საზოგადოება

რატომ ესროლა მამამ კოლაუ ნადირაძეს და რის გამო დარჩა მას სახე დამახინჯებული

№32

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 17.08, 2022 წელი

კოლაუ ნადირაძე
დაკოპირებულია

იგი ჯერ სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც რევოლუციური საქმიანობისათვის „მგლის ბილეთი“ მისცეს და კარგა ხანს თავს ვერსად ვეღარ იმკვიდრებდა, ვერც სწავლაში და ვერც მუშაობაში. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში თავი უბედნიერეს ადამიანად წარმოედგინა. ვარინკა წერეთლის შემოქმედებით საღამოზე 14 წლის ძალიან ლამაზი გოგონა, თამარ საყვარელიძე უნახავს და მაშინვე მისი ცოლად მოყვანა განუზრახავს. მაშინ, თავად 15 წლის იყო. ეს ქორწინება შედგა, თუმცა ორი წლის შემდეგ. საკურთხეველთან მისულებმა იცრუეს, მღვდელი მოატყუეს, თორემ ისე ჯვარს ვერ დაიწერდნენ. მანამდე 16 წლის კოლაუმ ოჯახში რომ გამოაცხადა, დაქორწინებას ვაპირებო, აღშფოთებულმა მამამ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, კიბეზე ჩამავალ შვილს ტყვიის ჯერი მიაყოლა. სხვათა შორის, მე იმ კოლაუ ნადირაძის დღიურებს გაცნობთ ახლა, რომელმაც ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა, როდესაც იგი თავისი ახლო მეგობრის, პაოლოს დაკრძალვაზე მივიდა. თავად კოლაუ ნადირაძე იხსენებდა: „პაოლო იაშვილის თვითმკვლელობით განრისხებულმა ლავრენტი ბერიამ მწერალთა კავშირში თავის წარმომადგენელს ბახჩო ქობულოვს დააბარა: „შინსახკომის“ საშვის გარეშე ვინც გაბედავდა და პაოლოს პანაშვიდზე ან დაკრძალვაზე მივიდოდა, ყველას განსვენებულს გააყოლებდა, ამის გამო პანაშვიდებზე ვერავინ მიდიოდა. გასვენებას მხოლოდ ნათესავები ესწრებოდნენ. კოლაუ ნადირაძემ სითამამისათვის ცოტა დალია და უშიშრად გაეშურა მეგობართან გამოსამშვიდობებლად, შესასვლელთან ბახჩო ქობულოვი გადაუდგა: „შენ ჩემი საშვის გარეშე როგორ გაბედე აქ მოსვლა?“ კოლაუ: „მეგობართან გამოსათხოვებლად მე არავის საშვი არ მჭირდება“. საღამოს ქობულოვმა ბერიას უპატაკა ყველაფერი, მათ შორის კოლაუ ნადირაძის „თავხედობა“ და უთხრა: „თუ თქვენი თანხმობა იქნება, დღესვე დავიჭერ და ხვალ დავხვრეტ”. ბერია: „ვის დახვრეტ, შე გამოთაყვანებულო, იმ უბედურს მაგის მეტი მეგობარი არ ჰყოლია, ეგ ვაჟკაცი ყოფილა და მაგას დაგახვრეტინებ?“ აი, ასეთია ძალიან კარგი პოეტის, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრის, კოლაუ ნადირაძის დღიურები, რომელსაც თავად განაგრძობს:

„…მე დავიბადე ქ. ქუთაისში, 1894 წელს, დეკემბრის ბოლო რიცხვებში (26) ძველი სტილით. ბავშვობის პირველი წლები ქუთაისში (ზამთრობით) და საჩინოში გამიტარებია. სამი წლიდან მე უკვე მახსოვს ჩემი თავი, თუმცა სიზმრად, ამბროლაურში, სადაც მამაჩემი მსახურებდა ექიმად. პირველი გაზაფხული მე ვიგრძენი აქ; ოთხი წლიდან მე უკვე კარგად მახსოვს ჩემი თავი და ის გარემო, სადაც მე მიხდებოდა ყოფნა. ცოტა ხნის შემდეგ მამაჩემი გურიაში გადაიყვანეს და მე სამუდამოთ დავშორდი ამბროლაურს… გურია კარგად მახსოვს. მახსოვს მდინარე სუფსა, ანკესებით ღორჯოების ჭერა, ძეწნის ჩრდილებში მამასთან ერთად ცურვის სწავლა. ჩვენ ვცხოვრობდით ჩოხატაურში. შემოდგომის საღამოობით მამაჩემი, რომელიც შესანიშნავი მონადირე და მსროლელი იყო, ბრუნდებოდა ნადირობიდან და მოჰქონდა მწყერები და ტყის ქათმები. მოუთმენლად მოველოდი მის დაბრუნებას. ვათვალიერებდი ტყის ქათმების გრძელ ნისკარტებს და მაკვირვებდა, თუ როგორი სიყვარულით ეალერსებოდა ნანადირევს ძაღლი. ტყის ქათმებს თავისებური მძაფრი სუნი ჰქონდათ, რომელიც მე ახლაც მიყვარს. მე უკვე ვოცნებობდი ნადირობაზე, თუმცა თოფის გასროლა კიდევ არ შემეძლო. დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ის სადმე ახლომახლო დააპირებდა სამწყეროთ წასვლას და გამომიცხადებდა, რომ თან გავყოლოდი მას. დახოცილ მწყერებს, ვიდრე შევძლებდი, დავატარებდი იაგტაშით, რასაკვირველია, მე. შვიდი წლისა ვიყავი, როდესაც ცელქობის დროს (ერთობ მოუსვენარი და მეტად ცელქი ბავშვი ვიყავი), ქვის კიბეზე დავეცი და ცხვირი გავიტეხე. მამამ გადამარჩინა ტვინის ანთებიდან ოპერაციის საშუალებით, მაგრამ სახე დამახინჯებული დარჩა… ვსწავლობდი კარგად. მიყვარდა მასწავლებლების წვალება, ამიტომ, ისინი, მაინცდამაინც, არ მწყალობდნენ სიყვარულით, გარდა რუსული ენის და ისტორიის მასწავლებლებისა, რომელთა გაკვეთილებს მე ყოველთვის სულგანაბული ვუსმენდი.

1905 წლის რევოლუცია, რომელიც რუსეთ-იაპონიის ომს და რუსეთის დამარცხებას მოჰყვა, კარგად მახსოვს. მაგონდება განუწყვეტელი ზარების ცემა და ქუჩებში აგებული ბარიკადები. მახსოვს ქუთაისის ბაღში რუსი ოფიცრის – ხადეცკის მოკვლა. ხადეცკის მკვლელი – რუბენ გეორგაძე – შემდეგ ჩვენს სახლში, საჩინოში, ინახავდა თავს თითქმის ორი წლის განმავლობაში. მაგონდება, თუ როგორი გულის, ფანცქალით, მე და რამდენიმე ამხანაგი – გიმნაზიელი, გავიპარეთ ფარულ კრებაზე, რომელიც გოჭოურას სასაფლაოსთან იყო გამართული. ჩვენს სახლში ერთი თუ ორი თვის განმავლობაში კონსპირაციული ბინა იყო, სადაც თავს იყრიდნენ რევოლუციის მეთაურები ალიხანოვის ქუთაისში შემოსვლამდე. რაც შეეხება რუსეთ-იაპონიის ომს — ჩემს მეხსიერებაში საოცარი სიცხადით ჩარჩა ამ ომის მთავარი მომენტები: პორტ-არტურის აღება, ცუსიმის კატასტროფა, მუკდენის ლიასიანის და ვაფანგოუს ბრძოლები, დამარცხებული რუსი გენერლების კუროპატკინის, ლინევიჩის, სტესელის, რენენკამპფის და გრიპენბერგის, ადმირალების – როჟდესტვენსკის, ნებოგატოვის, ენკვისტის სახელები და გამარჯვებული იაპონელი გენერლების სახელები: ოიამა, კუროკი, ოკუ, ნოდბუ, ნოგი, რომელმაც პორტ-არტური აიღო და 11 შვილი დაკარგა ბრძოლებში, ხოლო შემდეგ, იმპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხარაკირით დაამთავრა თავის სიცოცხლე, ადმირალი ტოგოცუსიმოს გმირი – ადმირალი კამიმურა… რევოლუციონურად განწყობილი მოწაფეობა და ხალხი იმეორებდა ამ სახელებს რაღაც ფარული სიამოვნებით, თითქოს შურისძიების გრძნობით გამსჭვალული. როდესაც ალიხანოვის პლასტუნები მოუახლოვდნენ ქალაქს – ჩვენ საჩინოში გავიხიზნეთ. ღამით სოფლიდან მოსჩანდა ხანძრებით აელვარებული ქუთაისი. სოფლის ხალხი შიშით გასცქეროდა ამ სანახაობას და მთელი ღამე ფეხზე იდგა. დაახლოებით 10-11 წლისა ვიქნებოდი, როცა დავიწყე ჩუმად ლექსების წერა; რომელ ქართველ ახალგაზრდას არ უწერია ლექსები! უბედურება მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთი შემდეგაც განაგრძობს ლექსების წერას და მხოლოდ სიკვდილის დროს გრძნობს, როგორც მოლიერის გმირი, რომ მთელი სიცოცხლე იგი ლაპარაკობდა არა ლექსებით, როგორც დარწმუნებული იყო, არამედ ჩვეულებრივი პროზით… მე მახსოვს ჩემი პირველი ლექსი, ან და როგორ შეიძლება, არ გახსოვდეს იგი, როგორც პირველი სიყვარული, გადაივიწყო იგი – საბედისწერო პირველი ცეცხლი – ამოდენა ტანჯვის, სიხარულისა და ცრემლების დასაწყისი!.. მამა ინდიფერენტულად უცქერდა ლექსების წერას, როგორც ჩვეულებრივ სენს, არ მიაჩნდა ეს სიამაყის საგნად და, რაც მთავარია, არ მაიძულებდა, როგორც ჩვეულებრივ მამები სჩადიან, გამოვსულიყავ სტუმრების წინაშე ჩემი ლექსებით... ზაფხულს იმ ხანებში ხშირად ვატარებდით ლეჩხუმში. დავდიოდით სანადიროთ. ლაილაშიდან საკურდღლეთ ხშირად უცხერს გავდიოდით, სადაც ჩემი ნათესავები — ჩიქვანები ცხოვრობდნენ. გვივლია ხშირად არჩვებზე სანადიროთ მონადირე ძმებთან – ვიქტორ და გიორგი ჩაჩხიანებთან ერთად. ლაჯანურის ხეობით ავსულვართ ლეხერაში და მე იქ არჩვი მომიკლავს. ნადირობა, ვარჯიშობა და ცურვა ძლიერ მიტაცებდნენ, მაგრამ ყველაზე უფრო მიტაცებდა კითხვა — განსაკუთრებით პოეზიისა და ისტორიული წიგნებისა. განსაკუთრებული როლი ჩემს სულიერ აღზრდაში ითამაშა მამამ, რომელმაც საუცხოვოთ იცოდა რუსული და ქართული ლიტერატურა... იგი პირადათ კარგ განწყობილებაში იყო აკაკი წერეთელთან და, თუ არ ვცდები, იცნობდა ილია ჭავჭავაძესაც. აგრეთვე მამის საშუალებით გავეცანი პირველად ბარათაშვილის პოეზიას. მესამე კლასიდან იწყება ჩემი დაახლოება იმ ამხანაგებთან, რომელთა სახელები დაკავშირებულია ქართულ სიმბოლიზმის შექმნასთან; როგორც ყოველი ლიტერატურული მიმართულება, ქართული სიმბოლიზმიც, „ცისფერი ყანწების“ წოდებით, ხასიათდებოდა უკიდურესობით, გადამლაშებით, ბუნტარული ხასიათით. ასე იყო ყველგან და ყოველ დროს… და, როგორც ყველგან, ქართულ სიმბოლიზმმაც, ჩემის აზრით, უდიდესი როლი ითამაშა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. „ცისფერი ყანწების“ შემდეგ აღარ შეიძლებოდა იმ პოეტური ენით მეტყველება, რომელიც გაცვეთილ შტამპათ იყო გადაქცეული… ეს პერიოდი, საერთოდ, არაჩვეულებრივი დრო იყო ქუთაისის ცხოვრებაში: აკაკი წერეთლის ჭაღარა და გედივით მოღერებული თავი კიდევ ამშვენებდნენ ქუჩებს. ვაჟა-ფშაველა ხშირად მინახავს ქუთაისში, აკაკის გვერდით მორიდებული ნაბიჯით მიმავალი, ჩოხაში გამოწყობილი, ფართე ხანჯლით. მომისმენია აკაკის „მთაწმინდა ჩაფიქრებულა“ და ვაჟას „არწივი ვნახე“… ქუთაისის თეატრის სცენიდან. ლადო მესხიშვილის ფრანც მორი და ურიელი ცოცხლობდნენ სცენაზე. კიტა აბაშიძის სიტყვები იზიდავდნენ ახალგაზრდობის ყურადღებას. ეს იყო დრო უდიდესი კულტურული მუშაობისა, მომზადების, ხელოვნებით, ფილოსოფიით და პოლიტიკით გატაცებისა. მე-7 კლასიდან დამითხოვეს გიმნაზიიდან — პირველი სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, მურომცევის ხსოვნის ფეხზე ადგომით აღნიშვნისათვის გაკვეთილის დროს. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ გამოსვლისა, გამორიცხული ვიყავი, ეგრეთ წოდებული, „ვოლჩი ბილეთით“. ორი წელიწადი დამეკარგა, რადგან არსად არ მიმიღეს – არც ფოთში, არც კავკავში, არც პიატიგორსკში.

1913 წელს, წვიმიან ღამით, სოფელ საქარაში, მშობლების სურვილის წინააღმდეგ, დავიწერე ჯვარი თამარ საყვარელიძეზე. მშობლებთან შერიგების შემდეგ, რაც 3-4 თვის შემდეგ მოხდა, მე შეუდექი მზადებას და ექვსი თვის შემდეგ ჩავაბარე სიმწიფის მოწმობის გამოცდები ექსტერნად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაშივე, მიუხედავად იმისა, რომ ეს, მით უფრო ჩემთვის, ერთობ დიდ სიძნელეს წარმოადგენდა. 1914 წელს მე გავემგზავრე მოსკოვს იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დამიმთავრებია მამაჩემის ავადმყოფობისა და გარდაცვალების გამო. ეს იყო ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც მე დამატყდა თავს… შემდეგ დაიწყო რევოლუცია. სახელმწიფო გამოცდები ჩაუბარებელი დარჩა, თუმცა ამ გარემოებას არავითარი როლი არ უთამაშია ჩემს ცხოვრებაში. „ცისფერი ყანწების“ მე-2 ნომრის გამოსვლის შემდეგ ჩვენი ჯგუფის ნაწილი გადავიდა თბილისში, ხოლო მე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი და ჩვენი თანამოლაშქრეები დარჩნენ ქუთაისში. ამ ხანებში, ვიდრე ჩვენც თბილისში გადავიდოდით, გამოცემულ იქნა „მეოცნებე ნიამორების“ რამდენიმე ნომერი, „შვილდოსანი“, ვ. გაფრინდაშვილის ლექსების კრებული „დაისები“, „ახალი ქართული პოეზიის ანტოლოგია“, „სტ. მალარმე“, ს. ცირეკიძის „მთვარეულები“ და ჩემი ლექსების პირველი წიგნი „ბალდახინი“. საბჭოთა ხელისუფლების საქართველოში დამყარებამ ქუთაისში მომისწრო. 1921-22 წ.წ. ბათომში ვიმყოფებოდი, სადაც ჩვენ გაღებული გვქონდა პოეტების კაფე: „არმაზი“. 1923 წელს გადაველ თბილისს, სადაც განვაგრძობდი ლიტერატურულ მუშაობას. 12 წელი ვიმსახურე გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში მთარგმნელად… ამჟამად ვითვლები ქ. თბილისის მცხოვრებლად, ვცხოვრობ კლარა ცეტკინის (ყოფ. ელისაბედის) ქუჩაზე, სახლში ¹17. მყავს ორი ქალიშვილი და ორი შვილისშვილი – ქალ-ვაჟი. მყავს ცოლი, რომელიც 1939 წ. 28 ივლისს შევირთე. ჩემს ცოლზე 27 წლით უფროსი ვარ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი