საზოგადოება

რატომ გადაწყვიტა ნაილი ვახანიამ საგამოფენო სივრცის საკუთარ ბინაში შექმნა და როგორ აღიდგენს ის დახარჯულ ენერგიას

№20

ავტორი: ანი რევია 20:00 03.06

ნაილი ვახანია
დაკოპირებულია

ნაილი ვახანია ის შემოქმედია, რომელიც თავისი განსხვავებული ხედვით, გემოვნებითა და შთაგონებით იპყრობს თავისი ნახატებისადმი ყურადღებას. მის შემოქმედებაში ჭარბობს ბუნების ულამაზესი ქმნილებები – ყვავილები და არც ესაა შემთხვევითი. ახლახან შემოქმედმა საცხოვრებელი ფართი ღია სახელოსნოდ აქცია და დიღომში, საკუთარ ბინაში მოაწყო გამოფენა, სადაც მისულ საზოგადოებას, გარდა მისი ნამუშევრების ხილვისა, საშუალება ჰქონდა, დასწრებოდა პროცესს, როგორ ქმნის ნაილი თავის ულამაზეს ნახატებს.

ნაილი ვახანია: ჩემი ახლანდელი გამოფენა შედარებით არაფორმალური იყო და მას „ღია სახელოსნო“ დავარქვი, ანუ, ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც სახელოსნო მაქვს, დამთვალიერებელს შეეძლო ენახა, როგორც ჩემი დასრულებული ნახატები, ასევე მუშაობის პროცესი. სივრცე, სადაც მე ვმუშაობ, არ იყო საგამოფენო სივრცე. თუმცა საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა, არა მარტო ჩემი მოწვეული, არამედ გამვლელებიც, რადგან გარეთ პოსტერი მქონდა გაკრული და ერთი ნამუშევარი – გამოფენილი. მათთვის აღმოჩენა იყო მსგავსი რამ.

– ფაქტობრივად, გალერეა საკუთარ სახლში მოაწყვე. საიდან გაჩნდა ეს იდეა?

– ქალაქის ცენტრში არის ხოლმე კულტურული აქტივობები, შედარებით გარეუბნებში კი – ნაკლებად. ამ თვალსაზრისით, თუნდაც ადგილობრივი ხალხისთვის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

– მახსოვს, შენი წინა გამოფენის სახელწოდება იყო „ქრობადი მეხსიერების მკურნალი ყვავილები“. შენს ნამუშევრებში, ძირითადად, ყვავილები სჭარბობს. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ არის და რას უკავშირდება?

– ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი, სადაც ვიკვლევდით ადამიანებს, ვისაც აქვთ ცოდნა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მცენარეებზე. ვხვდებიდით ამ ადამიანებს და ისინი გვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნას, თუ რაში იყენებდნენ ამ მცენარეებს – სამკურნალოდ, რიტუალური თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის შთაგონების წყარო იყო და ეს ჩემს ნამუშევრებში ჩანს, ოღონდ არა იმიტომ რომ ლამაზია, იმიტომ რომ დატვირთვა აქვს და რაღაცის გამოა ნამუშევარში. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნამუშევარია ის, სადაც ბევრი მცენარე მაქვს გადმოცემული. მისი ისტორია კი ასეთია: მაღალმთიან აჭარაში ვხვდებოდით ქალებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, შრომობენ და თავიანთ ოჯახებზე ზრუნებვენ. ეს ყველაფერი გავაერთიანე ერთ ნახატში, სადაც არის თითქმის ყველა ყვავილი, რაც იქ შეგვხვდა და რასაც ის ქალები სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებენ. ვცადე, ნახატზე მაქსიმალურად გადმომეცა ქალის ყოველდღიურობა და შრომა, რომელიც აგროვებს ყვავილს, სახელად უკვდავა, რომელიც მათი ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ამ ყვავილს აბარებენ აფთიაქებში და ამით თანხას შოულობენ. პარალელურად მძიმე შრომისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემს ნამუშევარში გადმომეტანა ის ესთეტიკა, რომელიც იქ ვნახე – სიცოცხლით სავსე, ფერადი ნაქარგობები. ჩემს ნახატში ვცადე, ეს ყველაფერი გამეერთიანებინა. ფაქტობრივად, იმ ადამიანების ისტორია და ყოველდღიურობა გადავიტანე ფურცელზე. ანუ, ვცდილობ, დავაკვირდე დეტალებს და ჩვენი რეალობა ავსახო. ჩემს ნამუშევრებში ვერ ნახავთ ადამიანებს, არის ნივთები და გარემო, სადაც ისინი არიან.

– შემოქმედ ადამიანებს უჭირთ საკუთარი ნახატების გაჩუქება-გასხვისება...

– ასეც ვერ ვიტყვი. ჩემი ნახატები ჩემი ცხოვრების ეტაპებია და თუ გინდა, ახალ ეტაპზე გადახვიდე, მასთან განშორების უნარიც უნდა გქონდეს. თუმცა, ყველა ნახატზე მაქვს შეგრძნება, რომ გამიჭირდება მისი გასხვისება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ვდისტანცირდები და მგონია, ყველაფერთან შეიძლება განშორება (იცინის). რაც შეეხება ენერგიას, ზოგადად, შემოქმედ ადამიანს უდიდესი ენერგია სჭირდება. დახარჯულ ენერგიას კი, რასაც ჩემს ნახატებში ვდებ, ბუნებასთან კავშირით აღვიდგენ.

– შენს რომელ ნამუშევარს დასჭირდა ყველაზე დიდი დრო და ზოგადად, თუ გიწევს ღამეების თენება ხატვაში?

– ღამეების თენება ნაკლებად მიწევს. ყოველთვის ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, რომ არ მომიწიოს ღამის თენება. ყველაზე დიდი დრო კი, დავახარჯე ნამუშევარს, რომელსაც რვა თვის განმავლობაში ვაკეთებდი. ბევრი რამის შესწავლა დამჭირდა, სანამ სისრულეში მოვიყვანდი. ეს ნამუშევარია ჭადრაკი, რომელიც შედგება თეთრი და შავი მხარისგან და ჭადრაკის სტანდარტული ფიგურების მაგივრად, არის თბილისის შენობები: შავ მხარეს – თანამედროვე შენობები, თეთრ მხარეს კი – ძველი თბილისის შენობები. დიდი ხანი დამჭირდა შენობების კვლევაზე, ფოტოების შეგროვებაზე, რომ შემძლებოდა, იდენტური შენობები გამომეძერწა. ამიტომ დამჭირდა ამ ნახატზე რვა თვის განმავლობაში მუშაობა. ამ ნამუშევრის იდეა კი ის არის, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ძველი და ახალი თბილისი, დაფაც სიმბოლურია – გახსნილი უჯრებით. იწყებ თამაშს და იბნევი, ვეღარ ხვდები, როგორ გააგრძელო. ანუ, ამ შემთხვევაში თეთრი და შავი არ არის ბოროტი და კეთილი, ანუ ყველასთვის სუბიექტურია. ვიღაცისთვის ძველია მისაღები, ვიღაცისთვის – ახალი.

– რომელი ფერი სჭარბობს შენს ნახატებში?

– იისფერი მიყვარს ძალიან და ვცდილობ, ხშირად გამოვიყენო ჩემს ნახატებში. ეს ფერი ჩემთვის სიმშვიდისა და ფიქრის სიმბოლოა. ფიქრი კი ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ დედამიწა ნიშნებით გველაპარაკება ყველა ადამიანს.

– ამ დედამიწის ნიშნებზე დაკვირვება თავად რა გამოცდილებას გაძლევს?

– მე ამ დაკვირვებით ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებში გადმოვცე ის, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და მგონია, რომ სხვისთვისაც. ჩემი სალაპარაკო მასალა ფურცელი, ფანქრები და საღებავებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა