საზოგადოება

რატომ გახდა ვიქტორ სანეევის ცხოვრება მოსაწყენი და როგორ ეშინოდა მას საკუთარი ფიქრების

№2

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 19.01, 2022 წელი

ვიქტორ სანეევი
დაკოპირებულია

2012 წლის ზაფხულში, ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მესვეურებმა ლონდონის მეტროპოლიტენის სადგურებს დროებით შეუცვალეს სახელები და მათ ლეგენდარული სპორტსმენების სახელები დაარქვეს. ეს სპორტსმენები იყვნენ ინგლისელი მორბენალი სებასტიან კოე, უნგრელი მოკრივე ლასლო პაპი, ჩეხი მორბენალი ემილ ზატოპეკი, რუსი ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და... საბჭოთა მძლეოსანი ვიქტორ სანეევი. ამ სახელოვან სპორტსმენთა შორის ვიქტორ სანეევი გამორჩეულია იმით, რომ ერთ-ერთია მსოფლიოში, რომელმაც 4 ოლიმპიადაზე სამმხტომში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში, ქალაქ არმავირიდან აფხაზეთში გადასახლებული კაზაკის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე ძალიან მოძრავი იყო, დახტოდა, დარბოდა, ცურავდა, ტანი რომ აიყარა, კალათბურთის თამაში დაიწყო, მაგრამ მეგობრის რჩევით, მძლეოსნობაში გადავიდა, მწვრთნელმა აკოფ კერსელიანმა თავის ჯგუფში ჩარიცხა და ცოტა ხანში მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში – სამმხტომში, სიგრძეზე ხტომასა და 100 მეტრზე სირბილში – საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია. საბოლოოდ კი სამმხტომი აირჩია. „ფრენა უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. მერწმუნეთ, ასეთ რამეს ვერც სიმაღლეზე ხტომაში იგრძნობთ და ვერც სიგრძეზე ხტომაში. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნახტომი 14 მეტრსა და 90 სმ-ზე იყო, საუკეთესო კი – 17 მეტრსა და 44 სმ–ხტომაში. ეს შედეგი 1972 წელს სოხუმში ვაჩვენე და მსოფლიოს რეკორდიც დავამყარე, თუმცა ამას წინ უძღოდა 20-წლიანი ჯოჯოხეთური შრომა. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ მწვრთნელის უპირველესი ამოცანა სტადიონზე ჩემი სავარჯიშოდ მიყვანა კი არა, სტადიონიდან, ვარჯიშიდან გაგდება იყო“, – იხსენებს ვიქტორ სანეევი ერთ-ერთ ინტერვიუში. ნოსტალგიური კაცი ვარ. შინ ვზივარ, ვკითხულობ და ვფიქრობ: დღეს ჩემი ცხოვრება მონოტონურია. ძალიან ხშირად მოგონებებში ვიძირები. ამდენი ფიქრისა ხანდახან მეშინია კიდეც. იცით, აქტიური სპორტული კარიერის დროს თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ „კენგურუს აფხაზეთიდან” ან „კენგურუს საქართველოდან”. კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ, სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ ავსტრალიაში ვატარებ“. – ეს სიტყვებიც ვიქტორ სანეევს ეკუთვნის და ახლა მის დღურებს კითხულობთ. იგი სულ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა..

რას აკეთებ, ვიქტორ? – ქარხანაში ვმუშაობ, უთოებს ვხეხავ

„მიუხედავად მძლეოსნობაში ერთგვარი წარმატებებისა, მაინც ფეხბურთის ერთგული ვიყავი და ერთი გაუთვალისწინებელი გარემოება რომ არა, შესაძლოა, სტადიონის მწვანე მინდორზე დავრჩენილიყავი კიდეც. რვა კლასის დამთავრების შემდეგ, კატასტროფულად ვიწყე ზრდა, ზაფხულის განმავლობაში მთელი 12 სანტიმეტრით ავიყარე ტანი!

185 სანტიმეტრი გავხდი და 60 კილოგრამზე ოდნავ მეტს ვიწონიდი. ახალმა გატაცებამ ფეხბურთი დამავიწყა. სიმაღლის გამო კარგი ნახტომი მქონდა, კალათბურთის რგოლებსაც ხელით ვწვდებოდი და როგორი თავდავიწყებითაც ბურთს დავსდევდი ფეხბურთის მინდორზე, ისეთივე გატაცებით დავიწყე კალათბურთის თამაში, მთელი დღე გადაკარგული ვიყავი. სიმაღლეში ასე სწრაფად მომატება აშკარად შეუსაბამო იყო ჩემი ორგანიზმისთვის. ვიგრძენი, რომ შესამჩნევად დავსუსტდი, უწინდელივით ვეღარ ვიზიდებოდი ღერძზე, რაც ფიზკულტურის აქტივისტისთვის, უბრალოდ, სირცხვილი იყო. არა, ასე წინ ვერ წავალ-მეთქი, გავიფიქრე. ელექტრომატარებლით სოჭში გავემგზავრე და სპორტულ მაღაზიაში ჰანტელები ვიყიდე. დღე და ღამე ვვარჯიშობდი. ყოველდღე ღერძთან ვიყავი, სიმწრის ოფლი მდიოდა და ისე ვაკეთებდი ატაცს, ბრუნებსა და სხვა ვარჯიშებს. ესეც არ ვიკმარე, ჯოხისა და დეპოს სანაგვეზე ნაპოვნი რეზინის ბორბლებისგან შტანგა შევაკოწიწე და ძალების აღდგენა დავიწყე, ვარჯიშები ვალერი ბრუმელს „დავესესხე“. სწორედ ამ იარაღით ვარჯიშობდა იგი გაზაფხულზე, ლესელიძეში. დამოუკიდებელი მეცადინეობისკენ იმანაც მიბიძგა, რომ ჩვენთან, ინტერნატში, ერთი ბიჭი გამოჩნდა, რომელიც ჩემზე მაღლა ხტებოდა ფარქვეშ. როცა შევეკითხე, ასე მაღლა ხტომა როგორ ისწავლე-მეთქი, მირჩია, შტანგასთან ვარჯიშის გარდა ქვიშაზე მერბინა და მძიმე ტომრით ხელში მეხტუნავა. მოვნახე ძველი ტომარა, შიგ 20 კილოგრამამდე ქვიშა ჩავყარე და ფეხის კუნთების განვითარება დავიწყე. ნახევარი წლის შემდეგ გაცილებით მოვმძლავრდი და ორი ხელით ზემოდან თავისუფლად ვათავსებდი ბურთს კალათში. ყველაფერ ამას რომ ვასრულებდი, ვოცნებობდი, ოდესმე საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების წევრის, ვიქტორ ზუბკოვის მსგავსად მეთამაშა. ახალი ვარჯიშების შესწავლის სურვილმა იქამდე მიმიყვანა, რომ ინტერნატის ბიბლიოთეკაში არსებულ სპორტულ წიგნებსა და ჟურნალებში ვარჩევდი მეთოდიკურ მასალას კალათბურთისა და ხტომის გაუმჯობესების შესახებ... ასეთი თამაშიც იყო – „სამმაგი ხტომა“. ახლა ვეღარ ვიხსენებ, რატომ მაინცდამაინც სამმაგი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ამ თამაშში რეკორდიც გვქონდა დაწესებული – 11,30, რომელიც ერთ უფროსკლასელ ბიჭს ეკუთვნოდა. მაშასადამე, სამმაგი ხტომა რომ დავიწყე, მართალია, პრიმიტიული, მაგრამ მაინც გარკვეული წარმოდგენა მქონდა მძლეოსნობის ამ სახეობაზე... მახსოვს, სპორტულ დარბაზში რომ შევძვერი, მტყორცნელი ვარჯიშობდა, ჩემზე ცოტა უფროსი იყო. გავთამამდი და მეც მივედი შტანგასთან. 75 კილოგრამი წონის იარაღი ავიტაცე, 85 კილოგრამი კი მკერდამდე ავწიე... სოხუმში დაბრუნების შემდეგ კალათბურთში დავიწყე ვარჯიში. ქალაქის გუნდის მწვრთნელმა, ალექსანდრე სედოვმა გადაჭრით მითხრა, ცენტრალური მოთამაშე იქნებიო. ეს მოსაწყენი მეჩვენა. მთელ მოედანზე მინდოდა თამაში, ახლა კი იდექი ზონაში და ელოდე გადაცემას. ერთი სიტყვით, მწვრთნელისა და ჩემი შეხედულებები სათამაშო ამპლუაზე არ დაემთხვა ერთმანეთს. მეც გავბრაზდი და ვარჯიში გავაცდინე. მაშინვე ჩემმა მეზობელმა მძლეოსანმა მასთან ვარჯიშზე წასვლა შემომთავაზა. სტადიონზე კვლავ შევხვდი კერსელიანს. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს:

– რას აკეთებ, ვიქტორ?

– ქარხანაში ვმუშაობ, უთოებს ვხეხავ.

– სპორტს რას უშვები, მძლეოსნობას?

– კალათბურთს ვთამაშობ ქალაქის ნაკრებში.

– იქნებ გეცადა, სერიოზულად მოკიდებოდი მძლეოსნობას. გავიგე, განთიადში სიმაღლეზე ას სამოცდაათ სანტიმეტრზე ამხტარხარ. ასეთი შედეგით აფხაზეთის ნაკრებში შეიძლება მოხვედრა. მოდი ხვალ ვარჯიშზე... გავიფიქრე, მძლეოსნობა კალათბურთს არ შეუშლის, მით უმეტეს, ვარჯიშის დროც საკმაოდ მაქვს-მეთქი – არასრულწლოვანობის გამო ქარხანაში მხოლოდ ნახევარ დღეს ვმუშაობდი.

პირველივე ვარჯიშის შემდეგ ისე ამტკივდა ფეხები, ვიფიქრე, კანქვეშ კუნთების მაგივრად მხოლოდ კოშტები მაქვს-მეთქი. სამი დღე ვერც დავდიოდი და თავდაპირველად ვიფიქრე – ჯანდაბამდის გზა ჰქონია ამ მძლეოსნობას! თითქოს ვვარჯიშობდი, დავრბოდი, ვხტოდი კიდეც, მაგრამ ხომ ხედავთ, ერთი ვარჯიშის შემდეგ უკვე ფეხები მეკეცება. და მერე რაღა იქნება? რამდენჯერმე გავაცდინე ვარჯიში და ისევ კალათბურთს დავუბრუნდი. მაგრამ ვიგრძენი, გული სტადიონისკენ მიწევდა. თავჩაქინდრული მივედი კერსელიანთან.

– რა მოხდა?

– ფეხები მტკივა, აუტანლად მტკივა.

– ეს იმიტომ, რომ შეუჩვეველი მოძრაობები შეასრულე. ნუ გეშინია, გაგივლის და ყველაფერი რიგზე იქნება. ოღონდ მეცადინეობა არ გააცდინო. ასე დავდიოდი ერთი თვის განმავლობაში კალათბურთზეც და მძლეოსნობაზეც. ერთი თვის შემდეგ კი შეჯიბრება დაიწყო – ქალაქის პირველობა მძლეოსნობაში. პირველად ჩავიცვი ქაცვიანი ფეხსაცმელი. 100 მეტრი 11,7 წამში გავირბინე. ბატონი აკოფი სკოლაში ხტომის შედეგებს მახსენებს და მეუბნება: მოდი, ჯერ სიგრძეზე ვცადოთ. ცდის შედეგი 6,38 გამომივიდა. მომდევნო დღეს სამმაგში ვცადე ძალა. მწვრთნელისა და ჩემდა გასაოცრად 13 მეტრზე გადავხტი.

კიდევ ოთხი თვე ვვარჯიშობდი სპორტის ორ სახეობაში. 1963 წლის თებერვალში კი კერსელიანმა საზეიმოდ გამომიცხადა, საქართველოს მძლეოსანთა ზამთრის ჩემპიონატზე უნდა წაგიყვანოო. იმ წლებში ჩემპიონატები შენობაში განსაკუთრებული პროგრამით ტარდებოდა. თავის ძირითად სახეობასთან ერთად, ყოველი მონაწილე სფმ-ის პროგრამით გამოდიოდა, რომელშიც ჩართული იყო 300 მეტრზე რბენა, შტანგის აკვრა და 800 მეტრზე სირბილი. მხოლოდ ერთი შედეგი არ ამომდის დღესაც მეხსიერებიდან, როცა 800 მეტრზე რბენაში 1960 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს სიმაღლეზე ხტომაში რობერტ შავლაყაძეს გავუსწარი. დისტანცია 2 წუთსა და 12 წამში გავირბინე, მაგრამ ამის შემდეგ კარგა ხანს თვალებიდან ცეცხლი მცვიოდა. თუმცა, საერთოდ სფმ-ის პროგრამა კარგად ჩავაბარე. ამის შემდეგ კერსელიანი პირველად გამომესაუბრა სერიოზულად – 100 მეტრს 11,6 წამში გაირბენ. სიგრძეზე 6,30-ზე, სამმხტომში კი 13,30-ზე გადახტები. მომავალში, ვფიქრობ, ხტომებში კარგ შედეგებს უნდა მიაღწიო. ამიტომ, მთავარ ყურადღებას ჩვენ სპრინტერულ რბენას დავუთმობთ. სპრინტი ხტომებში წარმატების საფუძველია. შემთხვევით არ იმარჯვებდა სპრინტერულ რბენასა და სიგრძეზე ხტომაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი ჯესი ოუენსი, ხოლო სამმაგში – მსოფლიო რეკორდსმენი პოლონელი იუზეფ შმიდტი, რომელიც 100 მეტრს 10,3 წამში გარბოდა.

იმ დროს ეს სახელები და მათი შედეგები მიუღწევლად მეჩვენებოდა. რას ვიფიქრებდი, რომ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ჯესი ოუენსს გავესაუბრებოდი და იუზეფ შმიდტთან ერთად შეჯიბრებაში გამოვიდოდი!

ამრიგად, ჩქაროსნული მზადება ჩვენ მუშაობაში პირველი მთავარი მიმართულება იქნება. სისწრაფე ხტომის საფუძველია.

მეორე მთავარი მიმართულება ტექნიკაა. შენ კარგი ფიზიკური მონაცემები გაქვს. მაღალი ხარ და მსუბუქი. მაგრამ მოძრაობებში ჯერ საკმაოდ მოისუსტებ. ტექნიკის გამომუშავება ხშირად მოსაწყენი, ერთფეროვანი და ხანგრძლივია. სპორტსმენი ტექნიკას სპორტში გამოსვლის უკანასკნელ დღემდე ხვეწს. მოთმინება იქონიე... დასასრულ, ყველაზე მთავარი, ყველა შენი წარმატება თუ წარუმატებლობა, მოგებები და რეკორდები შენზე იქნება დამოკიდებული. დამოკიდებული იქნება იმაზე, გაქვს თუ არა ვარჯიშის სურვილი, შენ შრომისმოყვარეობაზე, ყურადღებაზე, იმაზე, თუ რა ადგილს დაიკავებს სპორტი შენს ცხოვრებაში. ბევრი ათლეტი ვიცი, რომლებიც რეკორდებზე ოცნებობდნენ, მაგრამ არ უნდოდათ ან ვერ შეძლეს შელეოდნენ ბევრ ყმაწვილურ ცდუნებას. ისინი ვერ გახდნენ რეკორდსმენები, კარგი სპორტსმენებიც კი. მარტო სურვილი ცოტაა. საჭიროა შეუპოვარი შრომა. ეს დიდი ხანია, ცნობილია, სხვა „რეცეპტი“ ჯერ არავის გამოუგონია და ვერასოდეს გამოიგონებენ!

დავიწყე შრომა. მალე სერიოზული ასპარეზობა გველოდა – საქართველოს მოსწავლეთა პირველობა (შეჯიბრებაში ისინიც დაიშვებოდნენ, ვინც უკვე დაამთავრა სკოლა, მაგრამ 18 წელს არ იყვნენ გადაცილებულნი). ამ შეჯიბრებისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც ოლიმპიური თამაშებისთვის. ჯერ კიდევ 12-13 წლის ასაკში რომ დამეწყო ხტომებში რეგულარული ვარჯიში, ალბათ, გაცილებით ადრე მივაღწევდი დიდ წარმატებებს.

ოქრო რეკორდით

ყველაზე ტკბილად 1968 წელი, მეხიკოს ოლიმპიური თამაშები მახსენდება – კარიერის განმავლობაში სამხტომელთა ბილიკზე ყველაზე დიდი ბრძოლა სწორედ იქ გადავიტანე! ეს იყო ნამდვილი სპორტული ფეიერვერკი, მარტო ის რად ღირს, რომ იმ პაექრობის დროს 5-ჯერ დამყარდა მსოფლიოს რეკორდი! ოქრო რეკორდით მოვიგე! მიუნხენსა და მოსკოვზე იმავეს ვერ ვიტყვი. ჩემთვის ოლიმპიური თამაშები ზეიმთან ასოცირდება, მიუნხენსა და მოსკოვში კი ზეიმისთვის ძალიან ბევრ პოლიციელს ვხედავდი, რაც განწყობას მიუფერულებდა.

პიცის დამტარებელი სანეევი

ერთი პერიოდი ძალიან გამიჭირდა – უმუშევრობა გამიგრძელდა და ლამის თავის მოკვლაზე დავფიქრდი... იქამდე მივედი, რომ გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე: მე, ესა და ეს პიროვნება, ჩემი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლებს ვყიდი-მეთქი. მაგრამ უბედურება იცით რა იყო? ყველას მუქთად უნდოდა! ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც შემომთავაზეს, 5 ათასი დოლარი იყო. ავსტრალიაში ეს თანხა, მაქსიმუმ, ორი თვე გეყოს. კიდევ კარგი, ოჯახის წევრებმა და აქაურმა ნაცნობებმა მედლების გაყიდვა გადამაფიქრებინეს. გაგეცინებათ, მაგრამ 90-იანი წლების მიწურულს პიცასაც დავატარებდი. ვთქვათ, ვიღაც ლაწირაკს ან მოხუცს ნასადილევს ან ძილის წინ პიცა რომ მოუნდებოდა, დარეკავდა ჩვენთან ოფისში, შეუკვეთავდა და მე, სამი ოლიმპიადის ჩემპიონი ვიქტორ სანეევი მივდიოდი და შინ მივართმევდი პიცას. გიკვირთ? არადა, იყო ასეთი დროც. თუმცა, მუშაობა არასდროს მითაკილია. ვმუშაობდი, ხომ არ ვიპარავდი? იმ დროს სხვა გზა, უბრალოდ, არ მქონდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი