საზოგადოება

რატომ მოკლეს დიმიტრი ყიფიანი

№18

ავტორი: ლევან თაქთაქიშვილი 16:16 11.05, 2022 წელი

დიმიტრი ყიფიანი
დაკოპირებულია

მოდით ვთქვათ: ამ სახელში და გვარში რაღაც მოკრძალებაა, რაღაც ისეთია, რომელსაც იგრძნობ და გაირინდები.

სამწუხარო კი ისაა, რომ ბევრმა სიღრმისეულად არ იცის ჩვენში ამ კაცის როლი.

უმეტესობამ იმ მცირე განსწავლულ ხალხთაგან იცის, რომ დიმიტრი ეგზარხოსისადმი მიწერილ მკაცრ წერილს შეეწირა. რომ ის გაასახლეს საქართველოდან იმის შიშით, რომ აქ საზოგადოების დიდი ნაწილი აბუნტდებოდა და ანტირუსული გამოსვლები მოხდებოდა. არა ბატონებო, ის ამისთვის არ გაუსახლებიათ და იქ იმიტომ არ მოუკლავთ, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ძალა იყო.

არა! ის მონარქისტი იყო და რუსეთის იმპერატორის ერთგული. შეიძლება გულში სხვას ფიქრობდა, მაგრამ მას რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ის კარგი გაგებით მუშნი ზარანდია იყო. კარგი გაგებით, ყოველგვარი სიბოროტის და ინტრიგის მოწინააღმდეგე და სრულიად ალალი და ერთი შეხედვით მიამიტი კაცი. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული თვისებით: თანმიმდევრული, მიზანდასახული, სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედების უზადო მცოდნე.

კარგად რომ წარმოიდგინოთ: ის იყო მესაათე და საათი კი რუსეთის იმპერიის მანქანა. ამ საათს საქართველოსათვის უნდა ემუშავა. როდიდან გახდა ამ საათის შემსწავლელი? 1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ. როცა დაინახა, რომ აჯანყებები არაფერს მოიტანდა, ვოლოგდაში გადასახლებულმა ახალგაზრდა კაცმა ის მოახერხა, რომ რუსეთის მოხელეებს მასზე წარმოდგენა შეეცვალათ. ის სუფთად და სტერილურად მუშაობდა, დოკუმენტებზე მუშაობაში გამორჩეული იყო, ასევე ურთიერთობაში. სიმბოლურია ისიც, რომ თბილისის გიმნაზიაში ის სუფთა წერას ასწავლიდა სხვა საგნებთან ერთად. ციხეში ერთი წლის განმავლობაში ყოფნისას ეს დრო არ დაკარგა და ფრანგული ისწავლა. საქართველოში გადმოყვანისას მეფისნაცვლის კანცელარიაში სხვადასხვა იერარქიაზე ყოფნისას ის ყველგან მართალი იყო, მეფის მთავრობასთან, ბატონყმობის გადავარდნის კომისიაში რომ იყო, სამეგრელოს ქონების დაცვისას, სამეგრელოს დედოფალს რომ იცავდა რუსი მოხელეებისაგან, თბილისის ქალაქის თავობის დროს ქალაქის ყველა ეროვნების თემთან, გვერდით დაიყენა და შემდგომ ადგილი გადაულოცა სომეხი ეროვნების მოხელეს – მატინოვს, რომელიც შემდგომ ერთერთი ბრწყინვალე და უპატიოსნესი მერი აღმოჩნდა თბილისისა. მან დაივიწყა გრიგოლ ორბელიანის მიერ მისი შეურაცხყოფა, მას რომ გენერალმა სათავადაზნაურო მარშლის არჩევაზე მიაყენა. ის გეგმაზომიერად მიდიოდა ერთი სანუკვარი ოცნების ასრულებისაკენ: ქართული საზოგადოებრივი და ეკონომიკური ინსტიტუტების დაარსებისაკენ. მან ჯერ ბანკის შექმნა დააყენა საჭიროებად და შემდეგ პირველი სამოქალაქო საზოგადოების დაარსების საკითხი:

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება დაისახა მიზნად!

წარმოიდგინეთ, რომ ამ საზოგადოების სახელის დარქმევაში გრიგოლ ორბელიანი შეედავა. წარმომიდგენია, რა ხასიათზე დადგებოდა. ამჯერად კი ორბელიანი მართალი იყო. ორბელიანმა მონათლა ყიფიანის გაჩენილი! აი, ასე კეთდებოდა საქმე.

ბანკის შექმნაც ქართველ თავადებს იმ დროს შესთავაზა, როცა მათ გლეხების გათავისუფლებისკენ რუსეთის მთავრობამ მოუწოდა. ერთადერთი მომენტი გამოიყენა. ალმაცერად უყურებდნენ და მერე მიხვდნენ, არწრუნის მიერ გიჟვრაცუა ქართველების მიერ შექმნილ ბანკში ჩადებული ქონება რომ ქართველებს ჩაუვარდათ ხელში, არადა ეს გრიგორი არწრუნი იყო, ყიფიანს რომ მისცა ხმა მამის – იერემიას საწინააღმდეგოდ. არწრუნი ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ ამ ბანკს მომავალი არ ჰქონდა.

მაშ რატომ მოკლეს დიმიტრი ყიფიანი?

რატომ და მან აირჩია ერთი გავლენიანი პირი თავისი გეგმების ასრულებისათვის: დიდი მთავარი მიხეილი, ყოფილი კავკასიის მეფისნაცვალი, იმპერატორის ძმა, მეფისნაცვლობის შემდეგ მისთვის ბოძებულ ბორჯომის მამულში მცხოვრები. ყიფიანი მასთან მეგობრობდა. მათი მეგობრობა ახალ მეფისნაცვალს დონდუკოვ-კორსაკოვს გულს უხეთქავდა. სახელმწიფო ქონების ჭამა, უამრავი გახრწნილება, მათ შორის ახალი მეფისნაცვლის საყვარლების ინსტიტუტი, რომელიც ეგზარხოსის ლოცვა-კურთხევით „მოღვაწეობდა”, სადაც სასულიერო სემინარიის რექტორის ცოლიც იყო გარეული, რომელიც ეგზარხოსის მიერ იყო პრივატიზებული. ყველაფერი ეს იმპერატორისათვის უცნობი უნდა ყოფილიყო. დონდუკოვ-კორსაკოვი რეპრესიებით იყო გამორჩეული და ყოველნაირად ცდილობდა, ეს რეპრესიები როგორც ეგრეთ წოდებულ ტუზემცებს შეხებოდათ, ასევე მისი წინანდელი მეფისნაცვლის მიერ დანიშნულ მოხელეებს. ამიტომ დიმიტრი ყიფიანი მისთვის ორმაგად მიუღებელი იყო. მეტიც, საშიში. ეგზარქოსის საყვარლის ქმრის მკვლელობა ვიღაც ქართველი სტუდენტის მიერ განსაკუთრებული დასჯის საბაბი უნდა ყოფილიყო, ხოდა მიაწყევლა ეგზარხოსმა ქართველი ერი. ამ დაწყევლის დროს იქ მიხეილ საბინინიც იყო, მაშინ საქართველოში მოღვაწე ცნობილი დედით ქართველი საეკლესიო ისტორიკოსი, მას მთელ ხალხში გაულანძღავს ეგზარხი, მაგრამ ეს მაშინ ჩაყლაპეს, ხოლო დიმიტრი ყიფიანის წერილი, ქვიშხეთიდან გამოგზავნილი, აძლევდა ხელს მეფისნაცვალს, გაეძევებინა იგი შორს. გააძევა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, მიაწვდინა თავის რომანოვ მეგობარს ხმა ექსორიაქმნილმა დიმიტრი ყიფიანმა (ვფიქრობ, ეს წერილი თავიდანვე დიდი მთავრის აზრის გარეშე არ მოუმზადებია, ქვიშხეთში თუ იყო, დიდი მთავარიც იქვე იყო ბორჯომში) დიდ მთავარს დაუწყია მოხუცის დაბრუნებაზე ზრუნვა. კორსაკოვის გახრწნილ ტვინში კი გადაწყდა: დიმიტრი ყიფიანი უნდა მოკვდეს! მოკლეს კიდეც, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე...

ჩამოასვენეს. არავითარი გამოსვლები, ჩუმი ტირილი. რა წინააღმდეგობა? არაფერი. გამოასვენეს და დამკრძალავი კომისიის მიერ გადაწყვეტილი გზით, მიასვენებენ მთაწმინდაზე. აქ კვლავ რუსული ხეპრეობა! გადი რა კაცო, დაატირე ერს ეს ღირსეული კაცი ეხლა მაინც! მაგრამ არა! პროცესიამ მეფისნაცვლის კანცელარიასთან არ უნდა გაიაროს, აქ კი აივსო მოთმინების ფიალა და ქართველებმა გაარღვიეს კორდონი. პირველი ანტირუსული დაკრძალვის პროცესია კაცისა, რომელიც ყველაზე დიდი დამცველი იყო რუსეთის იმპერატორისა.

საინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს ილია! ის ხვდება, რომ პროცესიაში აგენტები არიან. მთაწმინდაზე ასულს სიტყვის თქმას სთხოვენ... ამას რა სიტყვა უნდა, რაც ხდება, ამაზე უკეთ ვერაფერს იტყვიო. და აიღო ჩუმად დიმიტრის ის ბევრისათვის უხილავი ნაღვერდალი, შეუბერა, გააღვია, უბერავდა 20 წელი ილია, სანამ 1907 წელს ისიც არ მოკლეს, ისევ ჟანდარმერიამ, ამჯერად უფრო აკადემიურად ჩაატარეს: სოციალ-დემოკრატებს მოაკვლევინეს და ერთი მკვლელობით ორი რამ მიაღწიეს: ილია მოკლეს და სოციალ-დემოკრატებიც ილიას მკვლელ პარტიად გაწირეს. ასე იყო ეს!

P.S. ერთიც:

დიმიტრი ყიფიანს 1832 წლის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში წარმატება აღარ უნდა ჰქონოდა! მიაღწია.

აზნაური იყო და თავადაზნაურთა წინამძღვარი ვერ უნდა გამხდარიყო! აირჩიეს!

სამეგრელოში დადიანთა ქონების წარმატებული დაცვის შემდეგ უნდა დამთავრებულიყო მისი კარიერა. გაუძლო!

თბილისის მერი ქართველობის გამო ვერ უნდა გამხდარიყო, გახდა და ერთი ხმით, ხმით, რომელიც ხმოსანმა საკუთარ მამას არ მისცა და მას მიაკუთვნა!

უპატიოსნესი და სკურპულოზური თავადი ვალებში არ უნდა ჩავარდნილოყო და ჩავარდა სხვისი დაცვის გამო. გადაიხადა.

მისი მკვლელობა არ უნდა გამხდარიყო ერთი შეხედვით ეროვნული მოძრაობის დასაწყისად და დაიწყო! რატომ? იმიტომ, რომ ის დიმიტრი ყიფიანი იყო. რომ არა ის, არ იქნებოდა ილია, რომ არა ის, არ იქნებოდა ბანკი, რომ არა ბანკი, არ იქნებოდა წერა-კითხვის საზოგადოება, დამოუკიდებლობა, უნივერსიტეტი. დღეს, 21-ე საუკუნეში სამწუხაროა, რომ გვაქვს სახელმწიფო და არ გვყავს დიმიტრისნაირი და იქნება გვყავს? დიმიტრი ხომ სიცოცხლეში ასე ბუმბერაზი არ ჩანდა? იქნება დღესაც სადღაც ზის და ქართველი ერის გადარჩენაზე ფიქრობს? ვუსურვოთ ბედნიერება, არ გავაძევოთ, არ მოვკლათ! არ გავწიროთ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი