საზოგადოება

რატომ დარბოდა საცვლებით და ცეკვავდა სტრიპტიზს კახი კავსაძე მედეა ჩახავასა და ზინაიდა კვერენჩხილაძის თვალწინ

№18

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 12.05, 2021 წელი

კახი კავსაძე
დაკოპირებულია

„ხანდახან მეკითხებიან – ბატონო კახი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი მსახიობი გახდე? და მე ყველას ასე ვპასუხობ: ძალიან, ძალიან, ძალიან, ძაააააალიიიიიიიან უნდა გინდოდეს-მეთქი, აი, როგორ უნდა გინდოდეს იცით? რომ იმის იქით აღარაფერი არსებობდეს“ – ეს კახი კავსაძის სიტყვებია.

„როდესაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა, ჯერ ორმოცი არ გვქონდა გადახდილი. რიტუალი უნდა ჩაგვეტარებინა, ვიჯექი და აქტიურად ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. უცბად ისეთი ნივთი გადმოვარდა კარადიდან, რომ მისი უბრალოდ ჩამოვარდნა შეუძლებელია. უნდა გადმოაყირავო კარადა, რომ ის ნივთი იქიდან გადმოვარდეს. გავოგნდი, ახტა და გადმოვარდა. ხმამაღლა დავუძახე, ბელა, აქა ხარ? კიდევ დამიმტკიცე, რომ აქა ხარ-მეთქი. უცბად ახტა ჩანგალი და გადმოხტა. ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რაც დრო გადის, ჩემთვის ვფიქრობ, ხომ არ მომელანდა-მეთქი. მაგრამ, მართლა მახსოვს, ნამდვილად მახსოვს, რომ ასე მოხდა. არის რაღაცები, რაც კიდევ არაერთხელ მარწმუნებს, რომ ღმერთი არსებობს და მისი ყველას უნდა გვჯეროდეს. უფლის ძალიან მჯერა, მჯერა რას ჰქვია, ყველა ასე უნდა იყოს. ჩემი ცოლი იტყოდა ხოლმე, ისეთი რთული ორგანიზმი, ისეთი რთული ფიზიკა, ისეთი რთული ნაწილი სამყაროსი, როგორიც ადამიანია, როგორ შეიძლება, სულ გაქრესო. ამოდენა ენერგია როგორ შეიძლება, გაქრეს? ის ფიზიკურად ქრება, თორემ როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ცოცხალი იყო, ასე უკვალოდ გაქრეს? რა თქმა უნდა, ადამიანი ცხოვრებას მერეც აგრძელებს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ.“

სტრიპტიზიორი კახი

ნიკა წულუკიძე ერთ „ორიგინალურ ისტორიას“ იგონებს:

„კახი კავსაძე რა რანგისა და რა დონის მსახიობია, ყველასთვის არის ცნობილი. მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ის, რომ ბატონ კახის სიშიშვლის კომპლექსი არ აქვს, შემოქმედებაში ვგულისხმობ. სცენაზე საცვლისამარა გამოდის, ჭრელა-ჭრულა, ფერად-ფერადი საცვლით. „მოხუცი ჯამბაზების“ დროს ზინა კვერენჩხილაძე და მედეა ჩახავა ეუბნებოდნენ, როგორ იხდი, როგორ არ გრცხვენიაო. ამაზე ბატონმა კახიმ, რას ჰქვია მრცხვენიაო, ავიდა სცენაზე, ჩაართვევინა მუსიკა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. სათითაოდ, ცეკვა-ცეკვით გაიხადა პერანგი, დაატრიალა და სცენიდან ისროლა კიდეც. სკამიც დადგა. სკამზე ფეხი შემოდო, შარვლის შეხსნა რომ დაიწყო, ქალბატონი ზინა გაგიჟდა და გადაირია. ისმოდა წივილ-კივილი. განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა, როდესაც ბატონი კახი საცვლებამდე მივიდა და იმასაც, რომ დაუწყო ქვევით დაქაჩვა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი. ასეთი ჟრიამული რეპეტიციებზე სულ იყო. ზინა კვერენჩხილაძე – ქართული სიტყვის ოსტატი... როგორ შეიძლებოდა მისი თანდასწრებით რაიმე უხეში ან არაქართული სიტყვა გეხსენებინა. გურამ საღარაძე და კახი კავსაძე კი, თუ სადმე რამე სიტყვა იყო „ტყ“, „ჭყ“ და ასეთი მჟღერი ასოებით გაძეძგილი, ყველაფერს ქალბატონი ზინას თანდასწრებით ამბობდნენ. ზინა წამოხტებოდა, გაიქცეოდა, ბატონი გურამი ჩაუკეტავდა სარეპეტიციოს კარს, გასაღებს გულის ჯიბეში ჩაიდებდა და ეუბნებოდა, თუ გასაღები გჭირდება, ჩაყავი ხელი და ამოიღეო.“

პელე… მე ვარ, ბიჭო, მე

მიხეილ ჭიაურელი იგონებს:

„ეს ფილმი საკავშირო ტელევიზიის დაკვეთა იყო. ამდენად, საორგანიზაციო საკითხები სახტელერადიოს უნდა მოეგვარებინა – დაემყარებინა კავშირი ბრაზილიის სატელევიზიო კომპანია „გლობოსთან”, მოემზადებინა ვიზები არგენტინასა და ბრაზილიაში გასამგზავრებლად და ასე შემდეგ. მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. 16 თებერვალს, უნდა გავმგზავრებულიყავით და რიო-დე-ჟანეიროში ცნობილი კარნავალისთვის ჩაგვესწორო, მაგრამ 23-ში გავემგზავრეთ და ბრაზილიაში კარნავალის დამთავრების წინა დღეს ჩავფრინდით. ტელეკომპანია „გლობოს” არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ჩვენი ჩასვლის შესახებ. ბუნებრივია, არავინ დაგვხვედრია. იძულებული გავხდით დამოუკიდებლად გვემოქმედა. პირველი, რაც მოვიფიქრეთ, გავიგეთ, სად იყო კარნავალი და გავეშურეთ გადასაღებად. ადვილია, თქვა – გავეშურეთ. ძალიან გაგვიძნელდა აპარატურის გადატანა და გადასაღები ჯგუფის გადაადგილება. როგორც იქნა, აღმოვჩნდით სამბადრომის მისადგომებთან. (წყარო: არტინფო) ბრაზილიელები ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და მოღიმარი ხალხია. თავს უცხოდ ვერ იგრძნობ.

სწორედ, ამ ადამიანების დახმარებით მოვხვდით სამბადრომის ტრიბუნებზე, სადაც გადავიღეთ ჩვენი გმირი კარნავალის დროს... მარაკანას სტადიონზე უნდა შემდგარიყო კალენდარული მატჩი ლიდერებს „ვასკო და გამასა“ და „ბოტოფაგოს“ შორის. ასეთ მატჩებზე ბილეთის შოვნა „ფანტასტიკის ჟანრს“ განეკუთვნება. ჩვენ კი უბილეთოდ აღმოვჩნდით, უკვე ცენტრალურ ლოჟაში ვართ. ქართველი მაყურებლისთვის უცხო არაა ჩვენი უბადლო მსახიობის, კახი კავსაძის ნატურა. მისი სამსახიობო ოსტატობა. არავის გაუკვირდებოდა, თუ მოვუყვებოდით, რომ კახი კავსაძემ ბაყბაყდევი ჩხუბში – „ბოი ბეზ პრავილ“ გამოიწვია და პირველსავე რაუნდში „ვაი დედა“ აძახებინა. არც ის გაუკვირდებათ, თუ კახიზე უამბობთ, რომ მუშტის ერთი დარტყმით ნაიალაღარი ხარი გააკრა მიწას. არც იმას გაიკვირვებენ, რომ კახი უთენია დგება და ეშმაკს დაეძებს, რათა რაიმე მოატყუოს, გააბრივყოს და დააბეჩავოს, მაგრამ რაც მან სტადიონზე მოახერხა და მოიმოქმედა, ვინ, ვინ და არც მე დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა და ჩემი კამერით არ დამეფიქსირებინა. თუმცა იქ მაშინ კამერით არანაირი კადრის გადაღების უფლება არ ჰქონდა არავის და მათ შორის ჩვენც. ეს ისტორიული ამბები მხოლოდ ვიდეოთი დავაფიქსირეთ. ვიმეორებ, ეს დაუჯერებელი იყო. კახიმ დაგვიბარა, ახლა მე ვიცი, ყურადღებით იყავით, პელეს თვალი არ მოაცილოთ და მეც იქ მიხილავთო და… გაშპა… გაუჩინარდა. ცოტა ხანში ტრიბუნებს თითქოს ქარიშხალმა შემოუტიაო – უჩვეულო ჟრიამული ატყდა. ეს იმის საპრელუდიო ხმაურია, რაც ფეხბურთის მეფის გამოჩენას უძღვის წინ.

დიახ, მსოფლიო ფეხბურთის მეფე უნდა გამოჩნდეს მოედანზე… მაგრამ ეს რა ხდება?! ხმელ-ხმელი, მაღალ-მაღალი, სანდომიანი შესახედაობის კაცი გამოჩნდა, რომელიც „მწმენდავის“ როლშია და მოძალებულ ფოტორეპორტიორებს შესაშური მონდომებით, ჟესტით, მიმიკით და თქვენ წარმოიდგინეთ – მუჯლუგუნებითაც იგერიებს, გზა მიეცით ფეხბურთის მეფეს, ედსონ-არანტეს-დე-ნასიმენტო-პელეს. ალბათ, დაცვაა… სხვა ვინ უნდა იყოს? – იფიქრებთ თქვენ?

– არა, ბატონებო, ნურც ახლა გაგიკვირდებათ… ეს ჩვენი კახი გახლავთ – კავსაძე! იგივე სწორუპოვარი რაინდი – „დონ-კიხოტი“. თვით პელეც უხერხულად აცეცებს თვალებს. ვერ გაუგია და ვერ აუხსნია, თუ საიდან ჩამოფრინდა ეს სწორუპოვარი რაინდი.

– გზა, გზა! გზა მიეცით მეფეს! – იგერიებს კახი რეპორტიორებს. მერე პელესთან მიდის, ცალ თვალს ჩვენკენ აპარებს და მოულოდნელად გადაეხვევა ფეხბურთის დიდოსტატს. მაყურებელთა შორის მხოლოდ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იცის ვინაა ის და რას ახერხებს. თვალნათლივ ჩანს და ვიდეოკამერაც აფიქსირებს პელეს შეცბუნებულ სახეს, მაგრამ კეთილ ღიმილს. რა გასაკვირია, რომ მას კახი გადაეხვია, იგი ხომ მთელ მსოფლიოს უყვარს.

– მე ქართველი ვარ, „ჯორჯია! ჯორჯია!“ – უხსნის ჩვენი „დონ-კიხოტი“.

იმის დრო არაა, გაგვიკვირდეს, თუ რა ჯოჯოხეთური მანქანებით მოახერხა კახიმ ამდენი, წამის დაკარგვაც არ შეიძლება.

– მეო, – უმტკიცებს კახი პელეს – მამაშენს ასე ვიცნობდიო, – ორივე ხელის საჩვენებელ თითებს უხახუნებს ერთმანეთზე.

– საიდან? – მომენტალურად უკვირს დე ნასიმენტოს.

– ვაი, შენ რა გითხარი – ღიმილით და აღტაცებით (ნაჩქარევად უხსნის კახი), მამაშენს არაფერი უთქვამს შენთვის ჩემ შესახებ? („შენობითი“ ფორმით მიმართვა სიახლოვის ხაზგასმაა).

– არა, რაღაც არ მახსენდებაო, – პელემ.

– უჰ, შენ რა გითხარიო, – უსწრაფესად უხსნის კახი, – ბიჭო, მე ახალგაზრდობაში ბრაზილიაში ვმუშაობდი, ელექტროტექნიკოსი ვიყავი მაშინ და მამაშენთან, იმ ტკბილ და მურაბა კაცთან რამდენი ჭიქა ამიწევია, მიმიჭახუნებია, დამიცლია, იმდენი… შენ რა გითხარი, შენო.

პელე უძახე შენ და ამის გაგონებაზე მამის გახსენებაზე და კახის სანდომიან, დამაჯერებელ და მომხიბლავ ღიმილზე გული უჩუყდება, თუმცა გამარჯვებული კახი აღარ აცლის…

– ეგ რაა, პატარა რომ იყავი, მოგნათლე, კიდევაც, ნათლია ვარ, ბიჭო, შენი მე, ნათლია! პელეს გადარევა კულმინაცაის აღწევს.

– ნათლია? – არ უჯერებს ყურებს (ალბათ, ფიქრობს – ამდენ ხანს სად იყავი, შე კაცოო). კახის გაჩერება მამაღმერთსაც კი აღარ ძალუძს:

– ბავშვობაში მე გავარჯიშებდი ფეხბურთშიო, მეო… მეეეო!

ამხელა დამსახურებას რომ კაცს წყალში ჩაუყრი – პელე გქვია მერე შენ?! – ალბათ, ეს გაიფიქრა იმ წუთებში მსოფლიო ფეხბურთის დიდოსტატმა და „ნათლიას“ გულამოსკვნილი გადაეხვია. რაც ახლა გიამბეთ, ამის წაკითხვას თქვენ ალბათ 2 წუთი, ჰა, ჰა – 3 წუთი მოანდომეთ, მაგრამ ყოველივე ეს, ალბათ, უფრო ნაკლებ დროში მოხდა. ტყუილი ყოველთვის არაა მავნებელი. უწყინარი ტყუილიც არსებობს და კახიმ ეს ხუთი თითივით იცოდა. კახის „ფანტასტიკიზმზე“ (თუ ასეთი სიტყვა არსებობს), ისიც მეტყველებს, რომ ყოველივე ამის შემდეგ ქართული მეცხვარის ნაბადიც შემოახურა „ნათლულს“ მხრებზე და ასე დასრულდა ეს ისტორიული ამბავი.“

ჩვენი ალენ დელონი და მარლონ ბრანდო

ნიკოლოზ წულუკიძე: „ქორწილში 100-ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა: ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა – აი, მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო...

ყველაფერში სამაგალითო იყო: თეატრის, ქალის, სამშობლოს სიყვარულში. 9 აპრილს რაც გააკეთა, გმირობა იყო, აბა რა იყო. საუბრის დროს თუ მესამე ვინმე მოვიდოდა, მაშინვე თქვენობით მომმართავდა და ჩემს ქებას იწყებდა. სხვა თაობა იყო, სხვა ხალხი, რომ აღარ განმეორდება ისეთი...

ალენ დელონი რომ ჩამოვიდა, მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი, ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთ-მეთქი, შერცხვა. იცი, მაგათ რამხელა ჯამაგირი (ამ სიტყვას ამბობდა) აქვთ, მსოფლიო არტისტია, არ შევაწუხოთო, ძალით მივიყვანე. შენ ჩვენი ალენ დელონიც ხარ და მარლონ ბრანდოც-მეთქი. მერე რომ მირეკავდა, ასე მეუბნებოდა – ალენი ვარ, დელონიო... ქუჩაში, მანქანით ნელა დადიოდა, რომ ვინმე დაენახა და წაეყვანა. ნაცნობებს რომ ვერ ვხვდები, უცნობებს ვუჩერებო. ბოლოს თვალებამღვრეული დადიოდა რუსთაველზე, წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა კიდეც. იქ დღეს ბელას შეხვდება და სამუდამოდ გაგრძელდება ის 36- წლიანი თანაცხოვრება, რომლის შეწყვეტასაც ასე განიცდიდა და მარადისობაში გამგზავრებას უადვილებდა“.

გასახსენებელი მართლაც ბევრია. მოსაგონარი და საამაყო... მშვიდობით, ბატონო კახი! მშვიდობით, ლეგენდავ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა