საზოგადოება

რატომ დარჩა დათუნიკა სხირტლაძის მეუღლე სრულიად მარტო ქმრის გარდაცვალების შემდეგ და როგორ აცნობს ის შვილს მამას

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 16.01, 2023 წელი

დათუნიკა სხირტლაძე
დაკოპირებულია

დათუნიკა სხირტლაძის, ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი და უნიჭიერესი ხელოვანის, გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა. ექვსი წლის არის მისი შვილი დავით-თევდორე სხირტლაძე, რომელიც მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დაიბადა. როგორია მისი და დათუნიკას მეუღლის, მზია ჯინჭარაძის ცხოვრება, ამაზე ქალბატონი მზია თავად მოგვიყვება.

მზია ჯინჭარაძე: დავით თევდორე 3 იანვარს 6 წლის გახდა. ის მამის ალი კვალია. ძალიან გონიერი ბავშვია. ბაბუას - გიორგი სხირტლაძის ფილოსოფიური ტვინი და მამის, დათუნიკას ხელოვანის ინტელექტი აქვს. ეს ძალიან მკაფიოდ ეტყობა და ამით ბედნიერი ვარ. იდეალურად ცეკვავს. არ მეგონა, თუ ვინმე დათუნიკას მოძრაობებს გაიმეორებდა, მაგრამ დავით-თევდორე ისეთი სიზუსტით იმეორებს მის ილეთებს, ვხვდები, რომ გენი თავისას შვრება.

ახლა სკოლისთვის ვემზადებით. სექტემბრიდან ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ვფიქრობდი, რაჭაში დაეწყო სწავლა თუ თბილისში და საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ თბილისში შემეყვანა სკოლაში. იქ ბევრი ელოდება, მოცეკვავეები, მომღერლები. დათუნიკას მეგობრებს უნდათ, თევდორეს ბევრი რამ ასწავლონ. ბავშვს გადასარევი სმენა აქვს. მე საერთოდ არ მაქვს სმენა და მახსოვს, ერთხელ რომ წავუმღერე, ყურებზე ხელი აიფარა. მიზეზი ვკითხე და ასე არ მღერიან, დედაო, მიპასუხა (იცინის). დათუნიკა სხრიტლაძის ოჯახი ხელოვნებისადმი განსაკუთრებულად იყო მიდრეკილი და ვხედავ, რომ ამ ბავშვში ეს ნიჭი გენეტიკურად დევს. ასეთი იყო განგების ნება, დათუნიკა გაიყვანა წუთისოფლიდან და დავით-თევდორე შემოიყვანა.

- ცელქი და აქტიური ბიჭი გყავთ თუ მშვიდი და დინჯი?

- არ არის მშვიდი, ძალიან აქტიური და ცელქია. თუმცა დრო რომ გადის, უფრო და უფრო ჭკვიანდება. ისეთ აზრებს ამჟღავნებს, გაოცებული ვრჩები და გულწრფელად გეტყვით, ეს პატარა ბავშვი მე აქეთ მაკეთილშობილებს. ვუთხარი, ნუ ცელქობ ამდენს, მომეცი დრო, რომ მე რამე გავაკეთო და დაგახვედრო, თორემ ღარიბი ბიჭუნა იქნები-მეთქი და მითხრა: დედა, სიღარიბე უსახლკარობა და უპურობა კი არა, უადამიანობა არისო. ხუთი წლისამ მითხრა ეს სიტყვები და გავოგნდი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შვებაა. ძალიან რთულია შვილის მარტო გაზრდა, რაც დრო გადის, უფრო რთულდება და მე ეს მაძლევს ძალას.

მადლობა მინდა, გითხრათ იმისთვის, რომ დათუნიკა დღემდე გახსოვთ. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ამ კაცს, რომელსაც ანსამბლი და ორკესტრი უწოდეს, მართლა უცხოვრია. ძალიან დიდი სიყვარულით ცხოვრობდა და უზომოდ ღირსეული ადამიანი იყო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე კარგად ვხედავ, რამხელა სიყვარული დატოვა და ეს მაძლევს ძალას ყველაზე რთულ მომენტებში. ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო ბავშვისთვის, ოჯახისთვის.

დათუნიკა სხირტლაძემ დადგა ცეკვა „რაჭული“ და ამ ოჯახში ინახება ეს ისტორია. ამ ოჯახში ინახება ჩოხა-ახალუხები, აქვეა სახლი მისი მამისა, რომელმაც „ტაში ბიჭო, გიორგუნა“ დაწერა, სადაც ის მუშაობდა. რაჭაში უამრავი ლამაზი სახლი აშენდა, მაგრამ ვინც ამ სახლში შემოდის, ყველას აღმოხდება ხოლმე, რა ლამაზიაო. იმიტომ რომ მასში დადებითი აურა, დიდი სიყვარული და სიბრძნეა. მე ასეთი ოჯახის გაძღოლა დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ბავშვი ღირსეულად უნდა აღვზარდო, ოჯახის ტრადიციები შევუნარჩუნო და მას გადავცე. მადლობა უფალს, ჯერჯერობით ვართმევ თავს. თუმცა, ვწუხვარ იმის გამო, რომ სრულიად მარტო დავრჩი.

- რატომ მოხდა ასე?

- ჩემი ნათესავები ყველა საზღვარგარეთ არიან გადახვეწილები. ქმრის ხალხი კი ჩვენ არ გვცნობს. არ გვაღიარებენ ასეთი დიდებული კაცის ოჯახს. ჩვენ ოცი წელი არ გვყავდა შვილი. განა ეს ცოტაა? მერე გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. ალბათ, ღმერთსაც შევეწინააღმდეგე სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენით, მაგრამ მე ღმერთს ვთხოვე, თუ გლახა საქმეს ჩავდივარ, ხელი შემიშალე-მეთქი. მაგრამ მან სასწაული მოახდინა და ერთ წელიწადში ბავშვი დაიბადა. ეტყობა, მისი მამა უნდა გასულიყო და ამიტომ გააჩინა ღმერთმა მისი მსგავსი. ეს ბავშვი ახალი დათუნიკაა.

–ბავშვს, რადგან სუროგაციის გზით დაიბადა, ამიტომ არ იღებენ მეუღლის ნათესავები?

- არ ვიცი, რა ხდება. მათთან საუბარი არ გამოდის. ტკივილით აღვნიშნავ ამას, რადგან ბავშვი მეცოდება. მე ვერ ვიქნები ყველაფერი ერთად მისთვის, ვერ შევუცვლი ყველა ნათესავს, თუმცა ვცდილობ, ასე მოვიქცე. მოედანზე ბურთს ვეთამაშები, მდინარეზე ანკესით თევზს ვიჭერთ, შეშასაც ვაჩეხინებ. მე ქალი ვარ და ბავშვი სულ ქალურ საქმიანობას უყურებს. ამიტომ, მხოლოდ ქალური თვისებებით რომ არ გაიზარდოს, ვცდილობ, მამაკაცური საქმეებიც აკეთოს, რომ შესაბამისი თვისებები გამოიმუშაოს. ბავშვს ბავშვი უნდა, ნათესავი უნდა. მე შევქმენი სიტუაცია, რომ ნათესავ ბავშვებს ჩახუტებოდა, მაგრამ მათ ეს არ მოინდომეს, პოლიციის ენით დამელაპარაკნენ, რომ მათ არ გავკარებოდით. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და მხოლოდ ტკივილით ვყვები ერთადერთი მიზეზით - დიაგნოზის დროული დასმა დაავადებას კურნავს. ბავშვს სჭირდება მამის ნათესავებისგან სითბო და ნუ მოექცევიან ასე. იქნებ ბავშვს მაინც ჩახუტებოდნენ, მე თუ არ მოვუნდებოდი, ეს იყო და არის ჩემი მიზანი. დრო ყველაფერს შველის, იმედი მქონდა, ბავშვს რომ დაინახავდნენ, გული არ მოუთმენდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არადა, ქუჩაში რომ მივდივართ და სხვები დავით-თევდორეს ხედავენ, სიხარულით ხვდებიან, შენ დათუნიკას შვილი ხარ? მამასნაირი კარგი გაიზარდეო, ეუბნებიან. მერე ბავშვი სიხარულით მეკითხება, მამა ასეთი კარგი იყო? ყველას უყვარდაო?! უცხოები გვაჩერებენ, დათუნიკას მივამსგავსეთო და სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ დათუნიკასადმი. ჩვენ ამ ოჯახს ვაცოცხლებთ, კარისთვის ბოქლომი არ დაგვიდევს, საკვამურიდან კვამლი ამოდის, ტრადიციებს ვინარჩუნებთ, კარი ღია გვაქვს და არ ვიცი, მათი მხრიდან რატომ ხდება ასე.

- სანამ მეუღლე ცოცხალი გყავდათ და ბავშვი დაიბადებოდა, ჩვეულებრივი ურთიერთობა გქონდათ მათთან?

- არც მაშინ გვქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა. რატომღაც რაღაც არ მაპატიეს, არ მაპატიეს დათუნიკა სხირტლაძის მეუღლეობა. წილად მერგო, ეს დიდი ადამიანი ჩემი მეუღლე ყოფილიყო და ვიტყვი, რომ ალბათ ბევრმა, შინაურმა თუ გარეულმა, შურის თვალითაც გამკენწლა. მაგრამ ხომ ღმერთმა დაუშვა, რომ მე მის გვერდით ვყოფილიყავი, გვერდით ამოვდგომოდი და მისი ყავარჯენი ვყოფილიყავი ურთულესი ცხოვრების გზაზე?! დღეს ის ადამიანები არიან ცნობილი, ვისად დიდი ფული აქვს. მას ფული არ სჭირდებოდა ამისთვის. არც ჰქონია, მაგრამ იმდენად უყვარდა საკუთარი ქვეყანა და ხალხი, ყველაფერს აკეთებდა მისთვის, რაც შეეძლო და ალბათ, ამიტომაც უყვარდათ. ასეთ ადამიანს მსახურება სჭირდება და მე მოვალე ვარ მის წინაშე. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ მეუღლეზე, ვსაუბრობ დიდ ადამიანზე, საზოგადო მოღვაწეზე. ამას წინათ, გოდერძი შარაშიამ მითხრა, ქედს ვიხრი, ქალბატონო, თქვენ წინაშე, დიდ პატივს ვცემდი დათუნიკასო. ეს სიტყვა ჩემთვის ცხოვრების გაგრძელების სტიმულია. ადამიანები დღემდე ყურადღებას აქცევენ დათუნიკას, მის ოჯახს და ეს სტიმულია ჩემთვის. ბევრჯერ ჩავმუხლულვარ, მაგრამ მერე ისევ ფეხზე წამოვმდგარვარ ზუსტად ამის დამსახურებით. რთული ყოფილა ასეთი ტკივილებით ასაკში მარტო ბავშვის გაზრდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვანიჭებ ამ ტკივილებს დიდ მნიშვნელობას, რადგან დიდი მისია მაკისრია.

ავადმყოფობის უფლებაც არ მაქვს, ყველაფრის მიუხედავად, ფეხზე უნდა წამოვდგე. ვიმუშაო, ბავშვი გამოვკვებო, კარგ ადამიანად გავზარდო და ოჯახის ტრადიციები მას გადავცე. ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას გვერდით, დათუნიკას მეგობრები, გულშემატკივრები და მე ისინი მაძლიერებენ.

- თქვენი მიუღებლობაც რომ ჰქონდეთ, ბავშვმა რა დააშავა?

- ამბობენ, რომ ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა არის შესამოწმებელი, რომ მე ვარ კონფლიქტური, თითქოს მოდიან და მე არ ვუღებ კარს. ეს რომც მინდოდეს, ჩემი შვილის გამო ამის უფლება არ მაქვს. ბავშვის წინაშე ვარ ვალდებული. მე ხომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია. ეს ბავშვი რომ გაიზრდება, მეშინია, ტყუილები არ უთხრან, არასწორი რამ არ ჩააგონონ. ამიტომ ვცდილობ, შვილს სიკეთე დავანახვო. მინდა, ჩემი შვილი რომ გაიზრდება, სიმართლე წაიკითხოს, თუ ვინმე შეეცდება, არასწორად მიაწოდოს ინფორმაცია, ჰქონდეს საშუალება, რეალობას გაეცნოს.

არ შეიძლება დათუნიკა სხირტლაძის მეუღლე დადიოდეს არაადეკვატური პასუხებით. ჩემი თავი არ ეკუთვნის მზია ჯინჭარაძეს, მე ვეკუთვნი ამ ოჯახს, დათუნიკა სხირტლაძეს და მის შვილს, დავით-თევდორეს.

- ალბათ, დიდი ძალა გჭირდებათ ყველაფერთან გასამკლავებლად...

- დიახ, როდესაც ამაზე საუბარი დავიწყე, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. ერთმა მითხრა, როგორ უძლებ ამას, როგორი ძლიერი ხარო. დიახ, ვუძლებ. მე ბიბლიას ვასწავლიდი ბავშვებს კოლეჯში. ამ ცოდნის და საკუთარი გამოცდილების წყალობით, მივხვდი, რომ, როდესაც ღვთის გზით მიდიხარ, როცა ღმერთს ემსახურები, ვერავინ მოგერევა.

ჩვენ მარტოები ხან რაჭაში ვართ, ხან თბილისში და ვცდილობ, ბავშვს განათლება მივცე, არ სციოდეს, არ შიოდეს, სითბოს გრძნობდეს ყველგან და ამის ძალას ღმერთი მაძლევს.

დე, ჩვენ მაინც ყველას უნდა ვუთხრათ გამარჯობა, მტერსაც კიო, მეუბნება ბავშვი. ის ყველაფერს კარგად გრძნობს.

მე ძეგლი დავუდგი დათუნიკას, ბევრი ვიშრომეთ ამისთვის. ბავშვიც მეხმარებოდა. ერთ მშვენიერ დღეს გავიარეთ და რკინის მოაჯირი მონგრეული დაგვხვდა. ბავშვმა ტირილი დაიწყო, არავის მივცემ უფლებას, მამაჩემის ძეგლს შეეხოსო. ვცდილობდი, გამესწორებინა, მაგრამ მძიმე იყო და მიჭირდა. მანქანა გააჩერა და სთხოვა, დედაჩემს მოეხმარეთო. მანამდე მითხრა: დედა, მე უკვე რაჭაში არავინ მიყვარს შენ გარდაო. დედა, ასე არ თქვა, ხომ შეიძლება, ეს შემთხვევით მომხდარიყო, რაღაცამ გააფუჭა-მეთქი. გული ეტკინა იმის გამო, რაც ნახა.

- რას უყვებით მამის შესახებ, რომელიც არასდროს უნახავს?

- მის ვიდეოებს, ცეკვებს ძალიან ხშირად უყურებს და სულ მეუბნება, რა მამა მყოლია, რატომ მოკვდაო? ნახე, მამასავით არავინ ცეკვავსო. რაჭიდან რომ თბილისში მოვდივართ, ფეხს ითრევს, მამას ხომ არ უყვარდა ჭიშკარზე ბოქლომის დადებაო და მამას ჰპირდება, რომ მალე დავბრუნდებითო. მამა უყვარს, იცის როგორი ადამიანი იყო და ცდილობს, თვითონაც მამასნაირი იყოს. ასი ლექსი იცის, მამის, ბაბუის, ვაჟა-ფშაველასი, რომელიც მამასავით მასაც ძალიან უყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი