საზოგადოება

რატომ ეთაკილებოდათ ძველად საქართველოში მკვლელის მოკვლა და რატომ იყო სისხლის აღება მკვლელობის ჩადენის პრევენცია

№46

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:28 20.11

სვანი
დაკოპირებულია

სვანებს მოსამართლე არ სჭირდებათ, ანუ რუსული სასამართლოს უგულვებელყოფა

გიორგი დავითაშვილი (სამართლის პროფესორი, იურისტი): როდესაც სვანეთში დამყარდა ადგილობრივი რუსული თვითმმართველობა, იცვლება ის, რომ არა მხოლოდ სვანეთში, მთელს საქართველოში ხალხმა არ იცის რუსული ენა. ეს მერე გავხდით რუსულის მცოდნეები, თორემ იმ პერიოდში საქართველოში რუსული არავინ იცოდა, ხალხის უმრავლესობას სამართალწარმოების ენა არ ესმოდა. ამიტომ ხალხმა მასობრივად დაიწყო ისევ სამედიატორო სასამართლოსკენ დაბრუნება. როცა ისიდორე დოლიძე, ცნობილი ქართული ისტორიის სამართლის მკვლევარი, ქართული სამართლის ძეგლების შემქმნელი, სასამართლო არქივებში სასამართლო დოკუმენტაციას ეცნობოდა, წერდა, რომ ძალიან უცებ, არაბუნებრივად იმრავლა სამედიატორო სასამართლოების გადაწყვეტილებებმაო. იმიტომ, რომ მდივანბეგის სასამართლო აღარ არის, ქართული სახელმწიფო სასამართლოები რაც იყო, აღარ არის, ეს შენი რუსული სასამართლო არავის ესმის და ხალხი სამედიატორო სასამართლოს მიმართავს. სამედიატორო სასამართლო მთლიანად არაფორმალურია, დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან. რაც შეეხება სვანეთს, დიდი ხანი ეცადა მეფის რუსეთის მთავრობა, რომ სვანეთშიც რუსული სასამართლო დაემკვდირებინა, მაგრამ ეს მცდელობა აბსოლუტურად უშედეგო იყო. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მონაცემებიცაა. როდესაც თავისუფალი სვანეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რუსული მმართველობა, ადგილობრივი ბოქაულები და ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ, რუსული სასამართლო გაევრცელებინათ, მაგრამ ამ სასამართლოს ცენტრი ცაგერში იყო. შესაბამისად, სვანები არ ჩადიოდნენ იქ და არც სურვილი ჰქონდათ თავიანთი ფეხით ჩასულიყვნენ. ამიტომ, სასამართლოს ჩატარების მხრივ, სვანებისათვის ტექნიკური პრობლემები იქმნებოდა. მერე მთავრობამ ასეთი რაღაც გააკეთა: დანიშნა სპეციალური მომრიგებელი მოსამართლე სვანეთისთვის და სპეციალური პირიც, რომელიც წლის განმავლობაში ორი თვით ჩადიოდა სვანეთში. მას უნდა განეხილა იქაური სადავო საქმეები, თუმცა სვანები მათ, ფაქტობრივად, ჩვენებას არ აძლევდნენ დამნაშავის წინააღმდეგ. ამდენად, ვერავის გასამართლებას რუსები ვერ ახერხებდნენ. ბოლოს და ბოლოს რუსები მიხვდნენ იმას, რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა სვანებთან ასეთ ურთიერთობას. საბოლოოდ მოხდა ის, რომ სვანეთში შემორჩა ჩვეულებითი სამართალი, სვანური წესით მორიგების პროცესი, რომელშიც მთავარი რგოლი და ინსტრუმენტი იყო სამედიატორო სასამართლო. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ეგნატე გაბლიანი (რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. ის 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა სვანეთისთვის. ხშირად მიუღია მონაწილეობა, როგორც მედიატორს საქმეების განხილვაში) წერს: „ერთ-ერთი რუსი მოხელე, თურმე, სუმთლად ჭკუაზე შეცდა. სვანების საქმეები აუღია, რაც იყო და სულ დაუწვია. სვანებს მოსამართლე არ სჭირდებათო.“ აბსოლუტურად ყველაფერი გაუნადგურებია. ამიტომ, სვანები დამოუკიდებლად აწარმოებდნენ საქმიანობას. ასე ვთქვათ, სამედიატორო სასამართლო იქცა მთავარ მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც სვანები აგვარებდნენ ურთულეს კონფლიქტებსაც კი, რომელსაც შეიძლებოდა იქ ადგილი ჰქონოდა. მოგეხსენებათ, სვანეთში არსებობდა სისხლის აღების ინსტიტუტი. საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე არის მორიგება-გარიგება, რომ შერიგება ჯობია მუდმივ დაპირისპირებას, იმიტომ რომ ეს სისხლის აღება შესაძლოა, აღარასდროს დამთავრდეს, თაობიდან თაობას გადაეცეს და ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი დაიხოცოს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ძველ პერიოდში იქ, სადაც არ არის სახელმწიფო, არ არის სახელმწიფო სტრუქტურები სისხლის აღების ადათი, გარკვეულწილად, მკვლელობის ჩადენის პრევენციასაც ახორციელებს. იცი, რომ მოგკლავენ. მოკვლაზეც არ არის. შეიძლება, მოასწრო და გაიქცე, მაგრამ მაგალითად, ხევსურეთში, თუ თანასოფლელი მოკლავდა თანასოფლელს ან მეზობელი სოფლელი – მეზობელ სოფლელს, ის აუცილებლად უნდა გახიზნულიყო და არა მხოლოდ თვითონ, იხიზნებოდა მკვლელიც, მისი ძმებიც, მშობლებიც, ბიძაშვილებიც, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებული,. მამით შინშები, მთელი სამი თაობა მაინც. შეიძლება, გარე ბიძაშვილებიც კი, გახიზნულიყვნენ. ასეთი სიტუაცია იყო. სისხლის აღების ადათი იმას ნიშნავდა, რომ შეგეძლო, მოგეკლა ნებისმიერი მათგანი, მაგრამ მამაკაცი, ისიც სრულწლოვანი მამაკაცი, რომელიც იარაღს ატარებს და კაცია უკვე. ქალის მოკვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ასეთი წესები იყო ყველგან – ქალის, ბავშვის, მოხუცებულის მოკვლა ძალიან დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მაგალითად, ხევსურეთში არსებობდა სათოფედ განწირულის ინსტიტუტი – ვიღაცას სათოფედ გაწირავდნენ. საზოგადოებაში მკვლელი არ ითვლებოდა ვაჟკაცად და ეთაკილებოდათ მისი მოკვლა. ამის მოკვლა რა სახელს შეგვძენსო, იტყოდნენ და მოდი, აი, ყველაზე დიდი ვაჟკაცი ვინც არის მის გვარში, ის მოვკლათო. მის ბიძაშვილობაში ან მის ოჯახში, მაგალითად, ძმას კლავდნენ. ხევსურეთში შეგეძლო, მოგეკლა არა ყველა მოგვარე, არამედ მხოლოდ გარკვეული ნათესაური ჯგუფის წევრი. სვანეთშიც, ხევსურეთშიც გვარი იყოფოდა გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულებად. მაგალითად, სვანეთში იყოფოდა სამხობელად. შეგეძლო მოგეკლა მხოლოდ სამხობის წევრი, მოგვარეს ვერ მოკლავდი. ხევსურეთშიც ასე იყო. გვარი იყოფა ასევე, სტრუქტურულ ერთეულებად, ეგრეთ წოდებულ, მამებად. არის ძირი მამები, ეს მამები იყოფა კიდევ ახალ მამებად, მერე ისინიც – მამებად და ასე შემდეგ. გარკვეულ ეტაპზე ხდება გვარის ან მამიშვილობის გაყრა, გაყოფა მთელი თავისი რიტუალით, საკლავის დაკვლით და სალოცავში სამანის, ანუ გრძელი ქვის ჩასმით. ვისთანაც საძმო გაყრილია, მისი მოკვლა აღარ შეგიძლია. რაღაც ეტაპზე, როცა საძმო გამრავლდებოდა, ხდებოდა მისი გაყრა, ვთქვათ, მეშვიდე, მერვე თაობაში. თუ პატარა გვარი იყო – მეთერთმეტე, მეთორმეტე თაობაში. ესენი, ყველა, შეიძლება, ერთ ოჯახში არა, მაგრამ ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. იყო პერიოდი, როცა მთელი ნათესაური ერთეული, ერთ დიდ ოჯახში ცხოვრობდა. ერთ ოჯახში შეიძლება, ორმოცდაათ, ას კაცსაც ეცხოვრა, მთელი პატრიარქალური თემი იყო საერთო საკუთრებით, საერთო ქონებით, ოჯახის უფროსით და ასე შემდეგ. ეს კიდევ სხვა თემაა. გაყრა შეიძლებოდა მომხდარიყო იმიტომაც, რომ სხვადსხვა მამებს შორის, რომლებიც ერთ საძმოს შეადგენდნენ, რაღაც მოხდა, ვიღაცამ ვიღაც მოკლა, ან საქორიწინო სფეროში, ერთი მამის შვილმა ცოლად მოიყვანა ვიღაცის დისშვილი, ანდა, ვიღაც გათხოვილია, იმათი ნათესავია და ესეც იყო შემდგომ ამ საძმოს გაყრის საფუძველი, იმიტომ, რომ საკმაოდ მკაცრი საქორწინო აკრძალვები იყო. თუ ამ საძმოში შემავალი რომელიმე მამის წევრი, რაღაც საქორწინო აკრძალვას დაარღვევდა მეორე მამის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად მოხდებოდა გაყრა. ასე რომ, როდესაც გაიყრებოდნენ, შენ აღარ გქონდა უფლება, გაყრილი მოგეკლა. არანაირი პასუხისმგებლობა მისი მოგვარის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გაყრილს აღარ ჰქონდა და არც თვითონ იყო ვალდებული, სისხლი აეღო გაყრილი ნათესავის – მოგვარის მკვლელობისათვის. ასე იყო სვანეთშიც. აუცილებლად სამხობის წევრი უნდა მოგეკლა და არა სხვა ვინმე. ძველ სამართალს ეს ახასიათებს – ობიექტური შერაცხვის პრინციპი, იმიტომ, რომ შეიძლება, მოკლა ადამიანი, რომელსაც არანაირი წვლილი მკვლელობის ჩადენაში არ მიუძღვის, არანაირი დამოკიდებულება არ აქვს ამ მკვლელობასთან, მაგრამ მაინც შეიძლება, მოკლა, იმიტომ რომ მკვლელის ძმა არის, ბიძაშვილია და ყველა იყრებოდა. უნდა გადასახლდე სხვაგან, შენი ქონება სხვაგან უნდა წაიღო. რაც მთელი სიცოცხლე გიკეთებია, ყველაფერს იქ ტოვებ, მოსავალი, რომელიც მოიყვანე, იქ ტოვებ, უმძიმეს დღეში ვარდები. ხევსურეთში, მაგალითად, ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩასაფრება. რამდენიმე დღე-ღამე შეიძლება, სისხლის ამღები ჩასაფრებულიყო, დალოდებოდა, მკვლელი როდის გამოვიდოდა სახლიდან, როდის გამოივლიდა სადღაც გზაზე. თუ რომელიმე სოფელში გადავიდოდა მკვლელი და შეეფარა, იმ სოფელში ჩასაფრდებოდა, სადაც ჩასასაფრებელი ადგილი იყო. მაგალითად, თუ მკვლელი ვინმესთან სტუმრად იყო მისული. მასპინძლები აუცილებლად გამოაცილებდნენ ამ სახიფათო გზაზე, ცხენზე უკან შეუჯდებოდნენ, რომ მისთვის არ ესროლათ, სხვისი მოკვლა კი – თუ იმ მასპინძელს მოხვდებოდა ტყვია, ახალი მესისხლეობის გამომწვევი იყო, ამიტომ ამას ყველა ერიდებოდა. ეს იყო მკვლელის დაცვის ფორმა. მასპინძელი ცდილობდა, მისი სტუმარი არ მოეკლათ და აცილებდა ხოლმე საკმაოდ დიდ გზაზე. ასეთი რაღაცებიც ხდებოდა. ამიტომ იყო ეს პრევენცია, რომ ის უმძიმეს ვითარებაში ვარდებოდა, სულ თავდახმას ელოდა, სულ ჩასაფრებას, არ იცოდა, საიდან ესროდნენ. ამიტომ იყო სისხლის აღების ადათი მკვლელობის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება.

შურისძიება და შერიგება სვანეთში ტოლობის ფიცით

სვანეთშიც, ხევსურეთშიც და ყველგან ურთულესი საქმე იყო დაზარალებული რომ დათანხებოდა სასამართლოს ჩატარებას და ზოგადად შერიგებას. თუ შენ თანხმდები სამედიატორო სასამართლოს ჩატარებას, ესე იგი, თანხმდები შერიგებას, მაგრამ თუ გინდა საპასუხო მკვლელობა, რა თქმა უნდა, ფეხს ითრევ და არ ურიგდები, ამ დროს საქმეში ერთვებიან მოციქულები ანუ შუამავლები. სვანეთში ამას ერქვა „მაცქვირალ“. ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო ერთი კაცი, ორი, ხუთი კაცი. თუ მძიმე საქმე იყო, ხუთი და მეტი კაციც იყო. ესენი იყვნენ უაღრესად ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი, კარგი სიტყვით, დიპლომატიური მიდგომით, რაღაცნაირად შეენელებინათ სისხლის აღების სურვილი. მრავალგზის მიდიოდნენ დაზარალებულის სახლში და სთხოვდნენ სამედიატორო სასამართლოს ჩატარებას. პირველ მისვლაზე არავინ დათანხმდებოდა. შესაძლოა, მოციქულების თხოვნა ერთი თვე, ორი თვე, ერთი წელიც გაგრძელებულიყო. შეიძლებოდა, მოციქულთა შემადგენლობა შეცვლილიყო და ახალ-ახალი ხალხი მისულიყო. ბოლოს და ბოლოს, დაზარალებულები თუ მაინც ვერ აღწევდნენ შურისძიებას, თანხმდებოდნენ შერიგებაზე. ამის მერე დგებოდა უკვე მხარეების მიერ მედიატორების არჩევის საკითხი. სვანეთში მედიატორს ერქვა „მორევი“. ეს დავა, სწორედ, იმ მედიატორებს უნდა გადაეწყვიტათ, რომელსაც მხარეები ირჩევდნენ. თითოეული მხარე ასახელებდა თავის მედიატორს. ორივე მხარეს ჰქონდა აცილების უფლება, უპირველეს ყოვლისა კი, დაზრალებულ მხარეს, იმიტომ, რომ დაზარალებული მხარე დათმობაზე წავიდა – უარი თქვა შურისძიებაზე. ისეთ საზოგადოებაში, სადაც იყო სისხლის აღებაც და მის ალტერნატივად არსებობდა გადასახადების სისტემა, კომპოზიციების სისტემა, შერიგების მექანიზმი, მაინც სირცხვილად ითვლებოდა შერიგებაზე დათანხმება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაბიჯით შენ მოკლულს ყიდი და ამაზე ფული უნდა აიღო, ქონება უნდა აიღო. ამიტომ, სვანეთში, იმისთვის რომ მოციქულებს დაეთანხმებინათ დაზარალებული მხარე შერიგებაზე, ტოლობის ფიცს იყენებდნენ. ეს ძალიან საინტერესო ფიცია, რომელსაც ამ შემთხვევში, დამნაშავე მხარე დებდა. ისინი იფიცებდნენ, რომ პირიქით, ისინი რომ ყოფილიყვნენ დაზარალებულნი, მაშინაც კი დათანხმდებოდნენ შერიგებას და შურისძიებაზე არ წავიდოდნენ. ამას რომ მოისმენდა დაზარალებული მხარე შერიგება სათაკილოდ აღარ ითვლებოდა. ამიტომ იყო, რომ იწყებოდა მხარეთა შორის მოსამართლეების არჩევის პროცესი. თუ რომელიმე მოსამართლე არ მოსწონდა მხარეს, ის აუცილებლად შეიცვლებოდა. საბოლოო ჯამში, რაღაცაზე თანხმდებოდნენ და უმრავლეს შემთხვევაში მაინც თანაბარი რაოდენობის მედიატორებს ირჩევდნენ. ბოლო პერიოდში, მეოცე საუკუნეში ხდება გადახრა და არის შემთხვევები, როცა დაზარალებული მხარე მეტ მედიატორს ირჩევდა. თითქოს, ეს უფრო გარანტია იყო, რომ მას არ დაჩაგრავდნენ და დამნაშავესთან მიმართებაში არ დაამდაბლებდნენ, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა სვანურ სამართლაწარმოებაში არ ჰქონდა, იმიტომ რომ მოსამართლეებს განაჩენი უნდა გამოეტანათ კონსესუსის საფუძველზე და არა ხმების უმრავლესობის მიხედვით. მოკლედ, რაც უფრო რთული იყო საქმე, მით უფრო დიდი რაოდენობის მოსამართლეები ერთვებოდნენ განხილვაში.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა