საზოგადოება

რატომ გადაწერა ტოლსტოის ექვსტომეული „ომი და მშვიდობა“ ხელით რეზო ჭეიშვილმა

№52

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 02.01, 2024 წელი

რეზო ჭეიშვილი
დაკოპირებულია

„გივი, ჩვენ ვართ, გივი!“, „როდიდან როდემდე აქვს დალოდების საათები?“ „ყუფარაძეს რომ არ დაერეკა, მაგრამ დარეკა და…“, „თუ იცით, იგავ-არაკებს მიიღებს? არა, მაგრამ უარს არ გეტყვით!“, „ბოდიში, თქვენზე მითხრეს, ლიფტში გაიჭედაო და მართალია?“, „დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!“, „გამაგებინეთ, მე აქ ვარ თუ იქ?“, „მომკლავს ეს ორი სათაური!“… ალბათ, უკვე მიხვდით, ვის დღიურებს წარმოგიდგენთ. დიახ, ეს გენიალური კაცი, რეზო ჭეიშვილია. არა მგონია, ვინმე სხვა ყოფილიყო მის ადგილზე და „ცისფერი მთები“ გადაღებულიყო. რეზო ჭეიშვილი ბევრი რომანისა და სცენარის, ლექსის ავტორია, მაგრამ ჩვენ ყველას იგი მაინც ამ ფრაზებით გვიყვარს და გვახსოვს.

ბიბლიოთეკა ჩემოდანში

„უამრავი წიგნი მაქვს, ქუთაისშიც მაქვს ბიბლიოთეკა. წიგნებთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: პირველი წიგნების მაღაზია თბილისში, რუსთაველზე იყო. ერთხელაც, ალექსანდრე დიუმა ჩამოვიდა ჩვენთან და აჩვენეს ეს წიგნების მაღაზია. იქ, ეტყობა, იცოდნენ, რომ მოვიდოდა და მაღაზია გაავსეს, მოფინეს მისი წიგნებით. გაუხარდა ძალიან. შემდეგ იკითხა: კი მაგრამ, სხვა მწერლის წიგნები არ არისო? გამყიდველი დაიბნა და უპასუხა: სხვა გაიყიდა, ბატონოო. გამოვიდა, რომ დიუმა დარჩენილა მარტო გასაყიდი… ჩემს ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა. ჩვენს დროს უფრო ვკითხულობდით, იშვიათი იყო კინო და თეატრი. სახლი, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი, დაუსრულებელი იყო, შემდეგ ომი დაიწყო და მისთვის ვიღას ეცალა. მამაჩემი წაიყვანეს ფრონტზე, დედაჩემს კი დავრჩით შვილები – ჩვენ სამნი. ერთ დღეს სახლის დაუსრულებელ ნაწილში წიგნებით სავსე ორი დიდი ჩემოდანი ვიპოვეთ. როგორც გაირკვა, ვიღაცებს მოუპარავთ, რაღაც ძვირფასი ჰგონებიათ, შემდეგ კი, რომ ნახეს, წიგნების მეტი არაფერი იყო, ჩვენთან დატოვეს. სულ ვფიქრობდი, რომ მოაკითხავდნენ, მაგრამ აბა, ვის რად უნდოდა. ყველანაირი წიგნი იყო – ქართული, რუსული. საკითხავი წიგნები. ეს იყო ჩემი პირველი ბიბლიოთეკა...

ძველი და ახალი დრო

...მწერლებიდან დიუმას გამოვარჩევდი. ჩემთვის ყველაზე დიდი საკითხავი წიგნი კი სტენდალია – „წითელი და შავი“. ახლა ჩემს დაწერილ წიგნებს ვკითხულობ უფრო ხშირად. „ომი და მშვიდობა“ მაქვს ხელით მთლიანად გადაწერილი, მთელი ექვსი ტომი. დიდ პატივს ვცემ ლევ ტოლსტოის, ჩეხოვს. ჩეხოვის სახლშიც ვარ ნამყოფი, მისი პიესები მომწონს ძირითადად. ქართველებიდან ნიკო ლორთქიფანიძე მომწონს ყველაზე მეტად. მწერლები როგორ არ გვყავს. გვყავს გასაცოდავებული მწერლები. ადრე ასე ინფანტილური არ იყო საზოგადოება. ჩვენც უფრო ერთმანეთის გვესმოდა, ერთმანეთის გვშურდა და გვიხაროდა კიდეც. ჩვენ დროს რომ ყოფილიყო ტელევიზია და კომპიუტერი, ჩვენც აღარ დავწერდით არაფერს. მაგრამ ჩვენ დროს წიგნი და ჟურნალი იყო მხოლოდ. ბუნებრივი პროცესია. თუმცა, დღეს ისეთ ავტორებს თარგმნიან და ბეჭდავენ, ევროპელ მწერლებს, რომ ხანდახან სასიამოვნოდ გავოცდები ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ შეიკუმშება მწერლობა და რაღაც კასტასავით ჩამოყალიბდება. მწერლობას ეხმარება დრამატურგიაც. ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა წავიდეს. ხალხი რომ წუწუნებს, ადრე სხვანაირად იყოო, არ არის მართალი. იმიტომაა ასე, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მნათობების მოძრაობაზეა დამოკიდებული შენი აზროვნებაც, გაქანებაც, მისწრაფებაც და შეშლაც ჭკუიდან.

ცისფერი მთები თუ ხიდები

ფილმი „ცისფერი მთები“ ძალიან კარგი გამოვიდა. პროფესიონალის – ელდარ შენგელაიას გადაღებულია. მთავარ როლს – დირექტორისას თამაშობდა უნიჭიერესი კაცი, თეიმურაზ ჩირგაძე, რომელიც ექიმი იყო, ბუნებით არტისტი. „ცისფერ მთებში“ არც სიყვარულია, არც კაცის კვლა, არც ჩხუბია, სიმღერაც კი არ არის. მხოლოდ ლაპარაკია და ბოლომდე უყურებ. თავიდან მოთხრობა იყო „ცისფერი ხიდები“, რომელიც გადაკეთდა „ცისფერ მთებად“. ხანდახან ვჯდები და მე თვითონ ვკითხულობ, მიკვირს კიდეც. ამბები კინოსტუდიიდან ავიღე, იქ იყო ასეთი სიტუაციები, იქ გროვდებოდა. ვინ არ მოდიოდა, ვინ არ გადიოდა, დერეფანი იყო დიდი და სულ კარს აღებდა ვიღაცა, უკითხავად. შემოიხედავდნენ, გაიხედავდნენ.

„მუსიკა ქარში“ და „ქარების დაბრუნება“

„ქარების დაბრუნება“ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი, თითქმის რეალური პერსონაჟები არიან... რეალისტური, შენი თვალით დანახული უნდა წაიკითხო კაცმა. იდეა რომ ჩამებეჭდება თავში, ის აუცილებლად სიზმარში უნდა ვნახო. მერე ვიწყებ წერას. ხელით რომ ვწერ, ცოტა დიდი ხანი მჭირდება, საბეჭდ მანქანაზე უფრო სწრაფად გამოდიოდა. ადრე საბეჭდ მანქანაზე პირველ ხელნაწერს ვბეჭდავდი ხოლმე შავად, შემდეგ იმასაც ვასწორებდი და უკვე დასრულებულ, თეთრ პირს ვბეჭდავდი. მანქანაზე გამოცდილი მბეჭდავივით ვმუშაობდი. ახლა ხელით ვწერ. კომპიუტერს არ ვიყენებ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა