რატომ არის უცნობი კახი კავსაძის მამის საფლავი და რის გამო ვერ ჩამოაღწია დათაშკა კავსაძემ სამშობლოში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 19.04, 2023 წელი

დათა (დათაშკა) კავსაძე დაიბადა 1907 წელს ცნობილი ლოტბარისა და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელის, სანდრო კავსაძის ოჯახში. ბავშვობიდანვე იშვიათი მუსიკალურობა და ძალიან კარგი სმენა დაჰყვა. ერთი მოსმენით შეეძლო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის ათვისება, სამივე ხმის დამახსოვრება.
სანდრო კავსაძე დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა და ოჯახიც იქ ჰყავდა. საშუალო სკოლა დათაშკამ ჭიათურაში დაამთავრა. სანოტო სისტემა მამამ შეასწავლა, თან, პატარაობიდანვე მღეროდა მის გუნდებში. პარალელურად, ხუთი წლის განმავლობაში ლოტბარობდა სასკოლო გუნდს.
1937 წლის იანვარ-თებერვალში მოსკოვსა და ლენინგრადში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გრიგოლ (გიგუშა) და დავით (დათაშკა) კავსაძეების მიერ შესრულებულმა დუეტებმა და სოლო სიმღერებმა. მათ შორის გამოირჩეოდა ძმების ნამღერი „მეტივური“, სადაც ისინი ოსტატურად იყენებდნენ როგორც პირველ, ისე მეორე ხმის ხვეულებს და ხალხური კოლორიტის სრული დაცვით აწვდიდნენ მსმენელებს ამ შესანიშნავ პოლიფონიურ სიმღერას.
სანდრო კავსაძის მძიმე ავადმყოფობის გამო 1939 წლიდან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდს, ფაქტობრივად, დათა კავსაძე ხელმძღვანელობდა. 1938-1940 წლებში ანსამბლმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა და ქართული მუსიკალური ფოლკლორის საოცარი პოლიფონია დიდ აუდიტორიას გააცნო.
1941 წლის 12 დეკემბერს 34 წლის დათაშკა კავსაძე მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ქართველ მებრძოლთა დიდი ნაწილი 1942 წელს ქერჩთან ბრძოლებში დაიღუპა. იქ დაიღუპა გიგუშა კავსაძეც, ხოლო დათაშკა ტყვედ ჩავარდა.
პოლიტხელი დათა კავსაძე გერმანელებმა ტყვედ 1942 წლის 18 მაისს აიყვანეს. ოფიცრებსა და პოლიტხელებს გერმანელები ადგილზე ხვრეტდნენ. დათაშკა შემთხვევით გადარჩა, რადგან რიგითი ეგონათ. თავდაპირველად იგი ქალაქ ჯანკოის ტყვეთა ბანაკში მოათავსეს, 1942 წლის აგვისტოში პროსკუროვის ბანაკში გადაიყვანეს, 1943 წლის მარტის თვეში – ვუსტრავის დახურულ ბანაკში, 1944 წლის აპრილიდან კი – ვუსტრავის ღია ბანაკში.
ღია ბანაკში მოხვედრისთანავე დათა კავსაძემ კავშირი დაამყარა გერმანიის აღმოსავლეთ სამინისტროს ქართული განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი მაღალაშვილთან.
ქართველი ემიგრანტების ხელშეწყობით, მან პარიზში გაიარა მკურნალობის კურსი და ისევ ვუსტრავის ბანაკში დაბრუნდა, სადაც ემიგრანტთა თხოვნითა და მათივე დახმარებით ქართველი ტყვეებისგან მომღერალ-მოცეკვავეთა ეთნოგრაფიული გუნდის ჩამოყალიბებას შეუდგა. ქართველი ტყვეების მორალური სულისკვეთების ამაღლების მიზნით მან დაწერა სიმღერა – „თეთრი გიორგი“. ასრულებდნენ, აგრეთვე, მენშევიკურ ჰიმნს – „დიდებას“.
გარდა სიმღერისა, ამ გუნდის არსებობას სხვა მიზანი ჰქონდა. მომღერლების მოძიების საბაბით, დათაშკა კავსაძე საკონცენტრაციო ბანაკებში შედიოდა და ხმამაღლე ყვიროდა: „ვინც ქართველი ხართ, გამოდით!“ ვისაც ქართული ესმოდა, ყველა გამოდიოდა: აზერბაიჯანელი, სომეხი, ებრაელი, რუსი. ამდენი კაცი გუნდში რად გინდაო, უკვირდათ გერმანელებს?! ესენი ჯერ ავადმყოფები არიან, გამოკეთდებიან და გაირკვევა, ვის შეუძლია სიმღერა და ვის არაო, – უხსნიდა დათაშკა. რამდენიმე პატიმარს ჩუმად ჩაულაპარაკებია, სიმღერა არ ვიცითო, მაგრამ დათაშკას უპასუხია: წამოდი, წამოდი, თავს უშველეო. ასე გადაურჩა ტყვეობაში გაუსაძლის ყოფას მრავალი ადამიანი.
დათა კავსაძის გუნდს მართლაც ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. 1943 წლის 26 მაისს ბერლინში, ბეთჰოვენის სახელობის საკონცერტო დარბაზში, გუნდმა სიმღერით აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დათა იყო ამ საღამოს მხატვრული გაფორმების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი.
დათა კავსაძე კონცერტებს ატარებდა ტყვეთა ბანაკებში, გერმანელთა არმიის ნაციონალურ ლეგიონებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.
დათა კავსაძეს ყველა ურჩევდა არ დაბრუნებულიყო საბჭოთა კავშირში, რადგან აუცილებლად დააპატიმრებდნენ. მიუხედავად ამისა, მან სამშობლოში, ცოლ-შვილთან დაბრუნება გადაწყვიტა. ოჯახი და ნათესაობა საგანგებოდ მოემზადა დათას დასახვედრად და დათქმულ დღეს თბილისის რკინიგზის სადგურში ელოდნენ მატარებელს, თუმცა ამაოდ. დათაშკა კავსაძე სოჭში დააპატიმრეს. მას ბრალი დაედო სამშობლოს ღალატში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, შრომა-გასწორების ბანაკში.
მეუღლემ, თამარ ცაგარეიშვილმა და შვილებმა — კახიმ და იმერმა ფრონტიდან დაბრუნებული დათაშკა პირველად უშიშროების იზოლატორში ნახეს, მეორედ ორთაჭალის ციხეში, გისოსებს მიღმა აჩვენეს, 1946 წლის 2 თებერვალს მისულებს კი უთხრეს, სხვაგან გადაიყვანესო და ამანათი აღარ დაიტოვეს.
დავით კავსაძე 1946 წლის 22 აგვისტოს სსრკ შინსახკომის ჩრდილოეთ ურალის ბანაკში, სვერდლოვის მხარეში გადაასახლეს. დათაშკამ იქაც ჩამოაყალიბა პატიმართა გუნდი.
მეუღლემ მხოლოდ ერთხელ შეძლო მისი მონახულება ციმბირში. დათა კავსაძე 1952 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა. უცნობია მისი საფლავი.
დათას უფროსი ვაჟი გახლავთ ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე. უმცროსი ვაჟი – იმერი კი საოპერო მომღერალი. ისინი ბავშვობაში მუსიკალური ათწლედიდან გარიცხეს, როგორც „ხალხის მტრის შვილები“.
გამოყენებული მასალების წყარო: კავსაძეები: მონოგრაფია: ეძღვნება დათაშკა კავსაძის დაბადებიდან 100 წლისთავს; ბარბაქაძე მერი. საქმე N 294 – დათა კავსაძე, საარქივო მოამბე; დავით კავსაძე (1907-1952) // გეგეჭკორი, ლადო. ხალხური სიმღერის მოამაგენი: (ცნობარი) / ლადო გეგეჭკორი; ვიკიპედია qwelly.com; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან