რატომ იყო დისიდენტებთან და ქურდებთან კარგად რომან გვენცაძე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 12.06, 2024 წელი

ინჟინერი, პოლიტიკოსი, გენერალ-მაიორი. მუშაობდა „თბილმთავარმშენის“ მესამე სამმართველოს მუშად, „საქსოფელექტრომშენის“ ლაბორანტად, ნავთლუღის პურპროდუქტების ბაზის ელექტროშემდუღებლად, გზატკეცილების სამმართველოს მეორე სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მუშად, „თბილმთავარმშენის“ მეორე სამშენებლო სამმართველოს ბრიგადირად, „თბილმრეწვმშენის“ მესამე ტრესტის მეოთხე სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ოსტატად... მოკლედ, გზა სამშენებლო ფაკულტეტიდან – იურიდიულამდე, სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორობიდან – შინაგან საქმეთა მინისტრობამდე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობიდან – დეტექტიური რომანის ავტორობამდე – ეს რომან გვენცაძის ცხოვრების რამდენიმე ეტაპია და თან, ძალიან საინტერესო. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ჩვენ მისი დღიურების დაწერა გადავწყვიტეთ.
იარაღითა და უიარაღოდ
„ეგრეთ წოდებული, დიმიტროვის სტადიონის თავზე, რუსულ-ქართულ დასახლებაში ვცხოვრობდი. ბაღში ხუთი დეკემბრის ქუჩაზე დავდიოდი. შემდეგ ქეთევან წამებულის გამზირზე დავსახლდით. ჯერ 85-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, 1952-1953 წლებში კი, როცა ქალთა და ვაჟთა სკოლები გაერთიანდა, რკინიგზის მე-10 სკოლაში მოვხვდი და დავამთავრე. გამოვლილი მაქვს ის პერიოდი, რომელიც გულისხმობდა ოქტომბრელობას, პიონერობას, ლენინელობას, სტალინელობას... სხვათა შორის, მათში ბევრი კარგი რამაც იყო და ყველაფერი ხელწამოსაკრავი არ არის. სკოლაში ფრიადოსნად ვითვლებოდი, მაგრამ ტექნიკურ საგნებში უფრო ძლიერი ვიყავი. დეტექტივების კითხვა მიყვარდა, იურიდიულ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ იქ მოხვედრა მაშინ ძალიან ძნელი იყო. არც „გეპეიში“ მოხვედრა იყო მარტივი, თუმცა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საღამოს დასწრებულ ფაკულტეტზე მოვეწყვე, მერე სამშენებლო ფაკულტეტის დღის დასწრებულზე გადავედი. დალხენილი ბავშვობა არ მქონია. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი: ელექტროშემდუღებლად, ზეინკლად, ტრაქტორისტად, სხვადასხვა მშენებლობაზე. ჩემი მშობლები ეკონომისტები იყვნენ, ძალიან წესიერი ხალხი. ეკონომიკურად გვიჭირდა და სწორედ ამიტომ მიწევდა მუშაობა. რა ხელობაზე არ მიმუშავია და ეს ყველაფერი ცხოვრებაში გამომადგა. შრომა კარგია, თუმცა, რასაკვირველია, ბევრი არ ვარგა.
ოჯახს ადრე მოვეკიდე – 19 წლის ვიყავი. ცოლ-შვილს შენახვა უნდოდა. 1968-1971 წლებში ყაზახეთში სამ-სამი თვით ჩავდიოდი ყამირი მიწების ათვისებაზე. ინსტიტუტის შემდეგ მუშაობა სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში დავიწყე. ჩემი ხელმძღვანელი პროფესორი ოთარ კვიცარიძე იყო. მასთან სამი წელი ვიმუშავე, მაგრამ იქ გული არ მისჩერდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობა მინდოდა. ეს რომ ოთარ კვიცარიძემ გაიგო, გაგიჟდა, მითხრა, „პაგონებში“ გამცვალეო. რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე გამოგონებები მქონდა, მაგრამ მეცნიერება ჩემი მისწრაფება არ იყო. იქაური კომკავშირის რაიკომის რეკომენდაციით, თბილისის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილებაში ინსპექტორად მოვეწყვე.
25 წლის განმავლობაში მილიციაში ინსპექტორიდან დაწყებული მინისტრობამდე ყველა თანამდებობა გავიარე. მუშაობა რთულთან ერთად ძალიან საინტერესო იყო. კომუნისტების დროსაც ვმუშაობდი, ბატონი ზვიად გამსახურდიას მთავრობის დროს – დამოუკიდებელ საქართველოში, შევარდნაძის ჩამოსვლისას დროებითი მთავრობის პერიოდში, შემდეგშიც... ცოტა ხანს აკადემიის რექტორი ვიყავი, მერე ისევ სამინისტროში დამაბრუნეს. ბოლოს ამ ორგანიზაციიდან წამოვედი, უფრო სწორად გამომიშვეს. მაშინ ის პერიოდი იყო, სულ სხვა თაობა რომ მოდიოდა. 1999 წელს პარლამენტში ამირჩიეს, სადაც ოთხი წელი გავატარე და პარლამენტიდან პენსიაზე გავედი.
1989 წლის 9 აპრილს თბილისის სამმართველოს უფროსი ვიყავი, იმ დღეს მთავრობის სასახლის წინ ჩვენს გარნიზონს ღამის სამ საათზე, როცა მომიტინგეები ყველაზე ცოტა იყვნენ, ხალხი უნდა დაეშალა, მაგრამ რუსეთის არმია ჩამოვიდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კოჩეტოვი და გენერალი როდიონოვი. ჩვენ ისე გამოგვთიშეს, რომ არაფერი გვითხრეს. ამ პროცესში ჩვენით ჩავებით და ბევრი ახალგაზრდა გადავარჩინეთ. იარაღი არ გვქონდა. ვთქვათ, სტადიონზე ფეხბურთის მატჩი მიდიოდა ან სადმე მიტინგი ტარდებოდა, ასეთი მასობრივი ღონისძიებების დროს იარაღი ყველას უნდა ჩაებარებინა. 9 აპრილის ღამეს ხელჯოხებიც არ გვქონია. ჩვენს პერიოდში ხელჯოხები არასდროს გამოგვიყენებია. ხელჯოხს მთელი მსოფლიო იყენებს და აქაც იხმარეს, მაგრამ აქ გადაამეტეს. ხალხის მიმართ მორიდება გვქონდა და შეტაკებას თავიდან ვიცილებდით. ამ კუთხით პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდებოდა, ახლა რომ პრევენციულს ვეძახით. ეროვნული მოძრაობის დროს ვხვდებოდით ლიდერებს, რომ შეხლა-შემოხლა თავიდან აგვეცილებინა. ვთანხმდებოდით იმაზე, რომ მიტინგი ისე ჩაეტარებინათ, გზა არ გადაკეტილიყო... სხვათა შორის, დისიდენტებთან კარგად ვიყავი, ყველასთან. არა მარტო მე, ჩემს მოადგილეებსა და თანამშრომლებსაც მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ხშირად მივსულვართ ღონისძიებაზე ეროვნული მოძრაობის ლიდერებისვე თხოვნით, რომ იქ რამე პროვოკაცია არ მომხდარიყო. გვეუბნებოდნენ, მათთვის ხალხი გამოგვეყო. ასე ვთქვათ, შეხმატკბილებულად ვიყავით. სანამ (აფხაზეთის) ომი დაიწყებოდა, მე, ჩემი რამდენიმე მოადგილე და ადგილობრივი მილიციის ხელმძღვანელები ზუგდიდში მოსალაპარაკებლად ვიყავით. შეიარაღებული რაზმის სამასი წარმომადგენელი თავს დაგვესხა. წაგვიყვანეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. იქიდან მესამე დღეს წამოვედი, მაგრამ სხვები თვე-ნახევარი გააჩერეს. მოლაპარაკების შედეგად ისინიც გაათავისუფლეს. უშუალოდ ომის დაწყების დროს მე წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. როცა წამოვედი, უკვე სროლები იყო გაჩაღებული. როგორც მახსოვს, 14 აგვისტო იყო. შექმნილ ვითარებაზე თბილისში ხელმძღვანელობას მოვახსენე და ამის შემდეგ ღონისძიებებში მეც ჩავერთე. ომი ცოტა ხნით რომ შეწყდა, სამსახურიდან წამოვედი. როცა კვლავ გაგრძელდა, როგორც მოხალისე, აფხაზეთის ომის დროს სამჯერ ვიყავი ჩასული. არ მისვრია, კაცი არ მომიკლავს, მაგრამ იმ პროცესებში ვმონაწილეობდი... ხუთი ნატყვიარი მაქვს. ერთი ჩემით მოვიხვედრე. ქალაქგარეთ ვიყავით ღონისძიებაზე, რკინას ვესროლე, მაინტერესებდა გახვრეტდა თუ არა. ტყვია მობრუნდა, რიკოშეტით ბარძაყში მომხვდა და ტყვია ფეხიდან ხელით გამოვიღე. ავტომატის ორი ტყვია თბილისის ომის დაწყების დროს მომხვდა. ძალიან მძიმედ ვიყავი დაჭრილი, სისხლისგან დაცლილი საავადმყოფოში უგონოდ მიმიყვანეს. სიკვდილს ბევრჯერ გადავურჩი. დანარჩენი შემთხვევებიც სხვადასხვა დროს მოხდა, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა. ალბათ, იმიტომ, რომ ბოროტება არ ჩამიდენია და ადამიანი სიკეთეს რომ თესავ, ღმერთი ამგვარად გიხდის მადლობას.
„საბედისწერო გასროლის” ავტორი და ცხოვრება ტყუილის გარეშე
გიორგი სანადირაძემ „აკრძალული თამაშები“ ჩემი ეპიზოდების მიხედვით დაწერა. შემდეგ გია ბადრიძეს მიჰქონდა ჩემგან მასალები და სცენარებს წერდა. ცხოვრებაში ერთხელ დასასვენებლად ვიყავი და სწორედ იმ დროს, ესენდუკში, გადავწყვიტე სცენარის დაწერა. ერთ ღამეში დავწერე „საბედისწერო გასროლა“, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ოთარ კობერიძეს ვაჩვენე. მან ამავე სახელწოდების მიხედვით ფილმი გადაიღო. ამის შემდეგ გამოვეცი „შავი კვადრატი“, მაგრამ მერე გავჩერდი, ნერვები აღარ მეყო. ახლა მეუბნებიან, რომ მოგონებები დავწერო, მაგრამ გული ვერ დავუდე. განა იმიტომ, რომ არ მახსოვს. ყველაფერი მახსოვს. ეგ კი არა, გამოსვლებიცა და მიმართვებიც მახსოვს, ვინ რას ამბობდა. ვიცი, მართალს ვინ ამბობდა და ვინ ტყუოდა, ვინ ვის უღალატა, ვინ იყო გმირი და ვინ – მხდალი. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ძალიან ხშირად კინოკადრივით გაივლის ხოლმე. რა არის, იცით?! ტყუილის დაწერა არ მინდა. ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს. ერთხელ მიტინგზე, ათი ათასი კაცი რომ ესწრებოდა, გამოვედი და ვთქვი, ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს-მეთქი და ამდენი ხალხი სიცილით მოკვდა. ვერ წარმოედგინათ, რომ მილიციის თანამშრომელი ტყუილს არ იტყოდაა. ბევრი ისეთი საიდუმლოა, რომელიც ხალხმა არ იცის. იმ ადამიანებს შვილები და შვილიშვილები ჰყავთ, კაცი კაცს გადაეკიდება, რად მინდა ამის გაკეთება?! ესაა მიზეზი, სხვა არაფერი. ჯობს, საიდუმლო ამ ქვეყნიდან თან წავიღო...
ეს ამბავი მთელმა თბილისმა იცის
შემდგომ წლებში ისეთი რაღაცები მოხდა და ისეთი რთული საქმეები გაიხსნა, რომ ძველის გახსენება აღარ ღირს. ყველას ვუყვებოდი, ერთი პიროვნება რომ გადავარჩინე. ერთმანეთს ვესროდით, ბოლო ტყვიით ის დაიჭრა, ავიხუტე და ერთი კილომეტრი ვატარე. ოპერაცია გავუკეთე, ჩემი სისხლი გადავუსხი. ამბავი, რომ მილიციის თანამშრომელმა ქურდს სისხლი გადაუსხა და გადაარჩინა – მთელ საბჭოთა კავშირში ყუმბარასავით გასკდა! ეს ამბავი მთელმა თბილისმა იცის, შეიძლება, ახალმა თაობამ არა, მაგრამ ასეთი მაგალითების გახსენება, ჯერ ერთი, ტრაბახში ჩამეთვლება და მეორეც, იმ ადამიანს შვილი გაეზარდა და არ გამოვა ლამაზი.
დაიჭირე, დაიჭირე – ეს ყველას შეუძლია
კომუნისტების დროს ისიც უკვირდათ, ნარიყალაზე ეკლესია რომ ავაშენე. „გეპეის“ 1971 წლის კურსდამთავრებული ორმოცამდე ბიჭი შევკრიბეთ და ნარიყალა გავწმინდეთ. არქეოლოგიური გათხრების დროს იქ მეცამეტე საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აღმოჩნდა, რომელიც აღვადგინეთ. 1982-1996 წლებში ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით ყველანი, ვინც კი „ყამირზე“ ვიყავით და თბილისში შიდა „ყამირი“ გავაკეთეთ. ნარიყალაზე ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ – სიარული მიჭირს. მიხარია, რომ ახლა იმ ეკლესიას დიდი მრევლი ჰყავს. ყველაზე დიდი, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, ეკლესიის აშენებაა. ამაზე დიდი სიამოვნება არასოდეს მიმიღია. დაიჭირე, დაიჭირე – ეს ყველას შეუძლია, მაგრამ რაც ეკლესიაზე ვიმუშავე, მეტრაბახება.
სასიკვდილოდ არ მისვრია
ჩემი მინისტრობის დროს, 1992-1993 წლებში, ხალხი ქუჩაში ვერ გამოდიოდა. ერთხელ მეც მესროლეს. მაშინ დაცვა არ მყავდა, ჩვენს დროს არ იყვნენ. მანქანიდან გადმოვედი, მეც ვესროლე. რა თქმა უნდა, სასიკვდილოდ არ მისვრია და ის ადამიანი გაიქცა, მაგრამ ასეთი ფაქტები ხომ ხდებოდა. დღეს შეიძლება, ქუჩაში მანქანა ისე დატოვო, რომ არ დაკეტო, არავინ მივა და არაფერს მოიპარავს. ყველა სახის დანაშაული შემცირდა და ამის გამო პოლიცია უნდა შეაქო.
სამი დიდი ტკივილი
სამი დიდი ტკივილი მაქვს – 9 აპრილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი. 9 აპრილს რასაც ვუყურე, არ დამავიწყდება. ბევრი ბავშვის სახელი და გვარი მახსოვს, ბევრის შიშჩამდგარი თვალები. ხალხში რომ ავითქვიფე, მე და ჩემი მოადგილე პარაპეტზე ავედით და მილიციას იქიდან ვხელმძღვანელობდით. ხალხის გასატარებლად დერეფანი გვქონდა გაკეთებული, უშნო ძეგლი რომ იდგა იქ, ადამიანები ხელით ამოჰყავდათ, რომ ისინი მთავრობის სახლის გასწვრივ გაგვეტარებინა. საცობი განტვირთეს, თორემ იქ ასობით ადამიანი დაიღუპებოდა. მახსოვს, როგორ მეძახდნენ: რომან ბიძია, ბატონო რომან, გვიშველეთო. ვერ მოვითმინე და ხალხში გადავხტი. იმ დღეს რუსის ჯარის „დუბინკები“ ჩვენც ბევრი მოგვხვდა, სამოცი თანამშრომელი მძიმედ იყო დაშავებული.
რაც შეხება აფახაზეთს და სამაჩაბლოს... დროც უარყოფითად მუშაობს შერიგებაზე. ისეთი თაობა მოდის, რომელმაც საქართველო არც იცის, რა არის. ომი ათეული წლების წინ მოხდა და ამავე ასაკის ბავშვი არ არის იმ კუთხეებში ნამყოფი, რამ უნდა მიიზიდოს?! ვის ხელშიც ეს ამბავი მოხდა, ის თაობა ზიზღით გაზარდეს. რამდენი ხანია, ჩვენი იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე აღარ ვრცელდება. გაუცხოება მატულობს, ერთმანეთს უფრო ვცილდებით, მაგრამ მე ოპტიმისტი კაცი ვარ. იმედი მაქვს და ამისი იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, რომ დადგება დრო და აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ.
ჩვენს დროს კუკარაჩობა იყო
...გიორგი სანადირაძემ ეს ისტორია თავის წიგნში აღწერა. პიატიგორსკში მე და დამნაშავე ერთმანეთს ვესროდით, მან ბოლო ტყვიით დაიჭრა თავი, ავიყვანე ხელში, წავიყვანე საავადმყოფოში, გვერდიგვერდ ვიწექით და სისხლი გადავუსხი. ის ბიჭი ქურდი იყო. ერთი ჯგუფის სისხლი აღმოგვაჩნდა, თანაც საავადმყოფოში ვუთხარი, ჩვენი თანამშრომელია და დამნაშავეებმა დაგვიჭრეს-მეთქი. ექიმებმა სიმართლე, რომ გაიგეს გაგიჟდნენ. მერე მთხოვა, შვილი მომინათლეო. ქართველი ბიჭი იყო, მაგრამ სამაჩაბლოში ომი იყო და ვერ ჩამოვედი. მისი შვილი ჩემმა ბიჭმა მონათლა. ოჯახებით ახლაც გვაქვს ურთიერთობა. ეს ბიჭი 41 წლის ასაკში დამნაშავეთა სამყარომ მოკლა. თავისი სახლის წინ ავტომატით მანქანაში ჩაცხრილეს. მივედი პანაშვიდზე, თან ქურდის პანაშვიდზე თანამშრომლის მისვლა არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს მოვკიდე ხელი და წავედი. მისმა ცოლმა მომატირა, შენ გადამირჩინე და ამ გარეწრებმა როგორ მოკლესო... ჩემში ადამიანური ფაქტორი ყოველთვის წინ იყო. ბევრი დამნაშავისთვის გამიღია ციხის კარი და გამიშვია. ჩვენ დროს კუკარაჩობა იყო, თან ძალიან ბევრი. სანამ თანამდებობა არ მქონდა, ნებართვას ვიღებდი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ანგარებით არ ვიქცეოდი ასე და, ის ხალხი გამოსწორებულა კიდეც. რამდენჯერ ყოფილა, რომ ქუჩაში გავუჩერებივარ სრულიად უცხო ადამიანს, ვერ მიცვნია და უთქვამს, მაშინ რომ დამიჭირე, სამართლიანად დამიჭირე, მაგრამ ღირსება არ დამიკარგე, კაცურად მომექეცი და მერე გამოვსწორდიო. მთავარია, დამნაშავეს არ შეეკრა თანამშრომელი, მაგრამ, თუ უანგაროდ დაეხმარები და გაუშვებ, ეს უფრო დიდი საქმეა, ვიდრე დაიჭირო და 15 წელი მიუსაჯო...”
სიახლეები ამავე კატეგორიიდან