რატომ იყო მეფისთვის მნიშვნელოვანი სამართლიანობის განცდის არსებობა ყველაზე დაბალ ფენებშიც კი და როგორ უსურვებდნენ წინათ უსამართლო მოსამართლეს უძეობას
ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:16 12.11
გიორგი დავითაშვილი (სამართლის პროფესორი, იურისტი):
ქართველ კაცს ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა მეფისადმი. ამიტომაც იყო, რომ ქართველი მეფეები იყვნენ დაუღალავი, აქტიური მოსამართლეები. თვითონ იხილავდნენ საქმეებს. ქართველი მემატიანეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი აუცილებლად ახასიათებენ მეფეს, როგორც მართლმსაჯულს. როგორი მოსამართლე იყო იგი? მაგალითად, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ჩვენ ვიცით, რომ ბაგრატ პირველი იყო „ყოვლისა ერისა სამართლით გამკითხავი“. ბაგრატ მესამეზე ვიცით, რომ ის იყო მართლმსაჯულების სამართლიანად გამკითხველი. ძალიან სამართლიანი მოსამართლე, მაგრამ ბაგრატ მეოთხეზე წერია, რომ მის დროს „ეკლესიანი, აზნაურნი და გლახაკნი, ვერ განიკითხებოდნენ“. ანუ ბაგრატ მეოთხეზე წერია, რომ ის ცუდი მოსამართლე იყო. ძალიან აქტიური იყო ვახტანგ მეექვსე, კანონმდებელი მეფე, რომელმაც, თავისი სამართალი შექმნა და მოგეხსენებათ, ყველაზე სრულყოფილი მოქმედი სამართლის ძეგლიც. ძეგლები ბევრი არც გვაქვს, მაგრამ ყველაზე სრულყოფილი ეს არის და ყველაზე ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო საქმიანობა, სწორედ, ვახტანგ მეექვსეს დროს განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით, როცა მან შექმნა „სამართლის კრებული“, რომელიც შვიდი სხვადასხვა ძეგლისგან შედგებოდა. მან იქ თავისი სამართლის წიგნიც შეიტანა. ვახტანგ მეექვსე ოთხშაბათობითა და პარასკეობით მიდიოდა სამდივნო სახლში. (სამდივნო სახლი ერქვა სასამართლოს). ასევე, ერეკლე მეორე იყო ძალიან აქტიური მოსამართლე. როცა ის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მიდიოდა, აუცილებლად მიჰყვებოდა მდივანბეგი, მთავარი სამოსამართლეო ფიგურა, ანუ მდივანბეგი იყო სამეფო მოსამართლე. რასაც მოსამართლე აკეთებს ქვეყანაში, მთავარი სამოსამართლეო ფიგურა გვიან ფეოდალურ საქართველოში, მაგალითად, ქართლ-კახეთის სამეფოში, მაშინ იმ საქმიანობას ეწეოდა მდივანბეგი. თავდაპირველად სულ რამდენიმე მდივანბეგი იყო, მერე, ერეკლეს დროს, მდივანბეგთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე, რასაც მეფე აკეთებდა, იმას აკეთებდა მდივანბეგი. თავისი მდივანბეგი არცერთ ფეოდალს არ ჰყავდა, ჰყავდათ მხოლოდ მეფეებს. ფეოდალს, რასაკავირველია, თავისი სასამართლო იურისდიქცია ჰქონდა. როგორც უკვე გითხარით, ერეკლე მეორე იყო ძალიან აქტიური მოსამართლე. შეიძლებოდა, ვიღაცის ოჯახშიც შესულიყო. მაგალითად, დაფიქსირებულია ასეთი ფაქტი, რომ გორში ვიღაცის ოჯახში შევიდა და იქვე განიხილა დავა. უბრალო სამეზობლო საქმეებსაც კი განიხილავდა. ამით თავის ავტორიტეტსაც ზრდიდა და თან, ფეოდალთა იურისდიქციასაც ზღუდავდა. ფეოდალი ხომ ვერ ეტყოდა მეფეს, შენ რატომ განიხილავ რაღაც საქმესო. რასაკვირველია, მას ავტორიტეტი ჰქონდა. მეფეს ჰქონდა ძალიან დიდი უფლებამოსილებები. ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, იყო დავით აღმაშენებელი, რომელიც არ მოსამართლეობდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეზარებოდა, არამედ იმიტომ, რომ დრო არ ჰქონდა. თქვენ, ალბათ, იცით, რა ქვეყანა ჩაიბარა დავით აღმაშენებელმა – განადგურებული, მიწასთან გასწორებული, მთაში გახიზნული, ეკონომიკურად დაქცეული, დანაწევრებული, სეპარატიზმისგან შეწუხებული ქვეყანა. მან, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო სახელმწიფოს შექმნა, შექმნა ჯარი, სულ მოძრაობაში იყო, არ გაჩერებულა. აქეთ-იქით დადიოდა, თავისი საქმით იყო დაკავებული, მაგრამ ხალხი მიჩვეული იყო მეფესთან მისვლას და მისთვის თავისი საჩივრის გაზიარებას. ხალხი ჩადიოდა ქალაქში, რომ მეფისთვის მიემართა, მაგრამ მეფე არ არის. ამ დროს ხალხი, თურმე, მთის გორაზე ადიოდა მეფის დასანახად, ზოგი ხის კენწეროზეც ძვრებოდა და იქიდან ადევნებდა თვალს, მეფე როდის გამოივლის, რომ წინ გადასდგომოდა მის ამალას და თავის საჩივარი მისთვის ეთქვა. შეწუხდა დავით აღმაშენებელი და როგორც დავითის ისტორიკოსი წერს, „მან დაადგინა კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხველნი“, რომლებიც მეფის ნაცვლად ახორციელებდნენ ასეთ საქმეებს, ანუ თავისი სამოსამართლეო იურისდიქციის დელიგირება მოახდინა ამ პატიოსან და სამართლიან ადამიანებზე. რატომ აკეთებდა ამას მეფე? ბარემ ამაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვით: ჯერ ერთი, ხალხის ნდობა ჰქონდა; მეორე – მეფის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო სწორედ ის, რომ სახელმწიფოში ყოფილიყო სამართლიანობის განცდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ ქვეყანაში. დავითის ისტორიკოსი ჩამოთვლის, თუ რა არის მეფის მართებანი და განსაგებელნი, ანუ მეფის უფლება-მოვალეობები. მისი ფუნქციაა დაიცვას საზღვრები, განახორციელოს სამართლიანი მართლმსაჯულება, დანიშნოს თანამდებობის პირები, ელჩები გაგზავნოს და მიიღოს და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ფუნქცია არის „სამეფოსა წყნარობისა ღონე“ ანუ სამეფოში სიმშვიდის უზრუნველყოფა და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეფე ძლიერია და მას ანგარიშს უწევენ, როგორც სერიოზულ, მნიშვნელოვან ძალის მქონეს. მეორე მხრივ, სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია, თუ მას სამართლიანი სასამართლო აქვს. ამიტომ იყო, რომ მეფეები თვითონ ახორციელებდნენ მართლმსაჯულებას, მეფეები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ყველაზე უფრო დაბალ ფენებშიც კი, ყოფილიყო ეს სამართლიანობის განცდა.
სააჯო კარი, როგორც დავით აღმაშენებლის უზენაესი სასამართლო
ალბათ, იცით, რომ საქართველოში დავით აღმაშენებლის დროს არსებობდა ასეთი ინსტიტუცია – სააჯო კარი. მეცნიერები ამას უზენაესი სასამართლო დაწესებულებად მიიჩნევენ და რომ დავით აღმაშენებლის დროს ეს იყო უზენაესი სასამართლო ინსტიტუცია. ამ შემთხვევაში უზენაესი მოსამართლე თვითონ მეფეა. ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს სააჯო კარზე. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად მცირედი ცნობა ამ დაწესებულების შესახებ ხელმწიფის კარის გარიგებაში გვაქვს, სადაც წერია, რომ სააჯო კარში ორშაბათობით მიბრძანდება მწიგნობართახუცესი-ჭყონდიდელი თავის ორ თანაშემწესთან ერთად (საწოლის მწიგნობარი და ზარდახის მწიგნობარი) და მათთან ერთად განიხილავს საქმეებს, მაგრამ საინტერესოა, ვის საქმეებს. განიხილავს მხოლოდ ქვრივთა და დაჩაგრულთა საქმეებს, ანუ საზოგადოების ყველაზე უფრო მოწყვლად საქმეებს. მეფეს ძალიან კარგად ესმის, რომ შეიძლება, იმ ქვრივს დარჩეს უსამართლობის განცდა, ვერ მიაღწიოს სამართლიანობას. სწორედ მათთვის სახელმწიფოს ერთ-ერთი პირევლი პირი, მწინგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი ორშაბათობით მიბრძნდება სააჯო კარში, რათა მათი საკითხები განიხილოს. სხვის საკითხებს ის არ განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ხელმწიფის კარის გარიგებაში ასე წერია. ესეც ცნობილი ფაქტია, რომ ხელმწიფის კარის გარიგება აღმოაჩინა ექვთიმე თაყაიშვილმა, სრულიად შემთხვვით, ნაგავში. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ერთ-ერთ სახლში იყო გორში. იქ დიასახლისმა გამოხვეტა ნაგავი და აღმოაჩინა ეს ხელნაწერები. იქ იყო გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დება და ხელმწიფის კარის დებაც. სწორედ ამის თქმა მინდა, რომ მეფეები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ყოფილიყო სამართლიანობის განცდა და ამას აღწევდნენ კიდეც.
როგორი თვისებები უნდა
ჰქონოდა მოსამართლეს
არსებობს უძველესი სამართლის ძეგ-ლი, რომელშიც ჩამოთვლილია ის თვი-სებები, რაც უნდა ჰქონდეს მოსამართლეს. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ზნეობრივი თვისებები. უნდა იყოს აუცილებლად უქრთამო, მიუკერძოებელი, სამართლიანი, აუცილებლად 40 წელს გადაცილებული, იმიტომ რომ ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. არ უნდა იყოს ღარიბი. ვახტანგ მეექვსის წიგნის პირველი მუხლი იწყება შეგონებით მოსამართლეებისადმი. მოსამართლეებს მიმართავს კანონმდებელი მეფე, რომ ერთადერთი პირევლი, რასაც ჩვენგან ღმერთი ითხოვს, სამართლიანობაა. ეუბნება, თუ რა ღვთის რისხვა დაატყდება მოსამართლეს და ჩამოუთვლის, რომ თუ მოსამართლე ჩაიდენს უსამართლობას, ღმერთი მას უძეოდ აღმოფხვრის და გარდაავლენსო, უშვილოდ დატოვებს ანუ, დღეითსიგრძეობას მოუკლებს, ქუეყანასა აუოხრებს, ამა სოფელსა შეარცხვენს, იმას სოფელსა წაწყმედს და საუკუნო სატანჯველს დაუმკვიდრებს... აი, ასეთი განცდა იყო მოსამართლეებში. ისინი იყვნენ ღვთის მოშიშნი. სხვა თვისებების შემკრები ამ შემთხვევაში არის მოსამართლის ღვთის მოშიშობა. ის დარწმუნებულია, რომ თუ ის უსამართლობას ჩაიდენს, მას აუცილებლად ღმერთი დასჯის. სვანი მოსამართლე აუცილებლად ღვთის მოშიში უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ იმას ტოლობის ფიცი უნდა დაედო. თუ რას ნიშნავს ტოლობის ფიცი, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ესეც ცალკე, ძალიან საინტერესო ინსტუტუციაა, რაც განაპირობებდა მოსამართლისადმი უკიდეგანო ნდობას. აი ასეთი მოსამართლეები იყვნენ მაშინ. შემიძლია, მაგალითიც მოგიყვანოთ კონკრეტულ მოსამართლეზე. იყო ასეთი იასე ბარათაშვილი, მეფის მდივანბეგი (გვარი ბარათაშვილი, თუ არ ვცდები, მეფემ უბოძა. იგი არ ყოფილა ბარათაშვილი, მაგრამ ასე იყო მაშინ, რომ მდივანბეგები აუცილებლად თავდაური გვარის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. მას თავისი მოგონებები აქვს დაწერილი, შეიძლება, ასეც ითქვას – თავისი თავგადასავალი. ის წერს თავისი ცხოვრების იმ პერიოდზე, როდესაც ის მოსამართლე გახდა. მეთვრამეტე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს იგი ხდება მდივანბეგი-მოსამართლე, სამეფო მოსამართლე. ამბობს, რომ ხელფასი კარგი მაქვს, მაგრამ შიშისგან სული აღარ მიდგას, დავილიე კაცი. სულ იმის შიში მაქვს, ვაითუ, ჩემდაუნებურად არასწორი, უსამართლო განაჩენი გამოვიტანო და ღმერთმა დამსაჯოსო. აი, ასეთი განცდები აქვთ მოსამართლეებს. ცხადია, ასეთი მოსამართლის მიმართ იყო ნდობა. ამიტომ იყო, რომ მეფესთან ერთად, მდივანბეგი იქცა ერთ-ერთ მთავარ სამოსამართლო ფიგურად. ადგილობრივი მმართველობის წამომადგენლებსაც ჰქონდათ სასამართლო ფუნქციები. ქალაქის მოურავსაც ჰქონდა სასამართლო ფუნქცია, მაგრამ უფრო ადგილობრივ დონეზე. ვინმე ქალაქელი მივიდოდა მასთან და განიხილავდა ქონებრივ დავას. ფეოდალსაც ჰქონდა უფლებები, რომ თავის საფეოდალოში თვითონ განეხილა საქმეები. ვთქვათ, სამხრეთ საქართველოში ცხოვრობდნენ თურქული წარმომავლობის ადამიანები. ლის ხალხი – ასე ერქვათ. მათ თავიანთი მმართველი ჰყავდათ – ელიაღაზი. ამ ელიაღაზსაც თავისი ფუნქციები და თავისი სასამართლო ფუნქციები ჰქონდა. ფეოდალს შეიძლება, დაჭრა-დასახიჩრების, გაუპატიურების, ციხიდან გაქცევის საქმეები განეხილა, მაგრამ ერეკლეს დროს მაინც ჩანს, რომ მკვლელობის საქმეები ადგილობრივი იურისდიქციიდან ამოღებულია და მათ უკვე მდივანბეგი განიხილავს. თუ მნიშვნელოვანი პერსონის მკვლელობა მოხდა, შეიძლება, მეფემ ან დარბაზმა განიხილოს, მაგრამ როგორც წესი, მკვლელობის საქმეებს მეფის მდივანბეგი განიხილავდა. ამის პარალელურად, ქვეყანაში არსებობს ჩვეულებითი სამართლის საფუძველზე მოქმედი სასამართლოებიც. ძალიან საინტერესო სასამართლოა. ერთ-ერთი მთავარი არის სამედიატორო სასამართლო. სვანური, ხევსურული სამედიატორო სასამართლო არის ქართული სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, შეიძლება ითქვას, მარგალიტი. აქ კარგად არის გამოხატული, როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რამდენად დიდი ნდობა იყო მოსამართლის მიმართ და როგორი იყო ხალხის თვითორგანიზების უნარი, რომ ხალხი თვითონ, ყოველგვარი სახელმწიფოს გარეშე, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, რაღაცნაირად ახერხებდა, რომ თვითონ მოეწყო სასამართლო, თვითონ მოეგვარებინა კონფლიქტი. ერთი შემთხვევა იყო: მეთვრამეტე საუკუნეა. ფშავში ორ თემს შორის მოხდა მამულზე დავა. ერთ-ერთმა თემმა მიმართა მეფეს. მეორე თემმა დასწყევლა, ლაშარის გორის იქით როგორ გაბედე სასამართლოში წასვლაო. ვაჟა-ფშაველა წერს ამას. მეფის რუსეთის დროს, ვთქვათ, რომელიმე ხევსური თუ გადაწყვეტდა თიანეთში წასვლას საჩივლელად – თიანეთი იყო მაზრის ცენტრი და იქ მიდიოდნენ – თურმე, მთელი სოფელი წინ გადაუდგებოდა და ეტყოდა: რატომ გვარცხვენ, რად გვყრი სხვის ხელადაო. ვაჟას ხელნაწერში ეს ასე ეწერა: „რად გვყრი რუს ხელადაო“, რომელიც მერე ცენზურამ ამოაღებინა. ანუ, ადამიანს არ უშვებდნენ, რომ ეჩივლა ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურაში. ხევსურული სამართალი გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის მეფის რუსეთის პერიოდში და საბჭოთა პერიოდშიც კი. ეს ტრანსფორმაცია დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, მესისხლეობის წესთან, მის შემსუბუქებასთან. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხევსურული სამართლით გათვალისწინებული იყო გადასახადი – ხუთი ძროხა. ადამიანი, რომელიც უჩივლებდა თავის თანამოთემეს, თანასოფლელს, ნებისმიერ სხვა ხევსურს და ის, ამ ჩივილის საფუძველზე, თუნდაც ერთ დღეს გაატარებდა საპყრობილეში, ამისთვის იხდიდა ხუთ ძროხას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან