საზოგადოება

რატომ შლიდა მუშაობის დროს პასეანსს ანდრია ბალანჩივაძე და როდის მალავდა ის კარტებს

№47

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:50 28.11

ბალანჩივაძე
დაკოპირებულია

ამ დღიურებით თქვენ გაეცნობით დიდი ქართველების, მამისა და შვილების – მელიტონ, ანდრია და გიორგი (ჯორჯ) ბალანჩივაძეების საინტერესო ცხოვრებას. ანდრია ბალანჩივაძის სახელს უკავშირდება ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის ფორმირება. მას ეკუთვნის პირველი ქართული ბალეტი, პირველი ქართული სიმფონიის ნიმუში და პირველი საფორტეპიანო კონცერტი. იგი გახლდათ უამრავი კომპოზიტორის აღმზრდელი, წლების განმავლობაში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, რაც საშუალებას აძლევდა, ბევრი სასიკეთო საქმე ეკეთებინა. გიორგი (ჯორჯ) ბალანჩინზეც ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. მანამდე კი ქართული კულტურის დიდ გულშემატკივარს და მოამაგეს, ანდრია ბალანჩივაძეს მისი ქალიშვილი – ცისკარი და უმცროსი ვაჟის – ჯარჯის მეუღლე ქეთი მაჭავარიანი გაიხსენებენ.

„აკოცე ერთი, იწამე ღმერთი“

ცისკარი ბალანჩივაძე: „დედამ და მამამ ერთმანეთი მუშა-ახალგაზრდობის თეატრში („ტრამი“) გაიცნეს. ეს იყო მამის მხრიდან, სიყვარული პირველი დანახვისთანავე. დედა – პანა ჯიბლაძე, მსახიობი, ხოლო მამა პიანისტი და თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე იყო. დედას ნატუსია ერქვა, მაგრამ ასე არავინ ეძახდა, პოლონელმა ნათლიამ პანა დაარქვა და ეს სახელი დარჩა. მამამ დედა სახლში პირველად რომ მიიყვანა, ანდრიას მამა, მელიტონი იატაკზე გაბნეულ ნოტებს შორის იჯდა. ანდრიამ პანა გააცნო, როგორც თავისი საცოლე. მამა ამბობდა, 16 წლის გოგონას დანახვაზე ბაბუა ცოტა შემცბარა, მერე გვითხრა, – აკოცე ერთი, იწამე ღმერთიო...

ახლა ახვლედიანის ქუჩაზე, იმ სახლზე მელიტონ ბალანჩივაძის მემორიალური დაფაა. მამას სულ კონკურსებზე და სხვადასხვა კომისიაში იძახებდნენ, ძირითადად, რუსეთში დადიოდა. ყველა ქართველი კომპოზიტორი მამას მოწაფე იყო: ბიძინა კვერნაძე, რევაზ ლაღიძე, არჩილ ჩიმაკაძე, შოთა მილორავა, მერი დავითაშვილი და სხვები. ვინც – არა, ისინი კონსულტაციებზე მოდიოდნენ სახლში. დედა ამბობდა, ზოგჯერ ფორმაში არა ვარ და ანდრია უცბად მომაყენებს სტუმრებსო. მეზობლის ბავშვებიც ხშირად შემოდიოდნენ ჩვენთან. როცა ავხმაურდებოდით, დედა გვეუბნებოდა, მამას ხელს ნუ უშლითო. მამა ძალიან გვიყვარდა და მის კაბინეტში შესვლა გვინდოდა, მაგრამ დედა არ გვიშვებდა, რადგან მას სამუშაოდ სიმშვიდე სჭირდებოდა. მუშაობისას პასეანსის გაშლა უყვარდა, რაც დედას არ მოსწონდა. თუკი დედა მის ოთახში შევიდოდა, მამა თურმე ცდილობდა, სამუშაო მაგიდაზე გაშლილი კარტებისთვის რაღაც გადაეფარებინა.

ზაფხულში, ხშირად, ბაკურიანში ვისვენებდით. მამას ტყეში დავყავდით, ხან გადავიკარგებოდით და ღამე მოვდიოდით. ანდრია რუსულად საუბრობდა, ქართული იცოდა, თუმცა, ცოტა აქცენტით ლაპარაკობდა. თითქოს გასაკვირია, მაგრამ მისი მუსიკა ბევრად უფრო ქართული იყო, ვიდრე თავად მამა. ბავშვობიდან ვხედავდი, როგორი დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველას რჩევას აძლევდა. არასოდეს იტყოდა სიყალბეს, პირდაპირობა უყვარდა, თუმცა დიპლომატიურიც იყო. ისეთი თანამდებობები ეკავა, დიპლომატიაც სჭირდებოდა. რუსეთიდან ვინც ჩამოდიოდა, გამოჩენილი მუსიკისმცოდნე იქნებოდა თუ კომპოზიტორი, ყველანი მასთან მოდიოდნენ. დიმიტრი შოსტაკოვიჩთან მეგობრობდა. დიმიტრი მამას ანდრიუშას ეძახდა, მამა – მიტიას. მახსოვს, პირველად შოსტაკოვიჩი რომ ვნახე, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რადგან სწრაფად და თითქოს ნერვიულად ლაპარაკობდა. ერთი ღამე დარჩა ჩვენთან, მეორე დღეს სამკურნალოდ წყალტუბოში წავიდა...

მამა და ჩვენ სამნი

ჩვენ სამნი ვიყავით: ამირანი, მე და ჯარჯი. ჩემი ძმები, სამწუხაროდ, აღარ არიან ცოცხლები. სამივეს გამოგვყვა რაღაც ნიჭი. ანდრია შვილებს არასოდეს გვაქებდა. ამირანს კარგი ხმა – ბარიტონი ჰქონდა, მე ბალერინა ვიყავი, ჯარჯი პიანისტი და მრავალმხრივი მუსიკოსი იყო. როცა ამირანი ფიზიკოსი გახდა, ასე ხუმრობდა: მამა კომპოზიტორია, დედა მღერის, შენ ცეკვავ, ჯარჯი უკრავს და ერთი, მე ვარ ჭკვიანიო. ცნობილი პიანისტი ლევ აბორინი ჩვენთან ხშირად მოდიოდა და ჩემს დანახვაზე მაშინვე „სამ გოჭს“ ისეთი ვარიაციებით უკრავდა, ძალიან მომწონდა და 3-4 წლისა ცეკვას ვიწყებდი“.

პატარა ტანის კაცი იყო და „ვოლგაში“ სულ გაჭიმული იჯდა

ქეთი მაჭავარიანი: „ბატონი ანდრია ჯარჯიმ გამაცნო. პირველი, რაც მკითხა, ეს იყო: თქვენ იცით, რომ ჯარჯი არ მუშაობსო? გამაფრთხილა. ჯარჯის ორკესტრთან ერთად უნდა ემუშავა, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებულიც არ იყო და დროებით ხელფასი არ ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ ორ ადგილზე ვმუშაობდი. – ჰო, ეს კარგიაო, ჩაილაპარაკა ბატონმა ანდრიამ. მას არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, საშინაო და საგარეო ქცევები, ყველგან თავის სულიერ ფორმას ინარჩუნებდა. საინტერესო იყო იმით, რომ გარკვეულ რეჟიმს იცავდა, კონკრეტულ საათზე იკვებებოდა. ვთქვათ, ჰკითხავდი: ანდრეი მელიტონოვიჩ, ყავა ხომ არ გინდათ? ჯერ საათს დახედავდა და პასუხს ისე გეტყოდა. ქალბატონი პანა სულ ნერვიულობდა, რათა სადილი და ვახშამი მზად ჰქონოდა. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი სილამაზის ქალბატონი იყო და ისეთი ჯადოსნური მომხიბვლელობა ჰქონდა, ზოგჯერ თვალს ვერ ვაშორებდი. ძალიან არტისტული იყო და კარგად მღეროდა. კოლორიტული გარეგნობისა იყო ანდრია, რომლის მუდამ არეული თმა სინათლის ნიმფას თმას მაგონებდა. აუცილებლად დიდჯიბეებიანი შარვალი ეცვა. ჯიბეში, როგორც წესი, ედო საშლელი, ფანქარი და გამოტენილი ჰქონდა მისი განუყრელი პაპიროსებით. ტარიან პაპიროსებს ეწეოდა, თვითონ უკეთებდა ფილტრს და რამდენიმე კოლოფს წინასწარ ამზადებდა. პატარა ტანის კაცი იყო და „ვოლგაში“ სულ გაჭიმული იჯდა, გზა რომ კარგად დაენახა. ბორჯომში თვითონ ხელმძღვანელობდა კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის მშენებლობას და რამდენიმე წელი კარკასის მდგომარეობაში არსებულ შენობაში ვცხოვრობდით. ზაფხულში ყოველთვის ბორჯომში ვისვენებდით. ანდრიას პატარა ბავშვივით უყვარდა სოკოების შეგროვება. უნდა გენახათ, როგორ უყვარდათ ბორჯომელებს. ყველა ესალმებოდა, რაც ძალიან სიამოვნებდა. ერთ-ერთი დასვენების დროს, ბატონი ანდრიას „ვოლგას“ ოთხივე ბორბალი მოჰპარეს. ისეთი შეურაცხყოფილი იყო, არავის შეატყობინა. მაინც მთელმა ბორჯომმა გაიგო. ისე შეწუხდნენ, რომ თავად ბორჯომის მილიციამ მოუტანა ბორბლები და დაუყენა.

ერთხელ, პოპულარული სლოვაკი კომპოზიტორი ილია ზელენკა საქართველოში ჩამოვიდა და კონცერტი გამართა, რის შემდეგაც დიდი ბანკეტი გადაიხადეს, რომელსაც ანდრია ბალანჩივაძე, მაშინ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, უძღვებოდა (ნ.ზოტიკაშვილი). ბანკეტს ორგანოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სადღეგრძელო დალიეს და თქვეს, რომ ზელენკა არაჩვეულებრივი კომპოზიტორია, თუმცა დინების საწინააღმდეგოდ ცურავს და იმიტომ გარიცხეს კომპოზიტორთა კავშირიდანო. ანტისაბჭოთა პიროვნებად მიიჩნეოდა. ანდრიას იმწუთას უთქვამს, – დინების მიმართულებით მხოლოდ მკვდარი თევზები ცურავენო. კომპოზიტორებს უკვირდათ, მისი გამონათქვამების გამო ანდრიას „ერთ ადგილზე“ რომ არ იბარებდნენ.

ანდრიას სიმფონიის მოსმენის შემდეგ ერთ-ერთი ამერიკელი დირიჟორი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. არქივში წერილი ვნახე, სადაც, ასევე, ამერიკელი დირიჟორი ანდრიას სთხოვს, გაუგზავნოს სიმფონიური ნაწარმოების ნოტები…

7 მანეთი და 50 კაპიკი – ძმები ბალანჩივაძეების ეკონომიკა

გიორგი ანდრიას უფროსი ძმა იყო, მან პეტერბურგში მცირე საბალეტო დასი ჩამოაყალიბა. 1924 წელს გიორგი ლუნაჩარსკიმ გაუშვა საგასტროლოდ, საიდანაც უკან აღარ დაბრუნდა და ჯერ ევროპაში, ხოლო შემდეგ ამერიკაში ცხოვრობდა. გიორგი, იგივე ჯორჯ ბალანჩინი, თავიდან დედამისს ფულს და საჩუქრებსაც უგზავნიდა, მერე აღარ აძლევდნენ ამის საშუალებას. ჩანაწერებში ერთი სასაცილო ეპიზოდი წავიკითხე. ახალგაზრდა ანდრია წერს: „დედამ ჯორჯის გამოგზავნილი ფული მომცა. ახალი ფეხსაცმელი ვიყიდე, ძალიან ძვირი გადავიხადე – 7 მანეთი და 50 კაპიკი”. ერთ-ერთ წერილში ჯორჯი დედას სთხოვს: ფულს გამოგიგზავნი და მეუღლისთვის „ჩორნაბურკა“ (შავი მელია) მიყიდეო – ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და უნდოდა, ნატურალური ქურქი ეჩუქებინა.

სახელგანთქმული ბალეტმაისტერი ბალანჩინი ორჯერ ჩამოვიდა თბილისში და რა თქმა უნდა, შეხვდა ანდრიას. თუმცა, მათ ხალხი დაჰყვებოდა და ძმასთან პირისპირ კომუნიკაცია იშვიათად გამოსდიოდა. როცა ანდრია ამერიკაში ჩავიდა, ასეთი ფაქტი მოხდა: უცებ გავრცელდა ხმა, რომ ის საბჭოთა კავშირში დაბრუნებას აღარ აპირებდა. ამ დროს ანდრია, ალბათ 75 წლისა იყო. ატყდა დიდი ღელვა, რაშია საქმე? თურმე, მას უთხოვია, ამდენი ხანია ძმა არ მინახავს და მასთან კიდევ ერთი კვირა დავრჩებიო. ვინ მისცემდა ამის უფლებას? ჩამოვიდა და საჩუქრებიც ჩამოიტანა. როგორც ამბობენ, როცა ჯორჯ ბალანჩინი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, რუსულად ლაპარაკობდა და დედას ახსენებდა. ანდრია ბალანჩივაძე ძმის დაკრძალვაზე ამერიკაში არ გაუშვეს.

მორწმუნე კაცი

ახალი წელი ჩვენთვის განსაკუთრებული იყო – სუფრასთან შევიკრიბებოდით მთელი ოჯახი და დიდი კონცერტი იმართებოდა. ანდრია არაჩვეულებრივად მღეროდა ჩაიკოვსკის რომანსებს და გული მწყდება, რომ ეს არა გვაქვს ჩაწერილი. ასევე იმღერებდა პანა გიორგიევნაც და ბოლოს, აუცილებლად შუბერტის მარშის ფონზე, ყველანი ნაძვის ხის გარშემო დავდიოდით. ბატონი ანდრია მორწმუნე კაცი იყო და მარხვას ყოველთვის ინახავდა. შობას ეკლესიაში დაესწრებოდა და რომ დაბრუნდებოდა, სუფრაზე აუცილებლად საცივი უნდა დახვედროდა.“

ბალანჩივაძეების დაკარგული სამოთხე

ბალანჩივაძეების ოჯახში ყველაფერი ასე დაიწყო: 1889 წელს ახალგაზრდა მელიტონ ბალანჩივაძე (ანდრია და გიორგი ბალანჩივაძის იგივე ჯორჯ ბალანჩინის მამა) პეტერბურგის კონსერვატორიაში სიმღერის კურსებზე მოსაწყობად გაემგზავრა მელიტონს პეტერბურგში უმცროსი ძმა ელოდა – ვასო, რომელიც ორი წლის წინ ჩასულიყო ქალაქში და მხატვარ ილია რეპინთან სწავლობდა. ქართულ კინოს მოყვარულებს ვასო უთუოდ უნდა ახსოვდეთ ქართული ფილმიდან „დაკარგული სამოთხე“, სადაც მსახიობი ბაბუა ანტონის როლს ასრულებს. სხვათა შორის, ამ ფილმის მუსიკა, სიმღერები, მათ შორის, საქართველოში მეტად პოპულარული „ზესტაფონო, გშორდები“, ანდრიას ეკუთვნის. მელიტონი პეტერბურგში ხელოვნების სიყვარულმა და მუსიკალური განათლების მიღების სურვილმა ჩაიყვანა. ბავშვობიდან საეკლესიო გუნდებში მღეროდა, თვრამეტი წლის ასაკიდან კი – თბილისის ოპერაში, სადაც მოგვიანებით სოლისტი გახდა. პირველი მეუღლისგან მას ქალიშვილი და ვაჟი ეყოლა. პეტერბურგში ორი წლის განმავლობაში კომპოზიციას კომპოზიტორ რიმსკი-კორსაკოვის ხელმძღვანელობით სწავლობდა და პირველ ქართულ ოპერაზე – „თამარ ცბიერზე“, დაიწყო მუშაობა, რომლის სხვადასხვა ნაწილის წარმოდგენა 1897 წელს პეტერბურგში გაიმართა. შემდეგ ოპერას სახელი შეუცვალეს, „დარეჯან ცბიერი“ უწოდეს და სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე 1925-1926 წლების სეზონზე დაიდგა. მელიტონის მეორე მეუღლე მარია, ბარონ ნიკოლაუს ფონ ალმედინგენის ქალიშვილი იყო, თუმცა დედის გვარს – ვასილევას ატარებდა. მეორე ქორწინებიდან მელიტონ ბალანჩივაძის სამივე შვილი პეტერბურგში დაიბადა. ოჯახს ძალიან უჭირდა და მელიტონმა ბიზნესიც წამოიწყო. ოჯახის ცხოვრება ერთმა იღბლიანმა შემთხვევამ გამოასწორა. მელიტონმა ლატარიაში 200 ათასი (ზოგი წყაროს ცნობით, 100 ათასი) მოიგო. ჯორჯ ბალანჩინი სოლომონ ვოლკოვთან საუბარში იხსენებს, რომ მამას ძალიან უყვარდა გლინკა და მოგებული თანხიდან კომპოზიტორის წერილების პირველი სრული გამოცემა დააფინანსა. „მე მაშინ სრულიად პატარა ვიყავი. მამას „ქართველ გლინკას“ ეძახდნენ. იგი უცებ გამდიდრდა, ასი ათასი მოიგო სახელმწიფო ლატარიაში“. თუმცა, გლინკას წერილების გამოცემის გარდა, მოგებული ფულის დახარჯვაში ბალანჩივაძეების ოჯახს პეტერბურგში მცხოვრები ქართველებიც „დახმარებიან“. მელიტონს ეს ფული მალევე შემოეხარჯა. პეტერბურგში მძიმე დრო იდგა, ცხოვრება ჭირდა, ხალხი შიმშილობდა. მელიტონმა საქართველოში გადაწყვიტა დაბრუნება და პეტროგრადიდან თბილისს გამოემგზავრა.

საქართველოში საჭმელი უფრო იშოვებოდა. ოჯახმა მოითათბირა და გადაწყვიტა, რომ ანდრიაც მამასთან ერთად წასულიყო. შვილებს შორის თამარი უფროსი იყო. უნდოდათ ის ბალეტზე მიეყვანათ. საიმპერატორო საბალეტო სასწავლებელში მისი ჩარიცხვის პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა – თამარს უარი უთხრეს. ანდრია და გიორგი მუსიკაზე დაჰყავდათ. თუმცა, გიორგის სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და არც თავად იყო უარზე. ცხოვრება კი, თურმე, მას სულ სხვა ხვედრისთვის ამზადებდა. 1913 წელს თამარი საბალეტო სასწავლებელში გამოცდებზე მეორედ გაიყვანეს. დედას გიორგიც გაჰყვა. ბალანჩივაძეებს სასწავლებლის ჰოლში ნათესავი შეხვდათ, სასწავლებლის თანამშრომელი, რომელმაც კომისიის წინაშე გამოსვლა გიორგისაც შესთავაზა. კომისიაში უკვე ხანშიშესული ცნობილი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაიაც იყო, რომელმაც გიორგი ბალანჩივაძის ელეგანტურობასა და მუსიკალობას თვალი მაშინვე დაადგა. გიორგი, რამდენიმე თანატოლთან ერთად, საიმპერატორო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩარიცხეს. სასწავლებლის დამთავრების დროს მდგომარეობა რუსეთში აირია. მარია ბალანჩივაძე საქართველოში ქალიშვილთან ერთად მას შემდეგ დაბრუნდა, როცა დარწმუნდა, რომ მისი ვაჟი გიორგი, მეუღლესთან – თამარა ჟევერჟეევასთან, კარგად გრძნობდა თავს. მას შემდეგ გიორგის არც დედა უნახავს აღარასოდეს. ტრაგიკული აღმოჩნდა ბალანჩინის უფროსი დის თამარის ცხოვრება, რომელიც 1943 წელს ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიღუპა. 1924 წელს გიორგი ბალანჩივაძემ ისე დატოვა უკვე ლენინგრადად სახელდებული ქალაქი, რომ ოჯახის არც ერთ წევრს არ გამომშვიდობებია. ოჯახის წევრებიდან ბალანჩინი 44 წლის შემდეგ მხოლოდ საკუთარ უმცროს ძმას – ანდრიას შეხვდა 1962 წელს მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში. ანდრია უკვე ცნობილი ქართველი კომპოზიტორი – პირველი ქართული ბალეტის, პირველი საფორტეპიანო კონცერტის და სიმფონიის ავტორი იყო, დახვეწილი ინტელიგენტი, არტისტული სილამაზის ადამიანი და საბჭოთა რეჟიმის დროს საკმაოდ თამამი. ანდრია ბალანჩივაძემ თავისი მეორე სიმფონია 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიას მიუძღვნა, როცა საბჭოთა ჯარებმა თბილისში უდანაშაულო, მშვიდობიანი მომიტინგეები დახვრიტეს. ანდრია ბალანჩივაძემ 30-იან წლებში პირველი ქართული ბალეტი „მთების გული“ (თავდაპირველი სახელი – „მზეჭაბუკი“) დაწერა. ბალეტის დადგმა პირადად ბერიას დავალება იყო, რისთვისაც იმ დროს უკვე პოპულარული მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანი ლენინგრადიდან თბილისში საგანგებოდ დააბრუნეს. საქართველოში ჯორჯ ბალანჩინის ორჯერ ყოფნის ისტორიას თუ გადავხედავთ, ქორეოგრაფი თითქოს აპირებდა ძმის მუსიკაზე ბალეტის დადგმას, თუმცა, ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა. ქართულ მუსიკაზე ბალეტის დადგმის თემა ბალანჩინის თბილისში პირველი ჩამოსვლის დროს პრესაშიც გაჟღერდა. „კომუნისტმა“, ქართველი კომუნისტების მთავარმა გაზეთმა, 1962 წელს ბალანჩინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: „გადავწყვიტე, ნიუ-იორკში დავდგა ბალეტი ქართულ თემებზე. მუსიკას ბალეტისათვის დამიწერს ჩემი ძმა – ანდრია ბალანჩივაძე. ეს იქნება ქორეოგრაფიის ენით გადმოცემული ქართული სიმფონია“. ათი წლის შემდეგ, 1972 წელს, თბილისში მეორედ ჩამოსვლის დროს, ქორეოგრაფმა კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა იმავე გაზეთს. საუბარი ქართულ მელოდიაზე ბალეტის დადგმაზე ამ ინტერვიუშიც გრძელდება: „ახლა, როცა თბილისში ვარ, – ამბობს ბალანჩინი, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გავიცნო, უფრო სწორად მოვისმინო, ჩემი ძმის, ანდრია ბალანჩივაძის, ზოგიერთი ნაწარმოები და კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო“. უნდა აღვნიშნო, რომ დიდი ხანია, ველოლიავები იდეას – ქართულ მუსიკაზე დავდგა ცეკვები. ჩემდა სამწუხაროდ, თქვენ კი ნუ მოგერიდებათ, შეგიძლიათ, მითხრათ, სირცხვილი თქვენიო. დღემდე ცოტა ვიცი, მამაჩემის ნაწარმოებებიც კი. სიჭაბუკიდან მისი მხოლოდ ორი რომანსი და საეკლესიო საგალობლის რამდენიმე გადამუშავებული ნიმუში შემომრჩა. ახლა ვეცდები, თან წავიღო ოპერა „დარეჯან ცბიერის“ კლავირი მაინც. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ამერიკაში მხოლოდ უკანასკნელ წლებში შემოაღწია ქართული ხელოვნების ნაწარმოებებმა – გაჩნდა ქართული სიმღერების გრამფირფიტები, ფერწერა, ჭედურობა და უძველესი ხატებიც კი. ახლახან გამოჩნდა, აგრეთვე, შოთა რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“, ინგლისური თარგმანი. სიტყვამ მოიტანა და ამ პოემაზე უნდა ვთქვა, რამდენიმე წლის წინ მონტე-კარლოში დადგეს ბალეტი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით. ბალეტს რატომღაც „რუსთაველი“ ერქვა. მე ის არ მინახავს, საერთოდ წინააღმდეგი ვარ ასეთი დადგმებისა. რუსთაველის პოემა ხომ არაა მარტო დიდი პოეზია, არამედ ღრმა ფილოსოფიაც არის. ეს ქართველი ადამიანის სულია, სულის ცეკვა კი შეუძლებელია. სხვა საქმეა, როცა ცეკვას ეროვნულ მუსიკაზე დგამ. ვფიქრობ, მხოლოდ ამ ფორმით შეიძლება, გადაწყდეს ქართულ მუსიკაზე ბალეტის დადგმის პრობლემა“.

ჯორჯ ბალანჩინი 1962 წელს, თბილისიდან პირდაპირ ქუთაისში, მამის საფლავზე წაუყვანიათ. „მწვანე ყვავილას“ სასაფლაოზე ანდრიასთან და ნახევარძმასთან ყოფილ არქიდიაკონთან, დიდებულ მგალობელთან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ათვალწუნებულ აპოლონთან ერთად ასულა. ბალანჩინს დაუთვალიერებია გელათი. ექსკურსიას კომპარტიის ქალაქკომი მეთვალყურეობდა. ბალანჩინი დაწვრილებით ათვალიერებდა გელათის უნიკალურ ფრესკებს. ბიბლიურ სცენებზე უფრო დიდხანს აჩერებდა მზერას, ძალიან მოეწონა საკურთხევლის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა.

ანდრია ბალანჩივაძე, რომელიც 40 წლის უნახავ ძმას და მის კომპანიას თბილისში მეგზურობას უწევდა, იგონებდა: „ერთმა კორესპონდენტმა, აქ ყოფნის დროს ჰკითხა: „რატომ არა აქვს თქვენს ბალეტს შინაარსი?“ „ბალეტი, უპირველესად, არის სილამაზე, – უპასუხა მან. აი, აიღეთ ვარდი. მოგწონთ? რა შინაარსი აქვს მას. უბრალოდ, ლამაზია. ბალეტიც ასეა“. ჟურნალისტის შეკითხვაზე – „თქვენ ქორეოგრაფი ხართ?“, ბალანჩინი პასუხობს: „რა საშინელი სიტყვაა ქორეოგრაფი. მე უპირატესობას ვანიჭებ ცეკვის მეტრს ან ბალეტმაისტერს...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა