საზოგადოება

რატომ დაასაჩუქრა სტეფანე ახმეტელი მტერმა, ვის წინააღმდეგაც იბრძოდა და რით გამოარჩევდნენ მას ყველასგან

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 19.07, 2023 წელი

სტეფანე ახმეტელი
დაკოპირებულია

სტეფანე ახმეტელი 1877 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში დაიბადა. ის კახეთში ძალიან დაფასებული სასულიერო პირის, გიორგი მღვდლის ერთ-ერთი ვაჟი გახლდათ. გიორგი ახმეტელს რუსეთში ჰქონდა დამთავრებული სასულიერო აკადემია. მას კარგად ესმოდა განათლების ფასი და ამიტომ შვილების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა. სტეფანეს დედა – ელისაბედ ნაცვლიშვილიც, თავის დროისათვის ძალიან განათლებული, სათნო და, ამავე დროს, ძლიერი ქალბატონი ყოფილა.

ახმეტელები ოჯახში დახვეწილი სალიტერატურო ენით საუბრობდნენ. იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა, მაგრამ სასაუბროდ მხოლოდ მშობლიურს იყენებდნენ. ხშირად მიმართავდნენ ანდაზებსა და მახვილგონივრულ გამოთქმებს. მათი ლექსიკა ძალზე მდიდარი იყო.

ცხრა და-ძმა თანასოფლელთა პატივისცემით სარგებლობდა, გამორჩეულნიც იყვნენ კულტურით, განათლებით, სიკეთით. ანაგაში ახმეტელებს „მინისტერიანებს“ ეძახდნენ და იმასაც ამბობდნენ – ახმეტელებს ქათმებიც კი ნასწავლი ჰყავთო.

ოჯახში განსაკუთრებული რიდითა და პატივისცემით ექცეოდნენ სტეფანე ახმეტელს. ის ახოვანი, ძალიან სანდომიანი, კეთილშობილი, უკომპრომისო და შეუპოვარი პიროვნება ყოფილა. სტეფანეს საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია და მთელი სითბო და სიყვარული ძმების, დებისა და ახლო ნათესავების ოჯახებს მიუძღვნა. როგორც ამბობენ, ის არაჩვეულებრივი შვილი, ძმა, ბიძა და მამულიშვილი იყო.

დაწყებითი განათლება სტეფანე ახმეტელმა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი და იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი უკრაინაში, ქალაქ სუმში.

სამხედრო სამსახურში 1887 წელს ჩადგა. ოფიცრის პირველი ჩინი კი თურქესტანის მე-4 ბატალიონში სამსახურის დროს მიანიჭეს.

სტეფანე 1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში მონაწილეობდა. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ იაპონელებთან მამაცურად მებრძოლი შტაბს-კაპიტანი, საბრძოლო დამსახურებისთვის, წმიდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ბრძოლაში შეუპოვარი ოფიცერი, გმირობასთან ერთად, დიდ შემწყნარებლობას იჩენდა იაპონელი სამხედრო ტყვეების, განსაკუთრებით კი ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა მიმართ. ეს შეიტყო და სათანადოდ შეაფასა იაპონური არმიის სარდლობამ. სახელგანთქმულმა იაპონელმა ადმირალმა, პორტ არტურსა და ცუშიმასთან მომხდარი სისხლისმღვრელი ბრძოლების გმირმა, ჰეიჰაჩირო ტოგომ სტეფანე ახმეტელს, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს, თავისი რჩეული სამურაის ხელით, საჩუქრად იაპონური მახვილი გაუგზავნა. ეს საპატიო ჯილდო დაცულია ქართველი კავალერის ძმისწულის, მზია ახმეტელის ვაჟის – ჯუანშერ ლაღიძის ოჯახში.

1907 წელს სტეფანე ახმეტელი კაპიტნად დააწინაურეს. 1910 წელს წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი დაიმსახურა. 1913 წელს თურქესტანის მე-9 მსროლელთა პოლკში მსახურობდა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და დაჯილდოვდა წმიდა ანას მეორე ხარისხის ორდენით (ხმლებით); ასევე, წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით; მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1918-1921 წლებში სტეფანე ახმეტელი ქართულ ჯარში მსახურობდა. 1918 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მას პირველს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. სტეფანე ახმეტელი იყო ქართული საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი, სასაზღვრო ჯარების პირველი სარდალი. სარდლობდა კორპუსს, თბილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, ხელმძღვანელობდა სამხედრო აღლუმებს. სწორედ მას ჩაუბარებია პატაკი ნოე ჟორდანიასთვის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმზე. დაჯილდოვდა „თამარ მეფის“ ნიშნით.

1921 წლის თებერვალში მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად გენერალი ახმეტელი, კახეთში დისლოცირებულ მეექვსე ათასეულთან ერთად, ნაბიჯ–ნაბიჯ დასავლეთისკენ იხევდა და იძულებული შეიქნა, დარჩენილი რაზმით, ახმეტაზე და დუშეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა. ის მალე გაასამართლეს და რუსეთში გადაასახლეს. რა თქმა უნდა, თავისუფლებისმოყვარე, პატრიოტი სამხედრო პირისთვის, პიროვნული და ეროვნული ტრაგედია იყო სამშობლოს ხელმეორე ოკუპაცია და ანექსია. მან თავისუფლების ხელყოფა, სამშობლოს დამონება და ციხის რეჟიმის გადატანა ვერ შეძლო. 1922 წელს ქალაქ რიაზანის ციხის საკანში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით ტიფით გარდაიცვალა.

სტეფანე ახმეტელს განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა უმცროს ძმასთან, სიმონ (სიკო) ახმეტელთან. იგი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო. 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ამშვენებს. სიკო ავადმყოფ ძმას თან გაჰყვა გადასახლებაში. გზაში უვლიდა და ამხნევებდა. ამის გამო ისიც დაატუსაღეს. სიმონი ამაყობდა, რომ სნეული გენერალი ღირსეულად იქცეოდა, პატიმრები და თვით ციხის ადმინისტრაციაც პატივისცემით ეპყრობოდნენ. იგი ხუთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 1930 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ვეტერინარულ სამსახურში. 1937 წელს კი კვლავ დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს.

სტეფანე ახმეტელის უფროსი ძმა იყო დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ვლადიმერ (ლადო) ახმეტელი.

გამოყენებული მასალების წყარო: wikipedia; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I; არველაძე, ნათელა. ახმეტელები ასწლიან ომში; ჯავახიშვილი, ნიკო. ამომავალი მზის ქვეყანა ქართველთა თვალით / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი; გოგიტიძე, მამუკა. სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი: გენერალ-მაიორი (1918) // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა