საზოგადოება

რატომ გალანძღეს ანა კალანდაძის გამო სერგო ზაქარიაძე

№8

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 02.03, 2022 წელი

ანა კალანდაძე
დაკოპირებულია

მხოლოდ რჩეულები ახერხებენ, ხალხმა სახელით მოიხსენიოს. მან ეს მოახერხა. ახსენებ ანას და იგულისხმება ანა კალანდაძე და არავინ სხვა. ის პოეზიის ტახტზე წლის ასაკში ავიდა – ავიდა იმ წამს, რა წამსაც მწერალთა კავშირში მისი ლექსების განხილვა მოეწყო. მისი დიდების შარავანდედი ვერ შებღალა ღობეგლეჯია კრიტიკოსების ყეფამ. ის დროს არ უწევდა წინააღმდეგობას და ვერც დრო გაუმკლავდა მის სტრიქონებს. ანა კალანდაძე – ბუმბერაზი, როგორც ფშავის მთები და ნაზი, როგორც ამ მთის ძირას ამოსული ია… ანა კალანდაძე – ლეგენდა, რომელიც ჩვენ შორის იყო და მუდამ დარჩება მარად უკვდავი პოეზიით. სხვა თუ არაფერი, ანაზე ჭადრები უამბობენ ზღაპარს მომავალ თაობებს…

მშობლებმა მოვლენილ პოეტურ გენიას, გარდაცვლილი ბებიის ხსოვნის უკვდავსაყოფად, სახელად ანა უწოდეს. დაიბადა გურიაში, ხიდისთავში, მაგრამ ოჯახი იმთავითვე ქუთაისში ცხოვრობდა და ანაც ქუთაისში მიაბარეს სკოლაში.

„ძალიან ცელქი ვიყავი. ზარი დაირეკებოდა თუ არა პირველი მე გავვარდებოდი კლასიდან. ბავშვებს ძალიან გვიყვარდა ბაგრატის ნანგრევებზე ასვლა, საიდანაც გადმოვხედავდით გელათს, რაც ჩვენი დროსტარებაც იყო და სიხარულიც.“

ყოველ ზაფხულს ხიდისთავში ატარებდა – უყვარდა სოფელი, გუბაზეულში ჭყუმპალაობა, უფროსებთან მეგობრობა – „სოფელში მყავდა მესაიდუმლეც – მეზობელი ქალი ელისო“. პირველი ლექსიც ხიდისთავში დაწერა – 11 წლის იყო, უმცროს ძმებთან და ნათესავებთან ერთად ისვენებდა, ტრადიციულად ცელქობდა. თბილისიდან ჩამოსულმა ფოცია მამიდამ, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო, ბავშვები ოდის წინ, მინდორში დასხა, საინტერესო ამბებს უყვებოდა, მთვარე რომ ამოვიდა, ბავშვების ყურადღება მთებისკენ მიმართა, მათ წინ გადაშლილი პეიზაჟით დამუხტა და დავალებაც შეაპარა – ლექსების დაწერა შესთავაზა, საუკეთესოს ავტორს საჩუქარს შეჰპირდა. ანას კონკურენტები იმთავითვე ჩამოეცალნენ გზიდან. „ყველას არხეინად ეძინა, მე კი მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და დავწერე ლექსი „ბადრი მთვარე“. დილით მამიდამ შეკრიბა ოჯახი და წაიკითხა. შემაქეს, განსაკუთრებით მეამა, იმიტომ რომ მამიდის მოსაწონი აღმოჩნდა. მას არაფერი შეუსწორებია. რომ ეთქვა, არ ვარგაო, ალბათ, აღარასოდეს აღარ დავწერდი…“ გურია, ხიდისთავი შემდეგაც არაერთხელ გამხდარა ანა კალანდაძის შთაგონების წყარო. „ჩვენ ორი დიდი მარანი გვქონდა, მარნებში ბევრი ცარიელი ქვევრი იყო, რომლებშიც მეგონა, რომ ჭინკები ბინადრობდნენ. ამ მოგონებამ დამაწერინა შემდეგ „კარმიდამო ჩემი დამილოცეთ, ძმებო…“ სოფელში, სახლთან იდგა ის თუთაც, რომელსაც მერე ვუძღვენი „ლამის სახლში შემოიჭრას თუთა…“ ერთხელ მკითხეს, რომელ კალანდას გაიხსენებდითო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კალანდას სოფელში არ დავსწრებივარ, ზამთარში თითქმის არ ვყოფილვარ იქ. ასეთ დღესასწაულებს ქუთაისშიც არ აღვნიშნავდით, დაბადების დღეებზეც არ დავდიოდით, ისეთი დრო იყო მაშინ, „შემოდიოდა ჩვენში კალანდა“ წარმოსახვით არის შექმნილი… მახსოვს, რადიო ჩავრთე, მშვენიერ მუსიკას გადმოსცემდნენ, უცებ რიწის ტბა დამიდგა თვალწინ. მერე დიქტორმა გამოაცხადა, თქვენ ისმენდით ანდრია ბალანჩივაძის „რიწის ტბასო“. ბატონ ანდრიას ვუამბე ეს ამბავი, მითხრა, როდესაც ამ მუსიკას ვწერდი, რიწის ტბა თვალით არ მენახაო. შემდეგ დაამატა, წარმოსახვა უფრო ძლიერია, ვიდრე რეალობაო. ასე წარმოსახვით შეიქმნა ჩემი „კალანდაც“…

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ლექსების წერასაც მოუხშირა, მაგრამ არავის აკითხებდა, მხოლოდ გზადაგზა ეკითხებოდა ფოცია მამიდა – წერდა თუ არა ლექსებს. უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდა, ისევ ფოცია მამიდას ნებას რომ დაჰყვა და ლექსები ლიტერატურის ინსტიტუტში კრიტიკოს დიმიტრი ბენაშვილთან მიიტანა. აღფრთოვანებულმა დიმიტრი ბენაშვილმა ანას ლექსები „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედაქტორს, გიორგი ნატროშვილს გაუგზავნა. აღფრთოვანებულმა ნატროშვილმა მწერალთა კავშირში ანას ლექსების საჯარო განხილვა მოაწყო და… აზანზარდა თბილისი. უხეშად რომ ვთქვათ, ანა კალანდაძემ „რეფლეში“ მისცა საბჭოური ყოფისგან გაუხეშებულ სულს. 22 წლის ანას ლექსებით აღფრთოვანებული გერონტი ქიქოძე დაწერს: „1946 წლის 25 მაისი დიდი თარიღია ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში. ამ დღიდან იწყება ქართული ლირიკის აღორძინება. ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა. მას აქვს მეტად ორიგინალური რელიგიური მსოფლშეგრძნება, სრულიად ახალი პოეტური მეტყველება. მისი შთაგონების წყაროებს ქართლის ცხოვრება, ბიბლია, დავით გურამიშვილი, გურიის ფოლკლორი წარმოადგენს. გასაოცარია ეროტიკული მოტივების უქონლობა, მისი ლექსები უფრო რელიგიურ ჰიმნებს ჰგავს, ვიდრე პირად ლირიკულ აღსარებას. მისი ხმის მუსიკა ახლაც მესმის. თუ ჩემს ასაკში ან მდგომარეობაში კიდევ შეიძლება ბედნიერი წუთების განცდა, მე ის გუშინ განვიცადე“. შეაქებს კონსტანტინე გამსახურდიაც – „ყოჩაღ, ყმაწვილო ასულო“. გადაწყდება სასწრაფოდ გამოიცეს ანას ლექსების კრებული, მაგრამ ორი თვეც არ გავა, რომ კრემლი დადგენილებას გამოაქვეყნებს „პრავდაში“ ლიტერატურული ჟურნალების „ზვეზდასა“ და „ლენინგრადის“ შესახებ. ანა ახმატოვა „მეტისმეტ რომანტიზმში“, წარსულის ნოსტალგიასა და მისტიციზმში ამხილეს. ზოშჩენკო ცინიზმსა და პესიმიზმში. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ „კომუნისტში“ ქართველ ანას შეუტიეს – ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული ლექსები გაულანძღეს. რა არ იბოდიალეს, ცხოვრების ჩამოყალიბებული ცოდნა აკლიაო, მოვლენების სწორად დანახვის უნარიო, არ ხელმძღვანელობს მოწინავე იდეებითო, დეკადენტური მოტივების ტყვეობაშია მოქცეულიო, ღვთისმშობლისა და ქრისტეს შესახებ მაგაზე უფრო აღგზნებული ჰიმნები მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფებსაც არ დაუწერიათო, ვის სჭირდება დღეს ამგვარი ლექსებიო? უფრო შორსაც გატოპეს – ანა ლოთობის აპოლოგეტად გამოაცხადეს, რაღაც უცხო სევდას შეუპყრია და ბუზღუნებს, „დარდიანი ღვინოს ვსვამ და ვთვრებიო“ „ეს შემთხვევითი სტრიქონი როდია. შეიძლება, ითქვას, რომ ანა კალანდაძის ლექსებში სიმთვრალის, ლოთობის აპოლოგიასთან გვაქვს საქმე. „ღვინიანი ჭიქა“, „ქუდმოხდილი ქვევრი“, „ღვინიანი კოპე“, „ღვინომ დამახრჩოს“, „ღვინო დოქებით“ – ასეთია ამ ქალის პოეტური ლექსიკა“... – წერდა ერთი ტვინდურდლიანი კრიტიკოსი. მალე მწერალთა კავშირის ყრილობაზე, ცეკას მაღალჩინოსნებმა გაილაშქრეს ანას წინააღმდეგ – გაუმართლებლად მიიჩნიეს ის სენსაცია, რაც ანას გამოჩენას მოჰყვა. ის კი არა, მალე ანას გულისთვის სერგო ზაქარიაძეც გალანძღეს, გაუგებარია, რა პრინციპით ხელმძღვანელობს, როცა მხატვრულად კითხულობს ლადო ასათიანისა და ანა კალანდაძის ლექსებსო. მალე ახალგაზრდა პოეტზე იზრუნეს და „ზემოდან“ საორიენტაციო თემატიკაც გაუგზავნეს, რომლის მიხედვით ანას ლექსები უნდა ეწერა. „ურჩიეს“ ლექსები ეწერა სამგორის, რუსთავის შესახებ, კომბაინით პურის აღებაზე, პურის ბეღელზე, მწყემსებზე, მათ მომთაბარეობაზე, კოლმეურნეებზე, ხვნა-თესვაზე, მაღაროელებზე, პიონერებზე, სტალინურ მეგობრობაზე, რთველზე, ბაღებსა და ხილზე, ფიზკულტურელებზე და რაღა თქმა უნდა, კომუნიზმის დიად მშენებლობაზე. რამდენიმე წელი ანას ლექსი აღარ დაუწერია…

მისი ლექსების პირველი კრებული 7 წლის დაგვიანებით, სტალინის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, გამოვიდა და დაიძრა ღვარძლის ახალი ტალღა. ისინი ყეფდნენ და ვეღარას აკლებდნენ ანას სტრიქონების ქარავანს. თამაზ ჭილაძე იტყვის, რომ ანას სხვათაგან განასხვავებს „ერთი შეხედვით უმწეო, ადვილად დასამსხვრევი სინატიფის ძლევამოსილება“. „ასეთ განცდას აღძრავს, მაგალითად, ჩინური ფაიფური ანდა ძველი ქართული მინანქარი. ჩნდება სიმშვიდის მაგნიტური ველი, გაზაფხულის ხასხასა მდელო, გარშემორტყმული მირაჟებად ქცეული ხილვებითა თუ ჩვენებებით, რომლებიც შეიძლება, იმ ქვეყნიდანაც კი, ანუ ჩვენი მარადიული სამყოფელიდანაც, გვევლინებიან და ორი ქვეყნის საზღვარზე დგომის, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემაშფოთებელი სიამით გვავსებენ… ანა კალანდაძის პოეზია იმდენად ემოციურია, საკვირველი არ იქნება, ეგზალტირებულ ლოცვად წარმოიდგინოს ვინმემ, მით უმეტეს, რომ პოეტი უძველესი ქართული ჰიმნოგრაფიის ტრადიციასაც აგრძელებს. მისი ლექსებიდან ჩვენს დღევანდელობაში გადმოდის საგალობლების იდუმალი მუსიკა, რომელიც არსებითად ამეტყველებული ფიქრია, გულისთქმაა, აღსარებაა საკუთარი სინდისის წინაშე მარტოდ დარჩენილი ადამიანისა. ამასთანავე, მისი ლექსები, მაღალი ხელოვნების, მაღალი პროფესიული ნიშნითაა აღჭურვილი, ამდენად აქ ეგზალტაცია კი არა, ემოციური ლოგიკაა, თუ გნებავთ, ემოციური წესრიგი, ერთგვარი „ემოციების სპექტრი“, სადაც ისევე ბუნებრივი კანონზიმიერებითაა წარმოდგენილი სიტყვები, როგორც ფერები ცისარტყელაში“ (თამაზ ჭილაძე). ანას პოეზიაში „ყურით მოთრეული“ არ ყოფილა არც ბიბლიური სახეები და არც ძველი ქართული ენა – მას გაძლიერებულად ასწავლიდნენ უნივერსიტეტში ძველ ქართულ ენას და მაშინ, როცა ძველი და ახალი აღთქმის, წმიდანთა ცხოვრების ხსნებაც არ შეიძლებოდა, მას ამ წიგნებზე ხელი მიუწვდებოდა, მუშაობდა და საუბრობდა. „ხშირად უკითხავთ ჩემთვის – საიდან შემოიჭრა ეს თემატიკა შენს სულშიო. უნივერსიტეტიდან, – - იყო ჩემი პასუხი. უნივერსიტეტმა მასწავლა წმიდა ნინოს ცხოვრება“ (ანა კალანდაძე). (რ. შატაკიშვილი) ანას პოეზიაში არც ფშავ-ხევსურული მოტივი იყო ყურით მოთრეული – უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არნოლდ ჩიქობავას წინადადებით, მუშაობა დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. იმხანად ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული მზადდებოდა არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით. ლექსკონისთვის მასალის მოსაძიებლად ექსპედიციები იყო მთელ საქართველოში. ანა კალანდაძე ფშავ-ხევსურეთში მიავლინეს. „ეს იყო შეხვედრა ახალ და გასაოცარ სამყაროსთან, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ფშავ-ხევსურული ლექსები შემაქმნევინა. ფშავში ოჩიაურების ოჯახში ვცხოვრობდით. ალექსი ოჩიაური მასწავლებელი იყო, მას არაერთი წიგნი აქვს გამოცემული ფშავ-ხევსურეთზე. საოცარი ქალი იყო ნათელა ბალიაური – დედიკა, თინა, გოგი და ირაკლი ოჩიაურების დედა. ისე ვერავინ ჩავიდოდა ფშავში, ამ ოჯახს რომ არ ემასპინძლა. ბერდედა, ნათელას დედა, ლელა წიკლაური, ქისტებს ახსენებდა ხშირად, ქისტსა ჰგავსო, იტყოდა ლამაზ, მოხდენილ კაცზე. კი მაგრამ ამდენი მტრობა რომ იყოო, ვკითხეთ და ვაჟკაცები იყვნენო, ვერაფრით გადავათქმევინეთ, იქ იციან ვაჟკაცობის ფასი, თუნდაც მტერი იყოს“. ოდესღაც ლეგენდასავით დადიოდა, რომ ანა ხევსურ ვაჟკაცს ეტრფოდა. უკვე ღრმად მოხუცი ანა იტყვის, რომ – „გატაცება ბევრი მქონია, და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც მაქვს…“ ის იყო ანა, რომელსაც ძალუძდა, მამრი დაენახა თუთაშიც კი, რომელიც მის სახლში შეჭრას ლამობდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა