საზოგადოება

რატომ გახდა იძულებული იასე რაჭველი, სამშობლო დაეტოვებინა და როგორ ზრუნავდა ის თურქეთში ქართველებზე

№10

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 19.03

იასე რაჭველი
დაკოპირებულია

იასე რაჭველი დაიბადა 1860 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბაიალეთში მაქსიმე და ანა მეხუზლების ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის ერთკლასიან სასწავლებელში მიიღო და დამთავრების შემდეგ, 8 წლის იასე მასწავლებელმა, ბესარიონ ჭიჭინაძემ, მშობლების თანხმობით, რაჭაში წაიყვანა და ორკლასიან სასწავლებელში მიაბარა.

იასემ რაჭის სკოლა დაამთავრა და აქვე ჩაება არალეგალურ ორგანიზაციაში, რომელიც ჟანდარმერიამ დახურა და იასე იძულებული გახდა ოზურგეთში დაბრუნებულიყო, სადაც ეთნოგრაფიულ მუშაობას შეუდგა და დააარსა ამხანაგობა „გეორგია“. თუმცა, რადგან არალეგალური საქმიანობის გამო პოლიცია მოსვენებას არ აძლევდა, 1880-იან წლებში იასე რაჭველი ემიგრაციაში ოსმალეთის იმპერიაში წავიდა. შეისწავლა ბერძნული და თურქული ენები, იმოგზაურა საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში – „დროებაში”, „ივერიასა” და „კვალში”.

მოღვაწეობდა სტამბოლის ქართულ სავანესა და მასთან არსებულ სტამბა-გამომცემლობაში. შეისწავლა თურქული და ბერძნული ენები. აქვეყნებდა წერილებს იქაურ პრესაში. როგორც ცნობილია, სტამბოლის ქართული სავანე არა მარტო კათოლიკეთა სამლოცველო ადგილს წარმოადგენდა, იქ სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა წარმომადგენლებიც მრავლად იკრიბებოდნენ ხოლმე. იასე რაჭველს ახლო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა, როგორც იმხანად იქ თავმოყრილ ჩვენს თანამემამულეებთან (დ. მიქელაძესთან (მეველესთან), მ.ნაკაშიძესთან, ე.მიქელაძესთან, ა.გარაყანიძესთან და სხვა), ისე ადგილობრივ ქართველებთან. იმდროინდელი ქართული პრესის შეფასებით, იასე სტამბოლის ქართული სავანის დამფუძნებლისა და წინამძღვრის – მამა პეტრე ხარისჭირაშვილის აზრებით განმსჭვალული მამულიშვილი იყო. მისი თაოსნობით იქაურ ქართველობას თანხაც კი შეუგროვებია და გამოუგზავნია საქართველოში შოთა რუსთაველის ძეგლის დასადგმელად. სტამბოლში ცხოვრების პერიოდში იასე რაჭველის ეროვნულ-პატრიოტული მოღვაწეობა ძირითადად, ორი მიმართულებით წარიმართა: ერთი მხრივ, ის აქტიურად ცდილობდა, იქაურ ქართველებში შეძლებისდაგვარად გაეღვივებინა ეროვნული ცნობიერება, მეორე მხრივ კი, მოკავშირის როლი შეესრულებინა თურქეთში მცხოვრებ ქართველობასა და საქართველოს შორის. ქართულ პრესაში იასე რაჭველის მიერ გამოქვეყნებული კორესპონდენციებით ირკვევა, რომ ის აქტიურად უჭერდა მხარს სტამბოლის ქართული სავანის ბერ-მონაზონთა მცდელობას, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა თავიანთი სასწავლებლების მოსწავლეთათვის განათლების მისაღებად საჭირო პირობები შეექმნათ. კერძოდ, სასწავლო სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უზრუნველსაყოფად იასე რაჭველს საქართველოში არსებული გამომცემლობებისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესვეურებთანაც ჰქონია ურთიერთობა დამყარებული და მათი დახმარებით ცდილობდა აღნიშნული საქმის მოგვარებას. ქართულ სასწავლო წიგნებზე, განსაკუთრებით კი „დედა ენაზე“, არა მარტო მოსწავლეებში ყოფილა დიდი მოთხოვნილება, არამედ არამოსწავლე ქართველობაშიც და მათ შორის მაჰმადიან ქართველებშიც. მაგალითად, ქართული წიგნის გამომცემლებისადმი სტამბოლიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში იასე რაჭველი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერდა: „დიდად დაგვავალებდნენ წიგნების გამომცემელნი საზოგადოებანი, რომ არ დაზოგავდნენ და გამოგვიგზავნიდნენ ჩვენის ნორჩის სკოლისათვის თავიანთ საყმაწვილო გამოცემებს, თორემ ეს მონასტერი ხელ-ვიწროდ არის ქონებრივად და საქმე გაჭირვებით მიდის წინ“.

იასე რაჭველი ავტორია რომანების, მოთხრობებისა და პოემების, მათ შორისაა: „მეექვსე ნომერი“, „რაშია ბედნიერება“, „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“, „მარიანა“, „უმანკო მსხვერპლი“ „მართალი კაცი“ და სხვა.

1904 წელს რაჭველი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის თვითმმართველობასთან გზების ქვებით მოპირკეთებაზე კონტრაქტი გააფორმა..თავდაპირველად ქვები საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა, შემდგომ კი ქუთაისის მაზრის სოფელ კურსებიდან იღებდა.

იასემ თხოვნით მიმართა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობას, რათა გელათის გრანიტის კარიერზე დასაქმებული მუშებისთვის წიგნები გაეგზავნათ და საზოგადოების გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

მან პასუხისმგებლობა აიღო მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობაზე, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა და ამის შემდეგ საცხოვრებლად ლაგოდეხში გადავიდა, სადაც ხელნაწერი ჟურნალის „ჰერეთის” გამოცემა დაიწყო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი ფოტოები და თარგმანები. ის გახლდათ არაერთი ლექსის, პოემის, მოთხრობისა თუ რომანის ავტორი.

იასე რაჭველი 1919 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ლაგოდეხში და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბაიალეთში. ჟურნალში – „თეატრი და ცხოვრება“ – გამოქვეყნდა გარდაცვალების ნეკროლოგი და იოსებ არიმათიელის წერილი მასზე.

1920 წლის 24 ივნისს მუშათა ცენტრალურ კლუბში იასე რაჭველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა – „საღამო სოსიას ღელე”, სადაც დამსწრეთ სიტყვით მიმართა იოსებ იმედაშვილმა, ლექსები წაიკითხეს ვალერიან რუხაძემ, იოსებ გრიშაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, დარია ახვლედიანმა და სხვებმა.

გამოყენებული მასალების წყარო: „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი”: იოსებ იმედაშვილი; www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა