საზოგადოება

რატომ გაუნაწყენდა კორნელი სანაძეს მასთან სტუმრად მისული ტერენტი გრანელი

№36

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 10.09

კორნელი სანაძე
დაკოპირებულია

მისი ფერწერული ნაწარმოებები „მებაღე“ და „სინგაპურის საზამთროები“ 2007 წელს ბირმინგემის აუქციონზე წარადგინეს და საიდუმლო მყიდველმა უცნობ ფასად შეიძინა. ამ მხატვრის დასახასიათებლად, ალბათ, ეს ერთი ფაქტიც კმარა. დღეს შემოგთავაზებთ გასული საუკუნის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, საქართველოს სახალხო მხატვარს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, კორნელი სანაძეს თავისი ჩანაწერებით, მოგონებებით, ოცნებებით.

„1913 წელია. ვცხოვრობთ ნაძალადევის დასაწყისში. მალაკნის ბაზრის თავთან. ხიდს გასცდებით თუ არა, იქვე დიდ სამსართულიან სახლში. 1914 წელს შემიყვანეს დაწყებით სკოლაში, დიდუბეში. ყოველ დილით უნდა გამევლო მთელი მალაკნის ქუჩა. დღესაც კარგად მახსოვს, ამ ქუჩაზე დავდიოდი თითქმის 1945 წლამდე, ყოველდღე. მალაკნის ქუჩაზე იყო სარდაფი „კარდანახი“, სადაც ერთხელ დავინახე, მხატვარი ხატავდა, მას შემდეგ მე ხშირად ვიყავი ამ სარდაფში, ჩავიხედავდი და შევყურებდი მხატვარს, რომელიც მუშაობდა. ხშირად მხატვარი არ იყო სარდაფში და ნაღვილიანი ვბრუნდებოდი. მერე გავიგე, რომ ის მხატვარი ნიკალა ფიროსმანაშვილი იყო და ეს ლექსი ვუძღვენი, რომელიც შემდეგში შევასწორე და 1968 წელს შევიტანე ჩემი ლექსების კრებულში…

მახსოვს სარდაფი მაღალი, შიგ შესვლა მქონდა ნატვრადა,

მუდამ უკრავდა არღანი, კედლებს ნიკალა ხატავდა.

რომ დიდი იყოს სიმართლე, ამ ლამაზ დღე და ღამეზე,

რითაც ავსებდა სურათებს, მეც იმ სიხარულს დავეძებ…

რა უკვდავების გზებია, თუ რამ იმისი ყადრია,

რა ბევრი მიოცნებია, რა ცოტა დამიხატია.

დავიბადე 1907 წლის 2 ოქტომბერს დაბა ხონში (წულუკიძეში). ჩემი მამა – ბარნაბ მერაბის ძე სანაძე მაშინ რკინიგზის მუშაკი იყო, დედაჩემი – ეკატერინე სარდიონის ასული აფხაზავა, წარმოშობით გურულია, უბრალო გლეხის ქალი, უმწიკვლო, გულთბილი. განათლება არავითარი არ ჰქონდა მიღებული. წერდა ლექსებს. ჩვენი ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ქალაქ თბილისში. ვიყავით 5 და-ძმა, დედა და მამა. ხშირად ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ მამიდაშვილები და ბიძაშვილები. ჩემს ოჯახში გაიზარდა ფრანგული ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ივანე დიმიტრის ძე ჭავჭავაძე. 1947 წელს ეს სახლი, საბჭოს ქუჩაზე, ქუჩის გაფართოების მიზნით დაანგრიეს და უკვე მე ვცხოვრობდი ჩვენს სახლში – ერისთავ-ხოშტარიას ქუჩაზე, სწორედ აქ გადმოვედი საბოლოოდ. დაუმთავრებელ სახლში, სადაც მხოლოდ გაულესავი კედლები იყო, იატაკი არ იყო დაგებული და ქარები ოთახიდან ოთახში დაშლიგინობდნენ. სახლს თუჯის ღუმლით ვათბობდით და ხშირად სიცივეში მიხდებოდა მუშაობა. 1913 წელს შემიყვანეს თბილისის რკინიგზის სასწავლებელში, სადაც ხატვას მასწავლიდა გრიგოლ მესხი, გალობას კი – ია კარგარეთელი. კარგი ხმა მქონდა და ხშირად მამღერებდა, თან, მეუბნებოდა, რომ ჩემგან კარგი მომღერალი გამოვიდოდა. ამ ხანებში ძალიან ღარიბები ვიყავით. ფეხზე დახეული ფეხსაცმელი მეცვა და ხშირად თითები დაყინული მქონდა.

1920 წელს თბილისში მაშინდელი ყოფილი მუშთაიდის ბაღში არსებობდა ბავშვებისათვის, მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სტუდია-სახელოსნოები: სამხატვრო, სამსახიობო-თეატრალური, ლიტერატურული და სხვა. გადავწყვიტე ერთ-ერთ სტუდიაში შევსულიყავი. ჯერ მივედი, რომ დამეთვალიერებინა. მაშინ ვიყავი 13 წლისა, ძალიან ხუჭუჭა თმით. შევედი თუ არა, ვიღაცა შუახნის კაცი დამეტაკა და შემიყვანა სამხატვრო სტუდიაში, დამსვა სკამზე და სტუდენტებს გამოუცხადა: „დახატეთ ეს შესანიშნავი თავი“. იმ დღიდან მე სულ სხვანაირ ბავშვად ვიქეცი. გავიგე, ის პიროვნება მოსე თოიძე იყო. უცებ მხატვრობამ გამიტაცა, მით უმეტეს, რომ ჩემი უფროსი ძმა, შურა (ალექსანდრე), შესანიშნავად ხატავდა. მეორე დღეს სკოლიდან დაბრუნების შემდეგ დავჯექი და გადმოვხატე ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი, საღამოს მივიტანე სტუდიაში, მოსე თოიძეს ვაჩვენე და მან მთელი ხალხის წინაშე დაიყვირა: „შეხედეთ, ამას ეს მხატვარიც ყოფილა“. დავჯექი ისევ ნატურად. მაშინ იქ ვიცანი კოტე მერაბიშვილი, რომელიც უკვე კარგი სახელით სარგებლობდა. მახსოვს, ერთ საღამოს სტუდიაში მოვიდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, თავისი თანმხლები პირებით, დაათვალიერეს სტუდია… მეორე დღეს მივიტანე აკაკი წერეთლის პორტრეტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი ბედი. მოსეს მოეწონა და სტუდიაში ჩამრიცხა, სადაც თითქმის ერთი წელი ვიარე. 1922 წლის დასაწყისში მოსე თოიძემ ჩამოაყალიბა სამხატვრო სტუდია საბჭოს ქუჩის დასაწყისში. ერთ დღესაც სოლომონ თავაძემ მიმიყვანა მოსესთან სტუდიაში. მას ძალიან გაუხარდა, მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცოდა ჩემი უსახსრობა, წინადადება მომცა, რომ ხანდახან დავმდგარიყავი ნატურად, რათა დამეფარა სწავლის გადასახადი. მე დავთანხმდი. თვეში თითქმის 10 დღე ვიდექი ნატურად. შემდგომში ფულის შოვნას ვახერხებდი და „ნატურშიკობიდან“ გავთავისუფლდი… პირველი კომპოზიცია „სასადილო სარდაფში“ მივიტანე, ძალიან მოეწონათ და მოსე თოიძემ ერთი თვის გადასახადისგან გამათავისუფლა. მოსე თოიძე ყოველწლიურად აწყობდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში. სტუდიაში დაგვიანება და გაკვეთილების გაცდენა სასტიკად აკრძალული იყო. მე უკვე გაწაფული მქონდა აზრი და ხელი ფერწერაში და ახალ მოსულ ამხანაგებს ყოველმხრივ ვეხმარებოდი. მახსოვს, უჩა ჯაფარიძის პირველად მოსვლა ამ სტუდიაში. იგი დაჩაგრული, უმწეო ბავშვივით იდგა. მივედი მასთან, გამოველაპარაკე, გავარკვიე იქაურ ვითარებაში და აქედან დაიწყო ჩვენი ახლო ურთიერთობა. ძალზედ დავმეგობრდით. ისე, რომ როდესაც მამა გარდაეცვალა და სამუშაოდ და საცხოვრებლად რაჭაში წასვლა მოუხდა, წერილებსა და ლექსებს ვუგზავნიდი, რომ მარტოობა არ ეგრძნო. საერთოდ, მე არასოდეს მქონია არაამხანაგური, არამეგობრული დამოკიდებულება არავისთან. დღესაც, ჯერჯერობით, არავინ არ მყავს მომდურავი, არავის წავჩხუბებივარ, არავინ არ მყავს დამდურებელი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამხანაგი, ყოფილი მოწაფე განდგომილა ჩემგან.

1924 წელი ჩემთვის ბედნიერი წელია. დავამთავრე თბილისის მეორე ეკონომიკური ტექნიკუმი, შევედი თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. პირველად მივიღე მონაწილეობა დიდ ოფიციალურ გამოფენაზე, რომელიც თბილისის მასწავლებელთა სახლში ქართველ მხატვართა საზოგადოებამ მოაწყო, ვახტანგ კოტეტიშვილის თავმჯდომარეობით. მიმიღეს ქართველ მხატვართა საზოგადოების წევრად.

დაიწყო ჩემი ნამდვილი შემოქმედებითი ცხოვრება. 1924 წლის გამოფენაზე წარდგენილი მქონდა ჩემი რამდენიმე სურათი, მათ შორის, ძალიან კარგად მიიღეს „ჩრდილში”. მეორე სურათი იყო ჭიდილი ადამიანსა და ჩონჩხს შორის მთვარიან ღამეში უფსკრულის პირას. მაშინ ტერენტი გრანელის გავლენის ქვეშ ვიყავი და პესიმისტური განწყობა მქონდა. სურათიც ამ განწყობას გამოხატავდა. 1924 წლის სექტემბერში, ჩემი განცხადების თანახმად, გამოცდებზე დამიშვეს… ერთ დიდ დარბაზში ვისხედით ორმოცდაათამდე საგამოცდოდ დაშვებული აბიტურიენტი. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მიღებულთა სიაში ჩემი გვარი წავიკითხე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არქიტექტურის ფაკულტეტზე იმიტომ შევედი, რომ მინდოდა, დავუფლებოდი არქიტექტურულ განათლებას, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავძელი. ჩემი ნატურა ვერ შეეჩვია ნახაზების მოთმინებით დამუშავებას და 1924 წელსვე ფერწერის ფაკულტეტზე გადამიყვანეს. 1927 წელს გადავედი მესამე კურსზე. უნდა ამომერჩია ხელმძღვანელი-პროფესორი, ვისი მოწაფეც ვიქნებოდი საბოლოოდ. მე ამოვირჩიე ევგენი ლანსერე. ამავე წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სახვითი ხელოვნების გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა, სურათის არჩევაში თვითონ ლანსერე დამეხმარა. გადაწყდა, გამომეფინა სურათი „ბაზარი“. ამ გამოფენაზე სულ 21 ქართველი მხატვარი ვმონაწილეობდით. მათ შორის ფიროსმანი, რომლის 21 ნამუშევარი იყო გამოფენილი, ასევე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, სიდამონ ერისთავი, მოსე თოიძე, ქეთევან მაღალაშვილი და სხვები. ერთ დღეს ლანსერემ სახლში დამიძახა, მაშინ ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. ეკავა ერთი დიდი ოთახი და ერთიც პატარა. მივედი, ძალიან კარგად მიმიღო, საუზმეზეც დამპატიჟა და ბევრი მესაუბრა ხელოვნებაზე. შენ საინტერესო მხატვარი ხარ და თუ ისწავლი ისევე მუდამ, როგორც ახლა სწავლობ, შენგან კარგი მხატვარი დადგება. არ იფიქრო, რომ უკვე ყველაფერი იცი. არა, სიკვდილამდე ისწავლე! შეეჩვიე შენს ნაწარმოებებს, დაინახე შენი შეცდომა და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს სურათი, შეასწორე, თავი არ დაანებო. სურათზე შეიძლება, იმუშაო იმდენი, რამდენიც უნარი გაქვს, დაინახო შენი შეცდომა. 1927 წელს გამოვიდა ჩემი პირველი ლექსების კრებული. კრებულის გამოცემაში ძალიან დამეხმარა გალაკტიონი. მან მწერალ შალვა ალხაზიშვილთან ერთად მიმიყვანა გამომცემელ მერკვილაძესთან. წიგნი ძალიან მალე დაიბეჭდა და უცებ გავრცელდა კიდეც. ყველგან გამიცნეს, როგორც პოეტი. წიგნი შეიცავდა 32 გვერდს. 1927 წელს დავუმეგობრდი პოეტ დაისელს, და სხვებს. ამავე წელს, ზაფხულში წავედით სამოგზაუროდ ზესტაფონში, შემდეგ ჭიათურაში. ზესტაფონში რომ ჩავედით, უკვე გაკრული იყო აფიშა „პოეზისა და მხატვრობის საღამო“. ხალხი ძალიან ბევრი დაგვესწრო. ფოიეში გამოკრული იყო ჩემი სურათები. წაიკითხეს მოხსენება, ნახევრად ფუტურისტული. წაიკითხეს ლექსები. მეც წავიკითხე ჩემი ლექსები… მეორე დღეს იგივე განმეორდა ჭიათურაში, მაგრამ ზესტაფონის საღამოთი კმაყოფილებმა ჭიათურაში უფრო ფუტურისტული განხრით ჩავატარეთ საღამო… ხალხმა ყვირილი დაიწყო, სტვენა, წამოვიდა ლაყე კვერცხების მთელი წვიმა. დარბაზში ისეთი საშინელი სუნი დადგა, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი შეიქნა. ახალგაზრდა ჭიათურელმა პოეტმა გაგვაფრთხილა, რომ ჩვენი ცემა უნდოდათ და თეატრის შენობის სახურავიდან გაგვაპარა. ჩემი სურათები შეკრეს და მომიტანეს სადგურში. ჭიათურიდან ჩუმად გამოვიპარეთ, მერმედ გავიგეთ, რომ მეორე დღესაც გვეძებდნენ. ჩვენ კი უკვე ზესტაფონში ვიყავით. დაისელმა თავის სოფელში წაგვიყვანა და იქ შესანიშნავად გავატარეთ საღამო. რომ ეს არა, ჩემი პირველი გასვლა საგასტროლოდ ჩამმწარდებოდა. ეს იყო და ეს, მეტი საგასტროლოდ არავის აღარ წავყოლივარ.

1927 წელს, პირველ მაისს გაიხსნა თბილისის მხატვართა გამოფენა ახლანდელ პარფიუმერიის მაღაზიის შენობაში (რუსთაველის გამზირზე), სადაც ვმონაწილეობდით 35 მხატვარი. საერთოდ, მაშინ, გამოფენაზე მონაწილეობისათვის მხატვარი არაფერს არ იღებდა, სურათებს სახელმწიფო არ იძენდა. სურათების გალერეა ყურადღებას ნაკლებად გვაქცევდა. პირველად სურათებში ჰონორარი, სურათების შეძენის სახით, 1939 წელს მივიღე. 1939 წელს „ამიერკავკასიის“ ბოლშევიკების ისტორიის გამოფენაზე დაიწყო და აი, ამ წლიდან მხატვრების არსებობისთვის სახელმწიფომ შეგვიყვანა ბიუჯეტში. 1924 წელს დამნიშნეს ქალაქ თბილისის მე-19 შრომის სკოლაში ხატვის მასწავლებლად, სადაც ჩამოვაყალიბე სამხატვრო სტუდია. იმავე წელს, ასევე, დამნიშნეს პირველი ქართული საბავშვო სახლის ხატვისა და საკლუბო მუშაობის მასწავლებლად. იმ დროს ჩემთან ერთად მუშაობდნენ კომპოზიტორები – ცაგარეიშვილი და კარგარეთელი. ისინი უკეთებდნენ მუსიკალურ გაფორმებას და შემდეგ ჩემი რეჟისორობით ვდგამდით სცენაზე მუსიკალურ სპექტაკლებს. ამ ხანში ძალიან მძიმე წლები გამოვიარე.

„…ჭეშმარიტ ქართველ, პოეტთან ტერენტი გრანელთან დიდი ხნის ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებდა. დღეს მინდა, მოგითხროთ ერთი ეპიზოდი, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი (წიგნიდან „ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების“): 1923 წლის გაზაფხულზე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, მოსე თოიძემ რუსთაველის თეატრთან ახლოს, დღევანდელი კულტურის სამინისტროს შენობაში (ადრე „ჩემოს“ სახელით იწოდებოდა), გამართა თავისი სტუდიის მოწაფეთა ნამუშევრების დიდი გამოფენა. რამდენიმე სურათი მეც მქონდა აქ წარმოდგენილი.

მათ შორის ერთ ყველაზე დიდ ტილოს ეწოდებოდა „სევდა“. ეს გახლავთ ლამაზი ქალი, რომელსაც ტანზე გველი ჰყავდა შემოხვეული. სიმბოლურად ამ ნახატში ჩაფიქრებული მქონდა სამშობლო, მისი მძიმე ბედი. გამოფენას დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ერთხელ, მოულოდნელად, ერთი ახალგაზრდა მომიახლოდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა. – ყოჩაღ, მხატვარო, შენ კარგი სურათი დაგიხატიაო! – შემდეგ დასძინა: – მე ვარ პოეტი ტერენტი გრანელი! ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე შევცბი! ტერენტის მე დიდი ხანია, ვიცნობდი მისი წიგნებით, მისი შესანიშნავი ლექსებით, მაგრამ პირადად, იმ დღეს შევხვდი. საგამოფენო დარბაზი ძველი იყო, ნახანძრალი, ხანძრის შემდეგ არც კარი ჰქონდა, არც ფანჯრები და ყველგან ქარი დათარეშობდა. ერთ დღეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რამაც ძალიან შემაშფოთა. გავვარდი გამოფენის დარბაზისკენ და რას ვხედავ! მოსე თოიძე, ირაკლი თოიძე, მათი ბევრი მოწაფე უკვე მოსულან და დარბაზში მიმობნეულ ნახატებს აგროვებენ. ვხედავ, ჩემი ნახატები, რომელნიც ქაღალდზე მქონდა შესრულებული, იატაკზე მიმოყრილა და მათ ტერენტი გრანელი აგროვებს. მე ამან ძალიან ახლოს მაგრძნობინა ტერენტი გრანელი, როგორც ადამიანი, როგორც შემოქმედი, სხვისი შრომის დამფასებელი. ტერენტი მომიახლოვდა, მოგროვილი ნახატები გამომიწოდა და მითხრა: ნუ გეშინია, კორნელი! ეს სურათები ისევ აღდგება და შენ ამის გამო არ ინერვიულოო. არ გასულა დიდი დრო. ერთხელ, საღამო ხანს, კარზე კაკუნი გავიგონე. გავაღე; კართან გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი და დრამატურგი გენო ქელბაქიანი იდგნენ. სოფლიდან ჩამოტანილი „ადესა“ მქონდა. გამიხარდა მათი სტუმრობა. ოთახში შემოვიპატიჟე. მალე დაიწყო კამათი, საკუთარი ლექსების კითხვა. გალაკტიონმა რამდენიმე თავისი ახალი ლექსი წაიკითხა, ტერენტიმ – თავისი. მეც გავთამამდი და ჩემი ერთი მეტად სევდიანი ლექსი წავიკითხე. ტერენტის არ მოეწონა. ძალიან განაწყენდა. წასვლა დააპირა. გენო ქელბაქიანი წინ გადაუდგა, არ უშვებდა. ტერენტი ვერ დაწყნარდა, არ ჩერდებოდა. ახლა გალაკტიონიც ჩაერია საქმეში. მან ჩემ მაგიერ დადო პირობა, რომ მე ამის შემდეგ ასეთ სევდიან ლექსს არ დავწერდი. ამის შემდეგ ჩვენ კარგი განწყობილებით დავამთავრეთ იმღამინდელი შეხვედრა. სიკვდილამდე ასეთი განწყობილებით ვიყავი და ასე გულწრფელად ვმეგობრობდი ტერენტი გრანელთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა