საზოგადოება

რატომ ეძახდნენ თურქები ტარასი ვაშაკიძეს შაითან კაპიტანს, ანუ ეშმაკს და როგორ სძლია მან მასზე ძლიერ მტერს

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 11.01, 2023 წელი

ტარას ვაშაკიძე
დაკოპირებულია

ტარასი დავითის ძე ვაშაკიძე დაიბადა 1876 წლის 8 ივნისს ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიდ გუბში, რომელიც ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი გახლავთ, გლეხის ოჯახში. თუმცა, მოგვიანებით, ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა.

1891 წელს ტარასიმ დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი, 1895 წელს კი ტფილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი.

1909 წლიდან ტარასი ვაშაკიძემ დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამსახური. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში, კერძოდ, ცნობილ სარიყამიშის ოპერაციაში -ახლანდელი თურქეთის ტერიტორია. მაშინ კაპიტანმა ვაშაკიძემ წარმოუდგენლად რისკიანი, შეიძლება ითქვას, თავხედური მანევრი განახორციელა. 1914 წლის 22 დეკემბერს კაპიტანმა ვაშაკიძემ თავისი მოხერხებულობის წყალობით, მხოლოდ ერთი ასეულით დაატყვევა: ოსმალთა ჯარის მე-9 კორპუსის სარდალი ისჰაკ-ფაშა თავისი შტაბით, მე-17, 28-ე და 29-ე დივიზიების მეთაურები თავიანთი შტაბებით, 107 ოფიცერი და 2 000 ასკერი. ხელთ იგდო 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენი, ტყვია-წამალი და სხვა სახის ნადავლი. სწორედ მაშინ ეწოდა „შაითან-კაპიტანი”.

ამ ამბავს ტარასი ასე აღწერს 1915 წლის 22 ივლისს პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძისადმი გაგზავნილ წერილში: „1914 წლის 22 დეკემბერს ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი. ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: „დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ”. ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა: „ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის მეთაური გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით”.

საკმარისი იყო თურქთა მხრიდან ოდნავი შეეჭვებაც კი და მთელი ავანტიურა ჩაიშლებოდა. „მათ რომ სცოდნოდათ, რამდენი ვიყავით სინამდვილეში, ჯოხებითაც თავისუფლად გამოგვრეკავდნენ ტყიდან ცელქობის გამო“, – ირონიულად აღნიშნავდა თავის მოგონებებში სარიყამიშის გმირი. მან ტყვეები შტაბში წაასხა და რუსთა ჯარის გაოგნებულ მეთაურს ჩააბარა. როცა ერთ-ერთმა თურქმა გენერალმა ვაშაკიძის მანევრის შესახებ გაიგო, გაბრაზებულმა დაიყვირა: „ღმერთმა დალახვროს შაითან-კაპიტანი!“. მას შემდეგ ტარას ვაშაკიძეს მეტსახელად ეშმაკს, ანუ „შაითან კაპიტანს“ ეძახდნენ.

სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ამ იშვიათი პრეცედენტის მქონე ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩენილი საოცარი გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაიმონ პუანკარეს ბრძანებით, ტარას ვაშაკიძეს მიენიჭა საფრანგეთის სამხედრო მედალი - „მედაილლე მილიტაირე“, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. ეს ჯოლდო მას პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-ემ გადასცა.

ჯილდოს მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ მედლის კავალერი თავად იმპერატორი ნიკოლოზ II იყო. თუმცა, ეს არ არის ტარასის ჯილდოების სრული ჩამონათვალი. პირველი მსოფლიო ომის დროს სხვა ოპერაციებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარასი ვაშაკიძე დაჯილდოვდა: წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით; წმიდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით; წმიდა ანას მესამე ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით.

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. იმავე წლის მარტში ტარასი ვაშაკიძე დარუბანდის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა, მალე პირველი ქართული მსროლელთა პოლკი შეიქმნა და ტარასი უკვე მისი მეთაური გახდა.

1918 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის ჯარის დაშლა ყველგან, მათ შორის კავკასიის ფრონტზეც. ამჯერად უკვე ამიერკავკასიის კომისარიატი განაგრძობდა თურქებთან ომს.

1918 წლის 1 აპრილს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. მრავალ სამხედრო პირთან ერთად მათ დაატყვევეს პოლკოვნიკი ვაშაკიძეც. რამდენიმე დღის შემდეგ თურქებმა ტყვეები ხოფას მიმართულებით წაიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

კინი გეგეჭკორის „მოგონებებიდან”: „ტარასი ვაშაკიძე იცნო ერთ-ერთმა მებადრაგემ. ხმლის ქარქაში ზურგში ჩაჰკრა და შეუძახა ისხან ფაშას სიტყვები: „შაითან კაპიტან”. გავიარეთ 5-6 კილომეტრი. ცხენოსანი მდევარი დაგვედევნა და უცბად უკან დაგვაბრუნეს. ბათუმში რომ ჩავედით, კომენდანტმა ყველა გაგვათავისუფლა”.

1918-1921 წლებში ტარასი ვაშაკიძე მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ქართული დივიზიის მეთაურის თანაშემწე, მეთაურობდა შენაერთებს აფხაზეთსა და სოჭის რეგიონში, სარდლობდა გაგრის ფრონტს, იყო ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი.

1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, გადადგა სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ სამშობლო არ დაუტოვებია.

1922-1937 წლებში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში, ბუღალტრად.

გარდაიცვალა თბილისში 1937 წლის 26 თებერვალს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

გამოყენებული მასალების წყარო: ქასრაშვილი, დენის. ლეგენდარული კაპიტანი ტარასი ვაშაკიძე; გოგიტიძე, მამუკა. ტარასი დავითის ძე ვაშაკიძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი; ჟუჟუნაშვილი, გიორგი. „შაითან კაპიტანი” / გიორგი ჟუჟუნაშვილი // ისტორიანი დათუაშვილი, დიდიმ. სარიყამიშის გმირი ტარასი დავითის ძე

ვაშაკიძე: (1914-1915 წლების რუსეთ-თურქეთის ომის ისტორიიდან) // „საისტორიო მოამბე“; „სარიყამიშის გმირი“: „თეატრი და ცხოვრება“: „კვირის პალიტრა“; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი