საზოგადოება

რატომ გაწვა კოტე მახარაძე სერგო ზაქარიაძის ფეხებთან და როგორ ჩარგო თავი მის ჩექმებში

№29

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 26.07, 2022 წელი

კოტე მახარაძე
დაკოპირებულია

„ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა – თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს!“ – ორმოცი წლის წინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დასრულების შემდეგ, კოტე მახარაძის ნათქვამ ამ ფრაზას, რომელიც „უეფამ“ უდიდეს ჰიტებში შეიყვანა, თავისი პატარა ისტორია აქვს. ამ კომენტარის გამო კოტე მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოჰკითხა, რომ გაეგოთ, რომელ „ქვეყანას“ გულისხმობდა ის, რადგან ბევრმა იმ დროს ამ ფრაზაში, საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა. თუმცა, კოტე მახარაძის მორიგი დღიურები ამ ისტორიულ მატჩს არ ეხება. ამჯერად მისი ცხოვრების სხვა ეპიზოდებს გაგაცნობთ.

მატყუარა, მატყუარა

1999 წლის 10 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში კარლო საკანდელიძის შემოქმედებითი საღამოს წამყვანი კოტე მახარაძე იგონებდა: „მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა „მოტრაბახეთა კლუბი“, სადაც ერთმანეთზე უარესი მატყუარები ვიყავით გაერთიანებული. ერთხელ, კამათისას, ვიღაცას წამოსცდენია, რომ დიდი ლოქო დაიჭირა, სოსო ლაღიძეს კი უთქვამს, ერთხელ იმხელა ლოქო დავიჭირეთ, ცხენზე გადავკიდეთ და კუდი ერთ მხარეს ეთრეოდა მიწაზე, თავი – მეორე მხარესო. კარლო, თურმე, მხოლოდ ჩაიცინებდა და ხმას არ იღებდა. როდესაც მისი რიგი დამდგარა, ისეთი ტყუილი უთქვამს, რომ ბიჭები სიცილით დახოცილან. იგი ამტკიცებდა, ჩემი თვალით ვნახე, მდინარის ნაპირას წყლის დასალევად ჩასული კამეჩი ლოქომ როგორ გადაყლაპაო“.

ოხ, ეს „ხულიგანი“ კოტე

დიმიტრი ღვთისიაშვილი იხსენებს: ერთხელ „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქს“ ვთამაშობდით გასვლით სპექტაკლად რუსთავის რაღაც კლუბში. თეატრი რემონტზე იყო, კლუბის სცენა კი იმდენად პატარა იყო, რომ სოფიკო ხუმრობდა, გივის საწოლს და მაგიდას რომ დადგამთ, მე კულისებიდან უნდა ვითამაშო, სცენაზე ვეღარ დავეტევიო. მერე ჩვენ, „მასოვკას“, გვაშაყირებდა – ჩვენი როლები აივნებზე გადმოდგომასა და საერთო მხიარულების შექმნაში გამოიხატებოდა. სად იყო აივნები, მთავარი როლები თვითონ ძლივს ეტეოდნენ. ჩვენ შევეგუეთ, რომ ტყუილად ვიყავით წასულები და კულისებში მოვეწყვეთ, „შუმების“ შესაქმნელად. სოფიკომ გააფრთხილა გივი, ნუ გაჭიმავ რა, კოტემ უნდა მომაკითხოს და სასწრაფო საქმეზე უნდა წავიდეო... მერე კი ხუმრობდა, ეს რამ მათქმევინა, არ ვიცოდი, ესენი რა „შტუკასაც“ მიზამდნენო, თუმცა მთლად ისე არ მოელოდა, რა მოვლენები განვითარდებოდა. მოკლედ, აქეთ გივი ბერიკამ, იქით მალხაზ გორგილაძემ ჭიმეს და ჭიმეს სპექტაკლი, ამასობაში ბატონი კოტეც ჩამოვიდა, მაგრამ რას იზამდა, ჯერ შუაწელში იყვნენ. მეორე მოქმედების დასაწყისში დაბადების დღის ეპიზოდში, ცეკვა იყო. ცეკვავდნენ სოფიკო და მალხაზი, გივი კი მათზე ეჭვიანობდა. ამ დროს სცენაზე, ხათუნა ხობუასთან და ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ცეკვა-ცეკვით, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ბატონი კოტე შემოვიდა – მერაბ თაბუკაშვილს რაღაც შლაპა აართვა, დათო დვალიშვილს მოსასხამი და „მასოვკაში“ ცეკვა-ცეკვით შემოიპარა. ხალხმა იცნო და უცებ იგრიალა ტაშმა. ასე სახალხო არტისტს შეხვდნენ, თან, ცოტა გაკვირვებულებიც. ასეთი ცნობილი კაცი თუ თამაშობდა, აფიშაზე რატომ არ ეწერაო? უცებ ბატონი კოტეს ხმა: ამალია, რა დროს ცეკვაა, არ გახსოვს, რომ გვეჩქარება? და ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. გივი ბერიკაშვილმა, რომელიც სოფიკოს პერსონაჟის – ამალიას ქმარს თამაშობდა, იმპროვიზირებულად, პრაქტიკულად, ოტელოს ეჭვიანობის სცენა გაითამაშა. ვიღას ახსოვდა საწყალი დე ფილიპო. გენიალური არტისტები ახალ ნაწარმოებს ქმნიდნენ იქვე, მაყურებლის თანდასწრებით. იყო დიდი სიცილ-ხარხარი. გავერთეთ ყველა მონაწილე, არც მაყურებელმა დაიკლო გართობა, რადგან სცენაზე პიესას აცდენილი, თუმცა ნიჭიერების დღესასწაული მიმდინარეობდა. ყველაზე ხმამაღლა კულისებში გოგი თოდაძე – სპექტაკლის რეჟისორი იცინოდა. მოკლედ, სტუმრად ისე დააგვიანეს, რომ სპექტაკლი 2-ის ნაცვლად 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სცენაზე ზოგჯერ ასეთი „ხულიგნობებიც“ ხდება ხოლმე, რაც მაყურებელსაც ახალისებს და თეატრის კურიოზების ისტორიაშიც რჩება.

„ესესელი“

მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი: „კოტე მახარაძე, რომელსაც მომავალში გენიალურობა ეწერა, მაშინ თბილისის რუსთაველის თეატრის დასის წევრი იყო და სხვადასხვა ადგილას კონფერანსიედ მუშაობითაც ჰქონდა დამატებითი შემოსავალი. მისი ყველაზე საყვარელი სპექტაკლი იყო მოკლე დადგმა, რომელიც საბჭოთა პარტიზანებს ეძღვნებოდა. დაახლოებით რვის ნახევარზე კოტე მახარაძეს, რომელიც ფაშისტს თამაშობდა, თავის ფაშისტურ ზურგში ტყვია ხვდებოდა, ყვირილით ეცემოდა სცენის მიღმა, სასწრაფოდ გარბოდა, ფაშისტის ფორმას იხდიდა, ადამიანურ სამოსს იცვამდა და „ლუკმაპურის საშოვნელ სამსახურში“ მიდიოდა. ერთხელაც „პარტიზანებმა“ პირი შეკრეს და მახარაძეს თავისი კუთვნილი ტყვია ზურგში და კულისებში კი არა, გულში და დეკორაციებს შორის ყოფნისას მოხვდა. რაღას იზამდა – დაეცა. თან ხანგრძლივი სცენაა. არადა, ოც წუთში კონცერტია. და აი, პარტიზანები ხედავენ, რომ ფაშისტი მოკლული არ არის, უბრალოდ დაჭრილია. კვნესის და კულისებისკენ მიცოცავს! პარტიზანებმა მას თავში რამდენიმე საკონტროლო გასროლა მიაყენეს, მაგრამ არ გაჭრა. სიცოცხლისუნარიანი ფაშისტი ავტომატების ჯერით ერთიანად დაცხრილეს, მაგრამ ის კულისებისკენ ცოცვას ჯიუტად არ წყვეტდა – „ესესელს“ სრულიად განსაცვიფრებელი სიცოცხლის ჟინი აღმოაჩნდა! და მაშინ, ლეგენდის მიხედვით, მოხუცი პარტიზანი – ეს დიდი სერგო ზაქარიაძე იყო – მცოცავ ფაშისტს ლამის კულისების შესასვლელთან წამოეწია და გზა გადაუღობა. ახალგაზრდა ფაშისტმა მახარაძემ თავი კორიფეს ჩექმებში ჩარგო და დადუმდა, გული ცუდს უგრძნობდა. ზაქარიაძე ჯარისკაცის სხეულის გვერდით ჩამოჯდა, ხელი თმაში ჩაავლო, თავი აუწია, სახეში ჩახედა და დიდმნიშვნელოვნად თქვა: „მკვდარია“. და მახარაძე სცენის დასრულებამდე ასე იწვა“.

ზარი პუტინისგან და მილანძღული რუსეთი

2001 წელს ბევრი რამ მოხდა დიდი მაესტროს ცხოვრებაში. იუბილარს არნახული შეხვედრები მოუწყვეს თბილისსა და მოსკოვში. ყველაზე მოულოდნელი მაინც საიუბილეო თარიღის აღნიშვნისას მოხდა – რიტუალების სასახლეში საზეიმო საღამოს მსვლელობისას ბატონ კოტეს 75 წლისთავი სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა მიულოცეს, მათ შორის, ტელეფონით – თვით ვლადიმირ პუტინმა. „...სიურპრიზი იყო ჩემთვის. პირადად არასდროს შევხვედრივარ. ამბობენ, სპორტსმენი იყო, ძიუდოს ჭიდაობდაო. თავად მითხრა, ჭაბუკობისას ჩემი რეპორტაჟები არაერთხელ მოუსმენია. მაინც არა მგონია, მას ჩემი დაბადების დღე სცოდნოდა. ეტყობა, შესაბამისმა სამსახურებმა, სხვა ინფორმაციებთან ერთად, ესეც შეატყობინეს… წონასწორობიდან იმ მოფერებამ და იმ დიდმა სითბომ გამომიყვანა, რომელსაც საქართველოსა და ჩემ მიმართ იჩენდნენ: თქვე დალოცვილებო, თუ ასე გიყვარვართ, რატომ გვბომბავთ, რა გვაქვს საჩხუბარი, რატომ უნდა იყვნენ ჩვენ შორის გაჩხერილი ვიღაც ლეონტიევი და ძმანი მისნი, რომლებიც სხვათა შეკვეთით სპეციალურად ამღვრევენ წყალს. მოსკოვში ყველამ იცის, რომ ლეონტიევი დიდძალ ფულს იღებს, ცხადია, არაოფიციალურად, დამკვეთებისგან. ტელეგადაცემისას ლეონტიევს ვუთხარი კიდეც, შენ რა იცი, რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა რუსეთის მხრიდან ანექსიისას-მეთქი. ორასმილიონიან რუსეთს რომ ეუბნები იაფფასიანი ბროშურებიდან ამოკითხულ რიცხვს, თუ იცი, რომ რუსეთმა ჯერ ქართლ-კახეთი შეიერთა, მთელი საქართველოს დაპყრობას კი ნახევარ საუკუნეზე მეტი მოანდომა-მეთქი. კი მინდოდა, ერთი გემრიელად შემეკურთხებინა, მაგრამ თავი შევიკავე. მოსკოვიდან წამოსვლის წინა დღეს ცნობილ რადიოარხ „ეხო მოსკვის“ ეთერით მთელ რუსეთს მივმართე – დასჯის ის მეთოდი, რასაც საქართველოს მიმართ იყენებენ, შუა საუკუნეების მეთოდია, მსჯი იმიტომ, რომ შენი მონა-მორჩილი არა ვარ და დამოუკიდებლობა მინდა?! თუ ასე არ არის, მაშინ მითხარი, რა დამიშავებია?!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა