საზოგადოება

რატომ მოაწყო ეგორ გრუზინსკიმ სიცოცხლეში საკუთარი დაკრძალვის მდიდრული ცერემონია და რა ქონება ერგო მას მემკვიდრეობით

№4

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 02.02, 2022 წელი

ეგორ გრუზინსკი
დაკოპირებულია

ვახტანგ მეექვსისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის ზოგიერთმა შთამომავალმა რუსეთში გრუზინსკების გვარი მიიღო. მათ შორის არის ეგორ გრუზინსკი, იგივე გიორგი ბაგრატიონი. ის ვახტანგ მეექვსის შვილიშვილის შვილი გახლავთ.

გიორგის ბაბუა, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი, ბაქარ ვახტანგის ძე, 1724 წელს გადასახლდა რუსეთში მამასთან ერთად. ის რუსეთის არმიაში მსახურობდა გენერალ-ლეიტენანტის ჩინით. სამხედრო იყო გიორგის მამა – ალექსანდრე ბაქარის ძეც. დედა – დარია მენშიკოვა თავადის ქალი გახლდათ. ოჯახი მოსკოვში, მეფე არჩილის სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ. გიორგი და მისი უმცროსი და-ძმა – ალექსანდრე, ანა და დარია ბებიის, ანა გიორგის ასულ არაგვის ერისთავის მფარველობის ქვეშ იზრდებოდნენ. გიორგიმ უფლისწულის შესაფერისი განათლება მიიღო. ქართულისა და რუსულის გარდა იცოდა ფრანგული, გერმანული, იტალიურიი და ინგლისური ენები. ჰქონდა მრავალმხირივი განათლება.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ეგორ გრუზინსკი, ეკატერინე მეორის ბრძანებით, სანკტ–პეტერბურგში გადაიყვანეს, სადაც მას მამიდა ელისაბედ ბაქარის ასული ზრდიდა. მამამისს, პეტრე მესამის მხარდასაჭერად სასახლის ინტრიგებში მონაწილეობის გამო, აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში ცხოვრება და მოსკოვთან 100 ვერსზე უფრო ახლოს მიახლოება.

1768 წელს, ექვსი წლის ასაკში, ეგორ გრუზინსკი სანკტ-პეტერბურგის ქვეით პოლკში ჩაირიცხა. მაშინ მიღებული იყო მცირეწლოვანთა სამხედრო სამსახურში ჩადგომა. გიორგიმ მაიორის წოდებას მიაღწია და 1788 წელს თადარიგში გავიდა. თავიდან მოსკოვის გარეუბანში, სოფელ ვსეხსვიატსკოეში, ალექსანდრე არჩილის ძისა და მისი დის, დარია არჩილის ასულის მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდა. უძრავი ქონება სხვა ოლქებშიც ეკუთვნოდა: მაკაროვოში მაუდის ფაბრიკას ფლობდა, ნაგანოვოში ცხენოსნობას მისდევდა, ხოლო ლისკოვოში – მეღვინეობას. საბოლოოდ ლისკოვოში დასახლდა. აქაური მამულები 1686 წლიდან არჩილ მეორისა და მისი შთამომავლების საკუთრება იყო. შემდეგ კი, 1724 წელს, პეტრე პირველმა ბაქარ ვახტანგის ძეს გადასცა. ლისკოვოში 10 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჰქონდათ დიდი პორტი, მუშაობდა რამდენიმე ქარხანა და წისქვილი, იმართებოდა ბაზრობები. ეგორ გრუზინსკიმ მდინარე ვალავის ნაპირზე მაკარევოს მონასტრის მოპირდაპირე მხარეს, გამოჩენილი არქიტექტორის, რასტრელის პროექტით ააშენა დიდებული სასახლე, მიმდებარე პარკით, შადრევნებითა და ქანდაკებებით. ჰქონდა ხეხილის ბაღიც, სათბურებითა და ორანჟერეით. ხალხი მას „ლისკოვოს მეფეს“ ეძახდა.

ლისკოვოში დასახლებისთანავე მონაწილეობა მიიღო სათავადაზნაურო არჩევნებში და უკვე 1792 წელს მაკარევოს მაზრის დეპუტატი გახდა. დაქორწინდა ვარვარა ბახმეტევაზე. 1795 წელს აირჩიეს ნიჟეგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად.

თავადი გრუზინსკი არაორდინარული და კოლორიტული პიროვნება გახლდათ. იმპერატორ ელიზავეტას ფავორიტმა თავის მამულში საკუთარი სამართალი დაამყარა. იგი ცნობილი იყო სიმამაცით, თვითნებობითა და ჩხუბისთავობით. მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს მემამულეთა, ვაჭართა თუ გლეხებს შორის წამოჭრილი შუღლის მოგვარება წარმოადგენდა. მოდავე მხარეები ხშირად ირჩევდნენ მოსამართლედ ან შუამავლად, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, განსასჯელი საზოგადოების რომელ ფენას მიეკუთვნებოდა. სადაც კანონითა და ფულით ვერაფერს გახდებოდა, მუშტებს იშველიებდა. გლეხები მისი გადაწყვეტილებებით უმეტესად კმაყოფილები იყვნენ და „თავად ეგორს“ ეძახდნენ.

ეგორი მფარველობდა უსახლკაროებს. თუმცა, თავშეუკავებლობისა და ამპარტავნობის გამო ბევრი მტერი გაიჩინა. მტრები მას უვრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ის ქმნიდა ყაჩაღთა ბანდებს ვოლგაზე მცურავი გემების გასაძარცვად. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია და 1798 წელს პავლე პირველმა მისი თავად-აზნაურთა წინამძღოლობიდან გადარჩევა ბრძანა. ამავე პერიოდში ეგორ გრუზინსკი სასამართლოში იყო დაბარებული მისი კიდევ ერთი თვითნებურად მისჯილი და აღსრულებული განაჩენისათვის. ამ სიტუაციაში თავადმა გაცლა ამჯობინა. უზარმაზარი ქრთამის მეშვეობით მოაწყო საკუთარი დაკრძალვის მდიდრული ცერემონია და სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილად ითვლებოდა. ამნისტია მიიღო 1801 წელს, ალექსანდრე პირველის გამეფების შემდეგ, რომელმაც მას 1802 წლის 10 თებერვალს „კამერჰერის“ წოდება მიანიჭა. ამავე წელს დანიშნეს ნიჟეგოროდის მრჩეველ მოსამართლედ. 1804 წელს საკუთარი სურვილით გათავისუფლდა მრჩეველთა სასამრთლოდან, 1807 წელს კვლავ აირჩიეს ნიჟეგოროდის ოლქის თავად-აზნაურთა წინამძღოლად სამწლიანი ვადით. ამ პოსტს ეგორ გრუზინსკი, თავისი ავტორიტეტისა და ორგანიზატორული ნიჭის წყალობით, 21 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

სიცოცხლის ბოლო წლები აქტიურ ქველმოქმედებაში გაატარა. ლისკოვოში ააშენა წმიდა გიორგისა და ამაღლების ეკლესიები. მის მიერ აშენებული მდიდრული სასახლეებიდან რამდენიმე დღემდე შემორჩა. ისინი გამოირჩევიან ორიგინალური არქიტექტურითა და ქალაქის მშვენებას წარმოადგენენ. მისი აშენებული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს. 2002 წელი ლისკოვოში თავადი გრუზინსკის წლად იყო გამოცხადებული.

ლისკოვოში ინახებოდა საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი რელიკვიები და სიწმიდეები. მათ შორის – წმიდა ნინოს ჯვარი, მეექვსე საუკუნის ოქონის ღვთისმშობლის ხატი, მაცხოვრის სამსჭვალი და სხვა. ამათგან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დაბრუნდა.

ქართველთა დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1802 წელს, იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანებით, წმიდა ნინოს ჯვარი სიონში გადმოაბრძანეს. აქვე აღმოჩნდა რამდენიმე ძველი ხელნაწერი, ვახტანგ მეექვსის, ალექსანდრე ბაქარის ძისა და ანტონ პირველის პორტრეტები. ანტონ პირველი ოთხი წელი ცხოვრობდა თავადთან ლისკოვოს მამულში, შემდეგ ნიჟეგოროდში გადავიდა.

ეგორ გრუზინსკი დაჯილდოვებული იყო წმიდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. დაკრძალულია ფერისცვალების ტაძარში – გრუზინსკების საძვალეში.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა