საზოგადოება

რატომ გადაწყვიტა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა 12 ძაღლისა და 7 კატის შეფარება და რამდენი ცხოველის სიცოცხლე იხსნა მან

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 19.04, 2022 წელი

მიშა კაჭკაჭიშილი
დაკოპირებულია

მიშა კაჭკაჭიშვილმა ბოლო პერიოდში თავისი ცხოვრება ცხოველების სიყვარულისა და მათზე ზრუნვის მოტივით შეცვალა – მისი გეგმები მთლიანად მიუსაფარი ცხოველებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ გადაეწყო.

მიშა კაჭკაჭიშვილი: ჩემი პირველი ძაღლია ჰასკი, რომელსაც არჩიბალდი დავარქვი. ის ერთადერთი ძაღლია, რომელშიც ფული მაქვს გადახდილი. შემდეგი იყო ბატონი ნოა, რომლის გამოც კომენდანტის საათის დარღვევისთვის დამაჯარიმეს. ქუჩაში არჩის ვასეირნებდი და ნოა მაშინ ვიპოვე. უფრო სწორად, არჩიმ იპოვა ვიღაცის დატოვებული. ზუსტად იმ ღამეს აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. ვეტექიმმა მითხრა, რომ ნოა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და კლინიკაში გადაყვანა სჭირდებოდა. საშვისთვის ვერ დავუკავშირდი სამთავრობო ცხელ ხაზს, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდად მუშაობდა, ამიტომ მანქანით წავიყვანე. კლინიკაში ყველაფერი გაუკეთეს და წამოვედით. უკანა გზაზე კრიმინალურმა პოლიციამ გამაჩერა. განმიცხადეს, რომ ძაღლის სიცოცხლე არ აინტერესებდათ. რასაც ბუნებრივია კონფლიქტი, შელაპარაკება და დაუმორჩილებლობა მოჰყვა. გაოცებული დავრჩი მათი დამოკიდებულებით. მერე, რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და ჯარიმა გამიუქმდა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში ამ მხრივ რაღაც უნდა შეიცვალოს.

შემდეგი ძაღლი – მია, რომელიც შევიფარე, ბრმა იყო. შემთხვევით ვნახე, სისხლი მოსდიოდა თვალებიდან, ვერ ხედავდა. შემდეგი არის ფლო, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. როცა მე ვიპოვე. ამის გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. უკვე დასაძინებლად ჰყავდათ წაყვანილი და იქიდან წამოვიყვანე. კარცენომა ჰქონდა, სავარაუდოდ, ცემისგან. ცხვირი საერთოდ არ აქვს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ყველა ვეტერინარი მეუბნებოდა, რომ უნდა დამეძინებინა, მაგრამ ამას ყველაფერი მერჩივნა. ეს იყო დიდი ბრძოლა, რომელმაც დამანახვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ვეტერინარია არ არსებობს.

თითქმის ყველა ძაღლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიპოვე. მაგალითად, ფლოკის ისტორიას მოგიყვებით: სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ფოტოები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი ძებნა დავიწყე. ერთი კვირა დამჭირდ., რომ ვიპოვე, სისხლისგან იცლებოდა. გავიგე, რომ სიმსივნე ჰქონდა და დასაძინებლად წაყვანილი ძაღლი ჩემთან ჩამოვიყვანე. ყველა მეუბნებოდა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მკურნალობას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მშვენივრად არის. მისი მკურნალობა ძალიან ძვირი დაჯდა, პრეპარატები გერმანიიდან ჩამოგვქონდა. ყველამ ერთად ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და საბედნიეროდ, ამან შედეგი გამოიღო.

გრეისონი დიდი ისტორიის მატარებელი ძაღლია. ბათუმის ნაგავსაყრელიდან წამოვიყვანე. სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ჰქონდა და ამ ეტაპზე კარგად არის. ბათუმშიც მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებებია და ყველას მადლობა შესაბამისი ჩართულობისთვის. ამწუთას ჩემთან სულ თორმეტი ძაღლი და შვიდი კატაა.

ჩვენთან ცხოველისთვის დიაგნოზის დასმა ძალიან დიდი პრობლემაა. ყველაფერთან ერთად, კატასტროფული ფასებია და მიუსაფარ ძაღლებზე არანაირი შეღავათი არ ვრცელდება. საკუთარი სახსრებით ძალიან რთულია, ბევრს დაეხმარო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მიუსაფარი ცხოველებისთვის უფასო კლინიკა ავაშენოთ, რომლისთვისაც ყველაზე თანამედროვე აპარატურას ჩამოვიტანთ. ყველა სტანდარტს გავითვალისწინებთ და სრულად უზრუნველვყოფთ მათ ჯანმრთელობასა და მოვლას. ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, როგორშიც მიუსაფარი ცხოველები თავს კომფორტულად იგრძნობენ. სასწრაფო დახმარებასაც ვაკეთებთ. ამ ეტაპზე ჩემი ამოცანა, პირველ რიგში, 300-400 ძაღლზე გათვლილი სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებაა და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ მის ზაფხულამდე დასრულებასა და ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირებას. ამისთვის რამდენიმე მილიონია საჭირო და საბედნიეროდ, ბიზნესი გვერდით გვიდგას. ასევე, დედაქალაქის მერიც. მიუხედავად ჩემი განსხვავებული დამოკიდებულებისა სხვა საკითხებთან მიმართებაში, მე და ბატონი კახა ამ საკითხში სრულ თანხვედრაში ვართ.

აქამდე სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობდი, ეს სამყარო ჩემთვის უცხო იყო, ახლა კი ძალიან ორგანულია. რაც დამაჯარიმეს, მას შემდეგ ჩავერთე ამ ამბებში. მანამდე ძაღლი თითქმის ყოველთვის მყავდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასე ვზრუნავდი მიუსაფარ ცხოველებზე. შეიძლება, თანხა ჩამერიცხა, თუ ქუჩაში ცუდად მყოფს ვნახავდი, კლინიკაში წამეყვანა, მაგრამ ისე, რომ მთელი ჩემი ადამიანური რესურსი მათკენ მიმემართა, აქამდე არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ნოას გამო სახელმწიფოს ბიუროკრატიულ მანქანასთან მომიხდა შეჯახება, ყველაფერი შეიცვალა. მე არც ჯარიმის მეშინოდა და არც დაკავების, ჩემი წარსულიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უამრავი ადმინისტრაციული ჯარიმა და პატიმრობა მაქვს წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ მას შემდეგ გადავწყვიტე, ყველანაირი რესურსი ამ რეალობის შესაცვლელად გამომეყენებინა და ვფიქრობ, რომ რაღაც შედეგებზე უკვე გავედით.

– კატების ისტორიები როგორია?

– ვერ ვიტყვი, რომ აქამდე კატები არ მიყვარდა, მაგრამ მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც არ მქონია. ხრუხუნა არის ჩემი პირველი კატა, რომელსაც მანქანა დაეჯახა და მე და ჩემმა მეუღლემ კლინიკაში მივიყვანეთ. იქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო – გადარჩენის ალბათობა ნული პროცენტი გახლდათ. გვითხრეს, რომც გადარჩეს, ვერ გაივლისო. მერე ძალიან კარგი ვეტექიმი ვიპოვეთ და მისი დამსახურებით, სასწაული მოხდა. მან კატა გადამირჩინა. თუმცა, მაშინ კნუტი იყო. გადარჩა და ფეხზეც გაიარა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით, გამორიცხული იყო. ახლა თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, ძალიან მაიმუნია. ხრუხუნა ჩემმა შვილმა დაარქვა. მას მერე გაჩნდნენ სხვა კატებიც. ზოგი ქუჩაში ვიპოვე, ზოგი სახურავზე ცხოვრობდა და არავინ უპატრონა, ზოგი ბრმა იყო, ზოგს სხვა დაავადება აწუხებდა. როგორც შევძელით, ვუმკურნალეთ. ერთს თვალი არ აქვს და ჯეკ ბეღურა დავარქვით (იცინის).

– ამდენ ცხოველთან ერთად ცხოვრება როგორია?

– იდეალური. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ახლა პირიქით, მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია. ბუნებრივია დიდი პასუხისმგებლობაა. კვება, მკურნალობა, წამალი, აცრები, ვიტამინები – ეს საკმაოდ დიდი ხარჯია. ამის გარდა, ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, ადამიანებსაც დავეხმაროთ. იმედია, მალე დასრულდება ეს ომი და ძალიან ბევრი ცხოველის მკურნალობას შევძლებთ უფასოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა