რატომ ინტერესდება საზოგადოება ნაილი ვახანიასა და ნინი ჯინჭარაძის ვორქშოპით და როგორ შედგა ორი ნიჭიერი მხატვრის შემოქმედებითი ტანდემი
ავტორი: ნონა დათეშიძე 13:10
ამბობენ, სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება, მით უმეტეს, ორი ერთნაირი მიზნების, მისწრაფებებისა და ენერგეტიკის მქონე ადამიანის შეხვედრა. ნაილი ვახანიასა და ნინი ჯინჭარაძის, მხატვრისა და დიზაინერის – ამ ორი ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედის შეხვედრაც არ ყოფილა შემთხვევითი. ეს არაჩვეულებრივი ტანდემი, განსაკუთრებული ხედვითა და ნიჭით, ბევრ საინტერესო იდეას უყრის თავს. 21 თებერვალს, აბრეშუმის მუზეუმში მათი შემოქმედებითი სახელოსნოს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადგილზე მისულ საზოგადოებას მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა დიზაინერული ნივთების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა და რომელთა შეძენის სურვილიც უამრავმა გამოთქვა. იმავდროულად, ნაილიმ და ნინიმ დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოადგინეს ვორქშოპი, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და ამბობენ, რომ წინ ბევრი გეგმა აქვთ, რომლის განხორციელებასაც ერთად ადვილად შეძლებენ.
– სად გაიცანით ერთმანეთი და როგორ შედგა თქვენი შემოქმედებითი ტანდემი?
ნაილი ვახანია: მე და ნინიმ ერთმანეთი, დაახლოებით, 10-12 წლის წინ გავიცანით. ორივე ხელოვანი ვართ, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდით და ჩვენი გზები ხშირად იკვეთებოდა შემოქმედებითი კუთხით. სხვადასხვა პროექტშიც ვმონაწილეობდით ერთად, მათ შორის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმშიც. ორივე, ძირითადად, ქსოვილზე, დიზაინზე ან ტესტილზე ვმუშაობდით. სხვათა შორის, ცალ-ცალკე ვაკეთებდით დიზაინერულ ნამუშევრებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავიცანით, სულ გვქონდა განცდა, რომ შეგვეძლო, რაღაც ერთად შეგვექმნა.
ნინი ჯინჭარაძე: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა, ერთმანეთს ვიცნობთ. ყოველთვის გვქონდა ბმა და კავშირი და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. შეხვედრებისას სალაპარაკო არ გველეოდა, რადგან ერთნაირი მისწრაფებები, ერთნაირი ინტერესები გვქონდა და ჩვენი მიზნებიც და ოცნებებიც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. გვინდოდა, გვქონოდა სივრცე, სადაც ჩვენი ნამუშევრებისა და შემოქმედების პრეზენტირებასა და ხალხისთვის ჩვენებას შევძლებდით. ჩემი ინიციატივა იყო, გავერთიანებულიყავით და საერთო ძალებით გვეკეთებინა ვორქშოპები, გვქონოდა შოურუმი, შეგვძლებოდა ხალხის დაპატიჟება, საგანმანათლებლო მიმართულებით პროექტების გაკეთება. ჩვენი პროექტი და მიზნები აბრეშუმის მუზეუმს შევთავაზეთ და ისე მოხდა, რომ ზუსტად ჩვენნაირ ადამიანებს ეძებდნენ, ჩვენნაირი გამოცდილებით, ჩვენნაირი ენთუზიაზმით და ასე აღმოვჩნდით აბრეშუმის მუზეუშმი.
– რა იყო თქვენი პირველი ახდენილი ოცნება?
ნაილი: ჩემი და ნინის ერთობლივი პირველი ოცნების ახდენის დღე 21 თებერვალია. ჩვენს სივრცეს „დღე და ღამე“ ჰქვია და სწორედ ამ შემოქმედებითი სივრცის გახსნაა ჩვენი ოცნების ახდენისა და ახლის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ეს დღე დიდხანს გვემახსოვრება და ამ სივრცეში ძალიან ბევრ საინტერესოს შევქმნით ერთობლივად.
ნინი: ამ ყველაფერს წინ უძღოდა ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი. ვაწყობდით სივრცეს, ვქმნიდით ნამუშევრებს, რაც დამთვალიერებისთვის უნდა წარგვედგინა, ვამუშავებდით ვორქშოპებს – რა სახის მასტერკლასები იქნებოდა კარგი და ამ ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდგომ, 21 თებერვალს, ჩვენი შემოქმედებითი სივრცე – „დღე და ღამე“, ოფიციალურად გაიხსნა და ეს იყო ჩვენი ერთობლივი ახდენილი ოცნება.
– უამრავი ადამიანი მოვიდა თქვენი ნამუშევრების სანახავად და როგორც ვიცი, ბევრმა შეძენის სურვილიც გამოთქვა.
ნაილი: მგონია, ეს სივრცე ყველასთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ბევრისგან გავიგე: მსგავსი რამ ჩვენს ქალაქში არ მინახავსო. განსხვავებული სივრცე, ერთმანეთთან კარგად შერწყმული ნივთები – ტანსაცმელი, სამკაულები, პრინტები, ნახატები, წიგნები და ასე შემდეგ, მნახველის გაოცებას ნამდვილად იწვევდა. ყველა აღნიშნავდა, ასეთი სივრცე ჩვენს ქვეყანაში პირველიაო.
ნინი: ჩვენს შემოქმდებით სივრცეში ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, აუცილებლად იპოვის თავის შესაფერის ნივთს ან საჩუქარს ვინმესთვის. ამ მხრივ, „დღე და ღამე“ ნამდვილად მრავალფეროვანი გამოვიდა.
ნაილი: პირველი დღე იყო გამოფენა-გაყიდვის ტიპის, მაგრამ მომავალში უფრო მულტიფუნქციური იქნება, რადგან თვეში რამდენჯერმე გვექნება მასტერკლასი.
ნინი: ეს იქნება შოურუმი, სადაც ჩატარდება მასტერკლასები და გვექნება ჩვენი სახელოსნოც, ანუ ეს სივრცე ერთდროულად სამ ფუნქციას შეასრულებს.
ნაილი: შესწავლის მსურველთათვის აბრეშუმის მუზეუმი გამოაცხადებს ღონისძიების ჩატარების შესახებ. ამ ეტაპზე სამ თემაზე ვმუშაობთ, ერთი იქნება ბატიკის ვორქშოპი, ანუ აბრეშუმზე ხატვა, მეორე – ქსოვილზე სხვადასხვა ტექნოლოგიებით ბეჭვდა და მესამე – აბრეშუმის ქაღალდის დამზადების ვორქშოპი.
ნინი: მასტერკლასები იქნება ფასიანი. აბრეშუმის მუზეუმი თავად გამოაცხადებს ვორქშოპის დღეებს და ასევე, იმასაც, დასწრება რამდენი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი.
ნაილი: გახსნის დღეს, დაახლოებით, 15 ადამიანს ჩავუტარეთ აბრეშუმის ქსოვილზე ხატვის ვორქშოპი და სხვათა შორის, კახეთიდან იყვნენ მეაბეშუმე ქალები ჩამოსული. ზოგადად, დაინტერესება დიდია და ბევრი გამოთქვამს სურვილს, დაესწრონ ჩვენს ვორქშოპებს.
– რატომ დაარქვით თქვენს შემოქმედებით სივრცეს „დღე და ღამე“, საიდან წამოვიდა ეს იდეა?
ნინი: ნაილის ბრენდს, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებს, „მზე და მთვარე“ ჰქვია. მეც მაქვს ჩემი დამოუკიდებელი ბრენდი – „ვან ნაით სტენდი“. ამ ორი სახელწოდებიდან შევადგინეთ „დღე და ღამე“, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ჩვენი შემოქმედებითი სივრცისთვის დაგვერქმია.
ნაილი: როცა გაიგეს ჩვენი გაერთიანების შესახებ, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემოქმედებით სივრცეში მოსულები გვეუბნებოდნენ: ერთად მსგავსი რამ დიდი ხნის წინ უნდა გაგეკეთებინათო. მომავლისთვის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და ერთმანეთს კიდევ უფრო შევავსებთ. ეს, მხოლოდ დასაწყისია.
ნინი: ჩვენი მეგობრები, ვინც კარგად გვიცნობენ, გვეუბნებიან: აბრეშუმის მუზეუმთან თქვენი ერთობლივად გაერთიანება სწორი გადაწყვეტილება იყოო. 21 თებერვალმა დამანახვა, როგორი იქნება მომავალი. ახლა კმაყოფილების გრძნობა კი არ მაქვს, უფრო ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული.
– თქვენს გეგმებში ნამუშევრების უცხოეთში გატანაც ხომ არ შედის?
ნაილი: ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს და მომავალში კი შესაძლოა, ჩვენი ნამუშევრები, ინგლისში, კერძოდ, ლონდონში გავაგზავნოთ და იქ მოხდეს მათი რეალიზაცია. თუმცა, ეს მხოლოდ მოლაპარაკებების დონეზეა. ზოგადად, როცა ვინმე ჩემს ნამუშევარს იძენს და ატარებს, ასე მგონია, ჩემს ნაწილს ატარებს და მისი ნაწილიც ხდება. ძალიან მიხარია და იმ მომენტში ვფიქრობ: მის გაკეთებას აზრი ჰქონდა!
ნინი: ყველაფერს, რასაც ვქმნი, ადამიანებისთვისაა და როცა ჩაიცვამენ და მოირგებენ, სამკაული უკეთიათ და ატარებენ, მაშინ მაქვს განცდა, რომ ეს ნამუშევარი დავასრულე და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. 21 თებერვალს, გარდა ქართველი დამთვალიერებლებისა, ბევრი უცხოელიც იყო და ვფიქრობ, ეს დღე ჩემსა და ნაილის გონებაში ჯადოსნურ, ფერად მოგონებად დარჩება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





