საზოგადოება

რატომ გაიყინა დრო გივი ჩუგუაშვილისთვის და როგორ დაამშვიდა ის მეუღლემ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 30.11, 2022 წელი

გივი ჩუგუაშვილი
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ჩუგუაშვილი ბოლო პერიოდს, პროფესიული თვალსაზრისით, შედარებით პასიურად ატარებს. მის ცხოვრებაში რთული ეტაპია, ბატონ გივის ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ამ ტკივილთან გამკლავება, მარტივი არ აღმოჩნდა.

გივი ჩუგუაშვილი: ბოლო პერიოდი ცოტა რთული მაქვს. დიდი ტკივილები გადავიტანე, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ამ მომენტში თეატრში არავითარი საქმე არ მაქვს, არ ვარ დაკავებული. ჩემი სპექტაკლები არ არის. კინოში ბოლოს რეჟისორ აკაკი შანშიაშვილთან მქონდა გადაღება. ცუდად ვიყავი, დეპრესიული პერიოდი მქონდა. მეგობრებმა ესეც გაითვალისწინეს, მაგრამ იმდენად პასიური გამოვიდა, უკვე ცუდად ვარ, აღარ შემიძლია ასე. როცა თავისუფალი ხარ, ფიქრები, ფიქრები... სხვაგან მიდის გონება. ჯობდა, აქტიურად გამეტარებინა ეს წელიწადი.

– მეუღლესთან მრავალწლიანი და განსაკუთრებული ისტორია გაკავშირებდათ, ამიტომაც აღმოჩნდა განშორება ასეთი რთული...

– ჩვენ მართლა ლამაზი ისტორია გვქონდა. იმდენად ლამაზი, რომ ეს წლები ისე გავიდა, ვერც ვიგრძენი. დროის გასვლას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ესაა ბედნიერება. როცა გვერდით გყავს მეგობარი, რომელიც შენს ჭირსა და ლხინს ერთნაირად გაიზიარებს, ტკივილს თუ სიხარულს თავის თავზეც აიღებს, ეს არის ყველაფერი. ახლა ჩემთვის დრო თითქოს გაიყინა. წარსულს ვიხსენებ და ვხვდები, რომ მაშინ ვფრინავდი. მიუხედავად ასაკისა, მაინც სულ ბიჭი ვიყავი. ახლა სიმძიმე ვიგრძენი. თურმე, ასე ხდება, როცა გვერდით აღარ გყავს ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მანანა იყო. ადამიანმა ცხოვრებაში აუცილებლად უნდა განიცადოს ჭეშმარიტი სიყვარული. მე ეს განვიცადე და ძალიან ბედნიერი ვარ. არიან დიდი ხნის ცოლ-ქმარნი, ოჯახი აქვთ, მაგრამ სიყვარული რა არის, ბევრმა არ იცის. მე ეს განვიცადე, ჩემს მეუღლესთან ერთად ძალიან ბედნიერი წლები გამოვიარეთ.

– პროფესიით თვითონაც მსახიობი იყო და ურთიერთობისთვის, ალბათ, ესეც დიდი ფუფუნებაა.

– დიახ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს ზუსტად იგებდა. ბოლო პერიოდში თვითონ თეატრში აღარ მუშაობდა და თავიდან ბოლომდე ჩემზე იყო გადმორთული. ალბათ, მსახიობმა მსახიობი უნდა მოიყვანოს ცოლად. სხვა პროფესიის ადამიანი ვერ გაუძლებს მსახიობს. მე მყავდა პირველი მეუღლე, სხვა პროფესიის და ალბათ, ამიტომაც ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ისე კარგად არ ესმოდა ჩემი, როგორც მსახიობის, თორემ სხვა პრეტენზია არ მქონია, ნორმალური ადამიანი იყო და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს.

– დიდი ბრძოლა გამოიარეთ ქალბატონ მანანასთან ერთად, ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

– მთელი სამი წელიწადი მკურნალობდა, შვეიცარიაში გავაგზავნე, იქ შვილი ჰყავდა და მას დავურეკე. ასეთი ამბავია და იქნებ მანდ ჯობდეს მკურნალობა-მეთქი. სამი წელი იქ იყო, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა. მე აქ ვიყავი, ერთხელ ჩავედი, მერე ვეღარ მოვახერხე სპექტაკლებისა და გადაღებების გამო. ბოლო პერიოდში, მესამე წელს, ყველაფერი დავგეგმე, უნდა წავსულიყავი და მოხდა კიდეც ეს უბედურება. ეს სამი წელი ხომ შორს იყო, მაგრამ მთავარი იყო, რომ ცოცხალი იყო. ვიცოდი, რომ ხვალინდელი დღე გვქონდა. ამიტომ მსუბუქად გადავიტანე. ვიცოდი, რომ იქ უნდა განკურნებულიყო. თვითონაც ძალიან დიდი იმედი ჰქონდა. თან, იქ მედიცინა გაცილებით მაღალ დონეზეა განვითარებული, აბსოლუტურად არაფერს აკლებდნენ, მაგრამ მაინც მოხდა ეს ტრაგედია. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ყველაზე იმოქმედებდა. თან, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და უფრო მძიმე აღმოჩნდა. აქამდე არ მქონია ისეთი უცნაური კითხვები და პასუხები საკუთარ თავთან, რაც მისი წასვლის შემდეგ გამიჩნდა. ჩემთვის მთელი სამყარო შეიცვალა. არ მეგონა, ეს საშინელება თუ მოხდებოდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ აქ ჩამოგვესვენებინა, მაგრამ მისი სახე არ მინახია. მაკიაჟი ჰქონია გაკეთებული, ყველაფერი, მაგრამ ვერ შევძელი შემეხედა. არ მინდოდა, გარდაცვლილი მენახა.

– როგორი მდგომარეობა ჰქონდა ამ სამი წლის განმავლობაში? თუ გქონდათ ურთიერთობის საშუალება?

– ჩვენ ყოველდღე ვურეკავდით ერთმანეთს. სამი წლის განმავლობაში დღე არ გავიდოდა ამის გარეშე. სულ ერთად ვიყავით. ვიდეოთვალით ვურეკავდი და ვხედავდი, ვესაუბრებოდი. ბოლოს, გარდაცვალების დღეს დამირეკა. მითხრა, გივი, არ ინერვიულო არაფერზე, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამას რატომ მეუბნები-მეთქი, ვკითხე, ისე, უბრალოდ, აბა, შენ იციო, მითხრა და დამემშვიდობა. მერე ვფიქრობდი, რატომ მითხრა ასე-მეთქი და ვცადე ისევ დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი. მერე შვილმა მითხრა, მანანა აღარ არისო. არ ვიცი, ფიქრობდა უკვე, რომ ეს ამბავი მოხდებოდა? შეიძლება, დამამშვიდა. იქიდანაც ვედარდებოდი. წლების განმავლობაში რომ ერთად ხართ, ადამიანი უკვე ძალიან ახლობელი ხდება შენთვის, თითქოს დედას უტოლდება, არ ვიცი, როგორ ავხსნა ზუსტად. ძალიან მშობლიური ხდება. იცით, როგორ გადის დრო, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ? არაფერი გენაღვლება, თუგინდ, მშიერი იყო, არაფერი გინდა, თავისუფალი ხარ. საჭმელიც რომ არ გქონდეს, პრობლემა არ არის. ჩვენ სულ „მერე რა მოხდათი“ ვცხოვრობდით. ის ძალიან მავსებდა. ადამიანი რომ გიყვარს, ალბათ, სავსე ხარ. ძალიან ბევრი პრობლემა შეგვხვდა, ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. მაინც ტრადიციული ოჯახები გვქონდა, ოჯახის დანგრევა, ნათესაობის ჩარევა, ყველაფერი გადატანილი გვქონდა. ამან უფრო გაგვამაგრა, ქვიტკირივით გახადა ჩვენი ცხოვრება. კარგი წლები იყო.

– ერთი ისტორია მაქვს მოსმენილი თქვენს ძაღლთან დაკავშირებით, კარგად ასახავს იმ გაჭირვებასაც, რომელიც გამოიარეთ...

– ეს ძაღლი ქუჩიდან მოვიდა ჩვენთან. ეზოიან სახლში ვცხოვრობდით, ძველ თბილისში. ყუთი შევუკარი, ეზოში დავუდგი და იქ მივუჩინე ბინა. ძალიან რთული წლები იყო. მოვიდა, თვალებით საჭმელს გვთხოვდა, ჩემმა მეუღლემ უთხრა: ცუგრი, აბა, რა გაჭამოთ, ჩვენთვის არ გვაქვს საჭმელიო. ძაღლმა გვიყურა, გვიყურა და აღმაშენებელზე გავიდა. ცოტა ხანში მოვიდა და პირში ახალი ძეხვი უჭირავს. სუფთად შეფუთული. ძირს დააგდო და გვიყურებს. მანანას ცრემლები წამოუვიდა. მეც ცუდად გავხდი. შეჭამეთ, თქვე იდიოტებო, თქვე უვარგისებოო, ასეთი სახით გვიყურებდა (იცინის). ვერ ვიფიქრებ იმას, რომ ძაღლმა იაზროვნა, შემთხვევითობას უფრო დავარქმევ, მაგრამ ძაღლი ხომ იყო და ეს ხომ გააკეთა?! იმის შემდეგ შუაში გვეწვინა მე და მანანას (იცინის). ვბანდი, ოჯახის წევრი იყო. ზღვაზე რომ მივდიოდი, იქაც მიმყავდა. ყოველ წელს ერთად ვისვენებდით. არ მიგვიტოვებია და ისიც არ მოგვშორებია გვერდიდან. წლოვანი რომ გახდა, სად არ წავიყვანე, რომელ ექიმს არ ვაჩვენე, ვერაფერი ვუშველეთ. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ თვალებში მიყურებდა, ვერ მეუბნებოდა, რაღაცას ითხოვდა. ასეთი თვალები ადამიანზეც არ მინახავს. ადამიანის გარდაცვალება ყველაზე დიდი საშინელებაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის ჩემი ცუგრის სიკვდილი. მეტყველება არ ჰქონდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ასე დალია სული. ძალიან გაგვიჭირდა, ძალიან ცუდად ვიყავი. ცხოველი ძალიან მიყვარს, მაგრამ იმის შემდეგ აღარ მყოლია. მასაც რომ რამე დაემართოს, შეიძლება, ზედ გადავყვე. თუმცა, ფისოები მყავს. ჩემი სოფელი მუხრანია და იქ რომ ჩავდივარ მხვდებიან.

– ახლა, როცა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ, თან სახლის ამბები და ჩხირკედელაობა კარგად გამოგდით, ალბათ, ძირითად დროს ამას უთმობთ.

– ჩემთვის ტექნიკა პრობლემა არ არის. სახლში რამე თუ გაფუჭდება, ხელოსანთან არასდროს მიმაქვს, ხელოსანთან მანქანისა და მოტოციკლის გამოც არ წავალ, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. ზოგჯერ ისეთ რთულ ამბებში გადავდივარ, სქემებსა და ნახაზებსაც თვითონ ვადგენ. ერთი მეზობელი მყავდა – თენგიზი, კარგი კაცი იყო. რაღაც გაუფუჭდა, ვერ ვქოქავ მანქანასო. მივედი, უცებ გავუკეთე და მეუბნება: გივიჯან, ხელოსნებში ყველაზე მაგარი არტისტი ხარ და არტისტებში ყველაზე მაგარი ხელოსანიო (იცინის). ფიზიკა ყოველთვის მაინტერესებდა და ტექნიკური მხარე კარგად გამომდიოდა, ეს ჩემი დიდი ჰობია. ამით ვერთობი, დროს ვკლავ. დავჯდები, რაღაცებს ვჩხირკედელაობ, ათას რამეს ვაკეთებ.

– ძალიან მკაცრი როლები გაქვთ, ცოტა საშიშიც, როგორი ხართ რეალურად, რას ამბობენ თქვენი ახლობლები?

– კი, მაქვს ასეთი როლები ნათამაშები, მაგრამ მე საწინააღმდეგო ხასიათები მაქვს. მკაცრი არავისთან ვარ, თუ ძალიან არ გამამწარა კაცმა და მდგომარეობიდან არ გამომიყვანა, ვარიანტი არ არის, ვინმეს ვაწყენინო და არაკაცური რამ ჩავიდინო. ის როლია და რა ვქნა (იცინის). დიდი სამეგობრო მყავს და მგონია, რომ არავისთან ჩავჭრილვარ.

– თანაბრად მიდიხართ თეატრსა და კინოში 49-49 არის თქვენს აგარიშზე. ამ პასიური პერიოდის დასრულების შემდეგ, თქვენი სურვილები უფრო საით იხრება?

– ზუსტად ასეა. 49 როლი მაქვს თეატრში ნათამაშები და ამდენივე ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. აბსოლუტურად თანაბარი რიცხვია. ახლა ლექსებს ვამუშავებ, გიტარაზეც რაღაცას ვმაიმუნობ (იცინის). ჩემთვის რაღაცებს ვცდილობ, უსაქმოდ არ ვარ, ოჯახურ საქმეებს ვაკეთებ სოფელში, თბილისში. ასე გადის დრო. იმედია, მალე თეატრსა და კინოშიც მექნება საქმე. ახლა „განდეგილის“ ანიმაცია კეთდება და იქ უნდათ ჩემი ჩართვა, სულ ახალი ამბავია. დაფინანსების არქონის გამო ოთხი ფილმი ჩაიშალა, იმედია, ამ მხრივაც შეიცვლება მდგომარეობა და მალე დავუბრუნდები ჩემს საქმესა და მაყურებელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი