საზოგადოება

რატომ მოითხოვდა დაჟინებით ბაბუა უმართავი სტუდენტის, სოფო ჯაფარიძის, მკაცრად დასჯას და რის გამო გადაწყვიტა მან პოლიტიკაში წასვლა

№43

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 01.11, 2021 წელი

სოფო ჯაფარიძე
დაკოპირებულია

ექიმმა სოფო ჯაფარიძემ, პანდემიის დაწყების დღეებიდან უამრავი უცნობი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, უანგაროდ დაეხმარა და გვერდში დაუდგა. ეს არ ყოფილა მარტივი, თუმცა ყველაფერი გადადო და მაინც შეძლო. როგორც თავად ამბობს, წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ამხელა მასშტაბის პრობლემების წინაშე დადგებოდა, მაგრამ მეგობრების დახმარებით ბევრი ადამიანი დღეს მისი მადლიერია. ექიმების ოჯახში გაზრდილს ბავშვობაში იურისტობა სურდა, უნდოდა დაეცვა ისინი, ვისაც ჩაგრავდნენ. ეს განცდა დღემდე აქვს, თუმცა, როგორც ექიმმა, თავის პროფესიაშიც საკმაოდ ბევრი გააკეთა: დაიცვა, დაეხმარა, გადაარჩინა და ამისთვის, თავი არ დაუზოგავს.

სოფო ჯაფარიძე: მიყვარს კულინარია, ქართული სიმღერა, ცხენები, ზოგადად, ცხოველები... შინაგანად ძალიან ემოციური ვარ, სულ რაღაცაზე ვნერვიულობ, ვღელავ, მაგრამ არ მიყვარს, როცა სხვას თავს ვახვევ ჩემს ემოციას. ხშირად ვითვალისწინებ სხვის აზრს, მაგრამ რომ გითხრათ, ვცხოვრობ იმით, ვინ რას იტყვის ჩემზე, მოგატყუებთ. ასე, ნამდვილად არ ვარ. ერთადერთი, რამაც შეიძლება, წყობიდან გამომიყვანოს, უყურადღებობაა და ერთადერთი, რა თვისების შეცვლაც მსურს ჩემში, ესაა, რომ ვარ ძალიან ჯიუტი.

– ექიმების ოჯახიდან ხარ და ალბათ, არავის გაჰკვირვებია, რომ ამ პროფესიას გაჰყვებოდი. ალბათ, სხვა არც განიხილებოდა, ასეა?

– დიახ, ყველა ექიმია და სხვა პროფესია, გარდა ექიმობისა, ჩემს ოჯახში არ განიხილებოდა. ბაბუაჩემი, ვახტანგ ყიფიანი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი და მისი გაზრდილია ექიმების ბევრი თაობა, ის ექიმები, რომლებიც დღეს პირველ ხაზზე იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ამასთანავე, დედა, ბებია, დეიდა - ყველა ექიმია და ჩემი სხვა მიმართულებით წასვლა არც განიხილებოდა ოჯახში. სხვათა შორის, ბავშვობაში, როცა ერთი მეორეს ჩაგრავდა, პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, ვფიქრობდი, ვინც ჩაგრავდა აუცილებლად უნდა დასჯილიყო და აქედან გამომდინარე, იურისტობა მინდოდა. ხულიგანი და ცელქი ბავშვი ვიყავი (იცინის). სულ ბიჭი მეგობარი მეტი მყავდა, ვიდრე გოგო. მოკლედ, რომ გავიზარდე, მივხვდი, ექიმობა არ არის პროფესია ჩემი ოჯახისთვის, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. აქედან გამომდინარე, ბევრი არ მიფიქრია. სტომატოლოგობა იმიტომ ავირჩიე, რომ დეიდა მყავს წარმატებული სტომატოლოგი, ფაქტობრივად, მისი გაზრდილი ვარ, სულ დავყავდი სამსახურში და მოტივაციაც სწორედ ეს გახდა. არ დამავიწყდება, სტუდენტობის დროსაც უმართავი ვიყავი და პრორექტორი ბაბუის დაჟინებული თხოვნა იყო, მკაცრად დავსჯილიყავი (იცინის). ერთმა გოგომ დაჩაგრა ჩვენი ჯგუფელი უსამართლოდ, გადავირიე, გავგიჟდი და გადავწყვიტე, ჭკუა მესწავლებინა, პასუხი მოგვეთხოვა, მეგობრებთან ერთად. ტელეფონი წავართვით, მის მესიჯებს ვკითხულობდით ხმამაღლა და ყველას გავაგებინეთ, როგორ აბულინგებდა ჩვენს ჯგუფელს. კი დავისაჯე, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი, რომ გამოვააშკარავეთ და ბულინგის გამო პასუხი მიიღო. თუმცა, ეს ამბავი ჩავლილია და დღეს მეგობრები ვართ (იცინის).

– მართალია, რომ ლაღი, უდარდელი და უზრუნველი ბავშვობა გქონდა, თუმცა მამა ადრეულ ასაკში, 9 წლისას გარდაგეცვალა. ამბობენ, მისი სიკვდილი ექიმის არასწორად დასმულმა დიაგნოზმა და მის მიხედვით ჩატარებულმა მკურნალობის კურსმა გამოიწვიაო. ექიმების ოჯახს ასეთი შეცდომა როგორ გამოეპარა?

– დიახ, 9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და ჩემთვის ეს იყო დიდი სტრესი. თუმცა მე მყავს მამა, ვერ მოვიხსენიებ მას დედაჩემის მეუღლედ, რადგან ის მამაცაა, დედაც, ბებიაც, ბაბუაც, მეგობარიც - ყველაფერი ერთად ჩემთვის. არა მარტო ჩემთვის, ჩემი სამი შვილისთვისაც. სხვათა შორის, ჩემს შუათანა ბიჭს მისი სახელი ჰქვია - ზურა. ზურა არის ჩემთვის მართლა ყველაფერი. ასე რომ, მიუხედავად იმისა, არაჩვეულებრივი მამა დავკარგე, უმამობა არ მიგრძნია და მამის დეფიციტი არ მქონია. ბევრი მამა არ არის ისეთი, როგორიც ჩემთვის ზურაა და არც ისეთი ბაბუა, როგორიც ის ჩემი შვილებისთვისაა. პატარა ვიყავი და მამა კარგად არ მახსოვს, თუმცა ფრაგმენტულად ბევრი რამ მახსენდება, რაც მასთან მაკავშირებდა. ძალიან თბილი იყო ჩემ მიმართ. ცუდად რომ იყო, არ მეუბნებოდნენ და როცა გარდაიცვალა, პანაშვიდზე მიმიყვანეს. რაც შეეხება მის გარდაცვალებას, მამა შეეწირა ექიმის არასწორად დასმულ დიაგნოზს და არასწორ მკურნალობას. ბრმა ნაწლავის პრობლემა ეგონათ და რეალურად, ეს ასე არ იყო. ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი და ვცდილობ, თავი ავარიდო. სამწუხაროდ, ექიმების ოჯახშიც ხდება ასეთი რამ. სულ იყო ბჭობა იმაზე, იქნებ იქიდან იქ გადაგვეყვანა, იქნებ ასე გვექნა, იქნებ ისეო. დამიჯერებთ, რომ დღემდე, დიაგნოზიც კი არ მიკითხავს, რით გარდაიცვალა მამა, არ მინდა გავიხსენო, რომ გული კიდევ ერთხელ მეტკინოს.

– ეს ხომ არ იყო იმის მიზეზი და მოტივაცია, რომ დღეს უამრავ ადამიანს ეხმარები, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირება?

– რასაკვირველია, ალბათ ეს ქვეცნობიერად მაქვს ჩარჩენილი. მამის გარდაცვალება გახდა მოტივაცია, სხვების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოლო. რომ ვფიქრობ, შესაძლოა, მამასავით სხვა ადამიანებიც არასწორად დასმულ დიაგნოზს და მკურნალობას შეეწირონ, გული მიკვდება და მზად ვარ, ნებისმიერს დავუდგე გვერდით, მაქსიმალური გავაკეთო, ვიბრძოლო როგორც შემეძლება. ძალიან ვცდილობ.

– პლატფორმა „მედგიდის“ წყალობით, პანდემიის პერიოდში უამრავ ადამიანს დაეხმარე, გადაარჩინე და ამის გამო, ზედმეტსახელად „ახლავეც“ კი შეგარქვეს, რადგან ყოველი მათგანის პრობლების მოსმენისას, ასე პასუხობდი - ახლავე! თუმცა, ალბათ, არიან ისეთებიც, ვინც გული გატკინეს. ვცდები? ზოგადად, როგორ გაჩნდა სოციალურ ქსელში, „მედგიდის“ შექმნის იდეა?

– ჩემი მეგობარი ნუცა ზურაბიანი იყო ჩემთან სახლში სტუმრად. უკვე წლებია, ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად და საუკეთესო პარტნიორია. რომ არა ის, მე ძალიან ბევრ რამეს ვერ და არ გავაკეთებდი. მოკლედ, ორივე ექიმების გარემოცვაში ვართ, დახმარებას გვთხოვდნენ, ტელეფონი გვირეკავდა გამუდმებით, ვერ დაველაპარაკეთ ერთმანეთს. გვთხოვდნენ: იქნებ იმას დამაკავშირო, იქნებ ამას, იქნებ დამეხმაროო... ამას შეესწრო ბებიაჩემი, რომელიც ინფექციონისტია, გვიყურა და ბოლოს გვითხრა: გოგოებო, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებით ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს და სასწრაფოდ რაღაც გააკეთეთ, რომ მასშტაბი გაზარდოთ და უფრო მეტ ხალხს დაეხმაროთ, - ან ახლა, ან არასდროს! თუ ხართ ექიმები, უნდა გადადოთ ყველაფერი, დღეს სჭირდებით ქვეყანასო. ჩვენც დავფიქრდით და ასე გაჩნდა „მედგიდი“ სოციალურ ქსელში. თავიდან იმიტომ შევქმენით, რომ ჩვენს გარშემო მყოფებს დავხმარებოდით, ვერც წარმოვიდგენდით ამხელა მასშტაბებთან თუ მოგვიწევდა მუშაობა. მოკლედ, გავაკეთეთ გვერდი და ყოველდღიურად იმდენი ათასი ადამიანი დაგვემატა, რომ ორ თვეში 75 ათასი იყო „მედგიდში“ გაწევრიანებული. მართალია, სამჯერ დაგვხურეს, გაგვაქრეს სოციალური სივრციდან და ეს იყო მიზანმიმართული კიბერშეტევა. არ ვიცი, ვის ვუშლიდით ხელს, მაგრამ ფაქტია - ვიღაცას ვუშლიდით. ისევ გამოვჩნდით და უფრო მეტი ადამიანი დაგვემატა. დღეს, „მედგიდი“ არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ, აქ არის ყველა მიმართულების ექიმი, ვუწევთ უფასო კონსულტაციებს, ხშირად ჰოსპიტალიზაციაშიც ვეხმარებით და მედიკამენტებსაც თუ ვერ შოულობენ, ვეხმარებით მოძიებაში. ბევრი კარგი საქმე კეთდება „მედგიდში“ და ახლა უკვე კლინიკა „მედგიდიც“ გავხსენით, რათა ხალხმა ხარისხიანი მომსახურება მიიღოს პროფესიონალი ექიმებისგან. ერთნაირად მტკივნეულია ჩემთვის ნებისმიერი ადამიანის პრობლემა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამბობს: პოსტების დადასტურება და დახმარება ხდება ნაცნობობით, სოფო თავის ახლობლებს იმ კლინიკაში აწვენს და უცხოებს აქ... მე სად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასე ვარჩიო? მოიკითხონ, ვისაც დავხმარებივარ და გვერდში დავდგომივარ, ვინ იყო ჩემი ნაცნობი - დღემდე ნახევარზე მეტის სახელი და გვარი არც მახსოვს. დამიჯერეთ, არასოდეს არავინ გამირჩევია. იმდენად მძიმე ვითარებაში არიან, მათიც მესმის, მაგრამ იმას ვერავინ დამაბრალებს, სოფომ არ იბრძოლა, გულგრილად მიუდგა ვინმეს ან პრობლემა „გაატარაო“. ზოგჯერ იბრძვი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იგებ ბრძოლას და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, დამიჯერეთ.

– სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, როცა გავიგე „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს სიის პირველი ნომერი გახდი. პოლიტიკაში მოსვლა რატომ გადაწყვიტე, შენს საქმიანობაში ასე აქტიურმა და დაკავებულმა?

– არასოდეს მიფიქრია პოლიტიკაში, თუნდაც ინფორმაციულ დონეზე გამეგო რაიმე. როცა გავაკეთე „მედგიდი“, ვკითხულობდი: ვინ არის მინისტრი? ვინ არის მოადგილე? რა ხდება? რატომ არის ეს ქაოსი, რატომ ვერ ლაგდება?.. მაშინ გავიგე, ვინ ვინ იყო, ვინ სად იყო, ვინ რატომ იყო. ასე რომ, „მედგიდი“ რომ არ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. დავინახე, რა გასაჭირის წინაშე ყოფილა ხალხი, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით. კი ვიცოდი და მესმოდა პრობლემების შესახებ, მაგრამ რა მასშტაბის პრობლემებსაც მე შევეჯახე, ეს იყო წარმოუდგენელი. შემხვდა ნიკა მელია და ეს გახდა გადამწყვეტი, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი. ახლობელმა დამირეკა და დახმარება მთხოვა. გადავდე და მერე, დამავიწყდა. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა: კი მაგრამ, მთელ საქართველოს ეხმარები და მე რა დაგიშავეო. მე ვიცოდი, მას შეეძლო სხვისთვისაც ეთხოვა და მოეგვარებინა პრობლემა, მე კი მათ გვერდით ვიქნები, ვისაც გაცილებით მეტად ვჭირდები. პრიორიტეტები გადამეწყო ისე, რომ ვისაც იქ და აქ ნაცნობი, ახლობელი და მეგობარი არ ჰყავს, მის გვერდით დავდგე. ასე რომ, მეგობრისთვის დახმარება გადამიდია და უცნობს დავხმარებივარ, რადგან ისინი ჩემ გარეშეც მოახერხებენ ამას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა