რატომ ატარა ბესო ბერულაშვილმა უცნობი ადამიანის სასახლე ორი კილომეტრი და რა დანაპირებს ვერ უსრულებს ის საკუთარ მოძღვარს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 26.09, 2023 წელი

ბესო ბერულაშვილის ,,უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ბესო ბერულაშვილი?
ბესო ბერულაშვილი: ერთხელ ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა ძალიან სწორად დამახასიათა: ფიზიკური მდგომარეობისა და გონების კონცენტრაციას ერთდროულად ვერ ახერხებს – ქორწილში არის, გასვენებაზე ფიქრობს, გასვენებაში არის, დაბადების დღეზე ფიქრობს. ერთად რომ მოუყაროს გონებას და ფიზიკურ მდგომარეობას თავი, მთებს გადადგამსო (იცინის). ალბათ, რაღაც კარგიც მაქვს (იცინის). ძალიან მიყვარს ბავშვები, არ მიყვარს ტყუილები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება, მაგრამ სიზარმაცეში მსოფლიოს ჩემპიონი თუ არა, პრიზიორი მაინც ვარ. საბედნიეროდ, ჩემი სიზამაცე არ დაანგრევს ქვეყანას.
სტუდენტი ვიყავი, როდესაც ცხონებული გიგა ლორთქიფანიძე მეუბნებოდა, გადმოდი თეატრალურშიო. ხომ ვიცოდი, იქ რა შრომა იყო და ამისთვის თავის არიდებას ვცდილობდი. ამიტომ არ გადავედი, თორემ ალბათ, ახლანდელზე გაცილებით წინ ვიქნებოდი. ადრე წელიწადში 60-70 კონცერტი გვქონდა და ძალიან აქტიურები ვიყავით. აქედან გამომდინარე, სულ მობილიზებული უნდა ვყოფილიყავით, ამ გადმოსახედიდან არ ვნანობ, რომ თეატრალურში არ წავედი. ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან ისეთი სკოლა გავიარე, არ ვიცი, ამაზე მეტი ვის რა უნდა ესწავლებინა?!
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– იცით, როგორ მინდა მშვიდსა და სიყვარულით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობდე?! დავიღალე ამ გაუთავებელი „გაუმარ...ჯოს, გაუმარ...ჯოს“ ძახილით. მიტინგი-მიტინგი. 14 წლის ვიყავი ეს მიტინგები რომ დაიწყო, მაშინ მიხაროდა, სკოლას ვაცდენდით, მაგრამ აღარ გათავდა. ავა ვიღაც ტრიბუნაზე, იძახის „გაუმარ...“ და მე დაბლიდან მაყვირებს „...ჯოს“. მე თუ ვუთხარი, შეიძლება, ახლა შენ ჩახვიდე დაბლა და მე დავიძახო ზემოდან „გაუმარ“? – მპასუხობს: არა, შენ დაბლა იყავი „ჯოს“ ყვირიხარ ყველაზე მაგრადო. 35 წელია, აღარ დამთავრდა „ჯოს“ ძახილი. არადა, მინდა, სიმშვიდეში ვცხოვრობდეთ, სადაც ადამიანის სულიერება და განვითარება არის ყველაზე მთავარი. სადაც დედას არ იგინებიან, მით უმეტეს, ეკრანებიდან. სადაც არ აქილიკებენ ადამიანს, რომელიც ტაძარში დადის. მინდა, უფროსის დაფასება იცოდნენ. რატომ უნდა ვცემდე პატივს იმ ადამიანს, ვინც უწმიდესს გამილანძღავს, ვინც წმიდანებს პრეზერვატივებზე დამიხატავს?! შეურაცხყოფის მიყენება თავისუფალი აზრის გამოხატვა აღარ არის. ერის სულიერ მამას რომ მილანძღავ, შესაბამისი რეაქციაც უნდა მქონდეს. რა ჯობია ყველას ერთმანეთი რომ უყვარს, ერთმანეთზე ზრუნავენ, პატარებს იმედის თვალით შესქერიან?!
კიდევ ერთი ნატვრა მაქვს, ძალიან მაგრად მინდა, ყველაზე მდიდარ ქართველს ჩემსავით უყვარდეს ფეხბურთი. აუ, რა კარგი იქნება, როგორ დაეხმარება ბავშვებს, რომ კარგი ფეხბურთელები დადგნენ.
– რას გააკეთებდით, რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ, მგონი, ამ კითხვასაც გაეცით პასუხი.
– მილიონები რას ეყოფა მაგ საქმეს?!. მილიარდი რომ მომაგებინა, მე ვიცი, რასაც ვიზამდი – ბავშვთა ფეხბურთს ავაყვავებდი. ერთი წუთით არ დამენანებოდა ამაში ფული.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– მამა რომ წამიყვანდა აგარაკზე და ბარს და თოხს მომცემდა, ეგ მეჯავრებოდა (იცინის). ცოტას წავიმუშავებდი და მერე ხვდებოდა, რომ შარში იყო, არაფრის გამკეთებელი მე არ ვიყავი. ფიზიკური შრომა მაინცდამაინც არ მიყვარდა.
– გულჩვილი ხართ?
– კარგ სიმღერაზე, კარგად წაკითხულ ლექსზე ვტირი. ექიმი ძმაკაცი მყავს, ცოტა ვერ არის „ჩაინიკში“. მე ვუთხარი, ეტყობა ასაკში ვარ, მულტფილმებზე და კარგ სიმღერაზე მეტირება-მეთქი. მგონია, ამყვება და მეტყვის, მეც ეგრე ვარო, მაგრამ რა მითხრა იცით? ფარისებრი ჯირკვლები შეამოწმებინეო (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად, რომელსაც ნანობთ?
– ჩემი და ჩემი მოძღვრის დამოკიდებულება. ის ყოველთვის ლმობიერი და მოსიყვარულეა. აღსარებას ვეტყვი, მეტყვის რა გავაკეთო, მეც დავპირდები, რომ აღარ ვიზამ, გამოვდივარ და ხუთ წუთში იმავეს ვაკეთებ. ისიც იტანს, იტანს და კი დამპირდა, ერთ მშვენიერ დღეს ამ მთიდან დაგაგორებო (იცინის). ვუთხარი, მე რომ დამაგორო, შეიძლება, გზაში ვიღაც შემხვდეს და ისიც დავაზარალო-მეთქი. დაგორებული მე, წარმოიდგინეთ, რა სიჩქარეს განვავითარებ (იცინის).
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...
– მთელი ცხოვრება კურიოზებში ვარ, რომელი ერთი გავიხსენო. ერთხელ სხვისი მიცვალებული ვატარე კაი ხანი. მეგობრის სახლიდან გამოვედი და გასვენების ხალხს შევეჩეხე. არიქა, არიქა, მომეხმარე, მივარდება ხელიდანო, მითხრეს და სანამ აზრზე მოვედი, მხარზე უკვე სასახლე მედგა. არადა, მანქანის გადასაყენებლად გამოვედი, რომ ხალხისთვის ხელი არ შემეშალა. რომ არ მოვიტყუო, ერთი ორი კილომეტრი ფეხით ვატარეთ. ქალი იყო თუ კაცი ისიც არ ვიცოდი. თან, მიყურებენ ჯანიანი ბიჭი ვარ და არავინ შემენაცვლა. მერე დაიწყეს, საწყალს აქ ჯდომა უყვარდა და გავჩერდეთო, აქ ჩამოჯდებოდა ხოლმე და გავჩერდეთო. არ დამთავრდა არასდროს პროცესია და ბოლოს ვუთხარი, გამომართვით ახლა ეს მკვდარი, თორემ მე თქვენ განახებთ–მეთქი (იცინის). ეს ჩემი მეგობარი ფანჯრიდან იყურებოდა, ნაბახუსევზე იყო და ეგონა, რომ გავგიჟდი. მანქანის გადასაყენებლად გავედი გარეთ და მკვდარი მიმყავს, როგორია?! ბოლოს ისე შევედი როლებში, მეთქი, აბა თავი აღმოსავლეთით, კინაღამ სასაფლაომდე გავყევი „რუჩკებს არ ენდოთ“ ძახილით.
ერთხელ კიდევ საოცრება მომივიდა. სვანი დაქალი მყავს და გასვენებაში მივედით ერთად „ვენოკით“. მივედით და ვხედავ, რომ კაცის ნაცვლად ქალის გასვენებაში აღმოვჩნდით. ამ ჩემს დაქალს ეკლესია აერია. მომატირეს, ვაიმე, ბატონო ბესო, როგორ შეწუხდით, თქვენც გაიგეთო?! თავი დავუკარი, ძალიან ვწუხვარ, ეს რა მოგვივიდა-მეთქი. არც ვიცოდი, ვინ იყო მკვდარი და რამდენი წლის, თორემ კიდევ გავამძაფრებდი სამძიმარს. მერე გავიგე, რომ ასაკოვანი ქალი ყოფილა, კიდევ კარგი, არ ვთქვი, ეს რა მოულოდნელად დაგვტოვა-მეთქი, არადა, ვაპირებდი. მოკლედ, გამოვედით და ვეკითხები ამას, ეს რა ქენი, სად მომიყვანე-მეთქი. მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებს და ეს მეუბნება სვანური კილოთი: შემეშალა. შედი ახლა და „ვენოკი“ გამოიტანე, უთხარი შემეშალაო. ხომ მაგარია, მართლა რომ შევსულიყავი და გამომეტანა (იცინის).
– ცხოვრებაში რამე მოგიპარავთ?
– მამას მანეთიანს ვპარავდი ხოლმე. მადლობა ღმერთს, მაგ საქმეში ჩამოვრჩები. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ადამიანმა ფული მოიპაროს. თუმცა, ხილი როგორ არ მომიპარავს, ერთხელ საკუთარ ბაღში გადავძვერი. გლდანში ვცხოვრობდით და ჩვენი სახლის დაბლა ხევი იყო, იქ მამას ოაზისივით ჰქონდა მოწყობილი. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი გადავძვერით. ვიღაც კაცი გამოგვეკიდა და საკუთარი ბაღიდან გავრბოდით. ის კაცი დედას გვაგინებდა, რა იცოდა, ვინ ვიყავით. გაჩერდი, შე დეგენერატო და უთხარი, ვინც ხარ, სად გარბიხარ?! (იცინის) მეორე დღეს ეს კაცი მამაჩემს უყვებოდა, ვიღაც გადმოძვრა თქვენს ბაღში, ერთი მაგათი დედაო. მამაჩემმა – დედამისს მე მივხედავ შენ გაჩერდი, აღარ გინდა გინებაო (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ადამიანები ვიტყვით ხოლმე, რამდენ რამეს შევცვლიდიო, მე არ ვამბობ ხოლმე ასეთ რამეს. ცხოვრების გზაზე უამრავი საინტერესო ადამიანი შემხვდა, სიხარულიც ბევრი იყო, სასოწარკვეთა და უიმედობაც ვნახე, მაგრამ ყველაზე დიდი იღბალი მაინც ისაა, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ქართველი ვარ, ქართულად ვლოცულობ და ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, რაც მთავარია, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება. მარცხია ყველაფერი ის, რაც ვერ გავაკეთე ისე, როგორც უნდა გამეკეთებინა.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– არ მიყვარს ასეთ თემებზე ლაპარაკი, თუმცა, ადამიანის ყველაზე დიდი შიში, ალბათ, იმას უნდა უკავშირდებოდეს, რომ მერე შენს ყველა ქმედებაზე მოგეთხოვება პასუხი. იქ როგორ იქნება, მაგის მეშინია, თორემ მიწიერს გაუძლებს ადამიანი. დიდი-დიდი მოკვდე, ამაზე უარესი ხომ არაფერია, მაგრამ მარადიული სამყაროს მიმართ უნდა გვქონდეს შიში ჩვენივე განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე.
– ბევრი წლის შემდეგ სიცოცხლის დასრულება როგორ წარმოგიდგენიათ?
– რა ცუდი კითხვაა. სიცოცხლე იმდენად ლამაზია, რომ თითოეული ადამიანი განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს მას. არ მესმის ექსტრემალი ადამიანების, მგონია, რომ სიცოცხლეს აბუჩად იგდებენ. არ უნდა გამოსცადო სიცოცხლე, ეს ყველაფერს ეხება – მანქანით სწრაფად სიარულს, საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდომას და ასე შემდეგ. თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე – ეს ხომ, საერთოდ, სულელური ნათქვამია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან