საზოგადოება

რატომ დაუპირისპირდნენ საქვეყნოდ ერთმანეთს სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი

№15

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 16.04

სესილია
დაკოპირებულია

ბიჭს ვასო ჰქვია, გოგოს – სესილია. ისინი ჯერ სცენაზე ითამაშებენ ცოლ-ქმარს, შემდეგ ცხოვრებაში. თუმცა, მათი ბედნიერი თანაცხოვრება მალე დამთავრდება – ჩემოდნების ფანჯრიდან გადაყრით. ეს მხოლოდ თანაცხოვრებაა, თორემ ურთიერთობა გაგრძელდება. ისინი ქართული თეატრის ღმერთებს შორის დაიკავებენ ღირსეულ ადგილს და მათი სიყვარულიც მითად იქცევა… დღევანდელი „ცხოვრების დღიურები“ ქართული თეატრალური წყვილის ურთიერთობაზეა – ძალიან ნაღდი, საინტერესო და ყველასთვის ახლობელი ადამიანების. ცალ-ცალკე მათი ბევრი საინტერესო ისტორიაა შემონახული. ნაწილს აქვე შემოგთავაზებთ.

1905 წელს თბილისის ერთ მრავალშვილიან ოჯახში დაიბადება მეექვსე შვილი. ვასოს დაარქმევენ. ბიჭი ორწელიწად-ნახევრის იქნება, მამა რომ გარდაეცვლება. დედა ფიზიკური შრომით გამორზდის 6 ობოლს. პატარა ვასო ნავსაყუდელს საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ჭიჭინაძის ოჯახში იპოვის. ვიღას არ ნახავს იქ პატარა ვასო, აჭარის ბეგებს თუ მღვდლებს. თვითონ პატარა ვასოც ბეწვზე ასცდება მღვდლობას. ახალგაზრდა ბოლშევიკის მოსე კვარაცხელიას მონდომებით, სწორედ იგი შეასწავლის ანბანს, მისი მეცადინეობით შევა სამოქალაქო სასწავლებელში. მაგრამ ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვასო გაჭირვების გამო ვეღარ გააგრძელებს სწავლას. ამ გაჭირვების გამო პატარა ვასო ერთ ზაფხულს საზეინკლო საამქროშიც კი დაიწყებს მუშაობას. სწორედ იქ გაიცნობს მკერავ ქალს – „კუზიან ლიზას“, რომელიც პატარა ვასოს თეატრში წაიყვანს. პატარა ვასო ალექსანდრე იმედაშვილს ნახავს ოტელოს როლში. იმ ღამეს ვეღარ დაიძინებს – თეატრი უხმობს, იზიდავს, მოსვენებას არ აძლევს. გათენდება და ისიც შეუდგება საქმეს – დაიწყება ეზოს წარმოდგენები. რეპერტუარი სულაც არ იქნება საბავშვო – „ოტელო“, „არშინ მან ალან“, „ივანე მრისხანე“, „აბესალომ და ეთერი“… „რა ხალხი არ დადიოდა ამ შენობაში სტუმრად ზაქარია ჭიჭინაძესთან: აჭარის ბეგებიდან დაწყებული სამღვდელოების უკანასკნელ ჩინამდე დამთავრებული, ხალხს რომ ვერ დაითვლიდით. ამ მღვდლების გავლენით, კინაღამ მეც შემწირეს მსხვერპლად ღმერთს და მაკურთხეს მღვდლად, საქმეში რომ არ ჩარეულიყო, მაშინ ახალგაზრდა მოსე კვარაცხელია, რომელსაც „კუხნის“ განიერი ფართობი ეჭირა. მასზედ ასეთი აზრისანი იყვნენ და პირადად მე მაშინებდნენ: „ამ ძიასთან ნუ გაივლი, მას სისხლი უყვარსო“. როგორც გავიგე, თურმე, ის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ბოლშევიკების ფრთას ეკუთვნოდა და ჩვენს ეზოს ეს ძალიან აშინებდა, სადაც პეტერბურგელი სტუდენტები, ზოგი პატრიოტები და ზოგი კიდევ მარქსისტები ცხოვრობდნენ. პირველად ანა-ბანა მან შემასწავლა. წამოვიზარდე. მისივე მეცადინეობით შევედი სამოქალაქო სასწავლებელში. მოხდა სახელმწიფოებრივი გადატრიალება – ნიკოლოზი ტახტიდან გადმოაბრძანეს. დავამთავრე სასწავლებელი, მწყურიან სწავლა, საშუალება არ არის...“

***

პატარა ვასო 24-ჯერ ნახავს სპექტაკლს ოპერაში, 24-ჯერვე – უბილეთოდ. „ჩემისთანა ზაიჩიკი ტფილისში იშვიათი იყო“, – ამას უკვე სახელოვანი არტისტი დაწერს, მაშინ კი ეს „ზაიჩიკი“, საკუთარი ეზოს დაპყრობის შემდეგ სხვა ეზოებშიც ისკუპებს და მოხეტიალე თეატრში ამოყოფს თავს. ჯერ იქნება ბალაგანი, კლოუნადა, ქუჩის თეატრალური სანახაობა. პატარა ვასო არღანის თანხლებით ამღერდება. მას ყველა გაიცნობს ანჩისხატის უბანში. შემდეგ პატარა ვასო „დეზერტირებზე“ სიცილის მეფე „დონატოსა“ და ცირკის ანტერპრენიორს გაიცნობს. ცირკის მესვეურებს მოეწონებათ პატარა ვასოს ეშხიანი პირ-სახე, ხუჭუჭი თმა, ხმა, კარგი სმენა… საცირკოდ ამზადებდნენ, კუპლეტებსაც ამღერებდნენ, უნდოდათ, პატარა ვასო ცირკის მსახიობი გამხდარიყო.

„იმპერიალისტური ფრონტი იშლება... თურქეთის ფრონტიდან ეშელონი ეშელონს მისდევს, ტფილისი აჭრელდა: „ბირჟავიკები“, მაკლერები, სისხლის მოყვარული დამნაშავენი და ვინ მოსთვლის. ყველა ხელს იბანს. ყველა სოციალისტია. ომი არავის სურს, რუსეთიდან მრისხანე ამბები მოდის, ბოლშევიკები ქვეყანას ატრიალებენო. ქართველი მენშევიკები დროს პოულობენ, გამოყონ საქართველო, ალექსანდროვის ბაღში დაღვრილი უდანაშაულოთა სისხლი... გერმანელებს სცვლიან ინგლისელები, შავკანიანი მონებით და უნიჭო მენშევიკების პოლიტიკის შემწეობით ჩემი საცოდავი ტფილისი ყველა ვიგინდარას სარბიელი გახდა.

სადგურის ახლოს ერთ-ერთ კვარტალს სასირცხვილო სახელი –„დეზერტირკა“ დაერქვა. შუაგულ „დეზერტირკაში“ დაეშვა ქარავანი, ნამდვილი ბალაგანი... აქ იყრიდნენ თავს გადამყიდველები, იმდროინდელი ჯარის ნაწილები, პროსტიტუცია – ენით გამოუთქმელი და აი, ამ ორომტრიალში პირველად წარვდექი в качестве куилетиста ...

ტკაჩოვი (ცნობილი რუსი ცირკის ანტეპრემიორი – ლ.ჩ.), როგორც კერძო მესაკუთრე და ექსპლუატატორი თავისი მსახიობების შრომისა, რუსეთიდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. ამ ტკაჩოვს ძალიან უნდოდა, რომ ცირკის მსახიობი გავმხდარიყავი და ალბათ, შეასრულებდა კიდეც სურვილს, ვინაიდან ფინანსიურად მასზე ვიყავი დამოკიდებული – მაძლევდა გროშებს... და უცებ თავზე დამეცა რისხვა ჩემი სცენაზე ყოფნით – გამოჩნდა ჩემი ძმა ხალხის წინ, რამდენჯერმე მითაქა თავში და იმავე ტონალობით, რა ტონშიაც მე ვმღეროდი კუპლეტებს, შემომძახა: „ჩამო, ჩამო, შე მამაძაღლო!“ შევრცხვი, დავიწყე ტირილი, მაგრამ რას ვიზამდი. ჩემი ძმა ჩემზედ ღონიერი იყო... კარიერას ვიკეთებდი დიდებულს“.

შემდეგ ნაძალადევის სცენისმოყვარეებთან ერთად დაიწყებს სცენაზე გამოსვლას, შემდეგ „აბესალომ და ეთერს“ დადგამს, თითო მეზობელს 4-5 ბილეთს აყიდვინებს, შეგროვილი ფულით ქართულ გიმნაზიაში დაიწყებს სწავლას, მაგრამ მალე საქართველო გასაბჭოვდება და ვასო წითელი არმიის კურსანტთა სკოლაში შევა, თუმცა მის სამხედრო „კარიერას“ ისევ თეატრი მოუღებს ბოლოს. თბილისში თეატრალური ინსტიტუტის წინამორბედი – ფაღავას სტუდია გაიხსნება. გამოცდებს იბარებს ხუთი ლეგენდა – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე იმედაშვილი. სწორედ მათ წინაშე წარსდგება წითელარმიელის ფორმასა და ჩექმებში გამოწყობილი, ლამაზი, ტანადი 17 წლის ყმაწვილი, არეული ხუჭუჭი თმით, თვალებში ნაპერწკლებით და გულიდან წამოსული წკრიალა ხმით. სწორედ ამ ყმაწვილზე იტყვის ალექსანდრე იმედაშვილი, რომ ეს ბიჭი ქართული თეატრის ვარსკვლავი იქნება. იმედაშვილს არ უმტყუნებს ალღო. ეს ბიჭი ვასო გოძიაშვილია და მომავალში მართლაც გახდება ქართული თეატრის ვარსკვლავი. სწორედ ალექსანდრე იმედაშვილით შეიცნო პატარა ვასომ თეატრი და სწორედ ალექსანდრე იმედაშვილმა შეიცნო 17 წლის ვასო გოძიაშვილში სცენის მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი.

აკაშკაშებამდე კი, იქ, ფაღავას სტუდიაში, 17-იოდე წლის ვასო 16 წლის გოგონას გაიცნობს. გოგონას სესილია ჰქვია. გოგონა მერვეკლასელი ჩაირიცხა ფაღავას სტუდიაში. მას შემდეგ, რაც სპექტაკლი „ღალატი“ ნახა, ამ გოგონასთვის წარმოუდგენელი გახდება თეატრის ღალატი. გოგონა ბათუმშია დაბადებული, სახელოვან ოჯახში. ვინ აღარ უნახავს შინ სტუმრად მისული – ლეგენდარული ექვთიმე თაყაიშვილიდან დაწყებული, სოფლელი ნათესავებით დამთავრებული. მისთვის ყველა საინტერესო იყო. გასუსული აკვირდებოდა მათ მზერას, სახეებს, მიმიკას, ჟესტებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს… მიდიოდნენ სტუმრები და იწყებოდა „თეატრი სარკესთან“ – ხან ერთ სტუმარს ანსახიერებდა, ხან მეორეს. მაყურებლის წინაშეც იქ, ბათუმში წარსდგა პირველად 7 წლის სესილია, შინაურ წარმოდგენაზე ყვავილის როლში. მაგრამ ამ გამოსვლამდე იქნება ნერვიულობა, ღელვა, მადის დაკარგვა, უძილობა, საქმე ექიმის გამოძახებამდეც კი მივა. სცენაზეც იქ, ბათუმში დადგა პირველად, ანგელოზს თამაშობდა ჰაუპტმანის „ჰანელეში“. 8 წლის იყო, ოჯახი თბილსში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. მერე იყო თეატრი, სპექტაკლი „ღალატი“, ფაღავას სტუდია… ვასო გოძიაშვილსა და სესილია თაყაიშვილს ერთმანეთი შეუყვარდებათ. დაიწყება დიდი რომანი. ვიდრე ცხოვრებაში ცოლ-ქმარი გახდებიან, ცოლ-ქმრობის „პრაქტიკას“ სცენაზე გაივლიან – სწორედ იქ, სტუდიაში ითამაშებენ ცოლ-ქმარს გორგო ფულდის „ვირის ჩრდილში“ ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია – მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა, რუსთაველის თეატრშიც ერთად მოღვაწეობდნენ... სესილია მარჯანიშვილთან წავიდა, იმიტომ რომ მისთვის, როგორც არტისტისთვის, მარჯანიშვილის ესთეტიკა უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ახმეტელის გმირულ-რომანტიკული სულისკვეთება და დაუოკებელი ლტოლვა მონუმენტურისკენ. მარჯანიშვილთან წავიდა იმიტომაც, რომ ვასო გოძიაშვილი წავიდა მარჯანიშვილთან. სესილიას და ვასოს შეეძინებათ ვაჟი – დათო გოძიაშვილი. მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. 5 წლის იქნება დათო, სესილია რომ ჩემოდნებს მეორე სართულიდან გადაუყრის ვასოს და გააგდებს… შემდგომ ამ „გადაყრით“ მთელი ცხოვრება იამაყებს, თუმცა, ვასო მთელი ცხოვრება ეყვარება… იმ დიდი სიყვარულის ერთგული დარჩება, აღარ გათხოვდება და მარტო გაზრდის ბიჭს. თბილისში ფეხს აიდგამს ლეგენდები სესილიას პატიოსნებასა და ზნეობრივ სისპეტაკეზე. სესილია აღარ გათხოვდება, ვასო გოძიაშვილი კი სესილიას შემდეგ სამჯერ იქორწინებს. როგორც იხსენებენ, ვასო ხშირად სტუმრობდა სესილიას თავისი ცოლებით. სესილია უმასპინძლდებოდა – თუ ხასიათზე იყო. თუ ხასიათზე არ იყო, არც თვითონ ვასოს არ უშვებდა შინ და, როგორც სესილიას უმცროსი მეგობარი ლია მიქაძე გაიხსენებს დათოს ეუბნებოდა – „დათო, ტვოი პოდლეც ატეც პრიშოლ, წადი ეზოში“. სესილია და ვასო ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ სესილია ყოველთვის აღიარებდა, რომ ვასო გენიალური არტისტია.

ვასო და სესილია საქვეყნოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როცა მარჯანიშვილის თეატრში კონფლიქტმა იფეთქა. ვასო გოძიაშვილი ღიად და დაუნდობლად უპირისპირდებოდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს და ახალგაზრდებს. კონფლიქტი იმდენად მძვინვარე იყო, რომ კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა კოლეგიის გაფართოებული სხდომა გამართა. ამ სხდომაზე ისეთი დავიდარაბა ატყდა, რომ გიგა ლორთქიფანიძემ პირში მიახალა ვასო გოძიაშვილს: „თქვენ გენიალური მსახიობი ხართ, ხვალ რომ პიესა დავდგა, მაინც თქვენ დაგაკავებთ, მაგრამ თქვენი ჭკუით ჩემმა მტერმა იარა, თქვენ ისეთი მსახიობი ხართ, მედეა ჯაფარიძე რომ ჭრიჭინას თამაშობს, ისიც თქვენ გინდათ ითამაშოთ“. ვასო გოძიაშვილს იმჯერად როლი კი არა, თეატრის დირექტორობა უნდოდა. სწორედ იმ სხდომაზე მოხდა ნამდვილი ჩხუბი სესილიასა და ვასოს შორის. სესილია ახალგაზრდებს უჭერდა მხარს (რ. შატაკიშვილი) და გააფთრებით იცავდა გიგა ლორთქიფანიძეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვასომ და სესილიამ ოჯახური საქმეები გაუხსენეს, წააძახეს და ისე ლანძღეს ერთმანეთი, რომ შეწუხებული მინისტრი ითხოვდა: „აბა, რა საჭიროა ეგეთი ამბები, ძალიან გთხოვთ, დღის წესრიგზე ილაპარაკეთ!…“ ამ დაკა-დაკიდან 2 დღეც არ იყო გასული, ვასო გოძიაშვილმა რომ თეატრმცოდნე ვასო კიკნაძეს ქუჩაში მანქანა გაუჩერა და შესთავაზა – წამო, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო სტუმრადო. ვასო კიკნაძემ იუარა და პასუხიც მიიღო დიდი ვასოსგან: „ვა, არ მკადრულობ?“ ვასო კიკნაძემ იუარა, ოჯახს არ ვიცნობ, ვერ წამოვალო. „დაჯექი, დაჯექი, ძალიან კარგად იცნობ“, – უთხრა გოძიაშვილმა და არც თუ უსაფუძვლოდ – ვინც მათ კარი გაუღო, მას, მარტო ვასო კიკნაძე კი არა, საქართველოში ყველა იცნობდა და იცნობს, ისინიც კი ვინც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა – სესილია თაყაიშვილს. ვასო სესილიას ეტყვის: „ნახე, სესილი, ვინ მოგიყვანე“. „ნეტა რა პირით მოხვედი!“ – უპასუხებს სესილია და დააყრის. „უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, იმ ჩხუბის შემდეგ არ მეგონა, თუ ხმას გასცემდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბატონი ვასო ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი მომხდარიყო“, – გაიხსენებს ვასილ კიკნაძე. ვასო გოძიაშვილი სესილიას არ ეშვება – „ჰა, ნუ ძუნწობ, დაგვალევინე ერთი ბოთლი“. „შენ ღვინოს კი არა ცეცხლს დაგალევინებ!“ – პასუხობს სესილია… ცხადია, ცეცხლს არა, მაგრამ არც ღვინოს ალევინებს, ისე უშვებს ვასოებს…

სესილიამ იცოდა, რომ ვასო გენიალური არტისტი იყო. ვასომ იცოდა, რომ სესილია იყო გენიალური არტისტი. იცოდნენ ისიც, რომ დიდი იყო მათი სიყვარული იმ შორეულ ახალგაზრდობაში, მაშინ, როცა ისინი ჯერ არ იყვნენ დიდი არტისტები, მაგრამ უყვარდათ დიდი სიყვარულით…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი