საზოგადოება

რატომ დაასახელეს სვიმონ ციციშვილი საქართველოს ტახტის პრეტენდენტად და როგორ შემოიტყუა საბჭოთა ხელისუფლებამ ის სამშობლოში

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 18.01, 2023 წელი

სვიმონ ციციშვილი
დაკოპირებულია

სვიმონ ციციშვილი ინჟინერ-ნავთობგეოლოგი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. ის დაიბადა ბაგრატიონ-გრუზინსკების საგვარეულოს წარმომადგენლის, თავად არჩილ ციციშვილის ოჯახში. 1906 წელს სვიმონი გახდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან.

1920 წელს სვიმონ ციციშვილი წამყვანმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ საფრანგეთში მიიწვია. ის მიწვევას დათანხმდა და შემდეგ წელს საფრანგეთში გაემგზავრა. მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა და ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. სვიმონს დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა.

1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სვიმონ ციციშვილი იძულებული გახდა, საფრანგეთში დარჩენილიყო.

1924 წლის დასასრულს პარიზში შეიქმნა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგი”, რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ემიგრაციის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში. ამ ორგანიზაციის წევრად მიიწვიეს სვიმონ ციციშვილიც. ამის შემდეგ თითქმის 20 წლის განმავლობაში, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო „თეთრი გიორგის” საქმიანობასთან. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან გათავისუფლება წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ქართულ ემიგრაციასა და „თეთრ გიორგის” იმედი ჩაუსახა, რომ მესამე რაიხის გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს გათავისუფლება. ომის დაწყებისთანავე სვიმონ ციციშვილი ბერლინში ჩავიდა და სხვა ემიგრანტებთან ერთად, აქტიურად იღწვოდა „ქართული ეროვნული კომიტეტის” ჩამოყალიბებისთვის.

„თეთრი გიორგის” წევრთა უდიდესი ნაწილისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმას წარმოადგენდა კონსტიტუციური მონარქია. ძალიან საინტერესო და ორიგინალურია სვიმონ ციციშვილის მიერ 1941-1942 წლებში პარიზსა და ბერლინში შედგენილი ნაშრომი „საქართველოს ნაციონალურ-სოციალისტური სამეფოს გარიგება”, რომლის დედანი დაცულია საქართველოს შსს სამინისტროს საარქივო სამმართველოს ფონდში. ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან - სქემა და ტექსტი. „გარიგების” სქემის მიხედვით, სახელმწიფოს სათავეში დგას საქართველოს მეფე, პარლამენტის ფუნქციას ასრულებს „ერის დარბაზი”, რომელსაც განაგებს „მეთაური”. „ერის დარბაზი” ირჩევს „ბელადს” – „ქართული ეროვნული პოლიტიკის ხელმძღვანელს” (იგივე პრემიერ-მინისტრს), რომელიც აკომპლექტებს მთავრობას. მთავრობაში კონკრეტულ მიმართულებებს განაგებენ „მთავრები” (ესე იგი, მინისტრები). მთავრობა ორ ბლოკად იყოფა: 1. საგარეო საქმეები და 2. საშინაო საქმეები.

ავტორი საგანგებოდ განიხილავს დინასტიურ საკითხს. ის ზნეობრივ პრინციპებს ანიჭებს პრიორიტეტს და აღნიშნავს: „ქართული ისტორიისა და ჩვეულების მიხედვით საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა ეკუთვნოდა მეფე-ბაგრატიონთა მოდგმას. ეხლაც ეს წესი უნდა ვიქონიოთ ვარაუდში და ბაგრატიონ-მეფის ჩამომავლობაში ვეძიოთ და შევარჩიოთ ღირსეული პიროვნება: ზნეობით, ქართველობით, მშვენებით, გონიერებით, გამჭრიახობით და მოდგმით. მაგრამ, თუ ასეთი სათაყვანებელი პიროვნება ვერ აღმოჩნდა, ცხადია, ქართველი ერის ინტერესებს ვერ შევწირავთ „გვარიშვილობას”: ბაგრატიონობა უფლებას არ ნიშნავს და არც მემკვიდრეობას”. ავტორი მიუთითებს, რომ თუ ბაგრატიონთა საგვარეულოს წიაღში არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ზედმიწევნით დააკმაყოფილებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმს, ტახტის ღირსეული პრედენდენტი უნდა გამოიძებნოს სხვა წარჩინებული საგვარეულოდან.

სვიმონ ციციშვილი ავტორია საქართველოს უნიკალური ხელნაწერი რუკისა „ძველი საქართველოს ანუ გეორგიის რუკა”, რომელიც 1935-1936 წლებში პარიზშია შედგენილი. სვიმონ ციციშვილი იყო საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი. რუკას ახლავს ქართველ მეფე-მთავართა დეტალური გენეალოგია და ქრონოლოგია. სავარაუდოდ, მას კონსულტაციას იმ დროისთვის პარიზში მცხოვრები ექვთიმე თაყაიშვილი უწევდა. ციციშვილისეულ რუკაზე დატანილია დეტალური ინფორმაცია ეკლესია-მონასტრების, ციხეების, ქალაქების, სოფლების, მეფეთა და მთავართა განსასვენებლების, სასახლეებისა და ისტორიული გზების შესახებ.

1942 წელს სვიმონ ციციშვილი საქართველოს ტახტის პრეტენდენტად დაასახელეს. აქაც იჩინა თავი მისმა პრინციპულობამ და მაღალმა ზნეობამ. თბილისის ლიტერატურის მუზეუმში ინახება 1942 წლის 25 მაისით დათარიღებული დოკუმენტი – „პოლიტიკური გამჭრიახობისა და თადარიგისათვის”. დოკუმენტი წარმოადგენს ბაგრატიონთა გენეალოგიურ ცხრილს, რომელსაც თან ახლავს სვიმონ ციციშვილის ხელით შესრულებული საგანგებო მოწოდება: „ამჟამად მთავარი მიზანია ქართველი ერის გადარჩენა განადგურებისგან. ამისათვის საჭიროა ყველა ქართული ძალების გაერთიანება, შეკუმშვა და ერთ პიროვნებაში გამოსახვა. მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, ყოველი კუთხის ქართველს – მხარი დაუჭირეთ და მორჩილება გამოუცხადეთ თავად ირაკლი ბაგრატიონს, ბატონიშვილს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართველი ერისა და მისი წარმომადგენლობის წინაშე. მოგიწოდებთ, დაცული იყოს სრული მორჩილება, ერთგულება და თავდადება.“ – „საქართველო უწინარეს ყოვლისა”.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა რეჟიმმა მოახერხა ზოგიერთი ემიგრანტის საქართველოში შემოტყუება. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა მათი უმრავლესობისათვის...

სამშობლოში იმედებით დაბრუნებულთა შორის იყვნენ სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი ელენე, სიძე ირაკლი ლორთქიფანიძე და შვილიშვილები. 1951 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა „სუკმა „სამშობლოს ღალატის” ბრალდებით დააპატიმრა სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი და სიძე. სვიმონ ციციშვილს მიესაჯა დახვრეტა, ირაკლი ლორთქიფანიძეს 25, ელენე ციციშვილს კი 10 წლით გადასახლება. სვიმონ ციციშვილს განაჩენი ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს, სადაც ათი წელი გაატარა. დაბრუნების შემდეგ თბილისში, ქალიშვილ ელენესთან ერთად ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1973 წელს.

გამოყენებული მასალების წყარო: ყიფშიძე ნინო. სვიმონ ციციშვილი - „საქართვეელო უწინარეს ყოვლისა“; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი