საზოგადოება

რატომ იცნობდა ლამზირა ჩხეიძეს ყველა უკარებად და როგორ გახდა ის საფრანგეთის დედა, სატრფო და და

№5

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 07.02, 2023 წელი

ლამზირა ჩხეიძე
დაკოპირებულია

„ვფურცლავ სახელოვანი მეცნიერის, ვანო ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიას“, ვკითხულობ თავს – „საქართველოს წარმართობას“ – უცბად მაგონდება, რომ საქართველოს მითოლოგიაში მეტად საინტერესო და საგულისხმო ქალღმერთი გვყავს – ლამზირი – ლამზირი… და ვარჩიეთ, ლამზარ – ვუწოდოთ ახალი ეპოქების გასაყარზე დაბადებულ ჩვენს გოგონას… არ კი ვიცით, ხვალ და შემდგომაც მოგვეწონება ეს სახელი თუ არა“… – ლამზირა ჩხეიძის მამის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის ჩანაწერებიდან“. ეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, რუსთაველის თეატრის მსახიობის, ქალბატონი ლამზირა ჩხეიძის დღიურებია, რომელიც ცოტა ხნის წინ, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ნისლი, ცრემლად დაღვრილი, შემოდგომის უდაბნო… გაქრა ყრმობის სიზმარი, ვის ან რაღად ვუამბო?!“ – ამ ლექსით დაასრულა მსახიობმა რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი ტელეგადაცემა.

ამ სტრიქონების ავტორი კი, ქ-ნ ლამზირას მამა, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელია, რომელიც იყო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმოწერა დღესაც ამშვენებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. მსახიობი ბოლოს გადაღებულია ძალიან საინტერესო, ახალგაზრდა რეჟისორის ფილმში „ანას ცხოვრება“, სადაც ის ანას ბებიას, თავის თავს თამაშობს - ისეთია როგორიც ბოლო წლებში იყო.

33

„რომ ვერ ვიხსენებ რაღაცებს, ძალიან მაწუხებს, რა მეშველება! მაგრამ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მახსოვს – დავიბადე თელავში -1929 წლის 13 ოქტომბერს. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 33 წელი მთელი ოჯახი ავლაბარში, ყველაზე საშინელ, ღარიბულ ბინაში ვცხოვრობდით. მე და მსახიობი თათია ხაინდრავა მეზობლები ვიყავით, თან ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მახსოვს, მათემატიკა არ უყვარდა, მაგრამ სამაგიეროდ, ლიტერატურა იცოდა უმაღლეს დონეზე, ბოლო-ბოლო კონსტანტინე გამსახურდიას დისშვილი იყო და მის ოჯახში გაზრდილი. ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით და სახლშიც ერთად ვბრუნდებოდით. თათია ციციანოვის (ახლანდელი ნ. ბარათაშვილი) აღმართთან ცხოვრობდა, მე ღრმა ავლაბარში - რთულად მისასვლელი იყო, რადგან დიდ აღმართზე მიწევდა ასვლა. როცა რუსთაველის თეატრში ბინები დარიგდა, ახალი ბინა მომცეს. ძალიან დამეხმარა შოთა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით, მსახიობები – ეროსი მანჯგალაძე, დორეან კიტია, რამაზ ჩხიკვაძე, ბადრი კობახიძე, კოტე მახარაძე. ძველი ავლაბრის უვარგისი საცხოვრებელი ბინიდან, რომელსაც ბინას არც დავარქმევდი, ახალ ბინაში გადავედით. სწორედ ამ უვარგის ბინაში გავატარეთ 33 წელი მე, მამაჩემმა – მწერალმა დავით ჩხეიძე-თურდოსპირელმა, დედაჩემმა – ალექსანდრა კრემენსკაიამ და ბებიაჩემმა. მამას პარკინსონის დაავადება ჰქონდა და ამიტომ, აღმართზე ასვლა ძალიან უჭირდა. ძალიან ბევრს იბრძოდა სიცოცხლისთვის, ბევრს მუშაობდა. საკმაოდ ძლიერი მენშევიკი იყო და ძლიერადაც ილაშქრებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. როგორც ყველას, ჩვენც გვეშინოდა ციმბირის. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ლავრენტი ბერიამ ძალიან ბევრი კარგი გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხი მაინც დაუნდობელია.

ახალგაზრდა მოხუცი

ძალიან ბევრი როლი მახსენდება ისეთი, რომელსაც არც ველოდი და ძალიან გამიხარდა პირველად, როცა ხანშიშესული ქალი, ანუ ბებია ვითამაშე – მîëîჰჭÿ ñòჭðóøêჭ შემარქვეს. სულ ვამბობდი, ახალგაზრდები თავისუფლად ვთამაშობთ „ახალგაზრდებს“, მთავარია, ის ითამაშო, რაც არ არის. პარალელურად, „საბრალდებო დასკვნაში“ ახალგაზრდა დედას ვთამაშობდი, კარგად, სიყვარულით მივიღე ეს ამპლუაც და კარგადაც შევითვისე. რობერტ სტურუამ „კავკასიურ ცარცის წრეში“ მომცა ერთ-ერთი მოხუცებულის როლი. ძალიან კარგი სცენები გვქონდა, იღება ჭიშკარი და ორი მოხუცებული, მე და კარლო საკანდელიძე, გიჟებივით გამოვრბივართ სცენაზე, მოკლე სცენა მიდიოდა, რომელიც სულ აპლოდისმენტებით სრულდებოდა. ვითამაშე ასევე, ფილმში „მანანა“, სადაც პიონერხელმძღვანელის როლი მქონდა.

უკარება

არცერთხელ არ დავქორწინებულვარ და არც საყვარელი მყოლია, მაგრამ რომ გითხრათ, არავინ მომწონებია-მეთქი, მოგატყუებთ. დიდი და მნიშვნელოვანი სიყვარული, განა ყოველთვის ქორწინებით სრულდება? ამ თემაზე არც ერთ ჟურნალისტთან, არასდროს მისაუბრია, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ ლამზირა ჩხეიძე მთელ თბილისში დღემდე ცნობილია, როგორც უკარება. ვერ გეტყვით, რომ მარტო ერთი მიყვარდა, ან ერთ ადამიანს შევწირე მთელი ჩემი ცხოვრება. არასდროს მითქვამს სიტყვა -„მიყვარს“ ან „მიყვარდა“. იყო ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე პიროვნება, მაგრამ არანაირი ქორწინება არ ყოფილა. სიტყვა - სიყვარული დავარქვა თუ არა, არ ვიცი! ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ფსიქოლოგიაში მქონდა გამოცდა. ბ-მა აკაკი ხორავამ მოიწვია საუკეთესო სპეციალისტები.

გამოცდაზე გავედი და პირველი კითხვა, რაც დამისვეს, რა არის თქვენი აზრით სიყვარულიო. ძალიან დავიბენი და თან გამიკვირდა, რატომ მაინცდამაინც მე დამისვეს ეს კითხვა-მეთქი?

ბანკის ყაჩაღები და დიდი ტრაგედია

„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“, არ მინავლულა სულს დაჩნეული. მას ბევრი რამ აქვს არა მხოლოდ შემოქმედებით ცხოვრებაში, არამედ - წინაპრებშიც. ქალბატონი ლამზირას სახლი დღემდე ინახავს მათ ხსოვნას. მისი გამზრდელი ბებია, რომელთან ერთადაც გაატარა მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა, უმშვენიერესი სოფია და პაპა - ალექსანდრ კრემენსკი. უცნაურად იშვიათი, თუმცა ტრაგიკული ისტორია მათი სიყვარულისა: ოფიცერი ალექსანდრე უმშვენიერესი ვაჟკაცი ყოფილა, დახვეწილი პოლონელი არისტოკრატი, თეთრი ცხენი ჰყოლია. ბებია ყვარელში ცხოვრობდა, თელავში კი პოლონეთის ჯარი იდგა. ბედისწერამ ერთმანეთს შეახვედრა ისინი. ოფიცერს ისე მოსწონებია სოფიო, უთქვამს: ამ ცხენით ალაზანში დავიხრჩობ თავს, თუ ცოლად არ გამომაყოლებთო... მაღალი იყო მისი გულწრფელობის ხარისხი, არც ვაჟკაცი დაიწუნებოდა და რაღას იზამდნენ, შერთეს სოფიო. „მაგრამ, ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმეს განა?!“ (ხომ გახსოვთ!)... თელავის ბანკს ყაჩაღები დაეცნენ, მათ დაედევნა თეთრ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა ოფიცერი და ტრაგედია კი არ გათამაშდა, მოხდა. პატარა ლამზირა პირველად შეძრა ლექსმა, რომელიც დაქვრივებული სოფიოსგან გაიგონა: „ირემო, მთასა მყვირალო, რად ჩამოხვედი ბარადა?! მეუღლე ჩემი მომიკლეს, დავეხეტები ცალადა“. ამ ლექსით იგრძნო ის ტრაგედია, რომელიც ასე უთქმელ დარდად აწვა ბებიას. გავა დრო და ეს სევდა, ზოგჯერ ფარული და ხანაც გამოვლენილი, მსახიობის მდგომარეობად, ხასიათის თვისებად იქცევა!

ბედნიერი ბავშვი იყო, მწერლისა და ეროვნული მოღვაწის შვილი. დედა სამთო ინჟინერი ჰყავდა, ისიც ბევრს მოგზაურობდა მივლინებებში - ხან ურალში, ხან - დონბასში... თავის დროზე მენშევიკი დავითი ახლა საბჭოთა მწერლობის რიგებში იდგა, თუმცა არ ჰქონდა დედაქალაქში მუშაობის უფლება და მასწავლებლობდა რაიონებში. ლამზირას ხან დედა ენატრებოდა, ხან - მამა. ბავშვობა ტირილში გავატარეო, - იხსენებს მსახიობი. ალბათ, სევდიანი დასაწყისი ცხოვრებისა მერე სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს, მაგრამ ლამზირა ჩხეიძე ის ნატურაა, რომელიც არასდროს არავის საკუთარ დარდსა თუ ტკივილს თავს არ მოახვევს, ვაჟკაცური ამტანობა გენეტიკურად დევს ამ მოფარფატე ფერიაში!

ხელოვნება ადრეულ ბავშვობაში შემოიჭრა მის სულში, მის ცნობიერში დამკვიდრდა ისეთ ძალით, რომ იმის განდევნა უკვე შეუძლებელი იყო. იმხანად მამა ველისციხის სკოლის დირექტორი გახლდათ, საგანგებოდ მოწყობილ ადგილას წარმოდგენა გაიმართა, უკრაინულმა დასმა წარმოადგინა ტარას შევჩენკოს ნჭçჭð ჟòîჰîëÿ. პატარა ლამზირას (როგორც დირექტორის შვილს) სკამი ჩაუდგეს წინა რიგში და მარტო დატოვეს სცენის პირისპირ. გაიხსნა ფარდა. სასწაულისთვის ამ იდუმალების განცდაც კმაროდა - ზღაპრული ცხოვრება გადაიშალა მის თვალწინ: უკრაინული კოსტიუმები, მსახიობები გრიმში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სრულიად უჩვეულო გარემო და ადამიანები, მერე სასიყვარულო სცენაც გათამაშდა და ამ პატარა ბავშვმა თავი ჩახარა. რას მიხვდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ შერცხვა თითქოს, განიცადა!

მამამისივით მგრძნობიარე დარჩა. ახალგაზრდა დავით ჩხეიძე კიევში სწავლის დროს გატაცებული ყოფილა ერთი მუსიკოსით, რომელსაც რამდენიმე მოთხრობაც კი უძღვნა წარწერით „ფრედრიკოს!“. აქ ჩამოსულს ნინო ხომასურიძე შეუყვარდა თურმე, ეს ურთიერთობაც ტკივილიანი დასასრულისთვის იყო განწირული, ქალი სულიერად დაავადდა. მერე ელენე მიქელაძე შეირთო ცოლად, რომელთანაც გაჩნდნენ დალი და მზია. ბოლოს კი ლამზირას დედაზე დაქორწინდა და ის მღელვარე წუთები ახლაც ახსოვს მსახიობს, როცა მამამ წინანდალში წაიყვანა და დები ერთმანეთს გააცნო! დალი კონსერვატორიის სტუდენტი გახდა და ამ გზით ლამზირას ცხოვრებაში ძალუმად შემოიჭრა კლასიკური მუსიკაც. ლამზირა ჩხეიძის მშობლებს თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი. დავით ჩხეიძის არქივი ლიტერატურის მუზეუმს გადასცეს, მაგრამ დიდი განძი მაინც დაიტოვა მსახიობმა - ეპისტოლარული მემკვიდრეობა ალექსანდრა კრემენსკაიასა და დავითისი. ზოგჯერ დღეში ორჯერ სწერდნენ ერთმანეთს წერილებს და რა ამაღლებული სიყვარული იღვრება ამ სტრიქონებიდან, ეს ქართველმა მკითხველმა აუცილებლად უნდა იგრძნოს. ამ მიმოწერამ დღის სინათლე უნდა ნახოს! სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სამსახიობო განათლების გზა აირჩია, მერე რა კურსი იყო: ლეილა აბაშიძე, მერი მიქელაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე... პირველ სემესტრში მსახიობის ოსტატობას შოთა მესხი ასწავლიდა, მერე კი დოდო ალექსიძე შემოვიდა და, თუ რამ ნაოჭებს დღეს ჩემს სახეზე ხედავთ, რამაზისა და დოდოს გასაოცარი ურთიერთობისა და ამ დღესასწაულისათვის თანამდევი სიცილის ბრალიაო, - ამბობს ქალბატონი ლამზირა! სადიპლომო სპექტაკლი ითამაშეს, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“. თავად სიუზონის როლს ასახიერებდა.

ლამზირა - როგორც საფრანგეთის დედა, სატრფო და და!

აკაკი ბაქრაძის მეუღლეს, ნელი რუსიშვილს, გაზეთი „ახალი 7 დღის” ჟურნალისტმა ჰკითხა, პირველად როდის გაიცანით ერთმანეთიო. პასუხი ასეთი იყო: „პირველად აკაკი ბაქრაძის სახელი 1951 წლის მაისში გავიგე. მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში იმართებოდა საკურსო სპექტაკლების განხილვა, რასაც ყველა მსურველი ესწრებოდა. მე სკოლას ვამთავრებდი. იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, ამიტომ ასეთ განხილვებს ვესწრებოდი ხოლმე. იმ დღეს წარმოადგინეს ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება”. მთავარ როლებში იყვნენ მეოთხეკურსელები: რამაზ ჩხიკვაძე და ლამზირა ჩხეიძე. სპექტაკლის შემდეგ განხილვაში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საუბრობდნენ სპექტაკლის ღირსებებზე. თითქმის ყველა გამომსვლელი უსვამდა ხაზს რამაზ ჩხიკვაძის ბრწყინვალე ოსტატობას. ლამზირა ჩხეიძე, ცოტა არ იყოს, დაიჩაგრა, ჩრდილში აღმოჩნდა. უცებ სცენაზე ავიდა სრულიად უცნობი ახალგაზრდა, საშუალო ტანის, გამხდარი ყმაწვილი. დაიწყო საუბარი და მაშინვე ყველა მოაჯადოვა მჭევრმეტყველებით, ლოგიკით. ისაუბრა ლამზირა ჩხეიძის მიერ განსახიერებულ როლზეც, მის მსახიობურ ოსტატობაზეც. ახალგაზრდამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რასაკვირველია, ჩემზეც. მაშინ გავიგე, რომ ის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი აკაკი ბაქრაძე იყო“.

ამ განხილვაზე მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა თეატრმცოდნემ მიწასთან გაასწორა ლამზირა ჩხეიძის ნამუშევარი. აბა, წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი იქნებოდა ეს დამწყები მსახიობისთვის, მაგრამ, როცა აკაკი ბაქრაძემ თქვა: „ლამზირა ჩხეიძე სიუზონის როლში მე წარმომიდგენია როგორც საფრანგეთის დედა, სატრფო და და!“ თითქოს იმ დღეს ხელახლა დაიბადა, გადარჩა თავჩაქინდრული და გაფითრებული ლამზირა. მე-20 საუკუნის უდიდესი მოაზროვნის ამ სიტყვებმა გზა გაუხსნა (იქნებ, ახალი ჰორიზონტებიც) ცხოვრებაში.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი