საზოგადოება

რატომ ეშინოდა ალექსი მაჭავარიანს გალაკტიონის და როგორ აწყენინა მან ელენე ახვლედიანს

№39

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 01.10

ალექსი მაჭავარიანი
დაკოპირებულია

კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი იყო სტალინური, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში დაიდგა ბალეტი ,,ოტელო”, რომელიც მილანის „ლა სკალასთან” არსებული ,,ბრაიდენზეს” გალერეის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მის საავტორო უფლებებს დღესაც მსოფლიოში აღიარებული „სიკორსკის” ელიტარული ფირმა იცავს. კიდევ მრავალი ფაქტის მოხმობა შეიძლება, რომელიც მეტყველებს ამ დიდი ხელოვანის სახელის უკვდავებაზე. ეს ალექსი მაჭავარიანის უბის წიგნაკის ჩანაწერებია. მას ელენე ახვლედიანზე მოგონებებით იწყებს.

სადაც გენებოს, იქ დაჯექი ან იდექი, თუ გინდა, დაწექი...

„…ელენე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ხელოვანია – პირდაპირი, მართალი პიროვნება, რომელიც მარად ვიღაცაზე ზრუნავს, ეხმარება. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მისი სტუდია ძალიან ახლოს არის ჩემს სახლთან. თვითონაც იქვე ცხოვრობს – სტუდიაში… ხშირად ვესტუმრები ხოლმე სტუდიაში. კარს რომ გამიღებს, რამდენიმე სიტყვას წაიბურტყუნებს, ხეირიანად ვერც გავიგებ ხოლმე, რას ამბობს და მანიშნებს: სადაც გენებოს, იქ დაჯექი ან იდექი, თუ გინდა, დაწექი, თუ გინდა, ყირამალა დადექიო. თვითონ კი თავის საქმეს უბრუნდება. თუ მალე მოათავა, ხომ კარგი, მასთან საუბარი უაღრესად სასიამოვნოა, ხოლო თუ სამუშაო გაუგრძელდა, შენ შენი თავის განკარგულებაში ხარ, რაც გინდა, ის გააკეთე... მახსოვს, ორმოცდაათიანი წლები იწყებოდა. ელენემ დამირეკა და მითხრა, რიხტერი უნდა მოვიყვანო შენთან სტუმრადო. გამიხარდა ამ უდიდესი მუსიკოსის სტუმრობა. ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ მთხოვა, რომელიმე ჩემი ნაწარმოები დამეკრა. მაშინ უკვე დამთავრებული მქონდა პირველი სიმფონია და მისი მეორე ნაწილი დავუკარი. ბოდიში მოვუხადე, მე პიანისტი არა ვარ და ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ-მეთქი. შევატყვე, რომ მუსიკა მოეწონა. როცა დავამთავრე, მითხრა, თუ ამ ოპუსის საფორტეპიანო ვერსიას გამიკეთებთ, სიამოვნებით შევასრულებო. მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, ხშირად, უგუნურ საქციელს ჩაგადენინებს. ვიფიქრე, მე სიმფონია დავწერე, საფორტეპიანო პიესად რატომ უნდა გადავაკეთო-მეთქი. მოგვიანებით ძალიან ვნანობდი, მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ. მივხვდი, რომ ელენემ, რომელსაც მოსწონდა ჩემი მუსიკა, სწორედ იმიტომ მოიყვანა ჩემთან რიხტერი, რომ შემოქმედებითად დავეკავშირებინე. მე კი…“

ეს იყო ჩემი ალფაც და ომეგაც

„... 7-8 წლის ასაკში სად შემეძლო ჭეშმარიტების ძიება, სად შემეძლო, გავრკვეულიყავი სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციათა სირთულეებში! რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი, ის იყო ჩემი ალფაც და ომეგაც... ეს იყო მამაჩემის გაქცევა უცხოეთში, ოჯახის უეცარი გაღარიბება, ჩვენი ოჯახისადმი უნდობლური, სკეპტიკური დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მხრივ. რა მოხდა? ვინ დაანგრია ჩვენი ოჯახი? ვინ გააგდო მამა? ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდნენ, მტანჯავდნენ, მაწვალებდნენ... ჩემთვის დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება... მე, ჯერ კიდევ სრულიად ბავშვს, უნდა ამერჩია ჩემი მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ გასაბჭოებამ გაანადგურა ჩემი ოჯახი, მივხვდი, რომ სოციალისტური მშენებლობის აქტიური მებრძოლი უნდა გავმხდარიყავი. საჭირო იყო, დამევიწყებინა ჩვენს თავს დატეხილი მთელი ეს სისასტიკე. ვეცადე, რომ გორში პიონერთა ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გავმხდარიყავი. გოგი ინასარიძესთან, მიხეილ სააკაშვილთან, ფილიმონ თოფაძესთან და სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მეც დიდი ენთუზიაზმით ჩავები პიონერთა ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში, მივენდე იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც უხვად დარჩნენ გორში. მაგრამ სირთულეები თავს მაინც არ გვანებებდა. ჩვენ „სათავადო ოჯახის“, „ემიგრანტის შვილების“, „ხალხის მტრის ოჯახის“ იარლიყი მოგვაწებეს შუბლზე და აღმოვჩნდით შავ სიაში, შემზარავ შავ სიაში. დიახ, ჩვენ, სამი პატარა ბიჭუნა – „ძმები მაჭავარიანები“ – შავსიელები აღმოვჩნდით. მთელს ჩვენ ოჯახს გამოეცხადა ყოველმხრივი ბოიკოტი, აღმოვჩნდით კანონს გარეშე, რადგან შავი სიები გორში ყველა კედელზე იყო გამოკრული და ჩვენი გვარი ფიგურირებდა ყაჩაღების, მძარცველებისა და ბანდიტების გვერდით... ამას მოჰყვა კიდევ უფრო საშინელი 1924 წელი, ქართველთა ცნობილი აჯანყება... და, აი, დედასაც აპატიმრებენ. მე ვტირი, დედას მუხლებზე ვეხვევი. გგონიათ მომერიდნენ? მეც დედასთან ერთად ციხეში მიკრეს თავი. ეს მოხდა ცხინვალში. ციხეში ოთხი დღე გამაჩერეს. ქალების საკანში, ერთ პატარა ოთახში მე და თერთმეტი ქალი მოგვათავსეს. ის ზაფხული საკმარისად ცხელი იყო. საკანში წარმოუდგენელი სიცხე იდგა, სუნთქვა მიჭირდა... მახსოვს, იატაკზე კარის ნაჭვრეტებთან დამიგეს თხელი ლეიბი, რომ იქიდან შემოსული, შედარებით სუფთა ჰაერით მესუნთქა. მეოთხე დღეს სახლში წამიყვანეს. თურმე, ვინმე ჩერმენ ბეგიზოვი, თანამდებობის პირი, მისულა ციხეში, გაუგია, რომ პატარა ბავშვი იყო დაპატიმრებული და ბრძანა ჩემი გათავისუფლება. დედა, სხვებთან ერთად, კიდევ ცამეტი დღე იყო დაპატიმრებული, ანუ იქამდე, ვიდრე სრულიად არ დამთავრდა აჯანყების ჩახშობის პროცესი. მადლობის ღირსნი არიან სამხრეთ ოსეთის ავტონომიის მაშინდელი ხელმძღვანელები, რადგან არც ერთი ადამიანი არ დასჯილა სიკვდილით...“

შურისძიება

„...გორს თავისი ღრმა თეატრალური ტრადიციები ჰქონდა. იდგმებოდა სპექტაკლები შესანიშნავი მსახიობების მონაწილეობით... აქტიურ თეატრალურ ცხოვრებას ისიც უწყობდა ხელს, რომ გორში ცხოვრობდა ცნობილი მსახიობის, ნატო გაბუნიას ოჯახი. ამან გარკვეული გავლენა იქონია ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მხატვრულ აზროვნებაზეც, რასაც შედეგად მოჰყვა ჩემი და ჩემი მეგობრების მოღვაწეობა გორის მოყვარულთა დასში, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლებული, ნიჭიერი პიროვნება, გამოჩენილი იურისტი და ხელოვნების დიდი მოყვარული, მიხეილ ხერხეულიძე.

პიესა „რღვევის“ პრემიერა მიდიოდა. მე ვანსახიერებდი გოდუნის როლს. დარბაზი გადაჭედილი იყო. წარმოდგენას გორის პარტიული ხელმძღვანელობაც ესწრებოდა, მათ შორის, გორის კომკავშირის ორგანიზაციის მდივანი, ჩემი დაუძინებელი მტერი თურუზაშვილი, იგივე თოროზა (თოროზოვი). წარმოდგენამ კარგად ჩაიარა, რამდენჯერმე გამოიხმეს სცენაზე დამდგმელი მიხეილ ხერხეულიძე და მსახიობები, მათ შორის, მეც. მეორე დილას, მიუხედავად იმისა, რომ არც რეპეტიცია გვქონდა და არც სპექტაკლი, თითქოს მოვილაპარაკეთო, ყველანი მივედით თეატრში. ვიგონებდით წინა დღის წარმატებას, ვკამათობდით, ვხუმრობდით, ვიცინოდით. ერთი სიტყვით, ბედნიერები ვიყავით. მხოლოდ ჩვენი ხელმძღვანელი არ იყო თეატრში. გაგვიკვირდა, პირველი ყოველთვის ბატონი მიხეილი მოდიოდა ხოლმე, მას ვერავინ დაასწრებდა თეატრში მისვლას. რაიკომში გამოიძახესო, გვითხრა დარაჯმა. ვამბობდით, ალბათ, გუშინდელ წარმოდგენასთან დაკავშირებით, მადლობის გამოხატვა სურს რაიკომსო. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ბატონი მიხეილი თავზე წამოგვადგა, უჩუმრად, მოღუშული სახით. ბატონი მიხეილი გონებამახვილი, დიდი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული კაცი იყო. ყოველთვის იღიმოდა, ხუმრობდა. ამიტომ ყველას გაგვიკვირდა, მისი მოღუშული სახის დანახვა, სევდიანი თვალებით რომ გვიყურებდა. ერთმა ჩვენგანმა გაბედა და ჰკითხა: ბატონო მიშა, რა მოხდა, ნუთუ არ მოეწონათ წარმოდგენა? – ვინ გითხრათ, რომ არ მოეწონათ. პირიქით, დიდად კმაყოფილნი არიან. თქვენც მადლობა შემოგითვალესო, – გვიპასუხა მან და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, – დასხედით და წყნარად დამიგდეთ ყური. ყველამ დავიკავეთ ადგილები. ბოლოს წარმოსთქვა: საქმე ეხება ჩვენს საყვარელ ალიკოს. ყველა გაოცდა, შემომხედეს, გულში გამკენწლა: ეს თითქოს არც იყო მოულოდნელი. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, არ შეიძლება, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდეს, რომ ბოლომდე ვიყო ბედნიერი... თურუზაშვილს განუცხადებია, ქვეყნის მტრის, ემიგრანტ დავით მაჭავარიანის შვილი, ალიკო მაჭავარიანი საეჭვო პიროვნებაა, იგი უნდა შევისწავლოთ. კომკავშირის რაიკომის აზრია, რომ იგი დროებით გაათავისუფლოთ თეატრის დასის წევრობიდან. დღეს დილით ბიუროზე უკვე გადაწყდა ეს საკითხი, მას სკოლიდანაც გარიცხავენო. ბატონი მიშა გამშრალა, გაოცებულა, შეძრწუნებულა. მაგრამ, აბა, ვინ აღუდგებოდა წინ კომკავშირის ბიუროს დადგენილებას იმ პერიოდში. გამათავისუფლეს... ამის გამო ზოგმა ჩემმა მეგობარმა დასიდან წასვლა მოინდომა, მაგრამ გააფრთხილეს, აუკრძალეს და აიძულეს დარჩენილიყვნენ. მხოლოდ მიხეილ ხერხეულიძე წავიდა და მას შემდეგ აღარც დაბრუნებია თეატრს. მან მუშაობა განაგრძო, როგორც იურისტმა... მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბოროტების საპირისპიროდ კეთილი, სამართლიანი ადამიანები არ დაილევიან ამ ქვეყანაზე. ჩვენი სკოლის პედაგოგებმა და ფიზკულტურის ორგანიზაციის მწვრთნელებმა ისეთი განგაში შექმნეს, რომ მთელი ქალაქი აყაყანდა. მოიწვიეს პედაგოგთა საერთო კრება. დამახასიათეს, როგორც წესიერი, თავაზიანი, ზრდილობიანი, თავმდაბალი ახალგაზრდა, კარგი მოსწავლე და მრავალმხრივი საერთო განათლების მქონე. მეხუთე თუ მეექვსე დღეს აღმადგინეს. თოროზა მაინც არ დაცხრა. სკოლის დირექტორის დახმარებით, მეორედ მომიგონა სასტიკი მიზეზი და კვლავ გამაგდეს სკოლიდან. პედაგოგების წყალობით, კვლავ მალე აღმადგინეს. თურუზაშვილთან ჩემი ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო... მაშინ, როდესაც მეგონა, რომ სიყალბე, ბოროტება, სიცრუე, გაუტანლობა, მლიქვნელობა, ვერაგობა შორს, სადღაც ცხრა მთას იქით გადახვეწილიყო... კომკავშირში არ მიმიღეს. ზეიმობდა გორის ქალაქის კომკავშირის მდივანი თურუზაშვილი. აი, თურმე, ვინ ყოფილა ამ ყოველივეს ინიციატორი... როგორც შემდეგში გამოირკვა, თურუზაშვილს გამოუძახია რამდენიმე ახალგაზრდა და დაუვალებია, რომ ჩაეშალათ ჩემი კომკავშირში მიღება.. თურუზაშვილმა ამით კიდევ ერთხელ გადამიხადა სამაგიერო იმ გაუგებრობების გამო, რომელიც ჩვენს შორის რამდენჯერმე შეიქმნა. ერთხელ, გორში, ჩემი მეზობლისა და ჩემი უფროსი ძმების მეგობრის ეზოში, სადაც ყოველი სახის ტანვარჯიშის იარაღები იყო დადგმული, ბიჭები ვვარჯიშობდით. მე რგოლებზე ვასრულებდი საკმარისად რთულ ილეთებს, როდესაც ეზოში შემოვიდა თურუზაშვილი, თავისი ორი მეგობრით. ჩამოვხტი და მივესალმე. მან ამაყად შემომხედა და მითხრა: შენთვის შეინახე ეგ სალამი, შე, ემიგრანტის შვილო. ვარჯიშით თავს ნუ იწონებ, შენ მაინც ხალხის მტრის შვილი ხარო. მაშინ ის ჯერ არ იყო კომკავშირის მდივანი, მაგრამ აქტივისტი ნამდვილად ეთქმოდა. ავღელდი, კანკალმა ამიტანა, თავი ვერ შევიკავე, გავაკეთე სწრაფი ნახტომი და ლაზათიანი სილა შემოვკარი, შემდგომ ისეთი ძალით ამოვარტყი ცხვირში, რომ სისხლი წასკდა. მეორე შემთხვევა კვლავ გორში დატრიალდა. თვითმოქმედ თეატრში წარმოდგენა დამთავრდა. მე ჩემი სკოლის მეგობარ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად თეატრიდან გამოვდიოდი. თურუზაშვილმა თავისი თანმხლები პირებით გზა გადამიღობა, მომკიდა ყელსახვევზე ხელი, რომელსაც მე თავმომწონედ ვატარებდი, ჩამომახია და გამომწვევად დამიწყო მზერა. მეტი გზა არ მქონდა, დაჭიმული ხელი მუცელში მოვარტყი. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ მან მუცლის კუნთის დაჭიმვა ვერ მოასწრო და საშინელი ტკივილი იგრძნო. აქ ბიჭები ჩაერივნენ. გადაწყდა, უნდა გვეპოვა ბნელი და წყნარი ადგილი და იქ შევრკინებოდით ერთმანეთს. გოგონები სახლში გავისტუმრეთ. ჩვენ წავედით ახალი ბაღისაკენ, მოვნახეთ სათანადო ადგილი სიბნელეში. ერთ მხარეს სახლის კედელი იყო, მეორე მხარეს ხის, საკმარისად მაღალი ღობე. ბიჭებმა გააკეთეს წრე, მე და თოროზოვი ჩავდექით შუაში და მამლაყინწებივით ავიქოჩრეთ. კლასიკური ბრძოლა გამოგვივიდა, რომელშიც მე გამარჯვებული გამოვედი. გაბრაზებული დამემუქრა, სამაგიეროს აუცილებლად მიიღებო. მივიღე კიდეც. ჯერ თეატრიდან გამომაგდეს, სკოლიდან სამჯერ გამრიცხეს და ახლა კომკავშირშიც არ მიმიღეს, სასტიკად გამაშავეს... თურუზაშვილი კი, როგორც გამყალბებელი და პირადი ბედნიერების, კეთილდღეობის მაძიებელი, მალევე დააპატიმრეს.“

გალაკტიონის გვერდით...

„გალაკტიონს შორიდან ახალგაზრდობაშივე ვიცნობდი. უდიდესი პატივისცემითა და საკმარისი მღელვარებით ვხვდებოდი ხოლმე. თავდაპირველად მაშინებდა მისი ხაზგასმული არტისტულობა. მე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ მუსიკოსს, თავისებური ცერემონიით მხვდებოდა. მაოცებდა, აღიარებული, ქართველი ერის უსაყვარლესი პოეტის ამგვარი ხაზგასმული პატივისცემა ახალგაზრდა უცნობი მუსიკოსისადმი. – გამარჯობა, ბატონო, გამარჯობა, გამარჯობა. როგორ ბრძანდებით, ბატონო ჩემო, ხომ კარგად, ხომ კარგად? – მომმართავდა შეხვედრისას ისე, თითქოს შეხვდა ოფიციალურ, საპატიო პიროვნებას, მაგალითად უცხოელ ელჩს, დიპლომატს, თან, საოცარი პლასტიკით გაიჭიმებოდა ხოლმე ჩემ წინ. მერე დააყოლებდა: ყმაწვილო, რატომ არ გინდათ, ჩემს ლექსებზე დაწეროთ მუსიკა? ასეთი მომართვა უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. მე, მაშინ სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკს, მეგონა, რომ არ მქონდა უფლება გალაკტიონის ლექსებზე მუსიკის წერისა. ეს არ იყო ჩემი მორცხვობა ან თავაზიანი მორიდება, ეს იყო ჩემი ღრმა რწმენა. ამ უდიდესი პოეტის ლექსები მიზიდავდა თავისებური რიტმიკით, რომანტიკული სულით, სიახლით, თანამედროვე პულსაციით, უდიდესი პოეტურობით.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა