საზოგადოება

რატომ მოიხსენიებდნენ გიორგი შენგელს პოეზიის რაინდად და რით იყო მისი ცხოვრება გამორჩეული

№52

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 07.01

გიორგი შენგელი
დაკოპირებულია

პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის თეორეტიკოსი გიორგი შენგელი 1894 წელს დაიბადა ქალაქ ტემრიუკში. 1898 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ომსკში გადავიდა. გიორგი ადრე დაობლდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ის და მისი და ბებიამ, დედის მხრიდან, თავისთან, ქერჩში წაიყვანა.

გიორგი შენგელი სწავლობდა ქერჩის ალექსანდრეს სახელობის გიმნაზიაში. რეპეტიტორობის მეშვეობით, მესამე კლასიდან გამოიმუშავებდა მცირე თანხას ყოველდღიური საჭიროებისთვის. 1909 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთებში. წერდა ქრონიკას, ფელეტონებს, სტატიებს ავიაციაზე.

1912 წლიდან გიორგი შენგელი პოეზიით დაინტერესდა და ლექსების წერაც დაიწყო. ფრანგული ენის მასწავლებლის მეშვეობით გაეცნო ფრანგულ პოეზიასაც. თავისი პირველი ლექსები 1913 წელს ანონიმურად გამოაქვეყნა გაზეთში.

1914 წლის იანვარში „ფუტურიზმის ოლიმპიადაზე“ ქერჩში ჩავიდნენ სევერიანინი, ბურლიუკი, ბაიანი და მაიაკოვსკი. ფუტურისტთა შეკრებას დაესწრო შენგელიც, რომელიც ჯერ კიდევ გიმნაზიის მერვე კლასში სწავლობდა. მისი ლექსების მოსმენის შემდეგ ერთ-ერთ მონაწილეს, კერძოდ, სევერიანინს შეუქია: „თქვენ სწორად კითხულობთ, მხოლოდ საჭიროა მეტი იმღეროთ...“

გიორგი შენგელზე ძლიერი გავლენა მოუხდენია ვალერი ბრიუსოვის სიმბოლისტურ პოემას. თავის მოგონებებში იხსენებს: „მე მოვიხიბლე ამ პოემით... ის აბსოლუტურად დაემთხვა ჩემს ბავშვურ გატაცებას...“

1914 წელს გამოვიდა გიორგი შენგელის ლექსების პირველი წიგნი – „ვარდები სასაფლაოდან“, რომელსაც სევერიანინის ძლიერი გავლენა ეტყობა. ამავე წელს შედგა მისი პირველი საჯარო ლექციაც – „სიმბოლიზმი და ფუტურიზმი“.

გიორგი შენგელი ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მოსკოვში რამდენიმე თვე ცხოვრობდა, შემდეგ კი ხარკოვის უნივერსიტეტში გადავიდა.

1916 წელს გამოიცა შენგელის ლექსების კრებული, სახელწოდებით „გონგი“, რომელიც მოექცა ბრიუსოვის ყურადღების არეში. მოსკოვში მასთან ვიზიტით მყოფ ავტორს მან ასე მიმართა: „თქვენ ნიჭიერი ხართ... მაგრამ თქვენი „გონგი“ ჯერ კიდევ არ არის წიგნი. მასში ძალიან ბევრია უცხო ხმები, ლექსი საინტერესოა, ხმიანობს, მაგრამ ყოველივე ეს ბენგალიური ცეცხლია... თქვენ ჩქარობთ, თქვენ განცდებს ფანტაზიით ცვლით “.

მომდევნო წლებში შენგელი ეცნობა ვოლოშინს, რომელთანაც მან მიიღო თარგმნის ხელოვნების გაკვეთილები.

1916-1917 წლებში შენგელმა, სევერიანინის მიპატიჟებით, მთელი რუსეთი მოიარა პოეზიის ტურნეთი, რომელიც მხოლოდ თებერვლის რევოლუციის გამო შეწყდა. რევოლუციის ქარიშხალმა შენგელიც აიტაცა. ჯერ თეთრებთან მოხვდა, შემდეგ – წითლებთან. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. აქ მიღებული შთაბეჭდილებები მკაფიოდ აისახა მის შემდგომ ლექსებში.

1918 წელს პოეტმა უნივერსიტეტი დაამთავრა. ამავე წელს გამოვიდა მისი ლექსების ახალი კრებული – „ნიჟარა“. ასევე, იბეჭდებოდა ჟურნალში.

შემდეგ წელს შენგელი მიავლინეს ყირიმში და სევასტოპოლში „ხელოვნების კომისრად“ დაინიშნა. ზაფხულში, ყირიმის ევაკუაციის შემდეგ, მიმალვაში იმყოფებოდა. სევასტოპოლის პარტორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი პასპორტით ქერჩში გადავიდა, შემოდგომაზე კი – ოდესაში, სადაც კარგა ხანს დარჩა.

ოდესაში შენგელი ადგილობრივ ლიტერატურულ წრეებს დაუკავშირდა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას შეუდგა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან გამოსცა კრებულები: თçðჭçåö, ვâðåéñêèå ïîýìû, დრამატული პოემა – „ნეჩაევი“. თანამშრომლობდა გაზეთ „მეზღვაურთან“, მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში და სხვა. გამომცემლობა „ომფალოსში“ გამოვიდა მისი პოეტური თარგმანების პირველი კრებული – ფრანგი პოეტის ჟოზე მარია დე ერედიას ორმოცი სონეტი, რომელიც მან მაქსიმილიან ვოლოშინს მიუძღვნა. ოდესაში პოეტი ინტერვენტებისა და თეთრების წასვლემდე დარჩა.

1921 წლის შემოდგომაზე შენგელი ხარკოვში დაბრუნდა, შემდეგი წლიდან კი ის მოსკოვში დაფუძნდა.

გიორგი შენგელმა თვალსაჩინო ადგილი დაიკავა მოსკოვის ლიტერატურულ წრეებში. „ტრაქტატით რუსული ლექსის შესახებ“ მან დაიმსახურა მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობა. ბრიუსოვმა ის ლიტერატურის ინსტიტუტში მიიწვია, სადაც წაიკითხა ლექციების კურსი ლექსის ენციკლოპედიის შესახებ.

შენგელი აირჩიეს სრულიად რუსეთის პოეტების კავშირის თავმჯდომარედ. ის ყველას მოსწონდა მრავალმხრივი ცოდნისა და ობიექტურობის გამო. თანამედროვენი მას იხსენებენ, როგორც პატიოსან და უკომპრომისო პიროვნებას. რუსი მწერალი იური ოლეშა მის შესახებ წერდა: „ის მარად დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც სიტყვის ოსტატი, როგორც პოეზიის რაინდი, როგორც ლამაზი და კეთილშობილი ადამიანი“.

გიორგი შენგელის თარგმანების მეშვეობით, რუსი მკითხველის არაერთი თაობა გაეცნო ევროპულ პოეზიას: როლანის, ვერჰარნის, ვოლტერის, ჰიუგოს, ბაირონის, ვერლენის ბევრ ნაწარმოებს, მოპასანის ქმნილებებს და სხვა.

გიორგი შენგელი გარდაიცვალა 1956 წელს, მოსკოვში.

გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; არველაძე სიმონ. პოეზიის რაინდი (გიორგი შენგელი //; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი