საზოგადოება

რატომ ეგონათ ზურაბ ქაფიანიძე და რეზო ლაღიძე ინგლისში გიჟები

№35

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 04.09

ზურა ქაფიანიძე
დაკოპირებულია

ზურაბ ქაფიანიძე: „სამშობლოს სადღეგრძელო ძალიან მიყვარს. ამ სადღეგრძელოს შემდეგ ყოველთვის ვამბობ სულეთის სადღეგრძელოს. ქართველების გარდა ღვინით სულეთს არავინ იხსენიებს. ყოველთვის ვამბობ 9 ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის, დიდგორის ომში დაღუპულთა შესანდობარს, იმათი, ვინც ეს ულამაზესი ტრადიცია დაგვიტოვა; ვინც პირველად პური გამოაცხო და ღვინო დააყენა... მერე ღვინო პურზე დაასხა და თქვა: სულეთის დიდება იყოსო.“

ქართველი გოლიათი მილიონერი

იუგოსლავიელები ფილმ „ქორწილს“ იღებდნენ და ზურა ქაფიანიძეც მიიწვიეს. ისე შეაყვარა თავი ყველას, რომ უიმისოდ ლუკმას არ ჭამდნენ. ცნობილმა მსახიობმა ჰიდრა ბოიავიჩმა ქალიშვილიც კი მოანათვლინა. ფილმის დასრულების შემდეგ იუგოსლავიაში დაპატიჟეს და მთელი ევროპა მოატარეს. სანამ იუგოსლავიაში გაემგზავრებოდა, ერთი ხეირიანი კოსტიუმი ხომ უნდა ჰქონოდა. წავიდნენ მაღაზიებში, სად არ იყვნენ, ვერც ერთი ვერ მოირგო. გაყოფდა ხელს და – მიჭერსო. ბოლოს, გადაწყდა, შეეკერათ. გამოეწყო ახალ კოსტიუმში, თბილისის ქუჩებში გაიარა. მოვიდა შინ და – მიშველეთო. მუხლზე გაუხევია. ახლის შეკერვის დრო აღარ იყო, ძლივს იპოვეს ქალი, რომელმაც დაუკემსა შარვალი. ასე გაუშვეს იუგოსლავიაში. იქ, ეტყობა, მაინც არ მოეწონათ ზურას ჩაცმულობა და შესთავაზეს, ახალ კოსტიუმს გიყიდითო. ბევრს ეცადნენ, მაგრამ ქართველი გოლიათი ვერაფერში ჩაეტია.

იქაურ სუფრებს ვერაფრით აუღო ალღო. ჩაასხამდნენ ცოტ-ცოტა ღვინოს ჭიქებში, ზურა ქართულად გაივსებდა სასმისს და მეგობრობის სადღეგრძელოს სვამდა. უკვირდათ. რა ფული უნდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირიდან გასულ მსახიობს და მაინც ეს იღებდა დანახარჯს თავის თავზე, სხვებს ეპატიჟებოდა. გაზეთში დაწერილა: ჩამოსულია საქართველოდან მილიონერი, არ ჰყოფნის ღვინო და ყველას თვითონ უხდის საფასურსო.

ღვინოს სვამენ და არ თვრებიან

კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე ერთმანეთს ინგლისში შეხვედრიან. შესულან რესტორანში წასახემსებლად. მოგეხსენებათ, ორივე კარგი მსმელი და მოქეიფე იყო. დაკვეთა მიუციათ და ორი ბოთლი ღვინოც შეუკვეთავთ. ქართული სუფრის ტრადიციით შეუყვნენ ნელ-ნელა. ცოტა ხანში კიდევ ორი ბოთლი დაიმატეს. ორს კიდევ სამჯერ ორი მიაყოლეს და მორიგი დამატების დროს ოფიციანტი უხმოდ გაბრუნებულა და რესტორნის დირექტორთან შესულა.

– აქ ბატონო, ვიღაც ორი გიჟი ზის, ღვინოს სვამენ და არ თვრებიანო. დაინტერესებულა დირექტორი, გამოსულა დარბაზში და რას ხედავს, ეს ამდენი ცარიელი ბოთლი შემოუწყვიათ ირგვლივ, ერთმანეთისთვის ხელი გადაუხვევიათ და სასიამოვნო შეწყობით ლაზათიანად მღერიან. დარბაზში მყოფნი ყველანი ფეხზე წამოუდგნენ ქართველ მამულიშვილებს და ტაშით დააჯილდოვეს. ამათაც ღირსეულად თავი დაუკრეს, დანახარჯი გაასწორეს და ღიღინ-ღიღინით იქაურობა დატოვეს, ისე, რომ ფეხიც არ შეშლიათ.

ბოლო კადრი

ფილმის რეჟისორს, ნოდარ მანაგაძეს სცენარი წაკითხვისთანავე მოსწონებია, თუმცა მათგან განსხვავებით, ვინც კოტორაშვილის როლში ქაფიანიძეს ხედავდა, იმ მომენტში მსახიობთან გართულებული პირადი ურთიერთობის გამო („წუთისოფლის“ გადაღების დროს მომხდარი ინციდენტის გამო ნაჩხუბრები იყვნენ), მისთვის ამ როლის მიცემას სულაც არ ფიქრობდა. მანაგაძისთვის ერთ-ერთი კანდიდატურა ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილი იყო, მაგრამ… ბოლოს მაინც ზურას მსახიობურმა ნიჭმა, მისმა კოლორიტულობამ და მონდომებამ გადაწყვიტა ყველაფერი. „კოტორაშვილის როლმა შეგვარიგა“, – ამბობდა ბატონი ნოდარი და კურიოზებზეც სიამოვნებით საუბრობდა: „...ბოლო კადრს თბილისში ვიღებდით. გახსოვთ, ალბათ, ქაფიანიძე წყალში რომ შედის. ეს ეპიზოდი დიღმის ხიდთან, მტკვარზე გადავიღეთ. დილით, ადრიანად გავედით გადაღებაზე. შევიდა ქაფიანიძე წელამდე წყალში და მზემ არ გამოანათა?! საერთოდ, მთელი ფილმი ღრუბლიან ამინდშია გადაღებული და იმწუთას მზის გამოსვლა ნამდვილად ხელს არ გვაძლევდა. არადა, უკვე ზამთარი დგებოდა, წყალი ცივი იყო. დავინახე თუ არა, რომ მზემ გამოანათა, გადაღება გავაჩერე და ზურას დავუძახე, წყლიდან ამოდი-მეთქი. ვერ ამოვალო, კატეგორიული უარი გამომიცხადა. ახლა რომ წყლიდან ამოვიდე, მეორეჯერ აქ ვეღარ შემოვალო. მზე მხოლოდ დღის ბოლოს მიეფარა ღრუბლებს, ზურა კი ამ ხნის განმავლობაში წყალში იყო.

...ერთხელ ორი დღით გავუშვი კიევში და დიდხანს აღარ ჩამოვიდა. რადგან ის სცენა უნდა გადამეღო, სადაც სცემენ, მის გარეშე, დუბლიორის საშუალებით მომიხდა ამ ეპიზოდის გადაღება. ქაფიანიძე მხოლოდ ბოლო მომენტში მყავს ახლო ხედით გადაღებული. მოკლედ, ყველანაირად ეცადა, რომ ცემას გადარჩენილიყო. სხვათა შორის, ერთ-ერთი ჩვენების დროს ჰკითხეს: რამდენ ხანს გცემენ, ეს არ არის ნამდვილი კადრებიო. თუ ნამდვილი არ არის, გამოდით და განახებთო, უთქვამს ზურას“.

თავად ზურაბ ქაფიანიძე კი აი, როგორ იხსენებდა ფილმზე მუშაობის პერიოდს: „ნოდარი იყო რეჟისორი. მამამისი, ბატონი შოთა მანაგაძე მამასავით მიყურებდა. ძალიან ღვთისნიერი კაცი იყო, ღვთისოს ვეძახდი. სხვა ფილმში როცა მიღებდნენ, რეჟისორს სთხოვდა, სინჯები მაჩვენეო, თვალყურს მადევნებდა, რომ არ წავმხდარიყავი, რამე არ შემშლოდა. საოცრად კარგი ჯგუფი შეკრიბა ნოდარმა, ფილმიც კარგი გამოვიდა. გახსოვთ, ალბათ, ფილმში ფერდობზე რომ ჩამოვრბივარ, ის ადგილი ჩემ გარდა ვერავინ ჩამოირბინა, არადა, ვინ აღარ ჰყავდათ მოწვეული ამ კადრის გადასაღებად: კალათბურთელები, მოჭიდავეები, ალპინისტებიც კი… მტკვარში ჩხუბის ეპიზოდი რომ გადავიღეთ, მთელი გადამღები ჯგუფი მიცდიდა, დროზე ამოდი წყლიდანო. ზაფხული იყო, მე გაოფლიანებული ვიყავი და თქვენ წადით, მე აგერ მტკვარს წამოვყვები, ისე ჩამოვალ-მეთქი, გავძახე. დავწექი წყალზე და ასე ცურვით წავედი. ეს რომ დაინახეს, გადაწყვიტეს ფინალიც ასე გადაეღოთ, არადა, ფინალის გადაღების დროს უკვე იანვარი იყო, ყინავდა. სამი კილომეტრი მივცურავდი გაყინულ წყალში, ნაპირზე მთლად გალურჯებული გამოვედი, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ვუძლებდი… ეჰ, კარგი იყო, ულამაზესი კინო გვქონდა.“

„ქიტესას ვუცდი, ქიტესასა!“

ალბათ, გახსოვთ, განრისხებული ზურაბ ქაფიანიძე (ივანე), კომბლით ხელში, რაჭული სიდინჯით როგორ ელოდება ქიტესას, მორიგი ოინბაზობისთვის სამაგიერო რომ გადაუხადოს („ქიტესას ვუცდი, ქიტესასა!“), ქიტესა კი თავქუდმოგლეჯილი გაურბის ივანეს კომბალსა და რისხვას. ამ მხიარული, მოხერხებული კაცის როლს ვახტანგ ცხადაძე ასრულებს. ფილმში იგი რეჟისორთან მეგობრობის წყალობით მოხვდა (ერთად თამაშობდნენ საქართველოს კალათბურთის ნაკრებში). ქიტესას როლი გივი ბერიკაშვილს უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმ დროს მარჯანიშვილის თეატრი გასტროლებზე მიდიოდა და გივი ფილმის გადაღებაზე არ გაუშვეს. სწორედ ამ პერიოდში ვახტანგ ცხადაძე და ნოდარ მანაგაძე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს რუსთაველზე. ბატონმა ნოდარმა მას ფილმში გადაღება შესთავაზა და უარის თქმაც არ აცალა, ისე წაიყვანა სინჯებზე. მართალია, თავიდან კინოსტუდიაში წინააღმდეგები იყვნენ, რომ ასეთი სახასიათო როლი არაპროფესიონალს შეესრულებინა, მაგრამ რეჟისორმა თავისი გაიტანა. სხვათა შორის, არც ზურა ქაფიანიძე უყურებდა მაინცდამაინც კეთილი თვალით ვახტანგს, ამან გივის მაგივრობა როგორ უნდა გამიწიოსო? მერე ისე დაძმაკაცდნენ, უერთმანეთოდ ერთ წუთსაც ვერ ძლებდნენ. ბატონი ვახტანგი სიამოვნებით იხსენებს ფილმის გადაღების ცალკეულ ეპიზოდსა და საერთო სიტუაციას: „გადაღებები გვქონდა მესხეთში, ასპინძის რაიონში. მთელი დატვირთვით ვმუშაობდით, ვცდილობდით, ნოდარს ავყოლოდით, მაგრამ ზოგჯერ სასმელისკენაც წაგვიცდებოდა ხოლმე ხელი. ერთ საღამოს გაგვაფრთხილა, ხვალ ახლო ხედები უნდა გადავიღოთ და არ დალიოთო. მე ტურბაზაში ვცხოვრობდი, მაგრამ რომ არაფერი გვეეშმაკა, არ გამიშვა, შენც ჩემთან ერთად დარჩიო. გადაღების შემდეგ ოთახში ტანსაცმლის გამოსაცვლელად შეგვიშვა და თვითონ იქვე დაგვიდარაჯდა – რომ გამოხვალთ, ერთად ვივახშმოთო. შევედით ოთახში და თითქოს ვიღაცამ მოგვიწყოო, დაგვხვდა ერთი ბოთლი ჭაჭის არაყი, ორი ვაშლი და ორი ჭიქა. მარტო მე და ზურა ვიყავით. ცხადია, ეს არაყი ბოლომდე გამოვცალეთ. ოთახიდან რომ გამოვედით, კარგად შეზარხოშებულები ვიყავით. მშივრებს უცებ მოგვეკიდა სასამელი. კინაღამ გაგიჟდა ნოდარი, მაგრამ რას იზამდა?! ერთი დღით გადაიდო გადაღება.

ზურას გულუბრყვილობის ამბავი ყველამ იცის, ჰოდა, გადავწყვიტეთ, მისი ეს ხასიათი გადაღების დროს გამოგვეყენებინა. ნოდარს მოველაპარაკე, ასე და ასე მოვიქცევი, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს-მეთქი და დავიწყეთ გადაღება. ის სცენა ხომ გახსოვთ, ივანე ცოლთან „კურკურს“ რომ დაიწყებს, მე კი ამ დროს ვყვირი: „არიქა, ომი დაიწყო!“ – და ალერსს ვაწყვეტინებ. ივანე ცოლს თავს ანებებს, წყალში ჩაგდებულ ტყაპუჭს ხელს წამოავლებს და, როცა მიხვდება, რომ ვატყუებ, გამწარებული გამომეკიდება. სადაცაა უნდა დამეწიოს და ამ დროს წავიქცევი, ვითომ ფეხი ვიტკინე. ზურა სერიოზულად შეშფოთდა, ფეხი ძალიან ხომ არ გეტკინაო? და, როცა მოსახმარებლად დაიხრება, უცებ წამოვხტები და გავრბივარ. ეს სცენა ჩემი მოგონილია, მარტო ნოდარმა და ოპერატორმა იცოდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. ზურა კი ისეთი გამწარებული გამომეკიდა… მერე მეუბნებოდა, რომ დამეჭირე, არ ვიცი, რას გიზამდიო. ერთხელ ძაღლი დაამარცხა, მე რას მიზამდა (იცინის)?! ასეთი გულუბრყვილო ხომ იყო ზურა, მაგრამ ძალიან მამაცი. მახსოვს, ნატო გაგნიძე გადაღებაზე ბებიასთან ერთად იყო წამოსული (პატარა გოგოს მარტო არ უშვებდნენ). იმ სახლის პატრონს, სადაც ვსადილობდით ხოლმე, დიდი ნაგაზი ჰყავდა, ასეთი ავი არაფერი მინახავს. ჯაჭვით იყო დაბმული. ერთ დღეს, გადაღების შემდეგ, მოვდივართ, რომ ვისადილოთ. ნატო წინ მიდიოდა. შევედით თუ არა ეზოში, გამოვარდა ეს ძაღლი და ალბათ, შეჭამდა, ზურას რომ არ ემარჯვა. იქვე ნამგალი ეგდო, დაავლო ხელი და ისეთი ბრძოლა გამართა ამ ძაღლთან, ეს რომ ნოდარს გადაეღო, ფილმის საუკეთესო ეპიზოდი იქნებოდა. მართალია, ძალიან რთული გადაღებები გვქონდა, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემდით, კარგ დროსაც ვატარებდით და, ვფიქრობ, ფილმიც არაჩვეულებრივი გამოვიდა.“

ბატონო ზურა, მთელ იმერეთს მოგიტანთ

„...ჩვენმა საერთო მეგობარმა რესტორანი გახსნა, სადაც თენგიზ არჩვაძემ და ზურაბ ქაფიანიძემ ბრწყინვალედ იმღერეს, მე კი ვიცეკვე. ზურამ ოთხი ჭიქა ღვინო მაინც დალია. ვუშლიდი, ნუ სვამ-მეთქი, როგორ შემიძლია, არ დავლიო, არა გრცხვენია, რას მეუბნებიო?! მერე დიდი რაოდენობით კარაქი მოატანინა ოფიციანტს, ნახევარი კილო იქნებოდა, რადგან კუჭის ოპერაცია სამგზის ჰქონდა გაკეთებული და ფიქრობდა, კარაქი უხდებოდა მის ორგანიზმს. რესტორანში გენიალური პურმარილი დაგვახვედრეს და მიმტანმა ალალად უთხრა: ბატონო ზურა, მთელ იმერეთს მოგიტანთ, კარაქი ამ სუფრაზე უბრალო იქნებაო. ზურამ კი მიუგო: რა ვქნა, მე, ზურაბ ქაფიანიძე, ხომ შეიძლება, კარაქს ვჭამდეო?“

„პრახადი ნე ბოისა“

„სიამოვნებით ყვებოდა ჩრდილო კავკასიაში „სტუმარ-მასპინძლის“ გადაღებისას გადამხდარ ინციდენტს, რომელიც კინაღამ მსხვერპლით დასრულდა. ფილმის გადასაღები აპარატი, თავისი რუსი ოპერატორიანად, ქუჩის ერთ მხარეს იდგა, მეორე მხარეს კი თავად ზურაბ ქაფიანიძე, – იხსენებს დიმა ჯაიანი. ამ დროს ცხენზე ამხედრებულმა ქისტმა გაიარა, თანამედროვე კოსტიუმზე ხანჯალი ჰქონდა შებმული. იქაურები წესრიგის მოყვარული ხალხია და ისიც მიხვდა, რომ ქუჩა დაკავებული იყო. ამიტომ ჩამოქვეითდა, რომ მათთვის ხელი არ შეეშალა. თუმცა კინოსტუდიის მესვეურებმა ქისტი ვერ შენიშნეს და არავის უთქვამს, ახლა შეგიძლიათ გაიაროთო. ქისტმა მოცდა ამჯობინა და ერთ ადგილას შეჩერდა. ამ დროს რუსმა ოპერატორმა მას დაუძახა: პრახადი, ნე ბოისიაო. ეს რომ გაიგო ქისტმა, გადაირია – რას ჰქვია, რისი უნდა შემეშინდესო და იშიშვლა ხანჯალი, გაექანა რუსისკენ. ამ ისტორიის გახსენებისას ზურაბ ქაფიანიძე სიხარულს ვერ მალავდა, კიდევ კარგი, დროულად გავქანდი და ქისტის დაჭერა შევძელი, თორემ სისხლი დაიღვრებოდაო.

ყველაფერ ამის შემყურე რუსს კი ვერაფრით გაეგო, მისკენ ხანჯალშემართული ქისტი რატომ მირბოდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა