რატომ გაუყიდეს დედამ და ძმამ ქალს ორი შვილი და როგორ იპოვა და-ძმამ ერთმანეთი 30 წლის შემდეგ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 20.07, 2021 წელი
თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილი ჯგუფი - „ვეძებ“ ბევრ ადამიანს დაეხმარა საკუთარი წარსულის შესახებ სიმართლის გაგებასა და ოჯახის წევრების პოვნაში. მათ შორის არიან ლანა და გიორგი – და-ძმა, რომლებმაც ერთმანეთი 30 წლის შემდეგ იპოვეს, თუმცა მანამდე ერთმანეთის არსებობის შესახებ არც კი იცოდნენ.
ლანა თავაძე: არ ვიცოდი, რომ ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი. ეს 22 წლის ასაკში გავიგე. საღამოს მე და დედიკო მაია ასათიანის „პროფილს“ ვუყურებდით ამ თემაზე და დედას ვკითხე, მზად ხარ, რომ მომიყვე ყველაფერი-მეთქი? რადგან მე წამოვიწყე ამაზე საუბარი, დედამ ჩათვალა, რომ მე მზად ვიყავი მოსასმენად და მომიყვა, რაც იცოდა.
– ეს კითხვა რატომ გაგიჩნდათ?
– ამას გარკვეული წინაპირობა ჰქონდა. შემთხვევით გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ჩემზე მამას ბიძაშვილი თავის დას: რა კარგი გოგოა, როგორ ახლოს არის და როგორ გიდგას გვერდით, მით უმეტეს, რომ იცის, ჩვენი სისხლი და ხორცი არ არისო. არადა, წარმოდგენა არ მქონდა. ეს ამბავი ცუდად არ მიმიღია. ვითომ არც არაფერი გამიგია. დედასთან წამოვედი და იმავე დღის ბოლოს იყო, ეს რომ ვკითხე. არ მქონია გაუცხოების მომენტი გამზრდელ მშობლებთან, არც იმაზე მიდარდია, ვაიმე, რატომ გამაშვილეს, რატომ არ ვუნდოდი ბიოლოგიურ მშობლებს-მეთქი. პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ ასე კარგად გამზადა ქალმა, რომელიც თურმე, ჩემი ბიოლოგიური დედა არ ყოფილა.
– რა მოგიყვათ დედამ?
– დედამ რაც მომიყვა, ის მერე მართალი არ აღმოჩნდა. დედამ მითხრა, რომ მე ტყუპისცალი ვიყავი. ბიოლოგიური დედისთვის მეექვსე თუ მეშვიდე შვილი და ჩვენი რჩენა არ შეეძლო, ამიტომ გამაშვილეს. შემდეგ გაირკვა, რომ სინამდვილეში, ჩემს ბიოლოგიურ დედას და მამას უთხრეს, რომ მეც და ჩემი ძმაც გარდავიცვალეთ. ჩვენს დაბადებამდე დედას ნამდვილად შეეძინა გარდაცვლილი ბავშვები და როგორც ჩანს, ექთანმა შემდეგ მშობიარობაზეც რომ მოატყუა, ადვილად დაიჯერა და შეეგუა. მერე ექთანმა, რომელიც ამ საქმეში იყო გარეული, ბაბუას, მამის მამას უთხრა, რომ მე და ჩემი ძმა ცოცხლები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ადგილსამყოფელი არ იცოდა. მას შემდეგ გვეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ჩემსა და ჩემს ძმას შორის წელიწადი და სამი თვეა სხვაობა, ჩვენ ტყუპები არ ვყოფილვართ. მერე ძალიან დიდი დაპირისპირება მომხდარა დედაჩემისა და მამაჩემის ოჯახებს შორის და ჩვენი მშობლები დაშორებულან. წლების შემდეგ მამამ მეორე ცოლი შეირთო. მამა 15 წლის წინ გარდაცვლილა, თუმცა მეუღლე და ორი არაჩვეულებრივი შვილი დატოვა. ისე გარდაიცვალა, რომ ცოცხალ შვილებს ვერ მიაკვლია. ბაბუასაც თქვენს ნატვრაში ამოხდა სულიო, გვითხრეს.
– დედას რა ბედი ეწია?
– დედასაც მეორე ოჯახი ჰყავს, მაგრამ შვილები აღარ შესძენია. მე და ჩემი ძმა ვაპირებთ მის მონახულებას, მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცით. შესაძლოა, რაღაც გაიგო კიდეც ჩვენი არსებობის შესახებ, ან ჩვენმა გამშვილებელმა უთხრა რამე. ვიცი, სად ცხოვრობს, მაგრამ არ მინდა, ცუდ დღეში ჩავაგდოთ 30 წლის შემდეგ გამოცხადებით და ვფიქრობთ, რამე გამოსავალი მოვძებნოთ.
– გამშვილებელი ახსენეთ, ვინ არის ადამიანი, რომელმაც თქვენ და თქვენი ძმა ოჯახს მოსწყვიტა?
– როგორც ვიცი, ბებია და ბიძა დედის მხრიდან. მათ ფინანსური ინტერესი ჰქონიათ. ჩემს ძმასთან, გიორგისთან, მიმართებაში რაღაც ინფორმაციას გაუჟონია და სიმართლე რომ არავის გაეგო ბებიას და ბიძას კიდევ მოუთხოვიათ ფული, დუმილის სანაცვლოდ.
– გამოდის, რომ დედის დედა და ძმა გამომძალველები იყვნენ.
– ასე ჩანს. ახლა დედაჩემის ძმამ ისეთი სიტყვები მომწერა, გეგონება ისეთი ბიძა იყო, გვერდიდან რომ არ მოგვშორებია. ახლა გაგახსენდათ, რომ თქვენი დის შვილი ვარ-მეთქი? ვუპასუხე. საშინლად მახსენდება მომენტი,
როცა სოფელში ჩავედი და მას გვერდით ჩავუარე. მე და გიორგი მამაჩემის ოჯახში მეორე ქორწინებაში შეძენილი უმცროსი ძმების სანახავად ჩავედით, ისიც შემოვიდა და იკითხა, ვინ ხართო. მამას ძალიან ვგავართ და ალბათ, მიხვდა ვინც ვიყავით, ჩვენც მივხვდით ის ვინ იყო და არაფერი გვითქვამს, რადგან, როგორც ვიცი, საშინელი ადამიანია. ფილმებში არ მინახავს ისეთი რამ, რაც მან გააკეთა. გარდა იმისა, რომ დას შვილები გაუყიდა, მოძალადე იყო, თურმე ძალიან ცუდად ექცეოდა დედას, ამბობენ, რომ საშინელებებს სჩადიოდა.
– თუ ოჯახებს შორის განხეთქილება მოხდა, ამ ადამიანს მამის ოჯახში რა უნდოდა?
– სამწუხაროდ, მეზობლები არიან. სოფელში არასდროს არავის ვენახეთ და რომ ჩავედით, დაინტერესდა, ვინ ვიყავით. ისე გვიყურებდა, რომ ორივე კარგად მივხვდით ყველაფერს. მერე ჩემი ამბავი გაიგო და მომწერა თბილად და მზრუნველად. მე რომ ასე ვუპასუხე, მითხრა, ვინ მოგატყუა, რომ მე ამ საქმეში ვარ გარეულიო? აღარც მოვუსმინე.
– რამდენჯერმე ვახსენეთ უფროსი ძმა – გიორგი, მასთან შეხვედრის ემოციური კადრები მთელმა საქართველომ ნახა. ის როგორ იპოვეთ?
– გიორგი ხაშურის ერთ-ერთ სოფელში გაუშვილებიათ. ხუთი წლის ყოფილა, როცა მის აღმზრდელ მშობლებს საშიშროება უგრძნიათ, რადგან ეს ის პერიოდია, როცა მამაჩემის ოჯახს სიმართლე გაუგია და ბაბუა აქტიურად გვეძებდა. გიორგის დედა ბერძენია და მშობლებმა გადაწყვიტეს, სიტუაციასთან გასარიდებლად, საბერძნეთში წასულიყვნენ. 25 წელი იქ ცხოვრობდნენ. მხოლოდ ორი წლის წინ დაბრუნდნენ საქართველოში. თავიდან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მე ვიყავი გაშვილებული და დანარჩენი დედმამიშვილები ბიოლოგიურ დედასთან იზრდებოდნენ, მაგრამ მერე სულ სხვა რეალობა აღმოვაჩინე. როცა გიორგის არსებობის შესახებ გავიგე და ისიც მითხრეს, რომ გიორგიც ჩემსავით გააშვილეს, დავიწყე მისი ძებნა. ამ პროცესში ძალიან დამეხმარა ჩემი ბიოლოგიური დედის მოგვარე შორენა ხუციშვილი. ჩემი სოფლის მეზობელ სოფელში ცხოვრობს. დედაჩემის სახელი და გვარი ვიცოდი, მამაჩემის სახელიც ვიცოდი, მერე გავიგე, რომ მამა დაღუპული იყო და მამიდა მოვიძიე. ის ესპანეთში აღმოჩნდა და რომ დავურეკე და „თვალით“ მნახა, გაგიჟდა, დეენემის ტესტიც კი არ მჭირდება, ჩემი ასლი ხარო.
ველოდი, რომ ცუდად შემხვდებოდნენ, გაუჭირდებოდათ ჩემი მიღება, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ შემომიბრუნდა, მამის მხარეს ყველამ ძალიან კარგად მიმიღო. მამიდამ მითხრა, რომ მათთვის ჯერ უთქვამთ, გოგო გადარჩა ცოცხალიო, შემდეგ ბიჭიო და რადგან შენ მართლა ცოცხალი ხარ, იქნებ შენი ძმაც ცოცხალიაო. აქაც შორენა დამეხმარა. სოფლებში, თუკი ვინმეს იცნობდა, ექთანი იყო თუ ექიმი, დაეკონტაქტა, არქივი გადავქექეთ და გავედით გიორგის კვალზე. ისიც გავიგეთ, რომ საბერძნეთში წაიყვანეს მშობლებმა. სახელი და გვარი ვიცოდით და ყველა სოციალურ ქსელში ვეძებდით. პირველად მისი აღმზრდელი მამის დისშვილი ვიპოვეთ და მასთან გადავამოწმეთ გიორგი ნამდვილად ნაშვილები იყო თუ არა. ჩვენი ეჭვი დადასტურდა.
ამის შემდეგ გიორგის მეგობრობა გავუგზავნე, მაგრამ არ დამიმატა. მერე კიდევ ერთხელ გავუგზავნე თხოვნა და დამეთანხმა. მოვიკითხე, დეტალები გამოვკითხე წარმომავლობის შესახებ, ესა და ეს, ამის და ამის შვილი ხარ-მეთქი? მითხრა, ცოტა არ იყოს, მაშინებ, ამდენი საიდან იცი ჩემ შესახებ, ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში და ბევრ ნათესავსაც არ ვიცნობ, ჩემი ახლობელი ხარო? მე ვუთხარი, ნათესავზე მეტი ვარ-მეთქი. მწერს, არ დამცინო და გეტყვი გული რას მიგრძნობსო. დავპირდი, რომ არ დავცინებდი და მეუბნება, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემში რაღაც შეივსო. შენში არის რაღაც ისეთი, რაც ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე, თითქოს დაკარგული და ეძებს ძმასო. მე ვუპასუხე, რამდენი ხანია, გეძებ, ძმაო, მე შენი და ვარ-მეთქი, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვუთხარი.
– რთული არ აღმოჩნდა ამის გაბედვა?
– კი, რთულია, თან, მან ისიც კი არ იცოდა, რომ აყვანილი იყო. ძალიან გამიჭირდა თქმა, მაგრამ მაინც ვამჯობინე პირდაპირ მეთქვა, თვითონაც რომ ასეთი სიტყვები მითხრა, ამით ძალიან დამეხმარა. ისე ძალიან გაუხარდა, აქეთ დავრჩი გაკვირვებული, ჯერ არაფერი გაუგია და ასე რა უხარია-მეთქი (იცინის). მერე მეკითხება, დედაჩემის შვილი ხარ თუ მამაჩემის, ასე რატომ მოგექცნენ, რატომ დამაშორეს შენთანო? ეგონა, რომ მისი აღმზრდელი ერთ-ერთი მშობლის შვილი ვიყავი. არცერთის, მაგრამ შენ ჩემი ძმა ხარ-მეთქი. ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. წინა დღით მამამისს ვესაუბრე და მან დამიდასტურა, რომ გიორგი ნამდვილად ჩემი ძმა იყო. ეს საუბარი ჩავიწერე და გიორგის გავუგზავნე. ამის მჯერა, ჩემი გული აქამდე თითქოს დამსხვრეული იყო და ახლა გამთლიანდა, ის ადგილი შეივსო, რომელიც აქამდე აკლდაო, მეუბნება. მშობლებსაც დაელაპარაკა. თავიდან მათ ცუდი რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ მერე აღიარეს, რომ მისი და ვიყავი. ახლა ისე ზრუნავენ ჩემზე, რომ ვერც წარმოვიდგენდი. ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ.
– როგორი იყო გიორგისთან შეხვედრა?
– ჯერ გიორგის შევხვდი და მერე ორივემ ერთად ჩვენი უმცროსი ძმები ვნახეთ. ყველა ძალიან ბედნიერები ვართ. მამაჩემის მეუღლემ ძალიან კარგად მიიტანა ეს ამბავი შვილებამდე და მათაც კარგად მიიღეს. მამა ყოველთვის გოგოს ნატრობდა, ჩვენც გვინდოდა, პატარა დაიკო გვყოლოდა, მაგრამ დიდიც კარგიაო, მითხრეს (იცინის). ჩვენს შორის უფროსი გიორგი არის, ის 31 წლისაა, მე 30-ის ვხვდები. უმცროსები შედარებით პატარები არიან. ახლა ერთ-ერთის დაბადების დღეზე ვაპირებთ ჩასვლას და დედის მონახულებასაც ვგეგმავთ.
– ალბათ, აღმზრდელი მშობლები ცოტას განიცდიან...
– კი, განიცდიან, დედა თავიდან მეუბნებოდა, ნუ ჩქარობო, მაგრამ ისე შეიყვარა ჩემი ძმები, ვერ წარმოიდგენთ. მამაჩემის მეუღლე ენით აღუწერელი ადამიანია და დედიკოს ერთი სული აქვს, პირადად როდის გაიცნობს მას.
– თქვენ შვილი გყავთ?
– ორი შვილი მყავს, ერთი 15 წლისაა და მეორე – 12-ის. უფროსი ჩემი ძმის ტოლია. მათაც ძალიან უხარიათ, თუმცა ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ბავშვები ნორმალურად ვერ გაერკვნენ. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ძმების პოვნით. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი და ვნახოთ, სად მიგვიყვანს წარსულის ძიება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





