რატომ დაიბარა მარიკა ლორთქიფანიძე პატრიარქმა საპატრიარქოში და რა კავშირშია მასთან „კალაშნიკოვი“
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 04.04, 2023 წელი

ქართველ ერს ჰყავდა ქალი მეცნიერი, ისტორიკოსი, რომელსაც მე ქართლის დედას შევადარებდი თავისი ხასიათის სიმტკიცით, სისადავით, ჭკუითა და გამჭრიახობით. სახელი მარიკა ლორთქიფანიძე – ბრენდია, საქართველოს სიამაყეა. საკუთარი თავი თავადვე შექმნა. როგორც ბევრმა ადამიანმა, მანაც ცხოვრების რთული გზა განვლო და ის თავად მოგიყვებათ რამდენიმე ეპიზოდს. ქალბატონი მარიკა ხუთი წლის წინ, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადამიანმა ამდენ ხანს არ უნდა იცოცხლოს, დავიღალე, აღარ შემიძლიაო, – უთქვამს ერთ-ერთ ინტერვიუში. არადა, როგორ გვჭირდება დღეს ქვეყნის ფუნდამენტური, ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის თუ სხვა დიდი მეცნიერ-აკადემიკოსის სადარი ქალბატონი.
საიდუმლო სადღეგრძელო ხატებთან
„ჩვენ მლეთის ქუჩაზე ვცხოვრობდით. უნივერსიტეტის წინ პატარა ადგილი იყო – „პალიანკა“, სადაც ბავშვები დაჰყავდათ სათამაშოდ. რომ მოგვიყვანდნენ, მამა ან ქუდს მოიხდიდა უნივერსიტეტის დანახვისას, ან თუ ქუდი არ ეხურა, თავს ხრიდა. ცხადია, გვიან დავფიქრდი ამაზე. როცა უკვე სტუდენტი გავხდი, მერე მივხვდი, რომ მამა ქართველი ინტელიგენციის დამოკიდებულებას გამოხატავდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს იყო ეროვნული კადრების მომზადების დაწესებულება და არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება... დედაჩემის ძმა, მიშა მიქელაძე და დეიდაჩემის ქმარი, რეჟისორი და მსახიობი ლელიკო ხოტივარი ხშირად დადიოდნენ ჩვენთან. ისინი და მამა პატარა ჭიქებით სვამდნენ ხოლმე, ოჯახში მთვრალი კაცი არ მინახავს. ერთხელ მამამ დაუძახა დედას: ნინა, მოიტანე განსხვავებული სასმისიო. მიუტანა და დალიეს რაღაც სადღეგრძელო. შემდეგ გავიდნენ დედას ოთახში, სადაც ირიბად იდგა კარადა, მის უკან კი ხატების კუთხე იყო მოწყობილი, შევიდნენ ხატებთან და იგალობეს... მაშინ ასე აღვიქვი, რომ იმღერეს. სტუმრები რომ წავიდნენ, მამას ვკითხე, ვისი სადღეგრძელო დალიეთ-მეთქი. მან ამიხსნა: უკვე დიდი ხარ (ათი წლის ვიქნებოდი) და გეტყვი: ჩვენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სადღეგრძელო დავლიეთ, მაგრამ ეს რომ შენ სადმე გაიმეორო, ყველას დაგვსჯიან, შენც და ჩვენს მთელ ოჯახსაცო. დაახლოებით ამიხსნა, ვინ იყო ქაქუცა. იგივე მოხდა მეორედაც, როცა მიშა ბიძია და ლელიკო ბიძია ჩვენთან იყვნენ... ისევ განსხვავებული სასმისით დალიეს რაღაც სადღეგრძელო, ისევ ხატებთან მივიდნენ. ეს იყო უკვე 26 მაისი და ამ თარიღის აღნიშვნა.
მაინც ბევრი ვიჩხუბე
...ვერაზე ინტელიგენციის წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ და კრიმინალური მენტალიტეტის ხალხიც... ერთხანს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ქუჩებში პალტოებს რომ ხდიდნენ. დაბადების დღიდან გვიან ვბრუნდებოდი. კობის ქუჩაზე ამოვედი და გამხადეს პალტო. ვიღაც ეძახის მოპირდაპირე მხრიდან: ბიჭო, ეგ გიგას და არის! ისევ ჩამაცვეს. მივედი შინ. ავტეხე ერთი ამბავი: მერჩივნა მოვეკალი, ვიდრე გამეგო, ვისთან გაქვს კავშირი-მეთქი. გიგა მეუბნებოდა: რას ამბობ, პალტო რომ გაეხადათ, რას იყიდდი ახალსო?! მაინც ბევრი ვიჩხუბე!
თამარი სომეხი იყო, ყველა მინისტრიც სომეხი იყო
„კომუნისტის“ რედაქტორის მოადგილემ მთხოვა წამეკითხა წიგნი „ამირსპასალარი“ და დამეწერა რეცენზია. წიგნში თამარი სომეხი იყო, ყველა მინისტრიც სომეხი იყო... დავწერეთ რეცენზია... დაგვიბარა დევი სტურუამ, შავი დღე გვაყარა. გვაჩვენა სომხეთის საკავშირო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩვენ ვამწვავებთ ურთიერთობას ორ მოძმე ერს შორს... ისინი რომ ამწვავებენ? არ გვპასუხობს... თქვენ არ უნდა დაწეროთო... დაიბეჭდა ეს სტატია და მტრისას, ამბავი მოჰყვა!
„საქართველოს დედის“ ტიტული
საბჭოთა ხელისუფლების დროს არანაირი ჯილდო, ორდენი და მედალი არ მიმიღია, შევარდნაძისგან ღირსების ორდენი მოგვიანებით მივიღე. ჰო, მივიღე და რა ვქნა?!. ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა წლის საუკეთესო მეცნიერად, შემდეგ – მოღვაწედ გამომაცხადა და მედალიც გამომიგზავნეს. ყველაზე ძვირფასი ჯილდო პატრიარქის ნაჩუქარი წმიდა გიორგის ოქროს ორდენია. გასულ წელს ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში დამიბარეს. ვიფიქრე, უწმიდესს, ალბათ, ჩემი ოჯახის დალოცვა უნდა-მეთქი. ადგილზე უამრავი ხალხი დამხვდა. კათოლიკოს-პატრიარქმა დიდ დარბაზში შემიყვანა, სავარძელზე დამსვა და ბრძანა: დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ქალბატონი მარიკას პატივსაცემადო. თავი უხერხულად ვიგრძენი... შემოიტანეს და უწმიდესმა გადმომცა მათი უმაღლესი ჯილდო – წმიდა გიორგის ორდენი (შემკული ოქროთი, ზურმუხტით, ბრილიანტითა და მინანქრით), თან მითხრა: ერის, ქვეყნისა და ქართული ეკლესიის წინაშე დამსახურებისთვის გაჯილდოებთო. ისიც თქვა: გაწეული ღვაწლის გამო ქალბატონ მარიამს „საქართველოს დედის“ ტიტულს ვანიჭებო. მაშინ კი ვეღარ შევიკავე თავი, გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა. არ ვიცი, ამას რამდენად ვიმსახურებ, მაგრამ რადგან პატრიარქმა ასე ბრძანა, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია.
ეს ოხერი „კალაშნიკოვი”
ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ისტორიული ფაკულტეტი ხუთწლიანიდან ოთხწლიანად გადაკეთდა. ჩვენ ფილოსოფიის კურსთან გაგვაერთიანეს და უნივერსიტეტი მსოფლიო ისტორიკოსის სპეციალობით დავამთავრეთ. ბიჭებს სამხედრო სწავლება ჰქონდათ, გოგონებს – მედდის კურსები, მაგრამ მახსოვს, ბიჭებთან ერთად „სამხედროს“ ჩვენც გავდიოდით. ვერა და ვერ ვაწყობდი იმ ოხერ „კალაშნიკოვის“ ავტომატს – დაშლით ვშლიდი, მაგრამ აწყობის დროს ნაწილი რომ არ დამრჩენოდა, არ არსებობდა. ახლომხედველი ვარ და ბავშვობიდან სათვალეს ვატარებდი. მასწავლებელი მუდმივად მეჩხუბებოდა: მოიხსენი, სათვალით სროლა არ შეიძლებაო, მე კი ვუხსნიდი, უსათვალოდ ვერ ვხედავ-მეთქი და ასე გრძელდებოდა... სახელმწიფო გამოცდაზე თავმჯდომარე სიმონ ჯანაშია, კომისიის წევრები კი ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი ჩიტაია, კოტე ბაქრაძე და სხვები გახლდნენ. ჩვენი ბედნიერება ის იყო, რომ ასეთი პედაგოგები გვასწავლიდნენ. მაშინ უმაღლესის კურსდამთავრებულებს წინასწარ ანაწილებდნენ და მე ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, დირექტორის მოადგილედ გამანაწილეს, რადგანაც ფრიადოსანი სტუდენტი და ჯავახიშვილის სტიპენდიანტი გახლდით. სიმონ ჯანაშიამ მკითხა: საქართველოს ისტორიაში ჩემთან მუშაობა არ გინდაო? როგორ არ მინდოდა, მაგრამ ისე დავიბენი, თავიდან ხმაც ვერ ამოვიღე, მერე კი სიხარულით დავთანხმდი, ასპირანტურაში ჩავაბარე და ბატონი სიმონის ასპირანტი გავხდი. „შეგიძლია, არ იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ უფლება არა გაქვს, არ იყო კარგი მოქალაქე“, – ის ამ პრინციპით გვზრდიდა. ლექციებზე ვერასოდეს შეამჩნევდით, რომ სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი პატრიოტულ აგიტაციას ატარებდნენ (მაშინ ეს აკრძალული იყო), მაგრამ მათ ყველა ლექციაში ეს მუდმივად იგრძნობოდა – ქვეტექსტებით, მინიშნებებით, პაუზებით. სტუდენტები შესანიშნავად ვგრძნობდით, რომ ორივენი უაღრესად პატრიოტული სულისკვეთებით იყვნენ განმსჭვალულნი და ჩვენც ამავეს გვინერგავდნენ. თუ ცხოვრებაში რაიმე გამიკეთებია, ეს ჩემი ოჯახის შემდეგ, ჩემი მასწავლებლების დამსახურება იყო. ასპირანტურაში სამი წელი ვისწავლე და 1948 წელს, დავამთავრე თუ არა, სიმონ ჯანაშიამ ისტორიის ინსტიტუტში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად წამიყვანა. დისერტაცია ზაფხულში დავიცავი, შემოდგომიდან კი უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დავიწყე. მაშინ ბატონი სიმონი ცოცხალი აღარ იყო და კათედრის გამგედ ნიკო ბერძენიშვილი დაინიშნა. ფილოლოგიის ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის საათები მომცეს. გამიჭირდა, საკმაოდ რთული იყო, მაგრამ თავდაუზოგავად ვმუშაობდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან