნენ, რომ მათ მეგობრობის გარდა, ერთმანეთისკენ სხვა ძალაც იზიდავდათ. იმ „სხვა ძალის“ არსებობაში გამოტყდომა თავისთავად მოხდება – ტრაგიკულ ფონზე. 1951 წლის 25 დეკემბერს თბილისიდან გადაასახლებენ მათ, ვისაც ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავთ. ლადოს დეიდა პარიზში ცხოვრობს, ბიძა საყოველთაოდ ცნობილი პარფიუმერიის მფლობელის, ამერიკელ ელენ რუბინშტეინის მეუღლეა, ამის გახსენებაზე ლანას თავზარი დაეცემა და ლადოს საძებნელად გავარდება. თავის მხრივ, ლადოს გაახსენდება, რომ ლანას დეიდები ჰყავს საზღვარგარეთ და ისიც გულგახეთქილი დაეძებდა ლანას – ისინი რუსთაველზე, ოპერის პირდაპირ გადაეყრებიან ერთმანეთს. „ერთი წამი მონუსხულებივით ვუყურებდით ერთმანეთს, მერე ორივე ადგილს მოვწყდით, ერთმანეთისკენ გავქანდით და გამზირის შუაგულში შევხვდით… გარშემო მანქანები დაქროდა, მძღოლები რაღაცას გვიყვიროდნენ, ჩვენ კი ვიდექით ჩახვეულები და გაქვავებულები და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდით. აი, ასე დრამატულად და უჩვეულოდ, ხალხმრავალ ქუჩაში, დღისით-მზისით, თითქოს ჩვენდა უნებურად მოხდა იქამდე ჩვენი ღრმად ჩამალული გრძნობების ერთმანეთისთვის გაცხადება!“ – დაწერს ლანა ღოღობერიძე.

შემდეგ ლანა დედასთან და ახლობლებთან ერთად ლიძავაში წავა დასასვენებლად, თარგმნის თაგორს. ლადო ჩააკითხავს და ეტყვის, რომ საქმე ჰქონდა და ისე გაუარა. ეს „ისე გაუარა“ დიდხანს გაგრძელდება – რამდენიმე კვირას, რომელიც ლანას უსასრულობად ეჩვენება, ზღაპრულ უსასრულობად. ათეული წლების შემდეგ ლანა დაწერს: „ჩვენ მთელი დღეები ვცურავთ თავდაუზოგავად, ან ვსხედვართ ზღვისპირა ტყეში, ან სანაპიროზე, ნახევრად ზღვაში. მე ვთარგმნი, ლადო ყოველ ახალ თარგმნილ სტრიქონს კითხულობს და მე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩვენ ერთად ვთარგმნით თაგორს ინგლისურიდან, რომელიც ლადომ არ იცის. ხშირად ლიძავიდან 5 კილომეტრით დაშორებულ ოქროსფერქვიშიან პლაჟზე მივცურავდით. ის ველური, უკაცრიელი სანაპირო ჩვენს ნამდვილ სამფლობელოდ იქცა. იქ გვავიწყდებოდა, რომ მარტო არ ვიყავით ამ ქვეყანაზე, რომ ძალიან ჩქარა უნდა გათავებულიყო ეს ჩვენი დიდი მოპარული განმარტოება და თბილისის მტრულ გარემოში აღმოვჩენილიყავით და რომ იქ ყველა და ყველაფერი ეწინააღდეგებოდა ამ განმარტოებას, ამ ერთმანეთით არსებობას, ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ იმ ყველას მხარეზე იყო ყველანაირი სიმართლე, ყოველგვარი ზნეობრივი კანონი, მოვალეობა შვილებისა და ახლობლების მიმართ, რომ მას ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებდით… ლადო წავიდა, მე ლიძავაში მარტო დარჩენილი ვწერდი: „… მე ცხელ ქვიშაზე ვიწექი მარტო და ზღვის მოქცევას თან მოჰქონდა ალერსი შენი“.

შემდეგ ისევ თბილისი, მაგრამ მათ ლანას მეგობრების გარდა, სულ რამდენიმე ოჯახში მიესვლებოდათ. მათ შორის, ყველაზე სასურველი და მიმზიდველი ნინო რამიშვილის სახლი იყო, ბარნოვზე.

რეალობა უფრო და უფრო იჭრებოდა მათ ურთიერთობაში. თანდათან ისე დამძიმდა მათ ირგვლივ ყველაფერი, რომ, როგორც ათეული წლების შემდეგ ლანა იტყვის – არსებობა შეუძლებელი გახდა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება – სამუდამოდ დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ლანა შემდეგ გაიხსენებს, რომ იყო „გამომშრალი, როგორც წვიმას მოწყურებული მიწა…“ ლანა მარტო წავა ბაკურიანში. ლადო დაჰპირდება, რომ არ ჩავა ბაკურიანში, მაგრამ არ გავა ორიოდე დღე და ჩავა. ტრასაზე მოსრიალებს ნაღვლიანი ლანა და უცებ ერთი ხმა გადაფარავს ყველა ხმას „მუხლები წინ“ – ლანა იცნობს ლადოს ხმას, სულს ვეღარ მოითქვამს, მუხლების წინ გაწევის ნაცვლად ფეხი უშეშდება და ვარდება იქ, სადაც დგას ლადო… „მე კარგა ხანს ვწევარ უღონოდ, მიწაზე გართხმული. ლადო მიახლოვდება, თავის მძლავრ ხელებს შემომაჭდობს, ადგომაში მეხმარება… და უცებ სიცილი უტყდება. მე უეცრად ახლად ვიწყებ არსებობას და იმ წუთიდან ცას თავის სილურჯე უბრუნდება, თოვლს – სითეთრე, ცხოვრებას – გემო, მე საერთოდ მავიწყდება, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მქონდა მიღებული… და ისევ იწყება ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება. ხანდახან მგონია, რომ 1949 წლის დიდთოვლიან ზამთარში, პლანეტის ერთ გადაკარგულ წერტილში, ბაკურიანში, ჩვენ იმისთვის შევხვდით ერთმანეთს, 20 წლის მრავალჭირგამოვლილი და მაინც მიამიტი და თავქარიანი გოგო და 33 წლის, საქვეყნოდ გახმაურებული რომანების შლეიფიანი, მშვენიერ ქალთა სათაყვანებელი შეჭაღარავებული კაცი, არქიტექტორი, მოთხილამურე და მთამსვლელი, რომ სიყვარულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევრკინებოდით ერთმანეთს, ამ ბრძოლაში საბოლოოდ ორივე გადავრჩენილიყავით და მაღალი გამარჯვება მოგვეპოვებინა, არ ვიცი, საკუთარ თავზე თუ ერთიმეორეზე“.

ისინი იქორწინებენ, ქვეყანას მოევლინება ქეთი, შემდეგ ნუცა… „ღრმა კულტურული შრეების მიუხედავად, მძლავრ ინსტინქტებს ვერ უმკლავდებოდა და მისი ვნებები პირველყოფილი სიმძაფრითა და უშუალობით იყო დაღდასმული; სილამაზისადმი ბუნებრივი სწრაფვა ყველაზე აშკარად ქალისადმი მის დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა და ამ გზაზე სულ ახალ-ახალ ემოციებს ეძებდა და პოულობდა კიდეც, რაც კინაღამ ჩვენი დაშორების მიზეზიც გახდა. უბრალოდ, განგებამ ისე ისურვა, რომ მისი ძლიერი გატაცების დროს მეც სხვა ემოციებში აღმოვჩნდი დათქმული და ამ შემთხვევითმა თუ კანონზომიერმა დამთხვევამ საბოლოოდ გადაარჩინა ჩვენი წყვილი… მასთან ერთად ცხოვრება იყო მუდმივი ჭიდილი, დამარცხებებისა და გამარჯვებების უწყვეტი ჯაჭვი და ურთიერთობათა უმწვავეს წერტილში ახლად შერწყმით მოგვრილი ბედნიერება…“ – დაწერს ლანა თავის მემუარებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული