საზოგადოება

რატომ ეწერა მოკლულ სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ მეორის ნაპოვნ საქაღალდეს -ეს არავინ არ უნდა წაიკითხოს

№23

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 12.06, 2023 წელი

კირიონი
დაკოპირებულია

როგორ იმარჯვებენ

სერგო ვარდოსანიძე: კირიონს ეპისკოპოსის ხარისხიც ჩამოართვეს. ეს ამბავი უორდროპებმა და თამარაშვილმა გაიტანეს ევროპაში და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟორჟ ლორენმა ხომიაკოს სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს გამოუგზავნა საპროტესტო წერილი – დაიცავით მისი უფლებებიო. ხოლო აკაკი წერეთელს განზარხული ჰქონდა იმპერატორთან მისვლა კირიონის საქმესთან დაკავშირებით. როგორ იმარჯვებენ? აქ, პირველი მსოფლიო ომი იმდენად არის კავშირში, რამდენადაც რუსეთში მეფის ხელისუფლება დაემხო. იმპერატორი ნიკოლოზ მეორე 1917 წლის 25 თებერვალს გადადგა. ყველაზე უფრო მომზადებული ამ ამბავს პოლიტიკური პარტიები კი არ შეხვდნენ, არამედ სასულიერო წოდება. ამ დროისთვის რუსულ და ქართულ გაზეთებში, რაც თბილისში გამოდიოდა, იბეჭდებოდა ასეთი განცხადებები: 12 მარტს (ძველი სტილით) სვეტიცხოველში ჩატარდება სამადლობელი პარაკლისი – რუსეთის იმპერიაში მშვიდობისათვის. ამ განცხადებების უკან, კულუარებში რა ხდებოდა? იკრიბებოდნენ სასულიერო და საერო პირები. ამ შეკრებებზე ნოე ჟორდანიაც იყო მიწვეული, ალექსანდრე ლომთათიძეც. მაგალითად, ჟორდანიამ სასულიერო პირებს უთხრა: მე არ ვარ მორწმუნე, მაგრამ, მე მხარს დაგიჭერთ. ახლა თქვენთვის არავის სცალია, გამოაცხადეთ ავტოკეფალიაო. ამ დროისთვის ის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა. პოლიტიკური ფიგურა იყო, თორემ რამე ძალაუფლება არ ჰქონდა, ჯერ არაფერი იყო. 12 მარტს დოკუმენტი უკვე მომზადებული იყო, როცა სვეტიცხოველში წირვა დაიწყო. როგორც იპოლიტე ვართაგავა იგონებდა, რომ გავედით რკინიგზის სადგურზე, სადგურის უფროსი მოვიდა გორის ეპისკოპოს ანტონ გიორგაძესთან და ჰკითხა: მცხეთაში რამე ხდებაო. რატომ კითხულობთო, კითხვა შეუბრუნა ეპისკოპოსმა. სამი დამატებითი შემადგენლობა დავნიშნეთ და გავუშვით. ძალიან ბევრი ხალხი მიდის და ვერ გავიგეთ, რა ხდებაო. მცხეთაში რომ ჩავედით და შევხედეთ, იმდენი ხალხი ესწრებოდა, ვთქვით, რომ მოგებული გვაქვს ეს საქმეო. ხალხმა, მორწმუნე მრევლმა იმ მოწოდებაში სხვა რამ დაინახა და განიცადა. 1917 წლის 12 მარტს, 11-იდან 12 საათამდე გამოდიან მღვდელმთავრები ლეონიდე – გურია-ოდიშის ეპისკოპოსი, პიროსი – ალავერდელი ეპისკოპოსი, ანტონი – გორის ეპისკოპოსი და იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი. უპირატესი იყო ლეონიდე, ამიტომ სწორედ მან წაიკითხა ავტოკეფალიის აღდგენის აქტი და მოაწერეს ხელი. ამის მერე სხვა მონაწილეებმაც მოაწერეს ხელი. ამ დროს კირიონი და ამბროსი ხელაია გათავისუფებულები არიან, მაგრამ ვერ მოასწრეს ჩამოსვლა. შეიქმნა ეკლესიის დროებითი, მმართველობა, რომელშიც საერო და სასულიერო პირები შედიოდნენ, გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ჩაუდგა სათავეში. ამ დროებითმა მმართველობამ 1917 წლის 8 სექტემბრამდე იარსება. მეორე დღეს, დროებითი მმართველობის სახელით, გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე, გორის ეპისკოპოსი ანტონი ოზაკომში, ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტში მოვიდნენ და მოახსენეს, რაც მოხდა. იმათ უთხრეს, ჩვენ არ გეთანხმებით, ეს, რუსეთის იმპერიის რღვევას ნიშნავსო. 14 მარტს გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე, გორის ეპისკოპოსი ანტონი შევიდნენ ეგზარქოსის სასახლეში, მეორე სართულზე, სადაც ეგზარქოსი პლატონ როჟდესტვენსკი იჯდა და მოახსენეს, რომ მცხეთაში მომხდარი აქტის საფუძველზე იგი გადაყენებული იყო ეგზარქოსის თანამდებობიდან. ეგზარქოსმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: მე ამ საკითხს არ ვწყევტ. გავაგზავნი ტელეგრამას პეტროგრადში და რასაც მთავრობა გადაწყვეტს, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. ძალა არ დამატანოთ. ქალაქი რუსის ჯარით არის გაძეძგილი. თუ ერთი ვიყვირე, ისინი ჩემთან დადგებიან. რატომ იყო რუსის ჯარი ქალაქში? ქალაქი ფრონტის ხაზიდან მოხსნილი ხალხით, ფაქტობრივად, დეზერტირებით, იყო გადაჭედილი. ნახეთ, რა რთული ვითარებაა: დროებითმა მთავრობამ პეტერბურგიდან გამოგზავნა დეპეშა: გილოცავთ ავტოკეფალიას, მაგრამ თქვენ გექნებათ არა ტერიტორიული ავტოკეფალია, არამედ ეროვნული ავტოკეფალია. ეროვნული ავტოკეფალიის პრეცედენტი მართლმადიდებელ ეკელესიებში არ არსებობს. რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ ქართველი მრევლის გარდა, დანარჩენი მრევლი უნდა დაქვემდებარებოდა კავკასიის ეგზარქოსად წოდებულ პლატონ რაჟდესტვენსკის. ეს გამოიწვევდა დაპირისპირებებს. მთელი ამბები ატყდებოდა და ეს არაფრით არ შეიძლებოდა. დროებითი მმართველობა ამას არ დაეთანხმა და პეტერბურგიდან მიიღეს ახალი დეპეშა: ვაგზავნით პროფესორ ვლადიმერ ბენეშევიჩს, აღმოსავლური ისტორიისა და სამართლის ცნობის სპეციალისტს და ამ საკითხებზე მასთან აწარმოვეთ მოლაპარაკებაო. ჩამოვიდა ვლადიმერ ბენეშევიჩი. დროებითმა მმართველობამ მასთან მოლაპარაკებაზე წარგზავნა დეკანოზი კორნელი კეკელიძე, შემდეგში ცნობილი აკადემიკოსი და დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული. ეს მოლაპარაკებები ძალიან დაძაბული იყო. ბენეშევიჩიც იმეორებდა, რომ თქვენ მხოლოდ ეროვნული ავტოკეფალია გეკუთვნითო. მაშინ შეწყვიტეს ქართველებმა მოლაპარაკება ბენეშევიჩთან და პეტერბურგში გაგზავნეს დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა გორის ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, ამ დელეგაციაში იყო დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე და პეტროგრადში მათ შეუერთდათ ამბროსი ხელაიაც. ახლა წარმოიდგინეთ რა ვითარებაა: დროებითი მთავრობის მეთაურები თითქმის ყოველ კვირაში იცვლებიან. ძალიან დიდი კრიზისია – პოლიტიკური, ეკონომიკური, ყველანაირი და ვის სცალია ამათთვის. ამ დროს იქ არიან ირაკლი წერეთელი და (რუსული მენშევიზმის ლიდერი, დროებითი მთავრობის ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრი, მოგვიანებით – შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველი) კარლო ჩხეიძე და პეტროგრადში ჩასული დელეგაცია მათ შეხვდა.

კარლო ჩხეიძეც და ირაკლი წერეთელიც, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტები იყვნენ, დაეხმარნენ ღვთისმსახურებს, შეახვედრეს მთავრობის თავმჯდომარეს, შეახვედრეს სარწმუნოების მინისტრს, შეახვედრეს ობერპროკურორს. რაც შეეხება რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს, მათ ახლოს არ გაიკარეს ჩვენი დელეგაცია. გარდა ამისა, ისინი ამ დროს გამალებით მუშაობდნენ, რომ პატრიარქობა აღედგინათ და საეკლესიო კრება მოეწვიათ, თუმცა ყველა შეხვედრაზე მთავრობა აცხადებდა – ეროვნულ ავტოკეფალიას მოგცემთ, ტერიტორიულს – არაო. აი, ასეთი რთული ვითარება იყო. ამასობაში პლატონი გამოაცხადეს კავკასიის ეგზარქოსად და თბილელ მიტროპოლიტად. ამის საპასუხოდ, 1917 წლის აგვისტოში, დროებითმა მთავრობამ ლეონიდე გამოაცხადა თბილელ მიტროპოლიტად. სექტემბერში კი უკვე პირველი საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც ოთხას ორმოცდარვა დელეგატი დაესწრო, საერო და სასულიერო. ამ საეკლესიო კრებამ დაამტკიცა მართვაგამგეობის დებულება, ამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატები, განსაზღვრა ეპარქიების რაოდენობა და 17 სექტემბერს ჩატარდა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. ამ არჩევნებში ორი კანდიდატი იყო – მოსაყდრის მოვალეობის შემსრულებელი ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. 11 ხმით კირიონმა აჯობა და გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მისი პირველი სიტყვები იყო: აღარ ვართ მონა, არამედ აზნაური. აზნაური ნიშნავდა თავისუფალს. ასე დაიწყო ახალი ერა ჩვენი ეკლესიის ისტორიაში.

რა ხდება ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ქართულ ეკლესიაში

დავიწყოთ იმით, რომ კათოლიკოს-პატრიარქი გახდა უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე, პიროვნება, რომელიც ავტოკეფალიისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო იყო, ნატანჯი, გადასახლებული, უამრავი ცილისწამებისა და ტანჯვა-წამების გადამტანი კაცი. როდესაც ის პატრიარქი გახდა, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ დაგზავნა ეპისტოლეები, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების, ასევე რომის პაპისა და სომხეთის პატრიარქ-კათოლიკოსის სახელზე. ამ ეპისტოლეებში, მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მოუწოდებს, რომ ჩვენ ვართ ესა და ეს ქვეყანა, უძველესი ქრისტიანობის მატარებელი, გვქონდა ავტოკეფალია და 1811 წელს უკანონოდ წაგვართვეს, დავიბრუნეთ ახლა და მოვითხოვთ, აღადგინოთ ჩვენთან ევქარისტიული, ლოცვითი კავშირი. არამართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს, მაგალითად, რომის პაპს ის წერს, რომ ჩვენთან არიან ქართველი კათოლიკენიც. მათ არ აქვთ ქართულენოვანი ტიპიკონი და დარწმუნებული ვარ, თქვენ მათ დაეხმარებით, რომ ქართულენოვანი ტიპიკონი ჰქონდეთ და ქართულად შეეძლოთ წირვა-ლოცვა. ჩვენ შორის უნდა დამყარდეს მოქალაქეობრივი ურთიერთობა, ისე, როგორც ისტორიულად იყო. იმავე შინაარსის წერილს უგზავნის ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოს გეორქ მეხუთეს. სხვათა შორის, ის თბილისელი სომეხი იყო. აქაური ნერსესიანის სემინარია ჰქონდა დამთავრებული. იცოდა ქართულიც. კირიონი ანგარიშს უწევდა იმას, რომ აქ იყო სომხური დიასპორა. ამის შემდეგ მისი უმთავრესი საზრუნავი იყო ეპარქიების აღორძინება, ქართული სემინარიის დაარსება, გაქართულება და ყველაფერი ის, რაც ისტორიულად ჩვენს ეკლესიას ჰქონდა და ერთი საუკუნის განმავლობაში ეს ყველაფერი დავიწყებული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, კირიონს დიდხანს არ დასცალდა პატრიარქობა. თუმცა, მან კიდევ ორ მნიშვნელოვან მოვლენაში მიიღო მონაწილეობა: ეს იყო 1918 წლის 26 იანვარს, როდესაც თბილისის უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალი დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის სამადლობელი პარაკლისით. უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მესამე სართულზე იყო დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია (მერე, კომუნისტების დროს, პარტკომი იყო) და აი, იქ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. მისი თანმწირველი იყო დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). იქ იყო მთელი (პირველი) პროფესურა. პირველმა რექტორმა, პეტრე მელიქიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა კირიონ კათოლიკოსთან ერთად დაანთეს სიმბოლური სანთლები ცოდნისა და რწმენის ერთიანობისა. ეს კირიონ კათოლიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო. კირიონი მეცნიერი იყო. ის სამასამდე დიდი და პატარა წიგნის ავტორია, რელიგიურის, ისტორიულისა და ფილოლოგიურის. კირიონმა სამასამდე სტუდენტს მიაღებინა განათლება საკუთარი ფინანსებით. მაგალითად, მას წესად ჰქონდა, სემინარიის დამამთავრებელი კურსის გამოცდებს დასწრებოდა. როდესაც კორნელი კეკელიძე თბილისის სასულიერო სემინარიას ამთავრებდა, იმ დროს კირიონი ალავერდელი ეპისკოპოსი გახლდათ. კორნელი მოეწონა. რა უნდა გააკეთო, სემინარიას რომ დაამთავრებო, – შეეკითხა. წავალ სოფელ ტობანიაში, ცოლს მოვიყვან, მღვდლად ვეკურთხები, ორი თუმანი მექნება და იქ ვიქნებიო (მაშინ სახელმწიფო აძლევდა მღვდელს ხელფასს). მაგ ორ თუმანს მე გავუგზავნი შენს ოჯახს და შენ, კიევის სასულიერო აკადემიაში უნდა წავხიდეო. დაუწერა რეკომენდაცია და გაუშვა კიევის სასულიერო აკადემიაში. კორნელი კეკელიძის ძმისშვილი, მიხეილ კეკელიძე დიდი კაცი იყო, მწერალი, გადასახლებაში ნამყოფი. მე ვიცნობდი. მან მითხრა ასეთი რამ: მამაჩემისგან ვიცი, რომ ჩვენს ოჯახში ყოველ თვეში კონვერტით მოდიოდა ორი თუმანიო. კირიონი სადაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც უგზავნიდა იმ ოჯახს ფულს და, როდესაც კორნელი კეკელიძემ პირველი ნაშრომი დაწერა, ეპისკოპოს კირიონს მიუძღვნა, ასეთი წარწერით: ძველ ებრაელებს, ასეთი წესი ჰქონდათ, ყველაზე საუკეთესოს, საუცხოოს იმ კეთილისმყოფელს მიართმევდნენ, ვინც მათთვის განსაკუთრებული იყო და თქვენ ხართ ასეთი ჩემთვისო. ვერც ჩამოვთვლით იმდენი ადამიანია, ვინც ერთდროული დახმარება მიიღო კირიონისგან და ამაში ქართველების გარდა, არაქართველებიც არიან. მაგალითად, ერთ წერილში ის ასეთ რამეს წერს, ოდესაში ქართველები რომ მოდიან, მათთან ერთად მოდის ერთი თბილისელი სომეხი – ლეონ მელიქსედ-ბეკოვი. კარგი ახალგაზრდააო (შემდგომ ის აკადემიკოსი იყო, თბილისის უნივერსიტეტში არმენოლოგიის კათედრის გამგე). კირიონისთვის მეცნიერება და ღვთისმსახურება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენს ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მირონის კურთხევის საკითხი, ავტოკეფალიის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ ისტორიულად, მირონი ჩვენთან მზადდებოდა.

როდესაც კირიონი პატრიარქი გახდა, მირონს ვეღარ მოამზადებდნენ, რადგან მირონი უნდა მოეხარშათ აღდგომის კვირაში – ორშაბათიდან ხუთშაბათამდე. 1918 წელს აღდგომა ძველი სტილით, 22 აპრილს უწევდა და მირონი 19-ში მოამზადეს. ეს მოხდა ანჩისხატის ეკლესიაში, სვეტიცხოველში არ მოუმზადებიათ. სხვათა შორის, მირონი თბილისში მზადდებოდა ხოლმე. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 2 ივნისს თავისუფლების მოედანზე კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა და ტფილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი და გამოაცხადეს, რომ 2 ივნისს საღამოს 6 საათზე საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში (სულ იყო 1 450 მოქმედი ეკლესია და 1 600 სასულიერო პირი იყო) შემოჰკრავდნენ ზარს და მოძღვარი მრევლს აუწყებდა, რომ 26 მაიისს თბილისში გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და წაუკითხავდნენ დამოუკიდებლობის აქტს.

კირიონის მკვლელობის ვერსიები

კირიონს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა და ის მოკლეს... ამ საქმეს ცალკე იოსებ იმედაშვილიც იძიებდა. მერე, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დაემხო და მთელი ეს დოკუმენტები აქედან წაიღეს. პროფესორმა იოსებ მეგრელიძემ, რომელიც დაახლოებული იყო ექვთიმე თაყაიშვილთან, ასეთი რამ მომიყვა: ერთხელ ექვთიმემ მითხრა, რომ მე საშუალება მქონდა, გავცნობოდი ერთ დიდ საქაღალდეს, რომელსაც ეწერა – ეს არავინ არ უნდა წაიკითხოსო. მერე, განსვენებულ გურამ შარაძეს ვეკითხებოდი ამაზე და ის არსად შეხვედრია. ფაქტობრივად, ეს მკვლელობა გაუხსნელია. მოკლეს კირიონი და მკვლელობა ჩაიდინეს ისე, რომ ღალატთანაც იყო საქმე, იმიტომ რომ, ვინც მის გარშემო ტრიალებდა, მათ არ შეუშალეს ხელი ამ ამბავში და მკვლელმა წასვლაც მოახერხა. მე მიმაჩნია, რომ მკვლელობის ერთ-ერთი შემსრულებელ იყო დავით დავიდოვი, (დავითაშვილი) რომელიც გორის სასულიერო სასწავლებელში კირიონის ზედამხედველი იყო, მის ძმასთან ჰქონდა კონფლიქტი. შემდეგ ეს დავით დავიდოვი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადამტერებული. მოითხოვდა, საკათალიკოსო საბჭოს მდივნობას, რაზედაც მერე კირიონმა უარი უთხრა, მოითხოვდა რაღაც პრივილეგიებს... თუმცა დავიდოვი მაინც ტრიალებდა ეკლესიაში, მაგრამ მერე ბოლშევიკებმა რაღაცაზე დაიჭირეს, გადაასახლეს და თითი წააჭრეს და ეს შემთხვევითი არ იყო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ეკატერინე პატარაია

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა