საზოგადოება

რატომ კითხულობდა ბიბლიას მაგიდის ქვეშ მამა ფეიმურაზ ქორიძე და რამ გამოიწვია მისი მოულოდნელი გარდაცვალება

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 02.09

მამა ფეიმურაზ ქორიძე
დაკოპირებულია

გასულ კვირას დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ახალგაზრდა წინამძღვარი, თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მამაო გასულ წელს კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამა თეიმურაზი თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა...

გიორგი ხელაძე (მამა თეიმურაზის მეგობარი, სტიქაროსანი): მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ნელ–ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა. ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოულოდნელად გული გაუჩერდა, საბოლოო დიაგნოზი ასეთი დაისვა. მიუხედავად იმისა, რომ გული იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც არ აწუხებდა. მის გარდა გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ მართლა ყველაფერზე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს გულმა უღალატა.

– საიდან დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები?

– ნელ-ნელა დაიწყო ეს ყველაფერი, გასულ სექტემბერში. აღმოჩნდა, რომ ფილტვებში ჰქონდა პრობლემა – ანთება. შემდეგ დამძიმდა მისი მდგომარეობა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იქ, დაახლოებით, 20-25 დღე გაატარა. აქედან თითქმის ერთი კვირა ხელოვნურ კომაში ჰყავდათ. გვეუბნებოდნენ, რომ ფილტვებში მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მერე მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავიდა და სახლში გამოგვიშვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მკურნალობას აგრძელებდა. შემდეგ კოვიდიც დაუდასტურდა, ამანაც გაართულა მდგომარეობა. ფილტვების 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, მაგრამ უფლის წყალობით, გადარჩა. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა. სახლში მკურნალობის პერიოდში იყო მცირედი გართულებები, მაგრამ უძლებდა და ცხოვრებას აგრძელებდა.

– საზღვარგარეთ მკურნალობასაც განიხილავდით?

– კი, როცა საავადმყოფოში იწვა, თურქეთსა და გერმანიაშიც გადავაგზავნეთ მისი კვლევების პასუხები, მაგრამ მოგვწერეს, რომ იქაც იმავე სქემით მოხდებოდა მისი მკურნალობა, რითაც აქ მკურნალობდნენ, ამიტომ გადაყვანას აზრი არ ჰქონდა.

– ექიმებში როგორ პროგნოზებს აკეთებდნენ?

– თავიდან ერთი პროცენტითაც არ გვაძლევდნენ იმედს. ძალიან მძიმედ იყო. ყველაფერს ცდილობდნენ, მაგრამ მდგომარეობა ურთულესი ჩანდა, თუმცა, ღვთის წყალობით, გადარჩა.

– თვითონ რას ამბობდა ამ ყველაფერზე?

– საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, ბევრი რამ არ ახსოვდა. ამბობდა, თავიდან დავიბადეო. თავიდან სისუსტეები ჰქონდა, მაგრამ მერე და მერე ჩვეულებრივ, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ახლა უკვე იმდენი დრო იყო გასული, რაც კარგად გახდა, ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო.

ძალიან გვიჭირს ამასთან შეგუება, მაგრამ როგორც თვითონ გვასწავლიდა, ვეცდებით, სიყვარულითა და ერთობით ყველაფერი დავძლიოთ.

– როგორი ადამიანი იყო?

– ჩემთვის ყველაფერი იყო. მისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან. სულ სიყვარულს ქადაგებდა. მხოლოდ მრევლს არა, მეგობრებსაც სიყვარულს გვასწავლიდა. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით, 15 წელი. მამაოს სტიქაროსანი ვიყავი და პირველად რომ მღვდლად აკურთხეს, ერთად წამოვედით დიდ ჩაილურში. სულ ერთად ვიყავით. როცა აკურთხეს, შეეძლო თბილისში დარჩენილიყო, მაგრამ სულ უნდოდა სოფლის მოძღვარი ყოფილიყო. აქ ყველას ძალიან უყვარს. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, იმავეს გეტყვით. სიყვარულის მეტი არაფერი დაუტოვებია. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მოძღვარი და მეგობარი იყო, მართლა სულ სიყვარულს გვასწავლიდა.

ხშირად სთავაზობდნენ თბილისში გადმოსვლას, რადგან თბილისიდან აქ სიარული, რთულია, მაგრამ არ თანხმდებოდა. თავიდან აქ „მარშუტკით“ დავდიოდით ხოლმე. მე მისი მთავარი სტიქაროსანი ვიყავი და ამ ტაძარში ერთად მოვედით. მამაომ ააშენა და ააყვავა აქაურობა. ყვავილები უყვარდა ძალიან და ტაძარი თუ ეზო, ძალიან გაალამაზა. იმდენი მოგონება დატოვა ამ ტაძარში, რომ ყველგან მისი ხელი იგრძნობა. შეიძლებოდა, მხოლოდ 10 ლარი ჰქონოდა, მაგრამ დიდი საქმის კეთება დაეწყო. ღმერთი შეგვეწევაო, იტყოდა და რწმენა ყველაფრის ძალას გვაძლევდა. ინდომებდა და ყველაფერი კეთდებოდა. შემდეგ საგარეჯოშიც გადავიდა, გარკვეული დრო აქ იყო, გარკვეული – იქ. ორივეგან ძალიან დიდი ამაგი აქვს. მისთვის ორივე ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ ვინმე მეტყოდა, რომ სასულიერო პირებზე კარგი წარმოდგენა არ ჰქონდა, ყოველთვის ვეუბნებოდი, თქვენ ჩემს მამაოს არ იცნობთ-მეთქი.

გარდაცვალებამდე ორი-სამი დღით ადრე ვნახე და ვერ ვიფიქრებდი, თუ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. რომ დამირეკეს მამაოსთან მოდიო, არ ვიცოდი, თუ უკვე გარდაცვლილი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. ისეთ მწვავე მდგომარეობას გადაურჩა, როცა იმედს არ იძლეოდნენ და ახლა ყველაფერი ისე უცებ მოხდა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე არაფერს აღარ ჰქონდა აზრი.

მამაო 30 წლის იყო, რვა წელია, რაც სასულიერო პირია – აქედან ერთი წელი დიაკვანი იყო, შვიდი წელი – მღვდელი. როგორც ვიცი, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა იყო, ვინც იმ პერიოდში მოძღვრად აკურთხეს.

გთავაზობთ მამა თეიმურაზის მოგონებებს და ამონარიდებს მისი ცხოვრებიდან:

„დედაჩემი ყვებოდა ხოლმე, რომ ისეთი დრო იყო, ბიბლიას მაგიდის ქვეშ ვკითხულობდით, რომ არავის დაენახაო. მე პატარა ვიიყავი და ისე გავიგე, რომ ბიბლიის წაკითხვა სხვაგან არ შეიძლებოდა. ავიღე ბიბლია, შევედი მაგიდის ქვეშ და დავიწყე კითხვა“. – იხსენებს ის ერთ– ერთ ინტერვიუში.

სანამ სულიერი ცხოვრება გაიტაცებდა, ფეხბურთს თამაშობდა, 14 წლიდან 17 წლამდე ძიების პროცესში იყო, სწავლობდა და მარხულობდა, ხანდახან მონასტერშიც რჩებოდა. მერე უარი თქვა ფეხბურთზე და სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.

16 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების მეგზური გაიცნო. როგორც თავად აღნიშნავს, სიმამრის დახმარებით გახდა სოფლის მღვდელი დიდ ჩაილურში. მეუღლის მამაც, ასევე, მღვდელია. 5 წელიწად-ნახევარი იყვნენ შეყვარებულები. შემდეგ კი, ყველა რიტუალის დაცვით, მახათაზე დაიწერეს ჯვარი.

„ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)

ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან ჩემო – პირმომღიმარო.

და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, სიტყვას ყველაზე დიდ საჩუქრად მივიჩნევ...

გჩუქნი ამ სიტყვებს, ჩემო მშვენიერო. როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ, მაშინ შენ მაჩუქე ეს ძვირფასი საჩუქარი ღმერთის წინაშე და ამ საჩუქრით გამიხსენე.

გთხოვ, ეცადო, რომ უფრო მეტად მოუსმინო, ვიდრე ისაუბრო. ამით სხვის სიტყვასაც დააფასებ და საკუთარ სიტყვასაც ძალას შესძენ.

ეს ერთი წელი დიდი სიხარულით, სიწრფელითა და სილაღით განვლე და იმედი მაქვს, რომ მუდამ ასეთად დარჩები.

სილაღით – ამ ცხოვრებისეული განსაცდელებით დაღლილ ადამიანის გულს სიხარულს მიანიჭებ (და იქნებ... იმ ერთმა ნაპერწკლად ანთებულმა სიხარულმა, რამხელა ბედნიერების ცეცხლი დაანთოს მასში)...

სიწრფელით – ადამიანთა გულებს დააიმედებ და ამით შენ, მათი ბედნიერებით იქნები ბედნიერი (არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სხვისი სიხარულით გახარება).

რაც შეეხება სიხარულს... მწამს, რომ მწუხარების გაზიარება გეცოდინება. მაგრამ ეცადე სხვისი სიხარულით შენი ბედნიერება განამრავლო – ეს იქნება შენი დიდი ადამიანობის ბეჭედი და ცხოვრების სიხარული.

გთხოვ, არასოდეს შეგშურდეს... იცხოვრე შენი ცხოვრებით.

შენ საუკეთესო დედა გყავს და კვლავ გთხოვ, რომ მას მიბაძო – დიდ სიყვარულს ისწავლი მისგან...

მიყვარხარ! და როგორც ყოველთვის, ახლაც გეტყვი – უმიზეზოდ.

გიყვარდეს – უმიზეზოდ... გილოცავ ჩემო!“, – წერდა მამა თეიმურაზი შვილს.

მამა თეიმურაზს ძალიან კარგად გამოსდიოდა პოეზია და მისი გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ლექსი, რომელიც მან მეუღლეს, რუსკა ზაბახიძეს მიუძღვნა:

„ვიცი ჩემს სიკვდილს

ვერ აიტანს შენი სინაზე

და გაციებულ შუბლზე კოცნა

გეუცხოება.

ერთადერთ წამად ჩაიქროლებს

თვალთა წინაშე

მარტოდენ ცრემლში დატეული

მთელი ცხოვრება.

სულს აატირებს მკლავმოკვეთილ

დედის წუხილი,

გაყინულ სისხლად მოაწვება დარდი

საფეთქელს.

და როგორც მარტი, ზამთრის დღეთა

გამოძახილი,

ეს ჩემი გულიც, შენი გულის ცემით

იფეთქებს.

გამოუჩნდება ჩვენს სიყვარულს ბევრი მთხრობელიც,

ბევრი მათგანი აღმოაჩენს კიდეც

საერთოს.

სხვა გულის ცემას უმასპინძლებს ქუჩა რომელიც,

ქუჩა რომელიც, მარტო ჩვენი გვეგონა ერთ დროს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა