საზოგადოება

რატომ ეცნობოდა ნოე ჟორდანია თეორიას მასიურ ჰალუცინაციაზე

№11

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 23.03, 2022 წელი

ნოე ჟორდანია
დაკოპირებულია

„როგორც ხედავთ, საქართველოსა და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი – აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“... ეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სიტყვებია, რომლის დღიურებიც დღევანდელ ჩვენს რთულ პოლიტიკურ ფონზე შევარჩიე, თუმცა მე ამ დღიურების მხოლოდ ერთ ეპიზოდზე შევჩერდი – მისი ბავშვობის, რომელიც ყველასგან ძალიან განსხვავებული, შესაბამისად, საინტერესო გვერდია, სახელწოდებით – „ჩემი წარსული“. ეს გვერდი, როგორც უკვე აღვნიშნე, მის მთავარსარდლობამდე ცხოვრების ეპიზოდია, საიდანაც გაიგებთ, თუ რამდენად უბრალო, ზოგჯერ უცნაურობებით არის აღსავსე ქვეყნის ისტორიული პიროვნებების ცხოვრებაც კი. მოკლედ, ნოე ჟორდანიას ცხოვრების მთავარი ჭინკები და სულები მის სამხედრო გზის დასაწყისამდე.

ნოე ჟორდანია 1895 წელს პარიზში წავიდა, სადაც 4 თვით დარჩა. შემდეგ გადავიდა გერმანიაში, მარქსიზმის სამშობლოში და შტუტგარტში დასახლდა. ევროპაში ჟორდანიამ 4 წელი და 6 თვე გაატარა, 1897-ში კი სამშობლოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ სოციალიზმის არალეგალურ პროპაგანდას, ლეგალურიც დამატებოდა და ამ მიზნით გაზეთ „ჩვენი კვალის“ მფლობელთან, ანასტასია თუმანიშვილთან და გიორგი წერეთელთან, გაზეთის შესყიდვაზე დაიწყო მოლაპარაკება. რედაქტორობა კი საკუთარ თავზე აიღო. ჟანდარმერიამ შეამჩნია კავშირი „კვალსა“ და არალეგალურ აგიტაციებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ დამამტკიცებელი საბუთი ვერ მოიპოვეს, 1901 წელს ჟორდანია ციხეში მაინც ჩასვეს და 8 თვის შემდეგ წარუდგინეს ბრალი სოციალ-დემოკრატობაზე. ჟორდანიას ციხეში ყოფნისას, 1902 წელს, ქართველი სოციალ-დემოკრატები რუს სოციალ-დემოკრატებთან გაერთიანდნენ, რასაც ნოე უარყოფითად შეხვდა. ათასნაირი თავგადასავლების, ციხის, გადასახლებისა და ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, ნოემ მოახერხა ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება 1917 წლის რუსეთის რევოლუციამდე, რომელმაც საქართველოს რუსეთის იმპერიის ბატონობიდან თავის დაღწევის შანსი მისცა. ნოე დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედია – 1918 წლის 26 მაისს მან საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა გამოაცხადა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. ჟორდანია ლმობიერი მმართველი გახლდათ, ეწინააღმდეგებოდა სიმკაცრეს და ცდილობდა, როგორმე აელაგმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ხისტი მეთოდები. ოჯახისა და ადამიანის როლთან დაკავშირებით ჟორდანიას კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდა და ადამიანის უმთავრეს დანიშნულებად ოჯახის შექმნასა და შთამომავლობის გაგრძელებას მიიჩნევდა. ნოეს ჰყავდა მეუღლე, ინა კორენევა და 4 შვილი - ასმათი, ნინა, ანდრეი, რეჯები.

სულები

„ჩემი ბავშვობის ხანაში ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ, მთელ გურიასაც, ჰქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და სასწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს და მათ გზას უბნევენ. ეს სულებია: ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვა. ბავშვებს ჰყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს – ყველა დანარჩენი. ეს ჭინკა მაინც მუდამ მაგონდებოდა და სულს მიწუხებდა. ერთხელ ჩემი თამაშის ამხანაგი სამი დღის განმავლობაში მინდორში არ გამოჩენილა. შემდეგ მოვიდა და ჩემს შეკითხვაზე, თუ სად იყო ამდენ ხანს, მომიგო: დედაჩემმა წისქვილში გამგზავნა, შემოღამებული იყო, შევედი თუ არა წისქვილში, მომესმა ხმაურობა და ყვირილი – ვინ მოსულა, მოჰკიდეთ მას ხელი. უცებ კუთხეებიდან გამოვიდნენ ჭინკები და დამესიენ. მოვასწარი კუთხეში დადგომა, ამოვიღე ჯაყვა-დანა, ვიღრიალე მათ მოსაგერიებლად. ენა დამება და ლოცვა ვეღარ ვთქვი, თუმცა დედამ დამაბარა ლოცვა არ დაგავიწყდეს, წისქვილმა ჭინკა იცისო. შემდეგ, არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, დედას შეშინებოდა – სად არის ამდენ ხანს ბიჭიო, მოვიდა და როგორც კი სინათლით შემოვიდა, ჭინკები მაშინვე გაქრნენ. მერე ლოცვებით მომასულიერეს და ფეხზე დამაყენეს. ამ ამბის გაგონებისთანავე გავიქცი შინ და დედაჩემს ვუთხარი, წისქვილში აღარ გამგზავნოთ და უამბე რაც მოხდა. არა, ნენა, როგორ გაგაგზავნი მარტო, ღამე კი არა, არც დღისით. ის წყეული სინათლეზე იმალება ხან წყალში, ხან ბორბლებშიო.

ნოე, მისი მეგობრები და ჭინკა

ერთხელ ოზურგეთიდან მივდივართ ლანჩხუთში ოთხი ბავშვი. გვყავდა ერთი ცხენი და ზედ ვჯდებოდით ორ-ორი მორიგეობით. ნატანებს გაღმა ვიყავით, რომ მზე ჩადიოდა. მე და ჩემი სახლიკაცმა გზის შესამოკლებლათ გადავაჯიქურეთ გორაკებით, ხოლო მეორე წყვილი ცხენით მოდიოდნენ შარაგზით. მივადექით მდინარეს. როგორც კი შევდექით ხიდზე, მომესმა ძახილი: ვერ წახვალთო და რაღაცამ წყალში მოადინა ტყაპუნი, ნაპირიდან გადახტა. ჭინკა დაგვხვდაო – დავიძახეთ და შეშინებულებმა მოვკურცხლეთ უკან. შევხვდით ამხანაგებს, ვუამბეთ, რაც მოხდა და გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება. მივდივართ ფეხით, ყველა შეშინებული, დაფიქრებული. შემოგვხვდა ერთი თოხიანი კაცი და გვკითხა: სად მიხვალთ აქეთ, აკი ორაგვისაკენ მიხვიდოდითო. ჩვენც ვუამბეთ, რაც მოხდა, მან მოგვიგო: მეისპო მისი სახელი, იმ ხიდესთან მართლა იცის ყოფნა, წამოდით მე გაგიყვანთ, თუ გაბედა შემოტევა, ამ თოხის ყუას შიგ შუაგულში მივახეთქებო. გავყევით გულისფანცქალით. მივედით ხიდთან, გვეშინოდა ზედ შედგომა, წინამძღოლი გვიჯავრდება, კინაღამ თოხის ყუა ჩვენ არ მოგვარტყა, როგორც იყო, გავედით მშვიდობით და მოვკურცხლეთ. ორი კვირა დედაჩემი მატარებდა მოლაზონთან „შეშინებულის“ გამოსალოცავად. ლანჩხუთში ხმა გავარდა – ნათლისმცემელში მცხოვრები ერთი მოლაზონი ტურაზე იჯდა და მიაჭენებდაო. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმის, რომ ის კუდიანია. მოახდინეს ყრილობა, 30 ქალმა და კაცმა დაამოწმა – ჩვენი თვალით ვნახეთ ტურაზე იჯდაო. დედაკაცი გადაასახლეს „პრიგოვორით“ საზოგადოებიდან. მთელ ამ საქმეს მეთაურობდა ერთი ჭკვიანი გლეხი ოფონა ბოლქვაძე. გავიდა ათ წელზე მეტი. მე შინ ვარ თფილისიდან ჩამოსული. მამაჩემთან მოვიდა ეს ოფონა, მუსაიფის დროს ჩემი თანდასწრებით მამამ კითხა: ოფონა, მითხარი თუ კაცი ხარ, ძველი ამბავია, მართლა დაინახე რომ ის მოლაზონი ტურაზე იჯდაო? ოფონას გაეცინა და უპასუხა: ნიკო ჭკვიანი კაცი ხარ და ასეთ აბდლურს რაფერ მკითხავ. ადამიანის ტურაზე ჯდომა ვის გაუგონია. იმ დედაკაცმა შემაწუხა, ჩემი კარის მეზობელი იყო, სულ მწყევლიდა და გადავწყვიტე, რამენაირათ თავიდან მომეშორებია. ერთ დღეს ადრე ავდექი, იყო ნისლი, დავინახე მოლაზონი მიდიოდა შუკაში და დავუცაცხანე. უცებ მოუფიქრებლათ შევძახე – ტურაზე ზის, ტურაზე. გადმოცვივდნენ მეზობლები, მოლაზონი შეშინდა და მირბის გამწარებული, ხალხი უყურებს შორიდან და „დაინახა“ რომ მართლა ტურაზე იჯდაო. მე გამეცინა, სწორეთ ახალ-გაცნობილი ვიყავი თეორიას მასიურ გალიუცინაციაზე. მაგრამ იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, მე ღრმათ მწამდა მთელ ხალხთან ერთად მისი სინამდვილე.

ნოეს მამის შინაყმისა და ქალ-ქაჯის ამბავი

ვიცნობდი ერთ მონადირეს, ხალვაშის გვერდში იდგა. ყოველთვის ნადირით ბრუნდებოდა ტყიდან. ხალხში ამბობდნენ: რა უჭირს, რატომ არ დაბრუნდება საგძლით, ქაჯი სწყალობსო. ეს ქაჯი ტყის ბატონია და ვისაც შეიყვარებს, ნადირს მიურეკსო. ქაჯი კი უეჭველად ქალი უნდა ყოფილიყო და ეძებდა ადამიანებს საყვარლათ.

მამაჩემს ჩემთვის უამბია: მყავდა ერთი შინაყმა, წვებოდა სამზარეულო სახლში, ღამე შეიქნებოდა ყვირილი და ქვების სროლა. შევარდებით სახლში, ვხედავთ ბიჭს ათრთოლებულს და დიდ ქვებს. შეკითხვაზე, თუ რა ამბავია, მეტყოდა – რა ვქნა, ბატონო, მსდევს ქალ-ქაჯი, მე რომ არ გავყვები, აი ამ ქვებს მესვრის და რაღაცნაირათ კედლებიდან ისე ცვივა შიგნით, რომ ფიცარს არ ამტვრევსო. ეს განმეორდა მრავალჯერ. წავიყვანე ოდაში და დავაწვინე ჩემს ოთახში. ეძინა დილამდე, არაფერი მომხდარა. როგორც კი სამზარეულოში დაბრუნდა მარტო, მეორდებოდა იგივე ამბავი. ბატონ-ყმობის განთავისუფლების შემდეგ წავიდა შინ, დაცოლშვილდა და დიდი ხნის შემდეგ გამოტყდა: არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზნეთ დამჩემდა ქალ-ქაჯის ჩემი დევნა მომეგონებია, ქვები დამეგროვებია სახლის კუთხეში და ამეტეხა ის აურზაური, რის მოწამე იყავიო.

ნოეს მონაყოლი ხალხისთვის ედისონის სანთელზე

ერთხელ „ივერიაში“ დაიბეჭდა ფელეტონი, სადაც ნიჭიერათ იყო აღწერილი ედისონის მიერ ელექტრონის სანთლით მთელი ბაღის უეცრათ განათება. ლანჩხუთში ჩამოსვლისთანავე ეს ამბავი მოვუყევი გორაზე თავმოყრილ ხალხს, ძალიან გაუკვირდათ. ბოლოს ერთმა ხმამაღლა თქვა: დიდება შენდა ღმერთო, რას არ გამოიგონებს რუსის ხელმწიფე! გამიკვირდა, სრულიად არ მიხსენებია არც რუსეთი, არც მისი ხელმწიფე, ვლაპარაკობდი ამერიკაზე და ედისონზე. შემდეგ ლაპარაკიდან გამოვარკვიე, რომ ხალხში ასეთი აზრი იყო: თუ სადმე რამე კარგი კეთდება, სულ ყველა რუსის ხელმწიფის მეოხებით.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა