საზოგადოება

რატომ ესწრებოდა კახი სოლომნიშვილი წელიწად-ნახევარი ჯანლუკა მარჩიანოს რეპეტიციებს უსიტყვოდ და როგორ მიაღწია მან უდიდეს წარმატებას

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:25 11.10

კახი სოლომნიშვილი
დაკოპირებულია

კახი სოლომნიშვილი წარმატებული ქართველი დირიჟორია, რომელმაც აღიარება ჯერ საკუთარ სამშობლოში, შემდეგ კი მის საზღვრებს გარეთ მოიპოვა და მისი მიღწევები წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება.

კახი სოლომნიშვილი: ფორტეპიანოს შესწავლა ნიჭიერთა ათწლედიდან დავიწყე და როცა კონსერვატორიაში ჩაბარების დრო მოვიდა, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში გადავწყვიტე, რომ სწავლის გაგრძელება სადირიჟორი მიმართულებით მინდოდა, რადგან აბსოლუტური სმენა მაქვს და მასწავლებლები არაერთგზის მირჩევდნენ, რომ ეს უნარი ძალიან გამომადგებოდა სადირიჟორო საქმიანობაში. ბოლო მომენტში ეს საკმაოდ რთული გადასაწყვეტი იყო. სადირიჟორო პროფესია არ არის მარტივი, რომ რამდენიმე თვე გეყოს მოსამზადებლად, მაგრამ ჩემი პროფესორების დახმარებით გამომივიდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვისწავლე საგუნდო-სადირიჟოროზე. ამავე დროს, აქტიურად დავდიოდი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმდროინდელი მთავარი დირიჟორის, იტალიელი ჯანლუკა მარჩიანოს რეპეტიციებზე. დაახლოებით, წელიწდ-ნახევარი ვესწრებოდი მის რეპეტიციებს და ვინიშნავდი, რა იყო მნიშვნელოვანი ორკესტრთან მუშაობის დროს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი, მისალმებითაც კი არ შემეწუხებინა ის თუ ორკესტრის წევრები. ჩემთვის ვიჯექი ბოლო რიგში და უბრალოდ, ვისმენდი მათ რეპეტიციას. წელიწად-ნახევრის შემდეგ ის დაინტერესდა, ვინ იყო ბიჭი, რომელიც მუდმივად იჯდა მის რეპეტიციებზე. როცა გაიგო, რომ სადირიჟოროზე ვსწავლობდი, ძალიან მალე მომცა შესაძლებლობა, პირველად დავდგარიყავი თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან. გამიმართლა, რომ ისეთი ნაწარმოებების რეპეტიციის საშუალება მომეცა, როგორიც ბეთჰოვენის მეშვიდე და ბრამსის მეოთხე სიმფონიებია. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მაშინ 20 წლის ვიყავი. ასეთ ასაკში რომ გამოცდილების გარეშე პროფესიონალურ ორკესტრთან დგები, ეს დიდი სირთულეა. ჩვენი მჭიდრო კონტაქტი დღემდე გრძელდება. მე ძალიან მიყვარს ეს ორკესტრი.

შემდეგ ნიკოლოზ რაჭველმა მიმიწვია ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრში. რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ ერთად და რეზიდენტ-დირიჟორი გავხდი. პარალელურად, ოპერის თეატრში ორი წელი ჯანლუკა მარჩიანოს ასისტენტი ვიყავი და ორი წლის შემდეგ ოპერის თეატრშიც გავხდი დირიჟორი.

– როდის გაგიჩნდათ სურვილი და შანსი, რომ საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგეგრძელებინათ?

– დირიჟორისთვის ძალიან რთულია საზღვარგარეთ კარიერის აწყობა, რადგან ეს ძალიან კომპლექსური პროფესიაა. კონკურენცია უდიდესია. თავიდანვე ვიცოდი, რომ წინ ურთულესი გზა მელოდა, მაგრამ ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ საზღვრები გადამელახა. 2018 წელს ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრთან შვასრულე სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“. ეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი შედევრია. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა, მისი ჩანაწერიც გვაქვს. ზუსტად ეს ჩანაწერი გახდა ჩემი კარიერის გზამკვლევი საზღვარგარეთ. ამ ჩანაწერის საფუძველზე მიმიწვიეს მონაკოში სადირიჟორო კონკურსზე. ამ კონკურსის დირექტორი გახლდათ ფრანგი მელომანი და პროდიუსერი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კლასიკური მუსიკის ჩამწერი სტუდიის, „დეკას“ დირექტორი და არაერთი გამორჩეული პროექტის შემოქმედია. მას ძალიან მოეწონა ეს ჩანაწერი და ის ჩვენს პლანეტაზე სტრავინსკის ყველაზე დიდ შემსრულებელს შვეიცარიელ-ფრანგ დირიჟორს შარლი დუდუას გაუგზავნა. ის ლეგენდარული დირიჟორია. როდესაც შარლი დუდუამ ეს ჩანაწერი მოისმინა, ჩემთან შეხვედრა მოითხოვა და ამ შეხვედრაზე შემომთავაზა, არგენტინაში მისი ასისტენტი ვყოფილიყავი. ეს იყო ორი წლის წინ.

– არგენტინის უმთავრეს და ისტორიულ საოპერო თეატრში კარმენის პრემიერაზე სადირიჟორო პულტთან იდექით – ესეც უდიდესი მიღწევაა. როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რა ემოციებს უკავშირდება ეს ამბავი?

– ეს თეატრი ტოპ-ათეულში შედის, თუმცა, აკუსტიკის მხრივ, ის მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი დარბაზია. აქ მოხვედრა ყველასთვის საოცნებოა, მომღერლებისთვის თუ დირიჟორებისთვის. აქ გრანდი დირიჟორები მოღვაწეობდნენ, ყველა ლეგენდას აქვს ნამღერი. როდესაც აქ კარმენის დამდგმელი დირიჟორობა შემომთავაზეს, ეს ჩემთვის შოკი იყო. რვა სპექტაკლი ასეთ თეატრში ძალიან ბევრს ნიშნავს. ჯერ კიდევ ვერ გავაანალიზე, ეს რამხელა ბედნიერება და გამოწვევაა.

– ნურც იმას გამოვტოვებთ, რომ ლუბლიანის, სლოვენიის მთავარი ფილარმონიის, ორკესტრის მთავარ დირიჟორად აგირჩიეს. ეს არ არის პატარა ამბავი...

– შარშან, სექტემბერში დამიკავშირდა სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრი, ასევე, შარლი დუდუას რეკომენდაციით და მითხრეს, რომ სულ რამდენიმე დღეში მათ დაგეგმილი ჰქონდათ მალერის მეორე სიმფონია და მთავარი დირიჟორი ავად იყო. მკითხეს, თუ შევძლებდი მის შეცვლას. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და მეორე დღესვე გავემგზავრე. ლუბლიანაში ფანტასტიკური, ევროპული დონის დიდი კულტურის მქონე ორკესტრია. აღფრთოვანებული ვიყავი მათთან მუშაობით. პირველივე რეპეტიციაზე ორკესტრი ისეთი მომზადებული დამხვდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა უნდა მექნა შემდეგ რეპეტიციაზე, რადგან მათგან, ფაქტობრივად, უმაღლეს დონეზე შესრულებული კონცერტი მოვისმინე. ზუსტად ამ საფეხურიდან გაიხსნა უამრავი კარი თუ ფანჯარა სამუშაო სივრცეში და ჩვენ სულ სხვა მიმართულებებზე ვიმუშავეთ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილება იყო.

– საით წაიყვანა ამან თქვენი კარიერა?

– ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. ეს იყო ჩემი პირველი შეხება დიდ ევროპულ ორკესტრთან. რეპეტიციების შემდეგ მოვიდა მათი სამხატვრო ხელმძღვანელი და მითხრა, რომ ოთხ კანდიდატს შორის აღმოვჩნდი. ისინი შემდეგი სეზონიდან ახალ მთავარ დირიჟორს ეძებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ორკესტრში ჩატარდა არჩევნები, ხმათა უმრავლესობით მე გავიმარჯვე და შემდეგი ოთხი წელი მათი მთავარი დირიჟორი უნდა ვყოფილიყავი. ეს უდიდესი შესაძლებლობაა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ყოველწლიურად, ასეთ ორკესტრთან ერთად, დაახლოებით, 15 კონცერტი მექნება. ასევე, ძალიან ბევრი სააგენტო დაინტერესდა ჩემით, სხვადასხვა ორკესტრი მიკავშირდება და შემდეგ სეზონებზე ჩემთან გეგმავენ კონცერტებს. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

– ნიკოლოზ რაჭველის სიტყვებს დავისესხებ – „ეს არის უსაზღვო სიამაყე ჩვენი ქვეყნისთვის, თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების უდიდესი გამარჯვება“...

– არ მიყვარს ჩემს თავზე ამ კონტექსტში საუბარი, მაგრამ ერთ რამეს მაინც აღვნიშნავ – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სხვა ქვეყნის მთავარი ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი გახდა. აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა და რა თქმა უნდა, ესეც მახარებს. თუმცა, რთულიცაა. ცოტა ხნის წინ, ჩემი კონცერტების სია ჩამოვწერე და მივხვდი, რომ მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით თითქმის ათჯერ გაიზარდა. ამას ფსიქოლოგიურად მომზადებაც სჭირდება.

ასეთ რეჟიმში ცხოვრების დროს, განტვირთვისთვის და ძალების აღსადგენად სხვადასხვა აქტივობებია საჭირო. მე მუსიკასთან ერთად, მიტაცებს ოფროუდი – ეს ჩემი ჰობია. სპორტის ამ სახეობაში ღრმად ვარ ჩართული. 2016 წელს საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი და მომავალშიც გავაგრძელებ აქტიურობას. ასევე, მიყვარს რკინის ნაკეთობების შექმნა. სიმართლე გითხრათ, კონტრასტული განტვირთების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა ასეთი გამოწვევების მიღება.

– საკმაოდ კონტრასტული ცხოვრება გქონიათ. როგორია თქვენი ცხოვრების გეოგრაფია, საქართველოსთან თუ ინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს და ამ პროცესში თქვენი ოჯახი თუ გიჭერთ მხარს?

– შემდეგი წლები წლის ძირითად ნაწილს სლოვენიაში გავატარებ, ლუბლიანაში. მიხარია, რადგან ეს ქვეყანა, თავისი ბუნებით, ჰგავს საქართველოს. დიახ, საქართველოსთან მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს, როგორც ფილარმონიულ ორკესტრთან, ასევე, ოპერის თეატრთან.

რაც შეეხება ოჯახს, ამ ყველაფერში უდიდესი როლი მიუძღვის ჩემს მეუღლესა და ჩემს პატარა შვილს. მათი მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა. ისინი ახლაც ჩემთან ერთად არიან არგენტინაში და ცდილობენ, ყველაფერში ხელი შემიწყონ. მეუღლე თავადაც მუსიკოსია. ის არფაზე უკრავს. ჩვენ ერთმანეთი ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრში გავიცანით და მას შემდეგ ერთად მოვდივართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა