რატომ საუბრობდა მთელი ქვეყანა გია დანელიას პირად ცხოვრებაზე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 20.12, 2022 წელი

„მე მიყვარდა და მათაც ვუყვარდი“
„მე მიყვარდა და მათაც ვუყვარდი. წამოვედი და ისინიც წავიდნენ ჩემგან. სულ ესაა, რაც ჩემს პირად ცხოვრებაზე შემიძლია, ვთქვა“. როგორც უკვე მიხვდით, გია დანელიას ეს დღიურები ამჯერად მის პირად ცხოვრებაზე და ასევე გია ყანჩელთან ურთიერთობის პატარა ამბავს მოგიყვებათ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. რეჟისორ დანელიას და სცენარისტ ტოკარევას აკრძალული სიყვარული – ასე დავარქვი ამ ამბავს. მათ ერთად შექმნეს კომედია „იღბლიანი ჯენტლმენები“. აბა, ვინ იცოდით, რომ ამ ყველასთვის საყვარელ, რეჟისორს, რომელმაც უკვდავი ფილმები გვაჩუქა, საყვარელი ჰყავდა – მწერალი ვიქტორია ტოკარევა. დიახ, საყვარელი, რომლის შესახებაც რეჟისორის ცოლმაც მშვენივრად იცოდა და მწერლის ქმარმაც. მათი რომანი 15 წელი გაგრძელდა, თუმცა მათ ერთმანეთისთვის ბედი ქორწინებით არ დაუკავშირებიათ და საკუთარ ოჯახში დარჩენა ამჯობინეს. ვიქტორია გახდა გიორგის შთაგონება. მისი სცენარის მიხედვით, გადაიღეს ათობით ფილმი, რომლებიც საბჭოთა კინოს ისტორიაში შევიდა. გიორგი დანელია და ვიქტორია ტოკარევა ერთმანეთს პირველად მსახიობის სახლში შეხვდნენ. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ახალგაზრდა მწერალი. მისი ნამუშევრები „ახალგაზრდა გვარდიაში“ გამოქვეყნდა და თაყვანისმცემლები მას წერილებით ბომბავდნენ. მოსფილმმა გადაწყვიტა, გადაეღო სცენარისტის ნამუშევარი – „დღე ტყუილის გარეშე“, ხოლო ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი დანელია გახდა. ასე დაიწყო რომანტიკული თხუთმეტწლიანი ისტორია. ტოკარევა დანელიას სახლის ხშირი სტუმარი გახდა. გოგონას გასართობად რეჟისორი სოლო წარმოდგენებს აწყობდა და სტუმრის მოსვლა ძალიან უხაროდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრების წინააღმდეგი არც მისი ცოლი იყო. დანელია მიხვდა, რომ ტოკარევას სიცილის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. შეყვარებულებმა ვეღარ გაუძლეს თავიანთ გრძნობებს. ყოველი ერთობლივად დაწერილი სცენარით უფრო და უფრო უყვარდათ ერთმანეთი. მათი სიყვარულის ნაყოფი იყო გამორჩეული ფილმები „შემოდგომის მარათონი“ და „ნუ ტირი“. მთელი ქვეყანა საუბრობდა დანელიასა და ტოკარევას მშფოთვარე რომანზე. წყვილი ურთიერთობას არ მალავდა. რა თქმა უნდა, მათმა ოჯახებმაც იცოდნენ. მწერალი ამტკიცებდა, რომ რეჟისორი ქორწინებით უკმაყოფილო იყო, მაგრამ ცოლს ვერ მიატოვებდა, რადგან დედას არ სურდა შვილიშვილი უმამოდ გაზრდილიყო. გიორგის მეუღლემ კი ყველაფერს გაუძლო ერთადერთი შვილის გამო. ვიქტორიასაც მსგავსი სიტუაცია ჰქონდა – ქმარმა მოითმინა ღალატი მათი ქალიშვილის გულისთვის, რომელსაც მამა ძალიან უყვარდა. ტოკარევას არ სურდა ქორწინების განადგურება, მაგრამ არც გრძნობების დათმობა უნდოდა და ოჯახური კავშირების შენარჩუნება არჩია. სწორედ, მათი ბედნიერების მწვერვალზე დაიწერა სცენარები კომედიებისთვის „მიმინო“ და „იღბლიანი ჯენტლმენები”. დანელია ამბობდა, რომ ტოკარევა მისი შემოქმედებითი მუზა და თანამგზავრი გახდა. ხმაურიან წვეულებებზე ის ხშირად უცხადებდა ვიქტორიას სიყვარულს. მწერალმა ნამუშევარი „ხე სახურავზე“ კინორეჟისორთან ურთიერთობას მიუძღვნა. საბოლოოდ მოხდა ის, რომ დანელიამ ვეღარ შეძლო თავის მეუღლესთან ცხოვრება და მიატოვა იგი. შეწყდა მისი რომანი მწერალთანაც. მწერალმა აღნიშნა, რომ არაფერს ნანობს, გრძნობები შეიძლება, გაცივდეს, მაგრამ ოჯახში პატივისცემა და სანდო ურთიერთობები პირველ ადგილზე უნდა იყოს. ტოკარევამ ასევე განაცხადა, რომ დანელია ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. თავად კინორეჟისორმა აღიარა, რომ ალკოჰოლიზმით იტანჯება. ასეთ სიტუაციებში, ხშირად იგი ცოლს ვიქტორიას უწოდებდა, დილით კი თვალებს მალავდა და ნანობდა ნათქვამს. ტოკარევა ამტკიცებდა, რომ ალკოჰოლი და ოჯახი არ არის თავსებადი, მაგრამ მას ყოველთვის უწოდებდა ცხოვრებაში მთავარ მამაკაცს. მათი სიყვარული საუკეთესო მხოლოდ ახალგაზრდობაში იყო. ერთხელ, განშორების შემდეგ, ტოკარევამ დაურეკა რეჟისორს და უთხრა, რომ ახლა მხოლოდ შემდეგ სამყაროში შეხვდებიან. დანელიამაც უპასუხა, რომ იქ თავიდან დაიწყებენ ყველაფერს და სამუდამოდ ერთად იქნებიან.
2019 წელს მწერალს ორმაგი მწუხარება შეემთხვა – ჯერ ქმარი გარდაიცვალა, შემდეგ კინორეჟისორი გიორგი დანელია. სცენარისტმა ერთდროულად ორი საყვარელი მამაკაცი დაკარგა.
მნიშვნელოვანი კაცი დანელიასთვის
„არასოდეს დამავიწყდება, როგორ ესტუმრა დანელიას თბილისში ევგენი ლეონოვი. გია დანელიას ნათესავი საავადმყოფოში იწვა და მე და ლეონოვმა გადავწყვიტეთ, საავადმყოფოში გავყოლოდით მას“, – იხსენებს გია ყანჩელი. „ლეონოვი, რა თქმა უნდა, იცნეს. სანამ ჩვენ დანელიასთან ერთად ავადმყოფთან ერთად ვიყავით, დერეფანში უამრავი ხალხი შეგროვდა, რომლებიც ლეონოვს სთხოვდნენ, მათ პალატებში შესულიყო. ისიც, ყველას გასახარად, თითოეულ მათგანთან შედიოდა. ამ მომსახურებისთვის ლეონოვი კომპოტს ითხოვდა, რომელსაც პაციენტებს ურიგებდნენ. ათი ჭიქა კომპოტი მოუტანეს. რამდენიმე დალია კიდეც. თუ ევგენი ლეონოვი ასეთ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე, რომლებიც მას პირველად ხედავდნენ, ალბათ, ხვდებით, რას ნიშნავდა ის ჩემთვის და დანელიასთვის...“
დანელია და ფლეიტა
„...დანელიასთან შვიდ ფილმზე ვიმუშავე. ის ამტკიცებს, რომ ჩემს მიერ დაწერილი მუსიკიდან ყველაზე წარმატებული ჟღერს ფილმში – „ცრემლი მოდიოდა“. ჩვენი პირველი ერთობლივი ფილმი „არ დაიდარდო“ იყო. ჩავედი მოსკოვში მუსიკის დასაწერად და სრულიად დამავიწყდა, რომ ჩემი მეგობარი კომპოზიტორი ანდრეი პეტროვი, რომელიც მანამდე სულ დანელიასთან მუშაობდა, მაფრთხილებდა, არასოდეს დამეწერა მუსიკა ფლეიტისთვის, რადგან გია ამ ინსტრუმენტს ვერ იტანს. და აი, ჩაწერის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დანელია ამბობს: „ამან, ამან, ამან და ამან – როგორც წესი, ოთხი ფლეიტისთვის ვწერ – ჩააწყონ თავიანთი ფლეიტები ყუთებში და შენობა დატოვონ“. როგორც იქნა, გადავარჩინე პარტიტურა და ისინი დარჩნენ. მაგრამ, უკვე ფილმ „ცრემლი მოდიოდაზე“ მუშაობისას ალტის ფლეიტა ფილმის ყველაზე მთავარი გმირი აღმოჩნდა. დანელიას, რომელიც ფლეიტას ვერ იტანდა, უცებ შეუყვარდა მისი ხმა... გიორგი დანელია იმ რეჟისორების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც იციან, როგორი მუსიკა უნდათ და ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით იღებენ კომპოზიტორისგან იმას, რაც სჭირდებათ. ასეთი რამ ძალიან იშვიათია.“
ბარაკ ობამა და „ქინ-ძა-ძა“
როდესაც „ქინ-ძა-ძა-ს“ სცენარი იწერებოდა, ხელისუფლებაში „კ.უ.-ს“ ინიციალებით მოვიდა ჩერნენკო. ამიტომ, ავტორიტეტებს „კუსი“ ეშინოდათ. ცენზურამ დანელიას ფილმში ის მინიშნებად მიიჩნია, თუმცა ჩერნენკო მალე გარდაიცვალა და... გორბაჩოვის დროს დაიწყო ანტიალკოჰოლური კამპანია. საჭირო გახდა სცენარიდან უკვე სულ სხვა რამის ამოღება: ცნობები ქართული ყურძნის ჭაჭის შესახებ (ის ძმრით შეცვალეს).
2010-იან წლებში დანელიამ ინტერვიუში თქვა, რომ ერთხელ მოისმინა რუსი ჟურნალისტისა და ბარაკ ობამას დის საუბარი. მან ჰკითხა: „რა იცის შენმა ძმამ რუსეთის შესახებ?“ რაზედაც დამ უპასუხა: „ჩემი მშობლების სახლში იყო რუსული კასეტა, რაღაც იდიოტური ფილმით, რომელსაც ის გაუთავებლად უყურებდაო. შემდეგ ბარაკმა ყველა კითხვას უპასუხა: „კუ!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან