საზოგადოება

რატომ მიატოვა სპექტაკლ „ყვარყვარეს“ გაფორმება მირიან შველიძემ და როგორ დააბრუნეს ის თეატრში გია ყანჩელმა, გოგი ალექსი-მესხიშვილმა და რობერტ სტურუამ სამუდამოდ

№5

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 06.02

მირიან შველიძე
დაკოპირებულია

„ჩუმი რაინდი“ – ასე მოიხსენიებენ დიდ ქართველ სცენოგრაფს, თეატრის მხატვარს, მირიან შველიძეს, რომელმაც თავისი ნამუშევრებით მსოფლიო მასშტაბის ხელოვანები მოხიბლა. დღეს და პირველად ეს დღიურები ძალიან ცნობილი და არაჩვეულებრივი სცენოგრაფის სცენური ჯადოქრობებით იწყება. ერთ ცნობილ ინგლისურ გაზეთში იგი შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო სცენოგრაფად მოიხსენიეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარიზში გამოცემულ წიგნში „სცენოგრაფიის 100 შედევრი“ ქართველი მხატვრებიდან, პეტრე ოცხელის „ურიელ აკოსტასთან“ ერთად, სწორედ ბატონი მირიანის „რიჩარდ მესამეა“ შესული.

მირიან შველიძე 1946 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა „ნიკოლაძეში“, შემდგომ – სამხატვრო აკადემიაში გრაფიკაზე, ფერწერაზე. მესამე კურსიდან ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში გადავიდა, როგორც თავად მხატვარი ამბობდა – „…იქ უფრო საინტერესო ატმოსფერო იყო“. რუსთაველის თეატრში მისი პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი „ყვარყვარე“ იყო. „მირიან შველიძე ყველასგან მოფერებული მხატვარია, მეტიც, ის ბედნიერი მხატვარია, იმიტომ კი არა, რომ ყველა პრემია აქვს, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, არამედ იმიტომ, რომ მან იმუშავა თითქმის ყველა კარგ რეჟისორთან საქართველოში. მას ყველა აინტერესებდა, იმიტომ, რომ მისთვის, როგორც ნამდვილი ხელოვანისთვის, ყოველი ახალი დადგმა, იყო შემოქმედებითი მღელვარების ახალი მიზეზი.“ – ეს ქართველი რეჟისორის, ავთანდილ ვარსიმაშვილის სიტყვებია, მან მირიან შველიძესთან ერთად ოცზე მეტი სპექტაკლი დადგა. ვფიქრობ, რთულია, მათი ერთობლივი ნამუშევრებიდან ერთის გამოყოფა, თუმცა ერთ-ერთი საინტერესო და ძალზე მეტყველი სცენური გაფორმება გვხვდება 2012 წელს დადგმაში – „მექანიკური ფორთოხალი“. „ავთოსთანაც მიადვილდება მუშაობა, რადგან მასაც „რუსთაველის თეატრის“ სკოლა აქვს გავლილი და ერთ ენაზე ვსაუბრობთ. თავიდან რაღაცას ბუნდოვნად მეუბნება, მერე, როცა მაკეტი ან ესკიზი მიმაქვს, – აი, სწორედ ეს მინდოდაო… მოკლედ, შევეჩვიე გრიბოედოვისა და თავისუფალ თეატრს, მეც რაღაცები ვასწავლე და ასე დავმეგობრდით.“ – ამბობდა თავად მხატვარი. რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე მხატვარი მამის დღიურებს თავის მოგონებებში წარმოგიდგენთ.

ჩემი წილი მამა

ჩემთვის, მირიანთან დაკავშირებით, „წასვლა“ ცოტა რთული სათქმელია. ის არ ყოფილა ისეთი მამა, რომელიც დროს შვილებთან ატარებდა, რადგან სულ თეატრში იყო. ბავშვობაში ზეიმად მქონდა, როცა მე და დედა თეატრში მოვიდოდით და მას იქ ვნახავდი. გავიდა წლები და ერთად მუშაობა დავიწყეთ, ერთმანეთს შევეჩვიეთ. მგონია, მხატვარი როცა მიდის, სიცარიელეს არ ტოვებს და ახლაც მის ოთახსა და სახელოსნოში, მისი ნამუშევრების გარემოცვაში ვარ, თუმცა, როცა გამოფენას ვამზადებდით ან ჩემი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ძალიან მინდოდა მირიანი ჩემ გვერდით ყოფილიყო და მათ შორის მაშინაც, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი, ის უკვე აღარ იყო ცოცხალი. რეალურად, ყველაზე მაგრად რომ მჭირდებოდა და ვიცი, გვერდით დამიდგებოდა, იმ დროს „წავიდა“. ახლა, როცა მის ნამუშევრებს ვარჩევდი და ვაწესრიგებდი, ზოგს ვაწებებდი და ასე შემდეგ, ვცდილობდი, ყველაფრისთვის მისი თვალით შემეხედა. მაშინ მივხვდი, რომ ოჯახის წევრი უბრალოდ კი არ გტოვებს, არამედ გარდაცვალების შემდეგ, ის ადამიანი შენში გადმოდის, შენი ნაწილი ხდება. ასე რომ, „წასვლა“ მხოლოდ ფიზიკურად გაცარიელებს, ადამიანი მაგრად გენატრება, მასთან დიალოგის სურვილი გაქვს, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში, გრძნობ, ის კვლავ შენთანაა... ხანდახან ჩხუბი იცოდა, მაგრამ ყვირილით კი არა, „მოკლედ“ გაგიბრაზდებოდა, თუმცა ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვან რაღაცებს გვეუბნებოდა. ჩვენ სამნი ვართ, ძმა და და მყავს. მე – ცალკე და ისინი – ერთი დედმამიშვილი.

მირიანი ქართლელის და იმერლის ნაზავი იყო. ქართლში სოფელი დირბია, სადაც ღვთისმშობლის ტაძარია, არაჩვეულებრივი კედლის მხატვრობით და ორსული ღვთისმშობლის ფრესკით. ზოგადად, ქართლი გამორჩეულია უნიკალური საეკლესიო მოხატულობითა და ნიჭიერი ხალხით... მირიანმა ქართლიდან ქართული, ეროვნული, ფუნდამენტური საზრდო და ფესვი მიიღო, ხოლო იმერეთის სოფელ შროშიდან, მიწისა და თიხის სიყვარული გამოჰყვა. ამიტომ, მის ხელოვნებაში ფონს ხან „შპაკლით“ აკეთებს, ხან თიხით. ყოველთვის ცდილობდა სივრცის განცდის შექმნას და ნამუშევრების ფორმის თიხის მსგავსად „გამოძერწვას“. სამყარო ბრტყელი არ არის, ყველაფერი მოცულობითი და შინაარსით სავსეა. ჩემთვის მირიანის მხატვრობა ამითაც არის გამორჩეული, ის ყველაფერს შინაარსით ავსებს. აბსტრაქტულ ნამუშევარშიც კი ხვდები, რას გიყვება. რა თქმა უნდა, ეს რობერტ სტურუამ და თეატრში მუშაობამაც გააკეთა. გაუმართლა, რომ 16-17 წლის მირიანი რუსთაველის თეატრში მოხვდა. სამხატვრო აკადემიაში პირველ კურსზე სწავლობდა, როცა ჯარში გაწვევა მოუვიდა. მაშინ „ყვარყვარეს“ გაფორმებაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა. გია ყანჩელი, გოგი ალექსი-მესხიშვილი და რობერტ სტურუა დუშეთში მიდიოდნენ, მირიანს ნაწილიდან „იპარავდნენ“, თეატრში მოჰყავდათ, ახატვინებდნენ და მერე ისევ უკან აბრუნებდნენ. მოგვიანებით ასაკი გადაუკეთეს. პასპორტში ისე ჩაუწერეს, თითქოს ერთი წლით დიდი იყო, სამხედრო სავალდებულო სამსახური უკვე მოიხადა და ასე გამოაძვრინეს.

შველიძის ირონიულ- პაროდიული „ყვარყვარე“

„ყვარყვარეში“ გამჟღავნდა შველიძის, როგორც სცენოგრაფიული მომავალი მაესტროს, სიმპტომები – ნახევრად დანგრეული ეკლესია, „ყინწვისის ანგელოზი“, დაისრული „წმიდა სებასტიანე“, ძველი ფოტოები... სპექტაკლის ფაქტურა-ტექსტურაც მხატვრის მიერ იყო გააზრებული: ჯვალო ფარდა, როგორც ეკლესიის კარის სუროგატი, ზემოდან დაშვებული უზარმაზარი ბადე, სახრჩობელა, მეორე მოქმედებაში გიგანტურ ჯვრად რომ გარდაისახებოდა, კიბე პლატფორმით, ანუ, როგორც ნოდარ გურაბანიძე წერდა, „ყვარყვარეს ამბიონით“ რომ სრულდებოდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული