საზოგადოება

რატომ გააკრიტიკეს მარია კაზაბონა კრეატიულობის გამო და რამ ატკინა მას გული საქართველოში

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 09.02

მარია კოზაბონა
დაკოპირებულია

მარია კაზაბონა კულინარიული შოუს - „მასტერშეფის“ ახალი გამარჯვებულია. ის სამშობლოს წლების შემდეგ ამ პროექტით დაუბრუნდა და სამომავლოდ კარგი გეგმებიც დასახა.

მარია კაზაბონა: მინდა გითხრათ, რომ სამზარეულოს მიმართ ინტერესი არასდროს მქონია. მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემში მშვენიერი კულინარიული შესაძლებლობები იმალებოდა, რასაც დღეს უკვე აქტიურად ვიყენებ.

მოგეხსენებათ, იტალიაში ვცხოვრობ. მე და ჩემს ოჯახს იქ ზღვის პროდუქტების რესტორანი გვაქვს, შესაბამისად, მეც დავინტერესდი სამზარეულოთი. იტალიაში ძალიან ცნობილ კულინარიულ სკოლაში ვისწავლე და ჩვენს რესტორანში დავიწყე მუშაობა.

ჩვენ იტალიაში ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოვედით, ცხოვრება აქ განვაგრძეთ. საქართველოში ერთადერთი დაქალი მყავს, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. სამწუხაროდ, საქართველოში არ ჩამოვდიოდი ხოლმე. შესაბამისად, ქართულ გარემოსა და მენტალიტეტს კარგად არ ვიცნობდი. არც ცხოვრების წესისა და ყოველდღიურობის შესახებ მქონდა ინფორმაცია, ამიტომ გადავწყვიტე, ეს მდგომარეობა შემეცვალა, ჩამოვსულიყავი ჩემს სამშობლოში და კულინარიულ პროექტში, „მასტერშეფში“ მიმეღო მონაწილეობა.

ამ პროექტის რამდენიმე სეზონი ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომ კერძებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან ამზადებდნენ. ამან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რადგან მე ქართულ სამზარეულოს არ ვიცნობდი და რომ მცოდნოდა, მხოლოდ ქართული კერძების მომზადება მოგვიწევდა, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ჩამოვედი და აღმოჩნდა, რომ ეს სეზონი მთლიანად ქართულ სამზარეულოს ეთმობოდა (იცინის).

სიმართლე გითხრათ, ქართული კერძები ძალიან მიყვარს და სიამოვნებით მივირთმევ, მაგრამ მათი მომზადების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა.

„ოქროს წინსაფარი“ რომ ავიღე, ძალიან გამიხარდა, მაგრამ რომ შევიტყვე, ქართული კერძები უნდა მოგვემზადებინა, საკმაოდ განვიცადე. სხვა გზა არ მქონდა, ავდექი და ყველაფერი თეორიულად შევისწავლე, მაგრამ იმდენად ვნერვიულობდი, რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა ძალიან მიჭირდა.

ქართული სამზარეულო ძალიან განსხვავდება იმ ტექნიკებისგან, რაც მე მაქვს ნასწავლი. მე მინიმალური ჩარევის და მაქსიმალურად ნატურალური გემოების მომხრე ვარ, ეს მომწონს და ეს მასწავლეს. საქართველოში კი მოგეხსენებათ, კერძს რაც უფრო მეტი სუნელი, მარილი თუ სიმჟავე ან სიცხარე აქვს, მით უფრო ფასობს. ამის გამო თავიდან შეფები გავაგიჟე და აუტსაიდერებშიც მოვხვდი (იცინის). შემდეგ გავაცნობიერე, რომ ასე ვერ გავაგრძელებდი. სირთულეებმა მიმახვედრა, რა იყო საჭირო. ასე მივედი ფინალამდე და ფინალში ზუსტად ის გავაკეთე, რასაც მანამდე მეუბნებოდნენ, შეფების ყველა რჩევა გავითვალისწინე.

მინდა, გითხრათ, რომ ქართველებისთვის ძალიან რთული იყო ჩემი კრეატიულობის მიღება, არადა მე ძალიან კრეატიული გონება მაქვს. წლების წინ, მილანში მეიქაფ არტისტის პროფესიას დავეუფლე. ჩემებმა „ჩამითრიეს“ კულინარიულ ბიზნესში, თორემ ჩემი ყველაზე დიდი გატაცება მოდა და მეიქაფი იყო. მე ძალიან მომწონს ფერების შეხამება და ამის ანალოგი კულინარიაში გემოების შეხამებაში ვიპოვე. ის, რაც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან კავშირში არ არის, ჩემთვის უფრო საინტერესოა და ვიცი, რომ სტანდარტულების მიღმა, ბევრი საინტერესო შეხამება არსებობს. კრეატივის და სიახლეების მიღება ძალიან გაუჭირდათ. ბევრი კრიტიკაც წამოვიდა ჩემი მისამართით, წერდნენ: ამას არ უნდა გაემარჯვაო. მესმის, ჩვენ გვახასიათებს სხვების კრიტიკა, ეს ჩვენი ერისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ისიც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ ეს შოუა და ეკრანზე ის ჩანს, რაც მაყურებელმა უნდა დაინახოს. კრიტიკასთან შეგუება გამიჭირდა, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ეს არ იყო უბრალოდ კრიტიკა, დიდი დოზით იყო აგრესია და ნეგატივი, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

– საქართველოში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოხვედი თუ შენთვის ამ ნაბიჯს უფრო ემოციური დატვირთვა ჰქონდა?

– არა, გამარჯვება არ ყოფილა ჩემი მიზანი. მთავარი ჩემი თავის გამოცდა იყო. ზოგადად, ასეთი ხასიათი მაქვს. 31 წლის ვარ და დანანებით არასდროს არაფერზე მიფიქრია, არ მითქვამს, ნეტავ, ეს გამეკეთებინა-მეთქი. რაც კი აზრად მომივა, ყველაფერს ვაკეთებ. უკან დახევა არ მჩვევია და ამჯერადაც ასე მოხდა. მაინტერესებდა, შემეძლო თუ არა და დიდი გამოცდა მოვუწყვე ჩემს თავს. დაძაბული პერიოდი იყო, ძალიან ვინერვიულე, ტელეეკრანი ჩემს განცდებს სათანადოდ ვერ გადმოსცემდა. ისიც კი წავიკითხე, ვითომ არ იცოდა, რომ გაიმარჯვებდა, ყველაფერი ჩაწყობილი იყოო და ღმერთო, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს დიდი სისულელეა. „მასტერშეფამდე“ საქართველოში შეხებაც კი არავისთან მქონია.

გამარჯვებულად რომ დამასახელეს, ძალიან გამიკვირდა, არ ველოდი და არ მჯეროდა. განა საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული, უბრალოდ, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. იმ მომენტში წნევა დამივარდა, ძალიან ცუდად გავხდი. ეს განსაკუთრებული ემოციები იყო და მხოლოდ ამ მიზეზით კი არა, ბედნიერი ვარ იმიტომაც, რომ ჩვენ, ყველა, 12-ეული ძალიან კარგ ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან. არის რაღაცები, რასაც ხალხი სრულად ვერ ხედავს და ვერ იღებს. მათ შორის, ცვლილებებისა და ინოვაციების მიღებაც უჭირთ, არადა შოუს აზრიც ესაა, სიახლეები, კრეატივი და ჩემი გონებაც ამაზეა მომართული.

სიმართლე გითხრათ, იტალიაში ჩემი კრეატიულობის გამო ძალიან ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს. თუმცა, იქაც პატარა ქალაქში ვცხოვრობ – ლივორნოში, საკმაოდ ტრადიციული ადამიანების გვერდით, რომლებსაც ასევე, უჭირთ სიახლეების მიღება, მაგრამ რომ დააგემოვნებენ ხოლმე, მერე ძალიან მოსწონთ.

– თქვენი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შემფასებელი დედა ყოფილა. თუ გაღიარათ ამ გამარჯვების შემდეგ?

– ჩემს ცხოვრებაში დედაჩემია ყველაზე მკაცრი ადამიანი და ყველაზე დიდი კრიტიკოსი. ძალიან ბევრი შენიშვნა მომცა. ჩემი თავის გამოცდის, ჩემს თავზე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც იყო, რომ დედაჩემისთვის დამენახვებინა, რა შემიძლია. მე და დედა სულ ვჩხუბობთ ხოლმე და ეს პროექტშიც კარგად ჩანდა (იცინის). მისი და ჩემი მიდგომები განსხვავდება ერთმანეთისგან და ძალიან მიშლის ხოლმე ნერვებს (იცინის). რომ გავიმარჯვე, გაგიჟდა სიხარულისგან, საოცარ ემოციებში იყო. მგონი, დედა უფრო ემოციურად შეხვდა ამ ამბავს, ვიდრე მე (იცინის). საერთოდ, მე სტრესთან გამკლავება მიჭირს და დამამშვიდებელი მქონდა მიღებული. ამიტომ ძალიან მშვიდი ვიყავი, ნერვიც არ იძვროდა ჩემში (იცინის). დედაჩემი და მისი დაქალი მიყურებდნენ ლაივში და იმხელა ემოციებში ყოფილა, მერე ვიდეო რომ ვნახე, გავგიჟდი. მე, მაგალითად, ფინალში ღორი დამეწვა და ნერვიც არ შემრხევია (იცინის). სხვათა შორის, ამაზეც უამრავი ნეგატიური კომენტარი დაწერეს, ღორი დაეწვა, ეს რა გასამარჯვებელი იყოო და რეალურად, გასამარჯვებელი იმიტომაც ვიყავი, რომ ის დამწვარი ღორი ისე გამოვიყვანე, რომ შეფები ვერც კი მიხვდნენ, თუ დამწვარი იყო (იცინის).

– რა ასაკის იყავით, იტალიაში რომ წახვედით?

– 12 წლის ვიყავი, როცა იტალიაში ჩამოვედი. დედა უკვე აქ იყო. სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა ამ ქვეყანასთან შეგუება. ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც ძალიან დახურული მენტალიტეტი აქვთ და რთული იყო ადგილობრივებთან შეგუება. საქართველო ყოველთვის მენატრებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ აქამდე დაბრუნება ვერ მოვახერხე. ამ წლების განმავლობაში სულ 2-3 ჯერ ვიყავი, თანაც საკმაოდ მოკლე ხნით. იმედი მაქვს, სამომავლოდ უფრო ხშირად ჩამოვალ. ძალიან მინდა, ბათუმში გავხსნა რესტორანი. ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოში თევზის რესტორანი მქონოდა და პროექტში მიღებული საჩუქარი – ბინა ბათუმში, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი