საზოგადოება

რატომ გამოსახეს ქართულ ფულზე ცხოველები

№13

ავტორი: რევაზ ტომარაძე 13:00 12.04

ფული
დაკოპირებულია

ქართული მონეტები და კუპიურები ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. განსაკუთრებულობით ხასიათდება მონეტები, რომლებზეც ნომინალისა და ეროვნული გერბის გარდა, გამოსახულია ისტორიისა და კულტურის ფრაგმენტები.

ბევრი ქართველი იმდენად არის შეჩვეული ფულის სამომხმარებლო ფუნქციას, რომ ყურადღებას არ აქცევს მის დიზაინს, იმავდროულად კი, ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ მათზე დატანილი გამოსახულებების ისტორია და მნიშვნელობა.

5-თეთრიანი მონეტა

ამ მონეტაზე გამოსახულია ოქროს ლომი, რომელიც ყორღანის გათხრებისას აღმოჩენილი სტატუის გამოსახულებაა. ოქროს ლომი ჩვენს ერამდე მესამე საუკუნეს განეკუთვნება და თრიალეთის კულტურის ნიმუშია. სწორედ ეს სკულპტურა აირჩია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის საფირმო ლოგოტიპად.

ამ ლომის გამოსახულებაა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც. მაგალითად, ის გვხვდება ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის შესასვლელში. გარდა ამისა, ეს ლომი ამშვენებს ქუთაისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას – კოლხეთის შადრევანს.

5-თეთრიანი მონეტის კიდეები მცენარეული ორნამენტითაა მოჩარჩოებული, რაც მას დამატებით ხიბლს მატებს.

10-თეთრიანი

საქართველოს მფარველად წმიდა გიორგი მიიჩნევა, რომელიც ჩვეულებრივ, შუბით შეიარაღებული გამოისახება გველეშაპის განგმირვის მომენტში. შეიძლება, ამიტომაც ეშლება ბევრს და 10-თეთრიან მონეტაზე გამოსახულ ფიგურასთან აიგივებენ. სინამდვილეში კი, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მესამე ასწლეულის ქრისტიან წამებულზე – წმიდა მამანტი კესარიელზე, რომელმაც სახელი გაითქვა ჩადენილი სასწაულებით და ასევე, იმით, რომ გავლენას ახდენდა ცხოველებზე. შემდგომში, როდესაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, წმიდანი ცირკის არენაზე აღმოჩნდა ველური ცხოველების გარემოცვაში, თუმცაღა მათ არათუ დაგლიჯეს მამაკაცი, არამედ ლაქუცი დაუწყეს. ამის შემყურე ქურუმებმა სამკბილათი განგმირეს ქრისტიანი.

აღსანიშნავია, რომ წმიდანის ფიგურა 10-თეთრიან მონეტაზე გადატანილია გელათის მონასტრის ნახატიდან, რომელიც მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება.

20-თეთრიანი

ამ ქართულ მონეტაზე გამოსახულია ირემი, რომელიც ნიკალას (ფიროსმანი) მიერ არის დახატული. მას ძალიან უყვარდა ცხოველების ხატვა, ხოლო ირმები მის ნამდვილ გატაცებას წარმოადგენდა. 20-თეთრიანზე გამოსახული ფიროსმანის „ირემი“ სიღნაღის მუზეუმში ინახება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა