რატომ დაიწყო გიორგი ხვედელიძემ ცხოვრება თავიდან 20 წლის ასაკში და როგორ ეხმარება ის ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 30.01
გიორგი ხვედელიძე ამპუტანტთა ფეხბურთის „თბილისის“ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ. მან საკმაოდ რთული, თუმცა ძალიან საინტერესო გზა გაიარა და უკვე დიდი ხანია, იმავე გზის გავლასა და წარმატების მიღწევაში სხვა ადამიანებს ეხმარება.
გიორგი ხვედელიძე: ბავშვობიდანვე სპორტული ვიყავი. არაერთი სახეობა მიტაცებდა: ფეხბურთი, ჭიდაობა, მძლეოსნობა, ცურვა – სხვადასხვა ეტაპზე სპორტის სხვადასხვა სახეობით ვიყავი დაკავებული და თითოეულ მათგანში გარკვეული მიღწევები მქონდა.
შემდეგ იყო ავარია, რომლის შედეგადაც კიდური დავკარგე. ამ ამბიდან 6-7 წელი იყო გასული, როდესაც ქუთაისში ჩემთან ერთი პიროვნება მოვიდა და ფეხბურთის თამაში შემომთავაზა. თავიდან ცოტა გამიკვირდა და მის წინადადებას სკეპტიკურად შევხედე, მაგრამ მერე რომ შევიკრიბეთ და ჩემი თვალით ვნახე რა და როგორ ხდებოდა, ყველაფერს სხვანაირად შევხედე.
სიმართლე რომ ვთქვა, ფეხის დაკარგვის შედეგად მუდმივად ვვარჯიშობდი და ეს დამეხმარა აქტიური სპორტული ცხოვრება გამეგრძელებინა. ასე დავიწყე თამაში და მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავდა, რომელმაც სამი წელი იფუნქციონირა. მერე, უკვე 90-იანი წლების ბოლოს, ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდა.
2010 წელს თბილისში აღვადგინეთ ჩვენი ასოციაცია. დავიწყეთ თამაში, თავიდან – სამოყვარულო, შემდეგ უკვე პროფესიონალურ დონეზე. ახლა მსოფლიო პროფესიონალურ ეტაპზე გადადის – „ფიფასა“ და „უეფას“ დახმარებით იმართება ევროპის, ერთა ლიგის, მსოფლიო ჩემპიონატები და შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ, წინ წავიდეთ.
– მინდა, ისევ წარსულის გახსნება გთხოვოთ, როგორ მოხდა ავარია და მას შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
– ავარია 1991 წელს მოხდა, ეს უბედური შემთხვევა იყო. მატარებელმა გადამიარა. მე მატარებელში ვიყავი. არ ვიცი ჩამოვვარდი თუ რა მოხდა, ეს არავის ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ფხიზელი ვიყავი, ფაქტია, რომ ჩამოვვარდი. მატარებელმა ჩამითრია – მასსა და პლატფორმას შორის მოვხვდი და კიდურის გარეშე აღმოვჩნდი. გონს რომ მოვედი უკვე საავადმყოფოში ვიყავი. რა მოხდა, საერთოდ არ მახსოვს. მაშინ 20 წლის ვიყავი.
როგორც ვთქვი, მანამდეც სპორტული ვიყავი, მესამე თანრიგი მქონდა ცურვაში, მძლეოსნობაშიც. ფეხბურთს რაც შეეხება, მას უფრო პატარა ასაკში ვთამაშობდი. ამ ამბიდან კი რამდენიმე წელიწადში უკვე ამპუტანტთა ფეხბურთზე გადავერთე.
– რა დაგეხმარათ ფსიქოლოგიურად იმ რთულ პერიოდში?
– ასეთ მომენტში ცოტა მძიმეა რეალობასთან გამკლავება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩემი ბიჭების ამბავიც კარგად ვიცი. მესმის, რამდენად რთულია გადასატანად განსაკუთრებით პირველი პერიოდი. ავარიის შემდეგ რამდენიმე თვე ძალიან ცუდად ვიყავი. მაშინ მე ერთი ადამიანი ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიურად. ბევრს მესაუბრებოდა მომხდარზე. მასაც იგივე მდგომაროება ჰქონდა და ყველაფერი კარგად ესმოდა. მისი ძალიან დიდი დამსახურება იყო, რომ ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან და ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელე. ოჯახი შევქმენი, შვილები გაგვიჩნდა, ისევ სპორტს დავუბრუნდი.
ჩვენთან არიან ბიჭები, რომლებმაც ასევე, არ ჩაიქნიეს ხელი ცხოვრებაზე. არიან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეები. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება და რომ ის უფრო და უფრო მშვენიერია. ეს სპორტი ჩვენთვის, ალბათ, ცხოვრებაზე მეტიცაა. ის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ძალაა, რომელიც გვამოძრავებს და წინ მივყავართ.
პატარებიც გვყავს. ვცდილობთ, ისინიც გამოვიყვანოთ რთული მდგომარეობიდან. ახლა ორი რვა წლის მოსწავლე მყავს, ასევე, 11 წლის. ვცდილობთ, ვასწავლოთ, რაც ვიცით და საქმეში ჩავრთოთ. ჩვენი შვილებივით და შვილიშვილებივით არიან. ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილებით დავეხმაროთ.
– ის, რომ ეს გზა თავადაც გავლილი გაქვთ, ალბათ, მათთვის დიდი სტიმულია, როგორც თავის დროზე თქვენთვის აღმოჩნდა სხვისი გამოცდილება.
– ნამდვილად. ყოფილა შემთხვევა, თავიდან სპორტზე უარი უთქვამთ, მაგრამ მერე მე პირადად მივსულვარ, დაუნახავთ, რომ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ და რომ სპორტული ცხოვრება და მნიშვნელოვანი შედეგების დადება, ნამდვილად შეგვიძლია. ვთავაზობ ხოლმე, რომ უბრალოდ, გვნახონ, შეხედონ და მერე გადაწყვიტონ. თითოეულ ჩვენგანს გავლილი აქვს გზა, რომელიც იმ ადამიანებმაც უნდა გაიაროს, თითოეული ჩვენგანი პატარა ფსიქოლოგები ვართ. სამედიცინო კუთხითაც რაღაც დონეზე ვიცით ის, რაც საჭიროა. ერთმანეთს ვარიგებთ, ვეხმარებით, გამოცდილებას ვუზიარებთ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მომენტია. ფიზიკურობა ბევრს არაფერს ცვლის. არსებობენ ჩვენზე მძიმე მდგომაროების მქონე ადამიანებიც და ჩვენზე მსუბუქი მდგომარეობითაც, მაგრამ თუ გინდა, მიზანს მიაღწიო, ამისთვის მთავარი ფსიქოლოგიური განწყობაა. მნიშვნელოვანია, შენ როგორ მიუდგები საკითხს და რას იზამ. სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც შეუძლია ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა, მაგრამ მოტივაცია თუ გექნება, ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარ თავში დიდ ძალას იპოვი და დიდ წარმატებებსაც მიაღწევ.
– ამის მაგალითი თავად ხართ. მოვყვეთ თქვენ მიერ მიღწეულ წარმატებებზე. თავიდან, ალბათ, თქვენც სკეპტიკურად უყურებდით. როგორ დაიწყო წინსვლა?
– დიახ. 90-იან წლებში სამი წლის განმავლობაში ვაქტიურობდით, თუმცა, მაშინ უფრო სამოყვარულო დონე გვქონდა. 2010 წლიდან დავიწყეთ ფორმის აღდგენა და ამ საქმეს სერიოზულად მივუდექით. 90-იანებში ვინც თამაშობდა, ის ხალხიც მოვიძიეთ და ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. ასე ნელ-ნელა, ჯერ ლიგა შეიქმნა. თავდაპირველად აფხაზეთის დევნილთა გუნდი არსებობდა, 2013 წელს კი, ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, სწორედ მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია. საქართველოში შეიქმნა ექვსი გუნდი და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებითვე, დავიწყეთ საქართველოს ჩემპიონატების გამართვა და საქართველოს თასის გათამაშება. ეს საქმე რომ გამოსულიყო, კარდაკარ დავდიოდით და ჩვენნაირ ადამიანებს ვეძებდით. მაშინ არ არსებობდა ბაზები, რომ კიდურამპუტირებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მარტივად მოგვეძიებინა. ბევრჯერ ჩავსულვარ სხვადასხვა ქალაქში და მეც ისე ვარწმუნებდი სხვებს, როგორც თავის დროზე მე დამარწმუნეს.
თავიდან თამაშებზე გვიჭირდა. წესებიც არ ვიცოდით. შემდეგ კი, ევროპის ფედერაციის დახმარებით, ყველა საჭირო ნიუანსი გავითვალისწინეთ.
მე თბილისის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავართ. პირველი ორი წლის განმავლობაში დიდი წარმატებები არ გვქონდა, რადგან თბილისის გუნდი სრულიად ახალი შექმნილი იყო, მაგრამ ვარჯიშისა და სწორი მიდგომების შედეგად ბევრი რამ შევძელით და წელს მერვედ გავხდით საქართველოს ჩემპიონები.
ჩვენი თამაშის ხარისხზე ძალიან დადებითად იმოქმედა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობამ. სამი წლის წინ ერთა ლიგაზე C დივიზიონში გავიმარჯეთ და B დივიზიონში გადავედით. ამ წარმატებას ბელგიაში მივაღწიეთ და ეს ფურორი იყო. საქართველოს ნაკრების პოზიციონირება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ჩვენი ჩემპიონატები წლიდან წლამდე უმჯობესდება. ახლა სეზონი წარმატებულად დავასრულეთ და 2026 წელს საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას საქართველოში ვგეგმავთ. ძალიან გვინდა, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად თასი გავათამაშოთ და ამით ახალ საერთაშორისო ტურნირს ჩავუყაროთ საფუძველი. ჩვენთან ამ ომის მონაწილე ბიჭებიც არიან და შესაბამისად, ამ წამოწყებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
– თქვენი შედეგებიდან გამომდინარე, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზება ჩვენს ქვეყანაში თანდათან იზრდება.
– ძალიან. წელს ერთა ლიგაზე საქართველომ ქვეჯგუფიდან გერმანიის ნაკრები დაამარცხა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ჩვენი ცნობადობაც გაზარდა. განსაკუთრებული ყურადღება ვიგრძენით. ბევრმა გამოთქვა ვარჯიშის სურვილი. საბედნიეროდ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეგვიძლია ყველა სხვადასხვა ქალაქში გადავანაწილოთ. როგორც ვთქვი, პატარების გუნდიც გვყავს, ბავშვები ყოველ წელიწადს დაგვყავს უცხოეთში და ეს მათთვის გზის გახსნაა. ჩვენთან გენდერული თანასწორობაა, ანუ, გოგონებსაც თავისუფლად შეუძლიათ თამაში ვაჟების გუნდში. ჯერ გოგონებში, რაოდენობრივად ცოტა გვიჭირს, მაგრამ ვიკიდებთ ფეხს. რამდენიმე გოგონა გვყავს და ბიჭებთან ერთად თამაშობენ, მაგრამ თუ სრული კონტიგენტი გვეყოლება, გოგონათა გუნდი ცალკე გაკეთდება. ეს პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბითაა მიღებული.
ამ სპორტის სახეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დახმარებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერიას, პარალიმპიურ კომიტეტსა და პარასპორტის ცენტრს.
ბოლოს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სპორტი დიდ სტიმულს გაძლევს – როცა აქტიური ხარ, ყოველ დილით კარგ ხასიათზე იღვიძებ და მთელ დროს პოზიტიურად ატარებ. შეზღუდული შესაძლებლობა ნამდვილად არ არსებობს. თუკი მოინდომებს, ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჩვენ სრულიად ჯანმრთელი ადამიანების დახმარებაც არაერთხელ მოგვიხერხებია. სპორტში ასეა – ენერგია და დადებითი განწყობა უნდა გასცე და სანაცვლოდ ახალი წამოვა. ეს ცხოვრებისეული დევიზია, რომელიც მეც და ჩვენი გუნდის თითოელ წევრს არასდროს გვავიწყდება და ამ განწყობით წინ ბევრი მწვერვალი გვაქვს დასაპყრობი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




