საზოგადოება

რატომ რჩებოდა შაბათ-კვირას მცხეთის ჯვრის მონასტრის მახლობლად გამოქვაბულში ჯუმბერ ლეჟავა

№1

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 10.01, 2023 წელი

ჯუმბერ ლეჟავა
დაკოპირებულია

„ადამიანმა სიამოვნებით უნდა აკეთო ყველაფერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია ნაყოფიერი გონებრივი და ფიზიკური შრომა და კვებაც კი. ნებისმიერ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი შრომის სიყვარული და ნებისყოფაა. სწავლაში ჩემზე ნიჭიერი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ მე შემეძლო, მათზე სამჯერ დიდხანს ვმჯდარიყავი წიგნებთან და მესწავლა, ოღონდ ბოლომდე მესწავლა. მთავარია, მიზანი დაისახო და მერე ამ მიზნისთვის არაფერი დაიშურო... მოითმინო, იმუშაო და საწადელს აუცილებლად მიაღწევ.“- ეს ქართველი მოგზაურის, ჟუმბერ ლეჟავას დღიურებია. სხვათა შორის, ადამიანმა დედამიწას გარშემო პირველად დაახლოებით ხუთი საუკუნის წინ შემოუარა. იმ ექსპედიციას პორტუგალიელი მეზღვაური, ფერნანდო მაგელანი მეთაურობდა. მაშინ საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ჩვენს პლანეტას სფეროს ფორმა აქვს. დღეს დედამიწის გარშემო მოგზაურობა არავის უკვირს. მაგრამ სულ სხვა საქმეა, თუ ამას მარტოდმარტო შეძლებ, თანაც ველოსიპედით! ჯუმბერ ლეჟავა მსოფლიოში ერთადერთია, ვინც მარტომ გადალახა ყველა უდაბნო, სავანა და ჯუნგლი. გადაცურა სამი ოკეანე, 150-მდე ზღვა, ყურე, სრუტე, 1 000-ზე მეტი მდინარე და ტბა. გადაიარა უამრავი უღელტეხილი. ღია ცის ქვეშ გაათია 1 200-ზე მეტი ღამე. გაუძლო უამინდობას, მხეცებისა თუ ადამიანების თავდასხმას და დედამიწას ველოსიპედით შემოუარა. ამ მოგზაურობით დაამტკიცა: თუ ადამიანი მოინდომებს, მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. „სტრაბონი“, „მაგელანი“, „ვესპუჩი“, „კუნძულხტომია ველოსიპედისტი“, „მოგზაურობის მეფე“ – რა აღარ უწოდეს ქართველ მოგზაურს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. საპატიო წოდებაც გადასცეს – „მსოფლიოს მოქალაქე“. ჯუმბერ ლეჟავა მოგზაურებიდან პირველია, ვისაც ეს წოდება გადაეცა.

ფეხით დალაშქრული საქართველო

ჯუმბერ ლეჟავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 23 ივლისს. პატარაობიდან დადიოდა სპორტზე. თამაშობდა ფეხბურთს, კალათბურთს, ჩოგბურთს. ერთობოდა კრივითა და ჭიდაობით. იყო სოლისტი ქართული ცეკვის ანსამბლში. უყვარდა მათემატიკა, ფიზიკა და, რა თქმა უნდა, მოგზაურობა. XI კლასში იყო, როცა მეგობრებთან ერთად უფროსების გარეშე დალაშქრა ხევსურეთი. სტუდენტობის დროს კი თითქმის მთელი საქართველო ფეხით შემოიარა. შემდეგ მოტოროლერი შეიძინა და ისე მოგზაურობდა. სწავლობდა, მუშაობდა, შაბათ-კვირას კი ქალაქიდან გადიოდა და მცხეთის ჯვრის მონასტერთან ახლოს, ერთ-ერთ გამოქვაბულში რჩებოდა. იქ ვარჯიშობდა, მეცადინეობდა. ორშაბათ დილას ბრუნდებოდა თბილისში და ლექციებს ესწრებოდა. მოგზაურობამ ისე გაიტაცა, რომ მალე მოტოციკლი იყიდა და მაშინდელი საბჭოთა კავშირი მოიარა.

ოთხი ურთულესი ოპერაცია და მსოფლიო რეკორდები

ჯუმბერ ლეჟავა ალპინიზმითაც იყო გატაცებული. 1987 წლის ზამთარში ის მწვერვალ უშბაზე ასასვლელად ემზადებოდა. ეს ორთავიანი მწვერვალი ზაფხულშიც კი ძნელად დასალაშქრია, ზამთარში ხომ მით უმეტეს. მის დასაპყრობად განსაკუთრებული ფიზიკური მომზადებაა საჭირო. სპორტსმენი დიდი დატვირთვით ვარჯიშობდა. ერთ კვირა დღეს დიდხანს ივარჯიშა. შემდეგ კი გახურებული ორგანიზმით ცხელ წყალში ჩავიდა. გადახურებამ ნაწლავებისა და კაპილარების მოდუნება გამოიწვია. ღამით წაიყვანეს საოპერაციოდ. როცა გაკვეთეს, ეგონათ, რომ გარდაიცვალა. შემთხვევით ქალაქის მთავარმა ქირურგმა, ზურაბ ცხაკაიამ, გაიგო ეს ამბავი. ექიმი მაშინვე საავადმყოფოში მივიდა და ურთულესი ოპერაცია გაუკეთა. ჯუმბერ ლეჟავა გადარჩა. ამის შემდეგ მკურნალობის და ვარჯიშის საკუთარი სისტემა შექმნა. სახლში ჩაიკეტა, ვარჯიში დაიწყო და მალე თავისი მეთოდებით განიკურნა კიდეც. ცოტა ხნის შემდეგ, 1990-1992 წლებში, დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში: 1. 1 საათი – 5 011 აზიდვა; 2. 6 საათი – 19 378 აზიდვა; 3. 12 საათი – 34 955 აზიდვა; 4. 24 საათი – 44 144 აზიდვა; 5. 100 დღის განმავლობაში – 1730 000 აზიდვა; 6. 1 წლის განმავლობაში – 4 800 000 აზიდვა; 7. 1 საათი – 2 806 მუცლის პრესის ვარჯიში უწყვეტ რეჟიმში. მას შემდეგ ჯუმბერ ლეჟავას შედეგი ვერავინ გაიმეორა, გაუმჯობესება ხომ კიდევ უფრო რთულია. წინა რეკორდი აზიდვაში ბრიტანელ სპორტსმენს, პედი დოილს, ეკუთვნოდა. პედი დოილის მაჩვენებელი იყო 24 საათში 36 ათასი აზიდვა, ანუ დაახლოებით 8 ათასით ნაკლები. 1992 წელს ჯუმბერ ლეჟავამ 24-საათიანი რეკორდი დაამყარა აზიდვებში და თბილისში დაბრუნდა. აეროპორტში მეგობრები დახვდნენ. ერთ-ერთი მეგობრის შვილმა, რატი კიკაჩეიშვილმა, ჰკითხა: ჯუმბერ ბიძია, ძალა, გამძლეობა და გამოცდილება გაქვთ. არ გინდათ, ველოსიპედით წახვიდეთ სამოგზაუროდ და მსოფლიოს ყველა კონტინენტის ყველა ქვეყანა გაიაროთო?.. მოგვიანებით ჯუმბერ ლეჟავამ თავისი მოგზაურობა მას და თავის გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა. 7 ვიზა – სახელმწიფოში შესვლის ან მის ტერიტორიაზე გავლის, ან იქიდან გამგზავრების ნებართვა, რომელსაც მთავრობა აძლევს ამა თუ იმ პირს. ეს ნებართვა აღინიშნება პასპორტში. ქართველმა მოგზაურმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა 1993 წლის 13 აგვისტოს დაიწყო. მან 2003 წლის 3 ნოემბრამდე, 3 333 დღე-ღამის განმავლობაში, ველოსიპედით, მარტოდმარტომ, იმოგზაურა დედამიწის ყველა კონტინენტზე. მოიარა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 238 ქვეყანა და დამოუკიდებული ტერიტორია. 10-ჯერ გადაკვეთა ეკვატორი და გაიარა 264 ათასი კილომეტრი. ორჯერ იყო ანტარქტიდაში. გადაიღო 50 000-ზე მეტი ფოტოკადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეოფირი. შექმნა მოგზაურობის 7 000-გვერდიანი დღიური... საერთო ჯამში, მან გაიარა დაახლოებით 500 000 კილომეტრი. აქედან 264 000 – ველოსიპედით, დანარჩენი კი – საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით. მოგზაურობისას ყოველ წუთს ხვდებოდა განსაცდელი. თუმცა, უვნებლად გადარჩა და გინესის რეკორდსმენიც გახდა. ჯუმბერ ლეჟავამ სულ 12 წელიწადი გაატარა საზღვარგარეთ მოგზაურობაში. პირველი მოგზაურობა 9 წელიწად-ნახევარს გაგრძელდა, მეორე – წელიწადსა და 2 თვეს, მესამე – 8 თვეს. ფიზიკურ დატვირთვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სპორტსმენს სხვაც უამრავი დაბრკოლება შეხვდა გზაზე. ვიზა არ მისცა ექვსმა სახელმწიფომ: საუდის არაბეთმა, ერაყმა, ავღანეთმა, ბრუნეიმ, ჩრდილოეთ კორეამ და ლიბიამ. უამრავჯერ დაატყდა თავს სტიქიური უბედურება. 6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. გობის უდაბნოში გაყინული სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. შემთხვევით იპოვეს მწყემსებმა, იურტაში შეიფარეს და გაათბეს. ციმბირში პოლიციელებმა იხსნეს გაყინვისგან. სტოკჰოლმში ჩასული მოყინული ქვედა კიდურების მოკვეთას მხოლოდ საკუთარი გამძლეობის წყალობით გადაურჩა. ესეც რომ არ იყოს, მოგზაურს ყველგან კარგად არ ხვდებოდნენ. მას 50-ჯერ მოუწია ადამიანების თავდასხმის მოგერიება, 15-ჯერ – მხეცების. მოგზაურობის დროს არაერთხელ ყოფილა რამდენიმე დღის განმავლობაში მშიერი... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეძლო მოგზაურობის მშვიდობით დასრულება. ის ყოველდღე ყველაფერს დეტალურად ინიშნავდა დღიურში წერილობით, ასევე ინახავდა ფოტომასალის სახით...

არშემდგარი რეკორდი

ჯუმბერ ლეჟავა 2015 წელს სამხრეთ პოლუსის დალაშქვრას აპირებდა. მანამდე ანტარქტიდაზე ორჯერ იყო ნამყოფი გარემოს დაზვერვის მიზნით. სურდა, მოესინჯა ანტარქტიდული პირობები. ტოროსი – ყინულის ნატეხების გროვა ზღვის, მდინარისა და ტბის ყინულსაფარზე. ქართველი მოგზაური უკრაინელ კოლეგასთან ერთად გეგმავდა პოლუსის დაპყრობას. სპეციალურად ამ ექსპედიციისთვის შექმნეს ველომობილი, რომელსაც „პინგვინი“ დაარქვეს. წინ ძალიან რთული გზა ელოდათ. მხოლოდ 10% იყო მიზნის მიღწევის შანსი. ანტარქტიდაზე დაახლოებით 110-კილოგრამიანი ტვირთის ზიდვა მოუწევდათ ველომობილით. 400 კილომეტრი ტოროსებში უნდა გაევლოთ, სადაც სულ ხელით უნდა ეზიდათ ტვირთი. შემდეგ იყო დაახლოებით 1 300 კმ სიგრძის აღმართი. ველომობილი 3 800 მეტრზე უნდა აეყვანათ, გაევლოთ პატარა ზეგანი და ბოლოს დაეშვებოდნენ 2 800 მეტრის სიმაღლემდე. სწორედ იქ არის გეოგრაფიული პოლუსი. ყველა მონაკვეთის გასავლელად დრო წინასწარ ჰქონდათ გათვლილი. თუ დროში ვერ ჩაეტეოდნენ, ვეღარც უკან დაბრუნებას შეძლებდნენ. მანძილები ისე გათვალეს, რომ საშინელ ყინვაში მოუწევდათ სიარული. უფრო დაბალ ტემპერატურაზე ფილტვები სკდება და ადამიანი იღუპება. მათი პროექტით არა მხოლოდ გეოგრაფიული პოლუსის, არამედ სიცივისა და მაგნიტური პოლუსების დალაშქვრაც იყო დაგეგმილი. მაგნიტური პოლუსი ოკეანეში მდებარეობს, 370 მილზე და იქ უნდა შესულიყვნენ ფარფლებიანი ველოსიპედით. სიცივის პოლუსი – წერტილი დედამიწის ზედაპირზე, სადაც ყველაზე დაბალი ტემპერატურაა. მაგნიტური პოლუსი – პოლუსი, რომელსაც აჩვენებს კომპასი... ჯუმბერ ლეჟავა მარშრუტის სირთულეს არ შეუშინებია. ის განსაკუთრებულად ემზადებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მოგზაურობა არ შედგა, რადგან არ დააფინანსეს. ჯუმბერ ლეჟავას არაერთხელ შესთავაზეს დიდი თანხა, სხვადასხვა სახელმწიფოს სახელით რომ ემოგზაურა. ქართველმა მოგზაურმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან მისი წასვლის მიზანი გამდიდრება არასოდეს ყოფილა. მხოლოდ ის სურდა, თავისი ქვეყანა მსოფლიოსთვის გაეცნო. ჯუმბერ ლეჟავამ ვერც საკუთარი ნაწერების დაბეჭდვა შეძლო. მიზეზი ისევ საჭირო თანხის უქონლობა გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი