საზოგადოება

რატომ მოითხოვდნენ მხედრიონელები მანონი მაქაცარიას გადაცემას და რის გამო ეძახიან მას „ზუგდიდელ ფიროსმანს“

№32

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 15.08

მანონი მაქაცარია
დაკოპირებულია

თვითნასწავლ ხელოვან მანონი მაქაცარიას საკმაოდ საინტერესო ცხოვრება და შემოქმედება აქვს, რომელსაც თავად გაგვიზიარებს.

მანონი მაქაცარია: 50 წლის ასაკში მოულოდნელად დავიწყე თექაზე მუშაობა. ჩემი დისშვილი მივიდა თექის კურსზე და მეც გამოვთქვი ინტერესი. მშობლები ფოტოგრაფები იყვნენ, მე მათთან რეტუშორად ვმუშაობდი. თვითნასწავლი ვარ, ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია. მაინტერესებდა თექაზე როგორ დავხატავდი და ვცადე. ამერიკიდან საჭირო ხელსაწყოები გამოვიწერე და დავიწყე მუშაობა. პირველი ვარ, ვინც თექით წერს ხატებს. ჩემი დაწერილი ხატები იტალიის ორ ქალაქში წავაბრძანე და ახლა იერუსალიმშიც მიემგზავრება. ერთხელაც, უცებ მომინდა წმიდა გიორგის ხატი დამეწერა, მაგრამ საკმარისი თექა არ მქონდა და კოღოებისგან დამცავ ბადეზე დავწერე, რომელიც მამაოებმა და სპეციალისტებმა შეაფასეს, როგორც ფასდაუდებელი. სექტემბერში საერთაშორისო გამოფენა მექნება და იქ უნდა გამოვფინო. ამის შემდეგ ხილვა მქონდა დავით აღმაშენებელზე და მამაოსთან მივედი, ჩემი ხილვის შესახებ მოვუყევი და ვთხოვე, კურთხევა მოეცა, რომ დავით აღმაშენებლის ხატი თექაზე დამეწერა.

– როგორი იყო თქვენი ხილვა?

– მე კონტროლიორად ვმუშაობ ავტობუსებზე და სახლში ღამის პირველ საათზე ვბრუნდები ხოლმე. შესაბამისად, გვიან ვიძინებ. იმ დღესაც ასე მოხდა. სიზმარი სხვაა, ხილვა – სულ სხვა. როცა ეს გამოცხადება მქონდა, საკუთარ თავს ვუთხარი: ეს სიზმარი არ არის, კარგად დაუკვირდი-მეთქი. დავით აღმაშენებელი გამომეცხადა. ტაძრის შესასვლელ კართან იდგა ქამარ-ხანჯლით. მამაოსაც ვუთხარი: ეს ყველამ ვიცით, დავით აღმაშენებელი მკაცრია, მაგრამ ათასჯერ მეტად მკაცრი მეჩვენა ჩემს გამოცხადებაში. გაიყიდა ჩვენი მიწა-წყალი და განრისხდებოდა აბა, რა იქნებოდა-მეთქი. მამაომ მითხრა, ყველაფერი თვითონ ახსენი, მე რაღა დავამატოო და კურთხევა მომცა. დავწერე დავით აღმაშენებლის ხატი, საკმაოდ დიდი ზომის, მაგრამ უფლის ხელს ვერაფრით ვწერდი. არ გამომდიოდა. 15-20 დღე გავიდა, სხვა ყველაფერი დავასრულე და ველოდები, რომ როგორმე ესეც შევძლო. ღამის სამი-ოთხი საათია, მძინავს და რაღაც ხმა მესმის, მერე მივხვდი, რომ ეს იყო დავით აღმაშენებლის მრისხანე ხმა: თქვენ ამ მეთოდით გააკეთებთ და გამოგივათ... წამოვხტი, ჩემს დას ვეკითხები, შენც გაიგე-მეთქი? რა თქმა უნდა, მას არაფერი გაუგია. მეორე დღის პირველის ნახევარზე, მე ეს ხატი დავასრულე. მას შემდეგ ამ მეთოდით ვმუშაობ. თუმცა ნელ-ნელა, უფრო და უფრო დავხვეწე.

– ხატის წერას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. ეს ცოდნა გქონდათ?

– არა, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. არასდროს მიფიქრია, რომ ხატის წერას გავბედავდი. ეს თვითონ მოვიდა ჩემში. მამაოები რომ მოდიან ხატის საკურთხებლად, ყველაფერს უყურებენ. აკვირდებიან, არის თუ არა დაცული კანონიკა. როდესაც ქსენია პეტერბურგელის ხატი დავწერე, მთელი დელეგაცია მყავდა, ცხრა მამაო იყო შესაფასებლად. მამა გურამი ადგილზე გაიყინა და ვიფიქრე, არ მოეწონა-მეთქი, მაგრამ უცებ თქვა, ცოცხალი წმიდანია ჩარჩოშიო. დიდება უფალს, არ ვიცი, ეს როგორ ხდება. მე როდესაც მაღაზიაში თექის შესაძენად შევდივარ და ძაფებს ვხედავ, გონებაში რაღაც მკარნახობს, რომელი უნდა ავიღო. ზოგჯერ ვიღებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა შეიძლება მისგან გამოვიდეს, რაში შეიძლება მეყოს, მაგრამ რაღაც პირდაპირ მკარნახობს. მოვდივარ და გზაში ვფიქრობ, ნუთუ ეს გამომადგება, ვუყურებ ძაფს და მერე ამ ძაფით ვწერ თვალებს, რომელზეც ძალიან ხშირად გაოცებულები მეკითხებიან: შეიძლება, ვინმემ თექისგან ასეთი ცოცხალი თვალები დაწეროსო.

– სად არის დაბრძანებული თქვენი ხატები?

– წმიდა გიორგის ხატი სვეტიცხოვლის ტაძარში დავაბრძანეთ. მოცულობით დიდი ხატია – მეტრი მეტრზე. ვახტანგ მეფის ტაძარს წმიდა ვახტანგის ხატი შევწირე. ჩემი ხატები რამდენიმე რეგიონში, ასევე, როგორც გითხარით, იტალიის ორ ქალაქში არის დაბრძანებული. ახლა ივერიის ღვთისმშობლის ხატი და პალესტინელი წმიდანის – პროკოპის ხატი მაქვს დაწერილი და იერუსალიმში უნდა დავაბრძანოთ. ხატის დასაწერად, დაახლოებით, ორი თვე მინდა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მასზე დღეგამოშვებით ვმუშაობ. ქსენია პეტერბურგელის ხატის ფოტო ნაცნობს გავუგზავნე – ის პეტერბურგის ტაძრის მრევლია. მან მამაოს აჩვენა, მამაოს კი მუზეუმის დირექტორისთვის უჩვენებია. ახლა ქსენია პეტერბურგელის მუზეუმი და ტაძარი მელოდება. მამაომ შემომითვალა, ქსენია პეტერბურგელის მუზეუმში ადგილობრივმა ხატმწერებმა ვერ შეაღწიესო და მე ვინ ვარ, ზუგდიდელი კონდუქტორი, მაგრამ ჩემ მიერ დაწერილ ხატს ელოდებიან. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ მაფინანსებს. ზვიად გამსახურდიას ხატიც დავწერე და ადგილობრივ კატალოგში განვათავსე, როგორც წმიდანი. ახლა უკვე მისი შეტანა წმიდანების გვერდით, მსოფლიო კატალოგშიც მოვახერხე.

– თქვენ მხოლოდ ხატებს არ წერთ...

– არა, ნებისმიერ თემაზე ვმუშაობ. თავიდან ფიროსმანის ნამუშევრების შესრულებით დავიწყე. როდესაც მისი ნამუშევრები გავაცოცხლე, ზუგდიდის გალერეაში მქონდა გამოფენა. ვინც ნახა, „ზუგდიდელ ფიროსმანად“ მომნათლეს. მას შემდეგ ასე მეძახიან. იცით, რომ ფიროსმანი რკინიგზის სადგურში მუშაობდა კონდუქტორად? ჩემი კონდუქტორობა სხვა მიმართულებაა, მაგრამ მაინც ეს თანამდებობა ეჭირა. მეც გადავწყვიტე, თუნდაც ერთი დღით ჩამეცვა კონდუქტორის ფორმა სიუჟეტის გადასაღებად ერთ-ერთი ტელევიზიისთვის. მერე სურვილი გამოვთქვი, რომ დავრჩებოდი ამ პოზიციაზე და ვიმუშავებდი მანამ, სანამ არ მომხსნიდნენ, ისე როგორც ფიროსანი მოხსნეს. დირექცია სიხარულით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას და დღემდე თბილისში ვმუშაობ. სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, ამ სამსახურიდან მიღებული ხელფასი მასალის შეძენაში მეხმარება. დიდ ხატებს რომ ვწერ, მათ მასალას ჩემი თითქმის ერთი თვის ხელფასი სჭირდება.

– როგორი იყო თქვენი ცხოვრება 50 წლამდე? როგორც ვიცი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ხართ..

– ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე. რამდენიმე წელი საქპრესის ჯიხურში ვმუშაობდი. ჩემი ბიზნესიც მქონდა. ჩემი ძმა – გურამ მაქაცარია კანონიერი ხელისუფლების პარლამენტარი იყო, საკმაოდ დიდი თანამდებობა ჰქონდა. მეორე ძმამ – როლანდ მაქაცარიამ ვეტერან ფეხბურთელთა ბატალიონი ჩამოაყალიბა და თავის სპორტსმენ მეომრებთან იბრძოდა აფხაზეთში. მესამე ძმა კორესპონდენტია და ის ამ ყოველივეს აფიქსირებდა. ჩემი იქ წასვლა არავის აზრად არ მოსვლია და არც იყო საჭირო, ისედაც, ჩემი ოჯახის სამი წევრი და მთელი სანათესავო იქ იბრძოდა. მაგრამ ჩემი მეგობარი, მაგული შონია მოვიდა და მითხრა, სენაკის ბატალიონში ვარ გაწევრიანებული და ომში მივდივარ, შენც ჩაეწერეო. მივიღე გადაწყვეტილება – სადაც ჩემი ძმებია, მეც იქ უნდა ვიყო-მეთქი. რეზო აფსავამ ჩამწერა ბატალიონში. არ ვიტყვი, რომ წინა ხაზზე ვიდექი და გმირი ვარ. ხელში იარაღი მეკავა და მეომარი ბიჭების უკან ვიდექი. სულ 11 დღე დავყავი ომში. მერე დაჭრილი ბიჭები გამოვიყვანეთ და გამოვედით, უკვე ბოლო დღეები იყო. ეროვნული დროშა დაგვრჩა და იმ ქარ-ცეცხლში მივბრუნდი, რომ გამომეტანა. ამასობაში მაგული მისულა რეზოსთან და უთქვამს, დროშა დაგვრჩა და მანონის უნდა, რომ მის გამოსატანად შებრუნდეს და უკან ვეღარ გამოაღწევსო. მაშინ ბატონმა რეზომ ბრძანა – ის დროშა იქ უნდა იყოს, ჩვენ დავბრუნდებით და დროშა აქ დაგვხვდებაო. ამ სიტყვებით ჩემი სიცოცხლე იხსნა და მომავლის იმედიც ჩაგვისახა.

მერე, ზუგდიდში მხედრიონელები რომ შემოვიდნენ, განაცხადეს, გადავწვავთ თქვენს სახლს, თუ მანონი მაქაცარიას არ ჩაგვაბარებთო. მე ვინ ვიყავი მათთვის? არც არავინ, მაგრამ ჩემს ძმებთან ჰქონდათ საქმე. ჩვენ უკვე გახიზნულები ვიყავით. საკუთარ ქალაქში ჩვენ გავხდით პირველი დევნილები. მათ ჩვენი სახლი თავიანთ შტაბად გადააქციეს. ჩემი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებამდე მივიდა. მერე მე ჩემს საქპრესას დავუბრუნდი. სიდუხჭირე გავიარეთ, მაგრამ ამას მივეჩვიეთ და ასე თუ ისე, ცხოვრება გაგრძელდა. თუმცა, წინაპრებიდან გამომდინარე, მაინც ძლიერი ოჯახი გვქონდა და თავი გაგვქონდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი