საზოგადოება

რატომ გამოთქვა მაიკლ ჯექსონმა ჯუნა დავითაშვილის ნახვის სურვილი

№20

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 03.06

ჯუნა დავითაშვილი
დაკოპირებულია

„ჩემი ცხოვრება შეიძლებოდა, სხვანაირად განვითარებულიყო, ალბათ, უფრო მარტივი და ბედნიერი ყოფილიყო... ბიოველით განკურნება პატარა ასაკიდან შემიძლია. მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს, რა მქონდა. სნეჟევსკიმ (საბჭოთა ფსიქიატრი, საშინაო ფსიქიატრიის ერთ-ერთი სკოლის დამფუძნებელი) თქვა: „ჯუნა მესამე ათასწლეულის მეცნიერებაა“.

„ჯუნას ეპოქა“ – ასე უწოდა ფართო საზოგადოებამ მის მოვლენას. ჯუნა დავითაშვილი გახლდათ მეცნიერი, 131 მსოფლიო აკადემიის აკადემიკოსი, დიზაინერ-გამომგონებელი, ექიმი, მხატვარი, პოეტი, კომპოზიტორი, 1985 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1991 წელს „ჰოლივუდში“ გამართული „მსოფლიოს ქალის“ ფესტივალის ლაურეატი. მას მიენიჭა პაპის ბულა და 30-ზე მეტი შიდა და უცხოური ორდენი და მედალი, მათ შორის ხალხთა მეგობრობის ორდენი, ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის ასურული რელიგიური ორდენი – „BAO-ს ქალღმერთი“, ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩილეს ორდენი მშვიდობისთვის, წმიდა მარკოზის ოქროს ლომის იტალიური ორდენი, გაეროს მსოფლიო მშვიდობის მედალი, შრი-ლანკის სამეფო ექიმების ორდენი, მალტის რაინდების სამხედრო ორდენი „იერუსალიმის წმინდა იოანეს“, „საპატიო ქალბატონის“ სამხედრო ორდენი, მედალი „გამბედაობისთვის“, მშვიდობის კომიტეტის ოქროს მედალი, იუნესკოს უმაღლესი სამედიცინო ჯილდო – ალბერტ შვაიცერის ორდენი, ეკონომიკური მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი. ის ასურეთის უგვირგვინო დედოფალი და უბრალოდ, ლამაზი ქალი იყო. ცაზე, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, მისი სახელობის ვარსკვლავი ანათებს. მისი სახელია ჯუნა. ჯუნა მთელ მსოფლიოში ცნობილი და პატივსაცემი იყო, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ დიდების გარეგანი ბრწყინვალების მიღმა რთული ქალის რთული ბედი იმალება, რომელმაც განსაცდელებისა და ტანჯვის ჯვარცმა გაიარა. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ: აღმაფრენიდან – დაცემამდე.

2015 წლის 13 ივნისი. როცა თბილისში სტიქია მძვინვარებდა, მოსკოვში ჯუნა დავითაშვილს ასაფლავებდნენ. ამ დღეს საქართველოს დედაქალაქში, სადაც ჯუნამ სახელი გაითქვა და მომავალი მეუღლე გაიცნო, ადამიანები სიკვდილს ებრძოდნენ. არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ბედისწერა, თუმცა მისი ცხოვრება ყოველთვის მისტიკურ საბურველში იყო გახვეული... ჯუნას ბიოგრაფიის ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ თბილისმა მის ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა: რომ არა მისი წარმატება საქმეში, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მოიპოვა, ოჯახურ გარემოში, ქმარ-შვილთან ერთად, მშვიდად იცხოვრებდა. აღიარების შემდეგ კი, ჯუნას სულს სიმშვიდე აღარ ეწერა.

...და, აქედან დაიწყო მისი აღიარება

ასურელი ნათელმხილველი, მკურნალი, ასტროლოგი, პოეტი და ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ჯუნა დავითაშვილი (ევგენია იუვაშის ასული სარდისი) 1949 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში დაიბადა, ირანიდან ემიგრირებული იუვაშ სარდისის (ზოგიერთი წყაროთი – სარკისიანი) ოჯახში. 24 წლის იყო, როცა როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ თბილისს მოაშურა, თუმცა შესაბამისი სამსახური ვერ იშოვა და სასტუმრო „ივერიასთან“ მდებარე კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა. თბილისში პავლოვის ქუჩის 23 ნომერში ცხოვრობდა. სწორედ ამ ოროთახიან ბინაში მიიღო პირველი პაციენტები ჯუნა დავითაშვილმა. თბილისში გაიცნო მომავალი მეუღლე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი – ვიქტორ დავითაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში ცოლად გაჰყვა. მამით ასურელი და დედით კაზაკი ჯუნა სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის – ვიქტორ დავითაშვილის გვარს ატარებდა და მას პატივისცემით მოიხსენიებდა. ჯუნას მული ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავიდან პერსპექტიული პარტიული მუშაკის ოჯახი უკმაყოფილო იყო უბრალო ოფიციანტის რძლობით, მაგრამ გოგონამ მალე მოახერხა, ყველასთვის თავი შეეყვარებინა. კეთილი ბუნების ჯუნა ცდილობდა, დახმარებოდა ყველას, ვინც ამას საჭიროებდა, ამიტომ ალტერნატიული მედიცინით მკურნალობის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა. ჯუნას პირველ პაციენტებს შორის იყვნენ საქართველოს ცკ-ის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი. ალტერნატიული მედიცინის შესაძლებლობები და ჯუნას ფენომენი შეუმჩნეველი არც მოსკოვში დარჩენიათ. ჯუნას ფენომენის გამოსაკვლევად თბილისში, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლაი ბაიბაკოვის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფი ჩამოვიდა. დაადგინეს, რომ მისი ბიოველი ასჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანის ბიოველს და აქედან დაიწყო მისი აღიარება.

უბრძანეს და დაემორჩილა

1980 წლის აპრილში, 5 წლის შვილთან, ვახტანგთან, ერთად, ჯუნა თითქმის ძალდატანებით წაიყვანეს მოსკოვში. ქალმა ძალიან განიცადა მეუღლესთან და ოჯახთან დაშორება. „ვიქტორს უნდა მოეხერხებინა ჩვენ გვერდით ყოფნა. ის მოსკოვში შინაგან საქმეთა მინისტრ ნიკოლაი შჩოლოკოვის გამოძახებით ჩამოვიდა და სთხოვა, თუ შეიძლება, თავი დაანებეთო, მაგრამ – უბრძანეს და დაემორჩილა“, – ასე იხსენებდა ჯუნა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთში იძულებით გადაყვანას. ამ დროიდან დავითაშვილის, როგორც მკურნალისა და ექსტრასენსის, სახელი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ხდება. 1980 წლიდან მოყოლებული, ჯუნა დავითაშვილმა 10 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეძლო. ის უარს არავის ეუბნებოდა და აღნიშნავდა, რომ მისთვის ფული ნაკლებად მნიშვნელოვანია. სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობდა ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვისაც ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. რაც შეეხება „ელიტურ პაციენტებს“, სხვადასხვა დროს ჯუნა დავითაშვილთან მკურნალობდნენ საბჭოთა კავშირის ლიდერები ლეონიდ ბრეჟნევი და მიხეილ გორბაჩოვი; რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი; მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი; მსახიობები რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, ჯულიეტა მაზინა, არკადი რაიკინი; რეჟისორები ფედერიკო ფელინი, ანდრეი ტარკოვსკი; მომღერალი იგორ ტალკოვი და ბევრი სხვა. იმ სამ ადამიანს შორის ერთ-ერთი, რომლის ნახვის სურვილიც მოსკოვში გასტროლებზე მყოფმა მაიკლ ჯექსონმა გამოთქვა, ჯუნა იყო.

განდეგილი, ორი პასპორტი და ორი ბიბლია

1994 წლის ივნისში ჯუნა კოლომბოს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერად აირჩიეს, 5 წლის ვადით. იმავე პერიოდში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მრჩეველი გახლდათ. 1994 წელს დააჯილდოვეს ხალხთა მეგობრობის ორდენით. წერდა ლექსებს, მღეროდა და ხატავდა. 2001 წელს ჯუნას უბედურება დაატყდა თავს – მის ერთადერთ შვილს, 26 წლის ვახტანგს ავარიის შედეგად ხერხემალი და ფუძის ძვალი დაუზიანდა, თავში კი, უზარმაზარი სისხლჩაქცევა გაუჩნდა. ვახტანგის მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, თუმცა დედამ უკონტაქტო მასაჟის წყალობით შვილის ფეხზე დაყენება შეძლო. ამის შემდეგ კი, ვახტანგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეგობრებთან ერთად აბანოში წასვლა, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა. ვახო დედის დაბადების დღეს – 22 ივლისს იყო დაბადებული და, როგორც თავად ჯუნა აღნიშნავდა, მათ განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდათ. შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯუნა სახლში ჩაიკეტა და ბოლო 14 წლის განმავლობაში განდეგილივით ცხოვრობდა. ჯუნა დარწმუნებული იყო, რომ შვილი მტრებმა მოუკლეს. ორჯერ სუიციდის მცდელობაც ჰქონდა, მისი ენერგია გაქრა, მკურნალობა აღარ შეეძლო, სწრაფად დაბრმავდა... ჯუნა დავითაშვილი 2015 წლის 8 ივნისს, 66 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ვაგანსკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაასაფლავეს – ეს დღე იყო 13 ივნისი. მას ცხოვრებაში ცნობილ ადამიანთა შორის უამრავი მეგობარი ჰყავდა, თუმცა მის დაკრძალვაზე, როგორც, რუსული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, მათგან ბევრი არ მისულა... ცოტა ხნის შემდეგ გარდაცვლილი ექსტრასენსის, ჯუნა დავითაშვილის არბატზე მდებარე ბინიდან მისი ანდერძი, დოკუმენტები და ფულადი დანაზოგი დაიკარგა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა LifeNews-ს ექსტრასენსის ოჯახში განუცხადეს. მეგობრების თქმით, ბოლო წლის განმავლობაში ჯუნა რეანიმაციაში ოთხჯერ მოხვდა და სიკვდილისთვის ემზადებოდა. სახლში სეიფის გახსნის შემდეგ ნათესავებმა შიგნით ვერც დოკუმენტები და ვერც ექსტრასენსის ანდერძი ვერ აღმოაჩინეს – მხოლოდ ორი ძველი პასპორტი და ორი ბიბლია.

ჯუნას ოჯახის საიდუმლოებები

ჯუნა ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი მისი ასისტენტი ვიქტორ დავითაშვილი იყო, ხოლო მეორე, პროდიუსერი იგორ მატვიენკო, თუმცა, თავად მიიჩნევდა, რომ მეორე ქორწინება უფრო ფარსი იყო – წყვილი დაქორწინდა, როგორც ახლა იტყვიან, „აჟიოტაჟის ასატეხად“. ისინი ქორწილიდან რამდენიმე დღეში განქორწინდნენ. ჯუნას თქმით, იგი მატვიენკოსგან ქორწილის მეორე დღეს გაიქცა. მატვიენკოს თქმით კი, მათი ერთად ცხოვრება, დაახლოებით, ორი კვირა გაგრძელდა. რომელი ვერსიაა სიმართლე, ზუსტად არავინ იცის. ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, აქაც გავრცელდა ჭორები, რომ ვახტანგი ნაშვილები იყო, რომ ჯუნამ 1975 წელს ქალიშვილი, ემა, გააჩინა, თუმცა, ბავშვი გარდაიცვალა და ამის შემდეგ მან, ბიჭი, სწორედ ვახტანგი იშვილა, რითაც მის ოჯახს ბავშვისთვის მნიშვნელოვანი გამოსასყიდი გადაუხადა. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მკურნალმა ბავშვთა სახლიდან მეორე ბიჭი იშვილა, რათა ვახტანგს ოჯახში თანაგუნდელი ჰყოლოდა. გარკვეული დროის შემდეგ აყვანილი ბიჭი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. რა არის სიმართლე და რა – ფანტაზია ამ ჭორებში, ესეც უცნობია.

ვინ იყო ჯუნა სინამდვილეში

ამბობენ, რომ ჯუნა იყო გამონათქვამის ცოცხალი განსახიერება: „ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია“. ის კარგად ხატავდა, ლამაზად მღეროდა და სცენაზე თავის მუსიკოს მეგობრებთან ერთად გამოდიოდა. ასევე, დაინტერესებული იყო მოთხრობების, ლექსებისა და სიმღერების ტექსტების წერითაც. ზოგი ამბობს, რომ მის ნახატებს განსაკუთრებული აურა ჰქონდა, ზოგი კი ამბობს, რომ ჯუნას საერთოდ არაფერი დაუხატავს და მის მიერ დაქირავებული სამხატვრო სკოლის სტუდენტები ხატავდნენ მისი მითითებით. ამას გარდა, ამბობენ, რომ ჯუნა და მისი მიმდევრები ახსენებდნენ სამედიცინო მოწყობილობების პატენტების დიდ რაოდენობას. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბიოკორექტორი „ჯუნა-1“, რომელსაც თავად მკურნალი იყენებდა პაციენტებთან დამღლელი, მრავალსაათიანი ვიზიტის შემდეგ. ექსტრასენსი ამტკიცებდა, რომ მან განკურნა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების მსხვერპლნი, შეამცირა რადიაციის დონე საავადმყოფოში, შეცვალა მძიმე წყლის სტრუქტურა ბირთვული ფიზიკოსებისთვის და ასევე განკურნა ალან ჩუმაკი ალკოჰოლიზმისგან, ხოლო ვანგა – ჰიპერტენზიისგან. ის ადვილად კურნავდა ასთმას, პარკინსონის დაავადებას და გაფანტულ სკლეროზს.

ხშირად მესიზმრება

და აი, რა თქვა ჯუნამ ერთ-ერთ ინტერვიუში: „მე სოფლიდან ვარ, რომელიც ჩემთვის მსოფლიოში ყველაფერზე ძვირფასია. მამაჩემი სარდისის ცნობილი ოჯახიდანაა. სხვათა შორის, სარდისის ეკლესია ახალ აღთქმაშია მოხსენიებული. ის, ურმიაში ომამდელ წლებში ჩავიდა და იქ დარჩა, კოლმეურნეობაში მუშაობდა. ჩემი ოჯახი ამბობს, რომ მამაჩემის ასლი ვარ. დედაჩემისთვის ძალიან უცნაური ვიყავი. მახსოვს, როგორ აღვნიშნავდით ახალ წელს ურმიაში, რომელიც ასურელებისთვის აპრილშია. ყველა კლუბში დადიოდა და საგალობლებს მღეროდა. ზაფხულში, ჩვენ, ბავშვები, ყანაში სიმინდის ჩალას ვაგროვებდით, ვაბარებდით და ფულს ვიღებდით. ათი წლის ასაკში, მოსავლის აღების დროს, მარცვლეულის სატვირთო მანქანებს მივყვებოდი... ხშირად მესიზმრება, როგორ დავრბივარ ფეხშიშველი დილით ადრე ყუბანის სტეპში და ვბანაობ ნამში“. უცნობია, მოახერხა თუ არა ჯუნამ თავისი ოცნების ასრულება, რადგან ჯუნა იშვიათად სტუმრობდა თავის პატარა სამშობლოს... სწორედ, აქ, ჩავარდა ჭაში პატარა ჯუნა, რომლის შემდეგაც მას ხილვები დაეწყო.

ხულიგანი ექსტრასენსი და მთელი პოლიტბიურო

„არკადი რაიკინი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ჩემთან სეანსების შემდეგ მისმა მეუღლემ ნორმალურად ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ინსულტის შემდეგ მისი მეტყველება ისევ დაქვეითდა. თავად რაიკინი ჩემთან პირველად სრულიად გატეხილი მოვიდა, ყავარჯნებით. რამდენიმე სეანსის შემდეგ თავი კარგად იგრძნო, თითქოს ხელახლა დავიბადეო, ამბობდა. სცენაზე დაბრუნდა და აღიარა, რომ გულგატეხილობა, უიმედობა, ყველაფერი ცუდი გაქრა. რაიკინმა, როდესაც მოსკოვში ბინადრობის ნებართვა დამჭირდა, წერილი მისწერა გენერალურ მდივანს, ბრეჟნევს, რომელთანაც პირადად მეგობრობდა, სადაც თავისი სასწაულებრივი განკურნების ისტორია მოუყვა. არკადი ისაკოვიჩი ჩემთვის მამასავით იყო.

ბრეჟნევიც პატივს მცემდა, ხელის გულზე მატარებდნენ. თითქოს, ღვთის წიაღში ვიყავი, მისი ძალაუფლების ქვეშ. მან იცოდა, როგორ დაეფასებინა მეგობრობა. ასევე, ვუმკურნალე კოსიგინს. მთელი პოლიტბიურო და კოსმონავტებიც დამიახლოვდნენ. მიხეილ ზიმიანინს ყურის ბარაბნის კიბო ჰქონდა, ის კრემლის საავადმყოფოში იწვა და მე განვკურნე. იურას, ბრეჟნევის შვილს, ღვიძლის ციროზი ჰქონდა, ისიც მე განვკურნე. მოკლედ, ბრეჟნევის მმართველობის დროს მშვენივრად ვცხოვრობდი. ელცინიც მიყვარდა. მე მასაც ვმკურნალობდი, ვეხმარებოდი, როცა თავს ცუდად გრძნობდა... ვმკურნალობდი რეიგანს – გული აწუხებდა, ასევე, ჰქონდა ართრიტი, ართროზი, მაგრამ დეტალებს ვერ გეტყვით – ეს დაუშვებელია! ნენსისაც ვესაუბრე. მერე რა? და ყველა პოლიტიკოსთან ვმეგობრობდი, ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის, ბუნებით მე ხულიგანი ვარ. ასე რომ, მაღალი საზოგადოების შეხვედრები ჩემთვის არ არის. მე, აგრეთვე, ეტყვით იმას, რომ ვმკურნალობდი სოფია როტარუს, მაია პლისეცკაიას, რობერტ როჟდესტვენსკის, ინოკენტი სმოკტუნოვსკის, საშა ბუინოვს – ის პარალიზებული იყო, კუნთოვანი მიოპათია. ხელებს ვერ ამოძრავებდა. გამოჯანმრთელდა. რობერტ როჟდესტვენსკი... ჩემი სეანსების შემდეგ მან, გარკვევით დაიწყო ლაპარაკი. სერგეი ბონდარჩუკი, გია დანელია, ელემ კლიმოვი, სავვა კულიში და ასე შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, არავისთან ვმეგობრობ! კონკრეტულად პროგნოზებს არ ვაკეთებ. ერთხელ, ამერიკაში მკითხეს: „ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?“ მე ვუპასუხე: მოვიდა კაცი მოკლე, სამასოიანი გვარით-მეთქი, ბუში.“ ჯუნამ იწინასწარმეტყველა გორბაჩოვის გამოჩენაც მოსკოვში. თქვა, რომ მოვიდოდა კაცი თავზე ნიშნით...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა