საზოგადოება

რატომ გამოიწვია განსაკუთრებული ხმაური ზურაბ ჩხოტუას მულტიმილიონერის ქვრივზე ქორწინებამ და როგორ ცდილობდა ის ემიგრაციაში სამშობლოს დახმარებას

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.12, 2023 წელი

ზურაბ ჩხოტუა
დაკოპირებულია

ზურაბ სიმონის ძე ჩხოტუა 1897 წელს, სოხუმში დაიბადა. ის გენერალ-მაიორის, ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შვილიშვილი იყო. პროფესიონალი სამხედრო იყო მამამისიც – პოდპოლკოვნიკი სიმონ ჩხოტუა. დედა – ელისაბედ გიორგის ასული ტერ-არუთინოვა ძალიან განათლებული ქალი გახლდათ. მან რამდენიმე ენა იცოდა – ქართული, ფრანგული, ბერძნული, რუსული და სომხური. ოჯახში ხუთი ვაჟი იზრდებოდა – გიორგი, ზურაბი, ლეონიდე, ნიკოლოზი და ევგენი.

„მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო და მთავრობისათვის სასარგებლო კავშირები დავამყარე. ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემი სინდისი მკარნახობდა და რისი გაკეთებაც აუცილებელი და დასაშვები იყო. თუკი მომავალში მომეცემა საშუალება, ჩემს მოვალეობად ჩავთვლი, ყოველთვის დავიცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები“, – ეს სიტყვები იყო ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, ზურაბ ჩხოტუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი კრედო.

ზურაბ ჩხოტუა ყაბარდოული პოლკის ოფიცერი იყო. 1915 წელს დაამთავრა ელისავეტგრადის კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი, 1917 წელს კი – დიდი მთავარ კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელობის ოდესის კადეტთა კორპუსი.

სამოქალაქო ომის წლებში იგი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიის კავალერიაში მსახურობდა, ხოლო შემდეგ – ვრანგელის თეთრ არმიაში.

1920 წლის ნოემბერში ზურაბმა მოკავშირეთა გემით დატოვა ყირიმი და ემიგრაციაში წავიდა – თავდაპირველად რუმინეთში, შემდეგ ამერიკაში.

რუმინეთში ზურაბმა 15 წელი გაატარა. იყო თავად ნიკოლაე რუმინელის მამულების მმართველი ბუქარესტთან ახლოს. 1935 წელს ის დაქორწინდა.

1936 წლის დეკემბერში ზურაბ ჩხოტუა ამერიკაში ჩავიდა, მისი მეუღლე კი რუმინეთში დარჩა. ამერიკაში ზურაბს ნიკოლოზ ჩხოტუას ოჯახმა უმასპინძლა, რომელიც მაშინ სანტა-ბარბარაში ცხოვრობდა.

ემიგრაციაში ზურაბ ჩხოტუამ მეღვინეობა შეისწავლა, ღვინის წარმოების ექსპერტი გახდა და ამერიკაში კონიაკის გამოშვებას გეგმავდა. 1942 წელს მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

1943 წელს სანტა-ბარბარას სამხატვრო მუზეუმში მისი ნახატების გამოფენა შედგა. ორი წლის შემდეგ ზურაბმა სან-ფრანცისკოს გალერეა City of Paris-ში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა, 1946 წლის ნოემბერში კი ამავე გალერეაში მისი პერსონალური გამოფენაც გაიმართა.

1949 წელს ზურაბ ჩხოტუა სან-ფრანცისკოში ამერიკის მოქალაქე ვირჯინია ჰობარტ-ბოლდუინზე დაქორწინდა. ვირჯინია მილიონერის, აქციების, მამულებისა და ჰოლდინგის მფლობელის, ოქროს მწარმოებლის, ვალტერ სკოტ ჰობარტის ქალიშვილი და მულტიმილიონერ ჩარლზ ბოლდუინის ქვრივი იყო. ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მასზე ბევრს ჭორაობდნენ, წერდნენ პრესაშიც.

ზურაბის მეორე ქორწინება ოთხ წელიწადში დასრულდა, თუმცა გაყრა ოფიციალურად არ გაუფორმებიათ. ვირჯინიასთან დაშორების შემდეგ ზურაბი ნიუ-იორკში გადავიდა და სასტუმრო „პიერში“ დაბინავდა. ხშირად სტუმრობდა პარიზს.

1950 წლის აგვისტოში პარიზში მოღვაწე დევნილმა საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის არაოფიციალურ წარმომადგენლად ზურაბ ჩხოტუა დანიშნა. ამ ნაბიჯით მთავრობა ცდილობდა, დაეცვა საქართველოს უფლება, მოეპოვებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და შეძლებისდაგვარად წინ აღსდგომოდა რუსული ემიგრანტული ორგანიზაციების დიდმპყრობელურ განწყობას.

თავად ზურაბი აღნიშნავდა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო, საქართველო თავისუფალი ევროპის კომიტეტში მიეღოთ, რაც ფაქტობრივად, ვაშინგტონის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავდა.

ზურაბმა უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართული რედაქციის დაარსებაში, რომელიც ოფიციალურად 1951 წლის 26 მაისს გაიხსნა. იმავე წლის ნოემბერში კი მისი ძალისხმევით „ამერიკის ხმის“ ქართული პროგრამები რუსული განყოფილებიდან ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში გადაიტანეს. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან შესაძლებელი გახდა, იმ ცენზურისა და უთანხმოების თავიდან აცილება, რომელიც რუსულ განყოფილებაში ქართული პროგრამების არსებობის დროს ხშირად იჩენდა თავს.

ზურაბ ჩხოტუა ცივი ომის პირველივე წლებიდან ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოება-თანამშრომლობას ცდილობდა. ფინანსურ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებს და ხელს უწყობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემას.

ზურაბი იყო ნიჭიერი მხატვარი, რომელმაც ამერიკულ აუდიტორიას საქართველო და კავკასია თავისი შემოქმედებით გააცნო. გამოფენები ჰქონდა ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და პარიზში.

ზურაბ ჩხოტუას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ემიგრაციის მისია და იმდროინდელი საქართველოს რეალობა, ის წერდა: „ქართული ემიგრაცია წარმოადგენს საკუთარი ერის ერთადერთ ნამსხვრევს, რომელსაც მოქმედების თავისუფლება აქვს დატოვებული. ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს – მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და ფიქრები კეთილი საქმიანობისკენ, რომლის მიზანია ქვეყნის ინტერესების დაცვა და მისი გათავისუფლება საბჭოთა მონობისაგან. მოცემულ გზაზე უამრავი დაბრკოლებაა, რომლის დაძლევა მხოლოდ ზებუნებრივი ძალებით არის შესაძლებელი“.

ცხოვრების ბოლო ათი წელი ზურაბ ჩხოტუა ბევრს მოგზაურობდა. ესტუმრა ეკვადორს, ჰავაის კუნძულებს, ხშირად ჩადიოდა საფრანგეთსა და შცეიცარიაში. აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, რაც განსაკუთრებით ჟურნალ-გაზეთების გამოცემაში გამოიხატებოდა, იგი ეხმარებოდა ქართულ ეკლესიასაც.

გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1975 წელს. მისი ცხედარი ნიკოლოზ ჩხოტუამ შვეიცარიაში გადაასვენა და ლოზანაში დაკრძალა.

გამოყენებული მასალების წყარო: მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში: გულის ძახილი: ზურაბ ჩხოტუა. nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული