რატომ დაიწყო ავლიპ ზურაბაშვილმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობა სანიტრად და რა იყო მისი ოცნება
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 30.05, 2023 წელი

ყველგან, სადაც კი გამოჩნდებოდა, თავისი ჰაბიტუსით, სიცილს იწვევდა. ის საინტერესო იყო არა მხოლოდ პროფესიით, საინტერესო იყო, ასევე, თავისი სიარულის მანერით, ხმის ტემბრით, საუბრით, იუმორითა და ულვაშით, ულვაშით რომელიც მისი მეუღლის დიზაინი გახლდათ. მოდი, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ საუკუნის ფსიქიატრის, ავლიპ ზურაბაშვილის ცხოვრების შესახებ. ამ ცოცხალ ისტორიებს, მის დღიურებს ამჯერად მისი შვილი, ბატონი ზურაბი გადაგიშლით.
– ბევრი ოჯახია, მათ შორის ცნობილი ოჯახები, სადაც შვილები მშობლების პროფესიას ირჩევენ. თქვენი და თქვენი შვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა. რატომ დაგაინტერესათ ყველა ფსიქიატრიამ?
– ესე იგი, რატომ გავხდი მე ფსიქიატრი? არამარტო მე, ჩემი შვილი უკვე მესამე თაობაა ამ სფეროში. მოდი, ჯერ მამაჩემით დავიწყოთ, ის რატომ გახდა ფსიქიატრი. მამა მათემატიკოსი იყო, ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონია, შემთხვევით მოხვდა ფსიქიატრიაში. ეკონომიკურად ძალიან უჭირდა. მაშინ ფსიქიატრიული საავადმყოფო კამოს ქუჩაზე იყო. მერე გადაკეთდა ინსტიტუტად. საერთოდ, ფსიქიატრიის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში სულ ორი იყო: ერთი – მოსკოვში, მეორე – საქართველოში. ერთ დღეს მიდიოდა კამოზე და შემოესმა ხმამაღალი ლაპარაკი, დისკუსია. დააინტერესა. იმდენად მოეწონა, მივიდა და უთხრა: თქვენთან მუშაობის დაწყება მინდაო. კი ბატონო, მარტო სანიტრის ადგილი გვაქვსო და დაიწყო მუშაობა სანიტრად, მაგრამ როგორც გითხარით არა იმიტომ, რომ ფსიქიატრიაში მოხვეოდრილიყო, არამედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად უჭირდა. შემდეგ, მათემატიკას თავი დაანება და სამედიცინოზე ჩააბარა. დაამთავრა და ამ განხრით დაიწყო მუშაობა. ძალიან შეუყვარდა ეს საქმე. სხვათა შორის, ამბობდა, რომ უნდოდა, მღვდელი ყოფილიყო. პაპაჩემი, მამაჩემის მამა მღვდელი იყო. ალბათ, ამანაც თავისი როლი ითამაშა, რომ ფსიქიატრი გახდა, იმიტომ რომ სულიერებასთან ახლოსაა. მე ამ გარემოში ვიზრდებოდი და პრინციპში, არც ვფიქრობდი, სხვა გზა ამერჩია. მამაჩემი ხშირად საუბრობდა ფსიქიატრიის თემაზე ოჯახში, ჰქონდა ლიტერატურა, რომლებიც მაინტერესებდა და ვკითხულობდი. იშვიათია, ბავშვს ჰკითხო, რა გინდა, გამოხვიდეო და არ გადაიფიქროს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. გარდა ამისა, მამაჩემს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, უმაღლესი დონის სპეციალისტები და მარტო ფსიქიატრები არა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ მეც იმდენი შევძლო, ამათ რომ შეუძლიათ-მეთქი.
– ალბათ, კარგად იცნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას, აკვირდებოდა ყველას, სწავლობდა ხასიათებს და ამიტომ დაინტერესდა.
– ალბათ, ასეც იყო. ჯერ ერთი, მახსოვრობა ჰქონდა ისეთი, ჩემი აზრით, სხვას, კაციშვილს რომ არ აქვს. ხშირად, საუბარში, ვიღაცას ჰკითხავდა – თქვენ ამ სოფლიდან ხართ? ამას და ამას ხომ არ იცნობთ? ალბათ, თქვენი ნათესავია... უკვირდათ, საიდან იცისო. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით ჰქონდა შემოვლილი და არ არსებობს ადგილი, სადაც წყალი არ დაულევია. ძალიან უყვარდა ჭის, წყაროს ცივი წყალი და მძღოლს გზაზე, ყევლგან აჩერებინებდა. ამბობდა, ამაზე გემრიელი სასმელი არ არსებობსო.
– როდის გააცნობიერეთ, რომ ლეგენდარული პიროვნება, რომლის გვერდითაც ცხოვრობდით, მამათქვენია?
– მამაჩემი ჩემთვის ყოველთვის იყო დიდი სიამაყე. ძალიან კარგი, დადებითი აურა ჰქონდა. მე ვხედავდი, ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას, სადაც ის გამოჩნდებოდა, ყველა ჩუმდებოდა და გაოცებული უყურებდა. კონფერენციებზე, დარბაზში ხალხი რომ საუბრობდა, მამაჩემი გამოჩნდებოდა თუ არა, იმწამსვე ჩუმდებოდნენ. ასეთი ფენომენი იყო.
– იცით რა მაინტერესებს, როგორ ამოიცნობდა პაციენტის სულიერ მდგომარეობას – თვალებით თუ ლაპარაკში. მუშაობის როგორი მეთოდი ჰქონდა?
– მას მოსმენის სხვანაირი კულტურა ჰქონდა. კარგად იცოდა, როდესაც ადამიანს დიდი ინტერესით უსმენ, მას მოყოლის სურვილი უჩნდება. გარდა ამისა, იცოდა როგორი ტიპის კითხვები უნდა დაესვა. როდესაც საუბრობდა პაციენტთან, პაციენტი ვერ გრძნობდა, რომ ის არის ექიმი და თვითონ პაციენტი. ეს იყო ორი თანაბარი ადამიანის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე მასთან ადვილად იხსნებოდნენ. თავის საქმისადმი პროფესიონალი იყო, ფიზიკური მონაცემები, კითხვები, მთლიანობაში, აძლევდა საშუალებას, დიაგნოზი დაესვა. თვალები, ჯდომის, საუბრის მანერა, სიტყვათა მარაგი, გადმოცემა, ემოციის გამოვლინება, მიმიკები, ადეკვატური უნდა იყოს. ეს ყველაფერი მას სიტუაციის გარკვევაში ეხმარებოდა.
– როგორი იყო ის მეუღლესთან, შვილებთან, თუმცა, არა მგონია, მკაცრი ყოფილიყო?
– იყო ძალიან რბილი, მშვიდი. დედას ძალიან უყვარდა მინდვრის ყვავილები. არ მახსოვს შემთხვევა, მამაჩემს მისთვის მინდვრის ყვავილი არ მიეტანოს. როდესაც მოხუცდა, აღარ შეეძლო, მძღოლს ფულს აძლევდა და სთხოვდა, მოეტანა. არ მახსოვს მისი გაბრაზება. ერთადერთი იცოდა რა? დასაბუთებულად, ითხოვდა, გაეგო, რატომ არ გამოსდის ბავშვს ეს ან არ აკეთებს. ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე დასჯა. იცით როგორი ტაქტიკა ჰქონდა და ალბათ, სწორია ეს ტაქტიკა, იმ საკითხს ხმამაღლა დედასთან ერთად გაარჩევდა, ბავშვებიც იქ უნდა ვყოფილიყავით. თვლიდა, რომ ბავშვის ცემა, დაყვირება ძალიან არასწორი მიდგომებია. ტკბილი სიტყვა ყოველთვის ჭრის.
– რას აკეთებდა, როცა სახლში იყო?
– ოჯახში არაფრის კეთება არ შეეძლო, ლურსმანსაც ვერ მიაჭედებდა. ორი, სამი საათით შეიკეტებოდა თავის ოთახში და მუშაობდა, მაგრამ მარტო არ ჩერდებოდა. იმ ოთახში იდგა ტახტი, რომელზედაც დედა იჯდა და მხოლოდ ასე კითხულობდა და წერდა. დედაჩემის გარეშე ერთი წუთით ვერ ძლებდა. სულ ერთად იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, დედა ძალიან განათლებული იყო. მამა სულ ეკითხებოდა აზრს. პასუხებს ფანქრით რვეულის კუთხეში ინიშნავდა. დედა ცოცხალი ენციკლოპედიასავით იყო. გარდა ამისა, ლინგვისტი გახლდათ - ენების სპეციალისტი. მაშინ ფოტოგადაღება ასე არ იყო, ჭირდა და მამაჩემს რაღაცებს უხატავდა, მამა მორფოლოგიც იყო. მერე, როცა მამა მუშაობას მორჩებოდა, იქვე იდგა სავარძელი და ერთი საათით წაიძინებდა. სადილის წინ აუცილებლად წაიკითხავდა ლოცვას. თავისუფალ დროს კი ქალაქგარეთ გასვლა უყვარდა, პიკნიკის მოწყობა, მაგრამ მხოლოდ წყალ-ღვინოს სვამდა. ღვინო ან სხვა სასმელი რომ დაელია, ასეთი არ მახსოვს.
– თქვენს გადაწყვეტილებებში თუ ერეოდა, გირჩევდათ რამეს თუ დამოუკიდებელი იყავით?
– ნაწყენი დავრჩი მამაჩემზე-მეთქი, არ მინდა, ეს ვთქვა. უკვე ხუმრობით ვამბობ. სამედიცინო წითელ დიპლომზე დავამთავრე. უფლება მქონდა, თბილისში დავრჩენილიყავი და აქ მემუშავა, მაგრამ მამაჩემმა მთაში გამგზავნა. ასე ჯობია, მანდ კარგი სპეციალისტი გახდები, უფრო მეტს გაიგებო. ჯერ მეწყინა, მერე მივხვდი, რომ ეს აბსოლუტურად სწორი გზა იყო. ასე რომ, დავემორჩილე მის გადაწყვეტილებას.
– პირადად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ჩაცმის ერთი სტილი ჰქონდა. არ ზრუნავდა საკუთარ თავზე?
– რაც შეეხება მის ჩაცმას, არ იტყოდა, რომ რაღაც გაცვდა და ახალი უნდა. არ აინტერესებდა. ეს საქმე დედაზე იყო მინდობილი. ერთადერთი, შლაპები უყვარდა, ბევრი ჰქონდა და ხშირად იცვლიდა.
– რამე ჩვევა თუ ჰქონდა, ჩვენ „წიკს“ რომ ვუწოდებთ?
– მისი მაგიდის დალაგება მკაცრად იყო აკრძალული, მტვრის გადაწმენდაც კი პრობლემა იყო. თუ რამეს აიღებდი, ზუსტად ისევ ისე უნდა დაგედო. ნებისმიერ მომენტში იცოდა, სად, რა უდევს მაგიდაზე. ვიზუალურად მისი მაგიდა სულ არეული იყო, მაგრამ მისთვის ყველაფერი იყო დალაგებული. არ უყვარდა სიტყვა „დავიღალე“. ვინმე თუ ეტყოდა, ჰკითხავდა: რა გააკეთე, რომ დაიღალეო. არც თვითონ იღლებოდა. საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია, არ ვიცი. თან, ღამის საათებში მუშაობა უყვარდა. აანთებდა პატარა „ნაჩნიკს“, წერდა და წერდა. გარდა მაგისა, მამა ხომ დეპუტატი იყო და ვინმე რომ გამოდიოდა სიტყვით, ტრიბუნასთან უნდა მჯდარიყო. სხდომაზე დაგვიანებით მივიდოდა და აუცილებლად დაბლა ჯდებოდა. ეუბნებოდნენ: ბატონო ავლიპ, მობრძანდით, აქ არის თქვენი ადგილიო. არა, აქედან უკეთესად გხედავთო. რას გულისხმობდა ამაში, არ ვიცი. აუცილებლად ისვამდა გვერდით ერთ რომელიმე სასულიერო პირს. იტყოდა: მე ასე მინდა და მორჩა, ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. ეს გამბედაობა ჰქონდა. არ გამორჩებოდა არცერთი საეკლესიო დღესასწაული. მივიდოდა ეკლესიაში, სანთელს აანთაბედა, პირჯვარს გადაისახავდა. ბევრი ეკლესიაა თბილისში, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდა პატარა სიონის ეკლესია, საჯარო ბიბლიოთეკის ქვემოთ, სადაც ილიამ დაიწერა ჯვარი.
– შეიძლება, ითქვას, რომ მას ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა?
– ბოდბისხევიდან – სიღნაღში, სიღნაღიდან – თბილისში, მერე პეტერბურგში, იქიდან სხვა ქვეყნებში, მერე ისევ თბილისში თან, ომის პერიოდი, ამხელა სისტემის აწყობა... ეს ყველაფერი ადვილი არ იყო. მამა თავის თავისთვის არასდროს ცხოვრობდა. ერთადერთი, ძალიან უყვარდა დედასთან ერთად მოგზაურობა საქართველოსა და უცხოეთში, მაგრამ ყველგან მიდიოდა მანქანით ან მატარებლით. თვითმრფინავი არ უყვარდა. ერთი ოცნება ჰქონდა, იქნებ როგორმე ციმბირში წავიდე და სახალინი ვნახოო. მამაჩემი – ვერა, მაგრამ მე წავედი, გადავიღე ფოტოები, ჩამოვუტანე და ვაჩვენე. რატომ მოსწონდა არ ვიცი, მაგრამ ეს ოცნება ჰქონდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან